კულტურა

ბოლოს იყო გურამ დოჩანაშვილი...

2022-06-05

არსებობენ ავტორები, რომელთა მიმართ მკითხველს განსაკუთრებულად დიდი სიყვარული და სიახლოვე უყალიბდება, რადგან ამგვარი ავტორები თავად უახლოვდებიან მკითხველს, რამდენადაც მათ თავიანთ „შემავსებლებს“ უწოდებენ, აწვალებენ კალამს, რათა წაკითხულმა გახადოს ისინი უკეთესები და უფრო ჭკვიანები. არსებობს ავტორი, გურამ დოჩანაშვილი, რომლის შემოქმედების მთავარი თემები სიყვარული, სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისკენ სწრაფვაა. მისი წყალობით გაჩნდა “სიყვარულის კაქტუსი“, „ჩამოლაბორანტება“, „კამუდოსი“, „გაცოცხლდნენ“ ძმები კეჟერაძეები და ავიტაცეთ  ფრაზა, რომ „დედამიწას სიყვარული ატრიალებს“. სხვაგვარად როგორ  იქნებოდა, ყოფილიყავი გურამ დოჩანაშვილი და შენს საფლავზე კაკტუსით ხელში არ გამოგმშვიდობებოდა ახალგაზრდა მკითხველი.

მაგრამ ჯერ იყო  1939 წლის 26 მარტი - დაბადება, ადგილი - თბილისი, საბჭოთა კავშირის ჩექმის ქვეშ მოქცეული საქართველო. შემდეგ იყო 1957 წელი – სამწლიანი პატიმრობა ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის, აქვე იყო 1959 წელი - „გორგასლიანი“, ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ზვიად გამსახურდიასთან, მერაბ კოსტავასთან, ჯონდო მეტრეველთან, თამაზ გუნჯუასთან და სხვებთან ერთად. ნუ იფიქრებთ, რომელიმე სამოქალაქო აქტივისტის პორტფოლიოს ვკითხულობდეთ, ჭეშმარიტი ავტორი ხომ სამშობლოს და ხალხის სიყვარულით ქმნის შემოქმედებას და უძღვნის კიდეც მას. მწერლის ცხოვრებაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იყო 1966 წელი, 7 აპრილს დაიბადა მისი პირველი შვილი, ქეთო და გამოიცა პირველი წიგნი, „მთის გადაღმა“. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირის წევრი გახდა, ამავე წლის 29 მაისს დაიბადა მისი უმცროსი ვაჟი, ირაკლი, რომელიც 1990 წელს ტრაგიკულად დაიღუპა.  ამ ბრძოლაშიც არ ეპუებოდა ცხოვრების სიმძიმეს მწერალი –თავად დაჯაბნა ტკივილის ძალაუფლება, შვილის გარდაცვლება, წყალობად მიიღო ეს ბედნიერება თუ უბედურება, როგორც ადამიანის ამაღლების წინაპირობა.  81 წელი  გალია და ის, რაც აოცებდა და აღაფრთოვანებდა იყო - „სახარებაში უძღები შვილის დაბრუნება… ის, რომ ღმერთმა შექმნა ვეშაპიც და კოღოც, რომ ამ მიწაზე იშვნენ ვაჟა ფშაველა და ფიროსმანი. რომ ორი ყველაზე ძლიერი გრძნობა მოგვცა ღმერთმა – მშობლის გრძნობა და შიმშილის გრძნობა,  რომ ევამ კი არ შეაცდინა ადამი, ადამმა ვერ გაიგო სწორად, რაც ღმერთმა უწყალობა“.

როცა გურამ დოჩანაშვილს 20 წელი შეუსრულდა, ორი მოთხრობა დაუბეჭდეს, მის სიხარულს ძლივს იტევდა გული და სწორედ მაშინ, აღტაცების ჟამს უთქვამს: „ჩემი ოცნებაა, ადამიანი გახდეს უკეთესი, ვიდრე იყო“, თუმცა ამ საქმეში მთავარი როლის შემსრულებლად სწორედ შემოქმედებასა და ლიტერატურის ძალმოსილებას ხედავდა, ასე გაჩნდა „კარცერი ლუქსი“– კარცერი არა მისი კლასიკური გაგებით, არამედ დოჩანაშვილისეული ლიტერატურული ვარიანტი, სადაც კარცერი იშიფრება, როგორც „დილეგი“, ხოლო ლუქსი, როგორც - „ფუფუნება“, ადგილი მათთვის, ვისაც კითხვა უყვარს და სასწავლებელი ადგილი უკითხავი ადამიანებისთვის. იშვა ვასიკო კეჟერაძეც – ფართოჯიბეებიანი სამოსით, შეყვარებულთა ტომარაში არა ზედმეტი, არამედ აუცილებელი.

მწერალი გახდა ლიტერატურული პრემია — „საბას“ ლაურეატი ნომინაციაში — „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.“ როგორც ლაურეატი, თავს ალბათ უფრო მშვიდად იგრძნობდა, რადგან მისთვის დამარცხებულები  უფრო სიმპათიურები არიან,  საკუთარ პერსონაჟს მოიხმობდა ხოლმე, თუმცა წინ ბოდიში უსწრებდა ყოველთვის – ჩემი თავი მაგალითად კი არ მომყავსო. “ჩვენ გავიმარჯვებთო“ – მისი პერსონაჟი რომ ამბობს კანუდოსში,  „ღმერთმა დაგვიფაროსო“ – მეორე ეუბნება. თავად ასე სჯეროდა - „ღმერთმა დაგვიფაროს იმიტომ, რომ ძალიან ხშირად გამარჯვებულები მიდიან პატივმოყვარეობაში,  თავმოწონებაში და ფუჭდება გამარჯვება“.

გურამ დოჩანაშვილის გამოცემული წიგნების ნუსხა საკმაოდ ვრცელია მათგან განსაკუთრებულის გამორჩევა კი – თითქმის შეუძლებელი. ერნესტ ჰემინგუეი ამბობდა: „არ არსებობს ქვეყანაზე იმაზე უფრო ძნელი საქმე , ვიდრე ადამიანზე უბრალო, პატიოსანი პროზის დაწერა“. ეს სიძნელე ყოველ ჯერზე დაამარცხა გურამ დოჩანაშვილმა და მის შემოქმედებით წიაღში იშვა „სამოსელი პირველი“, კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება ანუ მესამე ძმა კეჟერაძე“ და უამრავი მოთხრობა სიკეთეზე , სიყვარულსა და თავისუფლებაზე.

გურამ დოჩანაშვილს ვერც მუსიკალური ხელოვნება გადაურჩა და, საბედნიეროდ, ვერც თეატრი. მის ცხოვრებაში იყო მუსიკალური სასწავლებელი, ვიოლინოს კლასი. ამ საქმეში თავს კი დილეტანტის დილეტანტს უწოდებდა, მაგრამ მუსიკასთან სიახლოვემ რიტმულობის აღქმის განსაკუთრებული უნარი არგუნა. მკაცრი იყო. მისთვის, „ორი მარცვლის გარითმვა“ ჩამორჩენილობად მიიჩნეოდა. დოჩანაშვილის შემოქმედებითი მოღვაწეობის განსაკუთრებული ნიშა კი სწორედ ის იყო, რომ ქმნიდა და ხვდებოდა მკითხველს, თუმცა ამ რეალობამაც წარმოშვა, თავის მხრივ, ამბავი, რომელსაც თავად იხსენებდა: “ჩემი მეოთხე წიგნი რომ გამოვიდა, რამდენიმე ეგზემპლარი მომცეს – ჰონორარიდან დამიქვითეს. ვურიგებდი ახლობლებს. ბებიაჩემის დეიდაშვილ დეიდა კატუტას ვერ მივეცი. ვერც ვიშოვე – 20-25 კაპიკი ღირდა. ერთმა კაცმა მირჩია, აეროპორტისკენ წადი, იქ ძირითადად რუსები და სომხები ცხოვრობენ და წიგნები გვიან იყიდებაო. საერთოდ, წიგნი რომ გამოვიდოდა, სამ დღეში ჭაჭანება არ იყო – პროზა სამ დღეში იყიდებოდა, უნიჭო პოეზია – ერთ კვირაში. ტაქსი ათი კაპიკი იყო  – წავედი აეროპორტში. მივაგენი წიგნის მაღაზიას. საერთოდ, ჩემი სახელის და გვარის ძალიან მერიდება და მორიდებით ვიკითხე – ამა და ამ კაცის წიგნი თუ გაქვთ-მეთქი. „იყო, გათავდაო“. ვაიმე, შევწუხდი – იყო გათავდა – ანუ აღარ იქნება აწი. გათავებულია საქმე. ეს ჩემი ხეტიალი ჯანდაბას, დეიდა კატუტას რა პირით შევხედო! გამყიდველმა შემატყო, რომ დავღონდი, თან ეტყობა კეთილი ბუნების ადამიანი იყო და მანუგეშა – მანუგეშა კეთილმა: „რატომ შეწუხდით, მეც წავიკითხე ის წიგნი და სისულელეა თავიდან ბოლომდეო.“ ასეთი დაფასებაც მხვდომია“.

ბოლოს იყო –„რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება“ - ავტობიოგრაფიული ნაშრომი, იყო კითხვა - „სამყაროს დასასრული რომ დგებოდეს, რა იქნებოდა თქვენი უკანასკნელი გზავნილი?“ და იყო პასუხი: “ იცოდეთ ბიბლია და განსაკუთრებით მისი გვირგვინი – სახარება. „მამაო ჩვენო“-შიც კი, ყოველი ახალი წაკითხვისას აღმოაჩენ ახალს, რომელიც თურმე არ იცოდი. თვით „მამაო ჩვენო“-შიც!“

და, აი, სულ ბოლოს იყო გურამ დოჩანაშვილი.

 

ავტორი: ქეთევან როყვა

მომზადებულია საგან „ანალიზი და მოსაზრების წერის“ ფარგლებში

ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე