დამსაქმებლის განცხადება:   გვესაჭიროება ქალაქი, სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი.

სხვა მოთხოვნები: კარგი სამუშაო ისტორია, ლამაზი წარსული, ნათელი მომავალი, გაფართოების/მიშენების პერსპექტივა, განვითარების სურვილი.

სახელი, გვარი - თბილისი.

დაბადების წელი/თვე/რიცხვი/ - ძვ.წ. მე-4 საუკუნე. ასაკის გამო სხვა დეტალები დამავიწყდა.

სტატუსი- დედაქალაქი.

დასაქმებული ხართ თუ უმუშევარი? - ამჟამად (ჯერ კიდევ), საქართველოს დედაქალაქად ვმუშაობ.

სამუშაო გრაფიკი - 24 საათი, კვირაში შვიდი, წელიწადში 365 დღე.

სამუშაო გამოცდილება - ძველი წელთაღრიცხვიდან მოყოლებული, ჯერ ქართველ მეფეებთან ვმუშაობდი, შემდეგ – სპარსეთის პიტიახშთან, შემდეგ – არაბთა ამირასთან, რუსეთის გუბერნიაც ვიყავი, ჩემს თავზე ფრიალებდა წითელი დროშა, კიდეც გავსაბჭოვდი და სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქობაც გამოვიარე. ისევ აქ ვარ.

მოგვიყევით თქვენ შესახებ - მე ხუთ ტერასაზე ვარ განლაგებული ერთ დიდ ქვაბულში. მეზობელი ქვეყნის მდინარე მტკვარი ორ ნაწილად მყოფს. მაქვს ერთი „ზღვა“, ორი ტბა, დაცული ტერიტორია. ვიყოფი 6 რაიონად, ექვსივე ერთი მეორეზე მეტად არ მიყვარს, მაგრამ მაინც ყველა ჩემია. მყავს ერთი მარტოხელა ქართლის დედა, ერთი მერი, გამგებლები და ბევრი საპატიო თბილისელი.

ერთხელ მაინც თუ მესტუმრებით  მიხვდებით, რომ, იმ რამდენიმე ნაწილის გარდა, რომელიც შემილამაზეს (მგონი ამაზეც მადლობელი უნდა ვიყო), დიდი გამზირები და პატარა ქუჩები ვარ. ძველი სახლები ვარ, მოხატული სადარბაზოებით, ხის ჩუქურთმებიანი კარებით, ის დაძველებული შენობები, გერმანელმა არქიტექტორებმა, რომ ააშენეს. თბილისური ეზოები ვარ, დახვეული კიბეებითა და ყვავილებით სავსე აივნებით. მთაწმინდისკენ მიმავალი ვიწრო ქუჩები ვარ, მუზეუმები ვარ, კინოთეატრებიც ვარ, ოპერაც, ცირკიც. კიდევ მიტოვებული შენობებიც ვარ, ჩამონგრევის პირას მყოფი სახლებიც ვარ, საბჭოთა „ხრუშოვკებიც“ ვარ და თექვსმეტიანებიც. გაგიკვირდებათ და, ჯერ კიდევ შემომრჩა რამდენიმე რეკრეაციული ზონაც, თუ მოინდომებთ, გაიჭირვებთ,  მაგრამ ჯერ კიდევ მოძებნით ხეებს, ბალახსა და მწვანე სკვერებს.

უფრო მარტივად იპოვით მტვერსა და ნაგავს, უამრავ მანქანას, შუშის ხიდსა და იქვე რიყეზე წამოწოლილ „ბოთლებს“,  ტყუპ შენობებს, რომლებმაც მშენებლობის დროს გალაკტიონ ტაბიძის ძეგლი „ჩაყლაპა“. რუსთაველზე ამოზრდილ „არტ ჰაუსს“, რომლის მშენებლებსაც „არტზე“ ნაკლები წარმოდგენა აქვთ. ქაოსურ მშენებლობებს, ამ მშენებლობებიდან გადმოვარდნილ მუშებს, იქვე ერთ დიდ ეკლესიასაც ნახავთ, რომელსაც ყოველდღე ტურისტი უფრო მეტი სტუმრობს, ვიდრე მლოცველი და ეკლესიის ეზოშივე დაიკმაყოფილებთ მთავარ მოთხოვნილებას - ჭამას, რისთვისაც იქვე კაფე გაგიხსნეს.

ჩემთან მიწები ლარად იყიდება და მთებსაც მიშლიან, ოღონდ ზედ რამე ააშენონ.  რუსთაველზე ერთი ხე სკვერად ითვლება და სპორტის სასახლესთან ყველა ხის ადგილი კორპუსმა დაიკავა. წესით, მეტრებით უნდა დაშორდნენ, მაგრამ შენობები ერთმანეთს ეხუტებიან. ჰაერის დაბინძურების გამო, საშიში ქალაქების სიაში მოვხვდი და უჩემოდ სიცოცხლეც მალე ბევრისთვის ძნელი საერთოდ აღარ იქნება.

მე ვარ, მე! შენი ქალაქი, ყველას ქალაქი. ერთ დროს ჩემი ანძა ეიფელს სჯობდა და მტკვრის სანაპიროზე ხალხი ისე სეირნობდა, რომ არასასიამოვნო სუნის არ ეშინოდათ, პანორამების გამო მიწებს არ მართმევდნენ და სანამ რამეს დამილეწავდნენ, დამინგრევდნენ, გამძარცვავდნენ, მაღაზიის გახსნისთვის ჩვეულებრივ მოქალაქეებს გზას გადაუკეტავდნენ, მეგობრებიც მყავდა.

ლაპარაკი სულ შემეძლო, მაგრამ ახლაც  არავინ მისმენს, ჩემს არცერთ ქუჩას არ უსმენენ, არცერთ უბანსა და არცერთ შენობას. მთელი ამ დროის ისტორია თქვენამდე მოვიტანე, შემოვინახე, მოვუარე და ისევ მინდა ქაოსიდან სიმშვიდე ვპოვო. მომავალმა თაობებმაც მინდა გამიცნონ, როგორც თბილისი და არა ბეტონის ჯუნგლები. მე ვიღებ  ადამიანებს, გზებს ვაყოლებ, თავგადასავლებს ვახვედრებ, მოულოდნელობებში ვახვევ, ვაოცებ, ვაფიქრებ, თავს ვამახსოვრებ, ოღონდ მე - მე ვიყო…

და თქვენ რას მეტყვით?

- ჩვენ არასდროს გვეშლებოდა ტოლერანტობა, შემწყნარებლობა, სტუმართმოყვარეობა, ხინკალი და ხაჭაპური, მტრის მტრულად და მოყვრის ძმურად დახვედრა. როგორც წინა დამსაქმებლები, დადებითი პასუხის შემთხვევაში, თქვენთან გავაფორმებთ 4 წლიან კონტრაქტს და როგორც გვინდა, ისე გადაგაკეთებთ, სახესაც შეგიცვლით. გვინდა ერთი მხრიდან წამოგარტყამთ, გვინდა – მეორიდან. კაცია აქ უფროსი და ჩვენ თუ გვენდომება, ანძები იქნება ლურჯი, ტაქსები თეთრი და გამწარებული სიცოცხლით სავსე ქალაქიც ვიქნებით.

მოგეხსენებათ, კონკურენცია საკმაოდ დიდია, დადებითი პასუხის შემთხვევაში დაგირეკავთ დეტალების შესათანხმებლად.

 

 

მომზადებულია საგან "ბეჭდური მედიის" ფარგლებში,

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე