კულტურა

მურმან ჯინორია სცენის მიღმა

2021-04-26

 

„მაყურებელი მხედავს, ჩემი გმირის ტექსტს მიჰყვება, მაგრამ ცოტახანში, მაშინ, როდესაც იწყება ის, რასაც თეატრი ჰქვია, ის მე უკვე ვეღარ მხედავს, პერსონაჟის დახმარებით გადადის თავის წარმოსახვაში და ხედავს მხოლოდ იმ ამბავს, რომელსაც აწვდი მას. ამ ამბავს შენ ემოციურად უნდა ქმნიდე, ილუზიაში უნდა გადაგყავდეს მაყურებელი. მაგრამ სანამ მაყურებელს გადაიყვან ილუზიაში, თავად უნდა იყო იქ. სხვას რომ დააჯერო რაღაც, შენც უნდა გჯეროდეს ამის, რასაც ამბობ და რა მდგომარეობაშიც ხარ. სწორედ ეს არის ჩემთვის არტისტობა. არტისტობა სხვადასხვა მდგომარეობაში გადასვლაა. არტისტობა არის არა ის, თუ შენ, მაგალითად, რამდენად კარგად ითამაშებ სიხარულის სცენას, არამედ არტისტობაა ის, თუ როგორ გადასცემ მაყურებელს ამ სიხარულს ისე, რომ მას თავისი სიხარული გაახსენდეს“, - ეს სიტყვები მითხრა მსახიობმა მურმან ჯინორიამ ჩვენი შეხვედრისას, როდესაც მას ვთხოვე განემარტა, თუ რა მნიშვნელობას ატარებდა მისთვის სიტყვა არტისტი. 

მურმან ჯინორია 1947 წლის 21 თებერვალს დაიბადა ქალაქ თბილისში. თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან სწავლა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე განაგრძო. თუმცა, მისი თქმით, მსახიობობა მას დაახლოებით მე-4 კლასიდანვე უნდოდა. პატარაობიდანვე გამოირჩეოდა იმპროვიზაციის უნარით, დადიოდა დრამატულ წრეზე მოსწავლეთა სასახლეში, სადაც სპექტაკლებში მთავარ როლებს აძლევდნენ. მისი პირველი პედაგოგი ვახტანგ სულაქველიძე გახლდათ. თეატრალურ ინსტიტუტში სწავლის შესახებ საუბრისას განსაკუთრებით გამოჰყოფს მიხეილ თუმანიშვილთან ურთიერთობის პერიოდს. იხსენებს თავის ძლიერ ჯგუფს, სადაც რეჟისორები და მსახიობები ერთად სწავლობდნენ; იხსენებს დიდ, მე-11 აუდიტორიას, რომელიც თეატრად გადააკეთეს. როდესაც მიხეილ თუმანიშვილზე საუბარი დაასრულა, დავინტერესდი და ვკითხე, მისი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო პედაგოგის როლი პიროვნების მსახიობად ჩამოყალიბებაში. ბატონმა მურმანმა მიპასუხა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ოსტატი გყავს, იმისთვის, რომ შეგირდობის პერიოდი სრულყოფილად გაიარო. 

„ისიც უნდა ითქვას, რომ შენში ეს რაღაც თუ არ არის, ვერავინ ვერაფერს გასწავლის, რაც არ უნდა გადაგყვნენ და სულ მთავარი როლები გათამაშონ. შენ როგორი მიმღები ხარ, სწორედ ეს არის მთავარი. ბატონი მიშა ძალიან კარგად ფლობდა სამსახიობო ოსტატობას, რეჟისურას. იყო ძალიან დიდი თეორეტიკოსი და დიდი პედაგოგი. მასთან ურთიერთობით მთლიანობაში შევისწავლე ხელოვნება და მხატვრობის ინტერესიც სწორედ იქიდან დამეწყო. მართალია, პრაქტიკულად ძალიან დატვირთულები ვიყავით, მაგრამ იმდენად რეპეტიციებზე არ ვსწავლობდი ჩემს პროფესიას, რამდენადაც მიშასთან ურთიერთობით, მაშინ, როდესაც გვიყვებოდა თეატრზე, სამსახიობო ხელოვნებასა და რეჟისურაზე. ჩემს წარმოსახვაზე ეს ყველაფერი ძალიან მუშაობდა“, - მიამბობს ბატონი მურმანი.

 

 

შეიძლება ითქვას, რომ შთაგონება ამოსავალი წერტილია ხელოვნების ნებისმიერი მიმართულებისთვის. ამიტომ დამაინტერესა, თუ რა იყო შტაგონებისა და მოტივაციის წყარო მურმან ჯინორიასთვის. აღმოჩნდა, რომ არასდროს გასჩენია სურვილი, რომელიმე რეჟისორის ფავორიტი ყოფილიყო. მისი მთავარი მოტივაცია იყო სურვილი, ისე დაუფლებოდა თავის პროფესიას, რომ რეჟისორს დასჭირვებოდა იგი, უბრალოდ კარგი ოსტატი ყოფილიყო თავის პროფესიაში. ბატონი მურმანის თქმით, ეს ყველაფერი მას ძალას მატებდა. 

 

საინტერესო იყო მისი მონათხრობი იმ სპეციალური სავარჯიშოების შესახებ, რომელთა დახმარებით უფრო მეტად უახლოვდებოდა მის გარშემო არსებულ სამყაროს და თავის წარმოსახვას უფრო ავარჯიშებდა. 

„ადამიანს აქვს ხუთი გრძნობა: მხედველობა, შეხება, გემოვნება, სმენა და ყნოსვა. სტუდენტობის პერიოდში და დღემდეც ამას ხშირად ვაკეთებ: ვთქვათ, ორშაბათს მხოლოდ მხედველობით ვუახლოვდებოდი სამყაროს. წამოვიდოდი სახლიდან, დავჯდებოდი ავტობუსში ან მეტროში, გამოვიდოდი რუსთაველზე. ყველაფერს ვიმახსოვრებდი მხოლოდ თვალით. მეორე დღეს, სამშაბათს, იმავეს ვიმეორებდი, ოღონდ ამჯერად მხოლოდ სმენით აღვიქვამდი სამყაროს, შემდეგ დღეს უკვე ყნოსვით. მაგალითად, აუდიტორიას სხვა სუნი აქვს, დედას სხვა, სოფლიდან რომ დაბრუნდები კი ატყობ, რომ შენს სახლს სხვა სუნი აქვს და ასე შემდეგ. ბატონი მიშა ხშირად ამბობდა, რომ მსახიობი თავისი როლის რეჟისორი უნდა იყოსო. ბევრი ამას ვერ ახერხებს, გარდა დიდი მსახიობებისა, როგორებიც იყვნენ ვერიკო ანჯაფარიძე, სერგო ზაქარიაძე, სესილია თაყაიშვილი. მნიშვნელოვანია საკუთარ როლს როგორ ააგებ. ჩემი 5 სავარჯიშო კი სწორედ ამაში მეხმარებოდა. მნიშნელოვანია, რეჟისორის ნათქვამს ელფერს როგორ შეუცვლი, როგორ ნიუანსებს გააკეთებ, როგორ იმპროვიზაციას ჩართავ. ამისთვის მზად უნდა იყო და ამიტომ ვამბობ, რომ ეს 5 სავარჯიშო ძალიან მეხმარებოდა და მეხმარება“, - გვიყვება მსახიობი. 

მონოსპექტაკლებზე მურმან ჯინორია დიდი სიამოვნებით მესაუბრა. მისი პირველი მონოსპექტაკლი „ქარი მწყურია მე პირდაპირი“ ქართველი პოეტების ლექსების მიხედვით დაიდგა 1995 წელს რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე, რომელიც მოგვიანებით, 1997 წელს, შეცვლილი სახით გადავიდა ერთი მსახიობის თეატრში, რომლის დამაარსებელი და ხელმძღვანელი კოტე მახარაძე იყო. ამ თეატრში მოღვაწეობდნენ სოფიკო ჭიაურელი და გოგი გეგეჭკორი. მურმან ჯინორიას 5 საავტორო სპექტაკლი აქვს დადგმული, რომლის ინსცენირება, რეჟისურა, მხატვრობა და მუსიკალური გაფორმება მასვე ეკუთვნის. ბატონმა მურმანმა გამანდო, რომ მას თანდათან იმდენად დაუგროვდა სათქმელი, რომ მხოლოდ რეჟისორის ჩანაფიქრით ვეღარ კმაყოფილდებოდა და უნდოდა, თავისი სათქმელი, პოზიცია და დამოკიდებულება თავის პროფესიაში მონოსპექტაკლებით გამოეხატა. მურმან ჯინორიამ თავის ბოლო სპექტაკლზეც, „ქარი მწყურია მე პირდაპირი“, ისაუბრა. ეს სპექტაკლი მან უკვე 97-ჯერ ითამაშა რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე, სადაც ყოველ ჯერზე სრული ანშლაგია. 200-კაციანი დარბაზი მთლიანად ივსება და მაყურებლის უმრავლესობა ახალგაზრდაა, რაც მურმან ჯინორიასთვის ძალიან სასიამოვნოა.  

გარდა იმისა, რომ მურმან ჯინორია ძალიან წარმატებული მსახიობია, იგი მხატვრობითაც იყო გატაცებული.  როდესაც ვკითხე, თუ როდის გაუჩნდა სურვილი პირველად აეღო ფუნჯი ხელში და დაეხატა, მან ასე მიპასუხა:

„მომინდა, ჩემი მდგომარეობა გამომეხატა ფერებით, რაღაც სიუჟეტებით. ამისთვის საჭრო იყო ხან სახლი, ხან ხე, ხან ძაღლი, ხან ცხენი, ხან მთვარე, ხანაც სახურავები სახლის. ამ ყველაფერს არა ნატურიდან, არამედ ჩემს წარმოსახვაში არსებული მოგონებებით ვხატავდი, რომლის მიხედვითაც ეს სიუჟეტები იქმნებოდა. როდესაც მსახიობი ხარ, ის, რასაც ჩაიფიქრებ, მაყურებელს შენვე უნდა დაანახო, მხატვრობაში კი ეს აშკარად ჩანს. შეგიძლია გამოხატო სევდა, ბედნიერება, ბავშვობა, ნოსტალგია, დასასრული ადამიანის... სწორედ ეს მომენტი უფრო მიტაცებდა მხატვრობაში და არა ის, რომ მე ვქმნიდი რაღაცას, როგორც მხატვარი. თამაში და მხატვრობა ერთად განწყობილებაა, ატმოსფეროა. დიდი მნიშვნელობა აქვს სცენაზე ატმოსფერო როგორ შემოგაქვს. მხატვრობა კი ამაში მეხმარება“, - გვეუბნება მსახიობი.

ჩვენი შეხვედრის დასასრულს მე და ბატონი მურმანი ხელოვნებას ცოტა გავცდით, მის მიერ დაწურული უგემრიელესი წითელი ღვინოც დავაგემოვნე და შევიტყვე, რომ თავის სოფელში 600 ძირი ოჯალეში ჩაუყრია და მეღვინეობისთვისაც მოუკიდია ხელი. იმ საღამოს მის მიერ აგებულ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარზეც ვისაუბრეთ. მურმან ჯინორია 7 წლის განმავლობაში აშენებდა ტაძარს სოფელ სორტაში, საიდანაც იგი წარმოშობითაა. დამაინტერესა ამ იდეის განხორციელება დაკავშირებული იყო თუ არა რამე კონკრეტულ ფაქტთან ან მოვლენასთან, რაზეც საინტერესო პასუხი მივიღე:

„სოფელში არის ჩვენი საგვარეულო სასაფლაო, რომელსაც, როდესაც ჩავდივართ ყოველთვის ვალაგებთ ხოლმე. დედაჩემი მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მოინდომა, რომ იქ მისი მშობლებისა და მეუღლის გვერდით დაგვესაფლავებინა. სწორედ ამ სასაფლაოზე ვიყავი ერთ დღეს და დავინახე პატარა გალავანი, ტაძრის ფუნდამენტი, რომელიც თურმე აგებული ყოფილა მანამდე, სანამ ბოლშევიკები შემოვიდოდნენ. ტაძრის ხელახლა აგება მარტო ჩემი ნება, ალბათ, არ ყოფილა. რაღაც უცბად მოვიდა და ღმერთმა მიმანიშნა, რომ ტაძარი ამეშენებინა. მეც ჩავვარდი ამ ჩემს იდეაში და ტაძრის აშენება დავიწყე. 7 წლის შემდეგ ტაძრის მშენებლობა დასრულდა. ტაძარში ახლა უკვე ბავშვებს ნათლავენ და ჯვარს იწერენ“, - იხსენებს ბატონი მურმანი. 

დამშვიდობებისას მის ნახატებს კიდევ ერთხელ შევავლე თვალი და შევიგრძენი ის ატმოსფერო, რომელიც შემოქმედ ადამიანთან ურთიერთობას თან ახლავს. ალბათ, არაფერია იმაზე სასიამოვნო, ესაუბრო დიდ ხელოვანს, დიდ არტისტს და ცოტა ხნით მისი თვალით შეხედო სამყაროს, რომელსაც იგი განსხვავებული და ბევრად უფრო საინტერესო ფერებით აღიქვამს.

 

 

 

მომზადებულია საგან "ბეჭდური მედიის" ფარგლებში,

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე