საზოგადოება

ფაკულტეტის დეკანი თამარ დოლბაია

2021-04-23

ძვირფასო სტუდენტებო, აი, დადგა ნანატრი დღეც!

ამიერიდან ქვეყნის უპირველესი უნივერსიტეტის სრულფასოვანი წევრები გახდით და ამ კედლებში თავს უკვე უცხოდ აღარ იგრძნობთ. დარწმუნებული ვარ, დრო მოვა, მის მოამაგედაც მოგვევლინებით. იქამდე მისასვლელი გზა კი იოლი არ იქნება. ისიც ვიცით, ბევრი წინაღობა, სირთულე გადალახეთ იმისთვის, რომ დღეს ჩვენ გვერდით ყოფილიყავით. არც სტუდენტური ცხოვრების მომდევნო წლები იქნება ადვილი, მაგრამ მიზანსწრაფულთ, შრომისმოყვარეთ და პასუხისმგებლიანთ სირთულეები როდი აშინებთ! სწორედ ამ უნარებით გამორჩეულებს გელით გზის ბოლოს ჯილდო.

ჩვენი მგოსნის დარად რომ ვთქვათ, „კენწეროს“ მაშინ „გაიტკბილებთ“, თუკი ამ თვისებებით იხელმძღვანელებთ, ყოველ დეკანის მიმართვა დღეს, თითოეულ საათს მოახმართ სწავლა- განათლებასა და შემეცნებას. თუკი გაითავისებთ, რომ ეს თქვენი არჩევანია და არა ვინმე სხვისი, თუნდაც თქვენი კეთილისმყოფელის; თქვენი წარმატებული მომავლის საწინდარია და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით, მოწადინებით შეძლებთ ამ არჩევნის გამართლებას. ჩვენ ახალი დემოკრატიის ქვეყანა ვართ, დამოუკიდებლად არსებობის მწირი გამოცდილებით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დიდ წარმატებებს ვაღწევთ სხვადასხვა სფეროში, ცხადია, მათ შორის განათლებაშიც. განსაკუთრებული სიამაყით გვავსებს ის ფაქტი, რომ დიდი ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთა შორის იკავებს ადგილს. ეს კი თითოეული მისი წევრის, მისთვის მოამაგისა და მისი გულშემატკივრის მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია.

მართალია, მას კრიტიკოსიც ბევრი ჰყავს, მოიერიშეც და ჩასაფრებულიც, მაგრამ ესეც ხომ ლოგიკურია - ვინც შრომობს, მას ჰყვედრიან, ვინც აკეთებს - მას უწუნებენ... კრიტიკა, მით უფრო კონსტრუქციული, სასარგებლოცაა - გვზრდის, გვხვეწს, გვავითარებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირმოთნეობის ჭაობში ჩავიძირებოდით...

მოქალაქეობრივი თვითშეგნება, სახელმწიფოებრივი აზროვნება და უნივერსიტეტის იდეებისადმი ერთგულება - ფასეულობათა ის სამწევრიანი ნუსხაა, რომელსაც თითოეული პასუხისმგებლიანი უნივერსიტეტელი უნდა
იზიარებდეს. სწორედ ღირებულებათა ამ ტრიადის გათავისებას, ცხოვრებაში მისი რეალიზების მისიას უნდა ემსახურებოდეს თითოეული ჩვენგანი.

ეს მიზანი უნდა იყოს თქვენი სამომავლო ორიენტირიც ყველაზე ძველი, ტრადიციული და თანამედროვე ალმა მატერის წიაღში დაგროვებული ცოდნის ათვისების გზაზე.


სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი,
ასოცირებული პროფესორი
თამარ დოლბაია