- მანანა ჯან, ვონც ეს?

      - კარენ, სკოლაში წავედით!

      - „კოფე“ ხომ არ დაგველია?

ბავშვობაში, დილით,  დედების ან ბებიების სხვადასხვა ენაზე გამოძახილები მაღვიძებდა: ქართულად, აზერბაიჯანულად, სომხურად ან რუსულად. არც კი მახსოვს და ვერც მშობლები მიდასტურებენ, თუ რომელ ენაზე ვთქვი პირველი სიტყვა. ის კი კარგად ვიცი, რომ ჩვენი სახლის ზევით მცხოვრები აზერბაიჯანელი ოჯახის ბიჭს ბურთი ჩვენს ეზოში თითქმის ყოველდღე უვარდებოდა. მერე მთელი ეზო ჩაერთვებოდა ხოლმე ამ ბურთის „გადარჩენაში“, რადგან ის ხან ეზოს ძაღლის სადილი ხდებოდა, ხანაც - საბედისწერო ლურსმნის მსხვერპლი. ყველაზე საინტერესო კი მაინც დილით ეზოში მორთმეული ყავა გახლდათ. აქ იკრიბებოდა ეზოს მთელი „ელიტა“ და დღის ამბებს განიხილავდა. ამ „ყავის კაკაფონიაში“ აუცილებელი პირობა იყო, რომ ყველას ქართულად ელაპარაკა. ასე შეიქმნა „სომხური ქართული“ და „აზერბაიჯანული ქართული“ - ჩვენი ეზოს ქართული, რომელსაც, ენის ცოდნის ხარისხის მიუხედავად, ყველა იგებდა.

ეს ეზო ყველას გვაერთიანებს, მაგრამ თითოეული ოჯახის  დარაბებს მიღმა საკუთარი ისტორია იმალება. ადრე, ჩემს ბავშვობაში ამ ეზოს თავისი  სუნი და ხმები ჰქონდა - გიორგი, სამებაში გალობდა და მისი ხმა ყოველ დილას ჩაგვესმოდა; დიანა ცეკვავდა და ჩვენი სახლის ღია ფანჯრიდან სომხური ნაციონალური მუსიკა ისმოდა. დილა მუდმივად იწყებოდა დიასახლისების სამზარეულოში ფუსფუსით და, „ყავის რიტუალის“ შემდეგ,  სხვადასხვა ერის კულტურა და კერძები თითქოს ერთ სურნელში ერთიანდებოდა. მერე ბავშვები ყველა დიასახლისს ცალ-ცალკე აკითხავდნენ და თავის გემოზე ირჩევდნენ, ვის რომელი სამზარეულო მოსწონდა. 

ამ ეზოში ერთ ადამიანს არაფერი ეკუთვნის - ყველაფერი საერთოა. ბროწეულს რომ იყიდიან, მის მარცვლებსაც კი თანაბრად ჰყოფენ. რომელი ერის სიმბოლოა ეს  წითელი, პრიალაკანიანი გემრიელობა, ვერასოდეს ჯერდებიან, მაგრამ გემიელად კი მიირთმევენ. 

ჩვენს ეზოს თავისი ფერიც აქვს. ამ ფერებს კიბეებზე გამოფენილი ფერადი ხალიჩები ასხივებს, თითქოს ვარდებს ეჯიბრება. ვარდისფერი, წითელი, თეთრი - ეს ქალბატონი გრეტას ვარდებია. თუ მას დილით მაკრატლით დაინახავ, ესე იგი თაიგულს ამზადებს ომში დაკარგული უფროსი ვაჟისთვის... ამ დროს  ეზოში სიჩუმეა - თანაგრძნობის ეს უტყვი რიტუალი ერთნაირად მოიცავს ხოლმე ქართველსაც, რუსსაც, სომეხსაც, აზერბაიჯანელსაც.... გრეტა ლოცვის შემდეგ ხშირად ზის ყველაზე მაღალ კიბეზე  და გზას გასცქერის... შვილს ელოდება, თუმცა მის მყუდროებას დიდი დრო არ უწერია - „კოფეს“ უკვე მეორედ მომზადების დრო დგება და ელმირა ჯეზვეში კოვზის განგებ ხმაურიანი კაკუნით ანიშნებს ყველას - „საბჭოს“ მორიგი სხდომა იწყება...

ეს ეზო ერთი სიყვარულის ისტორიასაც ინახავს. 

წლების წინ აქ იურა ცხოვრობდა.   მისი სახლიდან საღამოს ხუთ საათზე, ყოველდღე, უცნაური „რახა-რუხი“ ისმოდა და  ყველამ  იცოდა - ბატონი იურა თავის ჩემოდანს კიბეებზე მიათრევდა და „ალაგებდა“. ამ ჩემოდანში, სამამულო ომის პერიოდში მიღებული მედლებისა და სხვადასხვა სუვენირის თავზე,  პირველი და ერთადერთი სიყვარულის ფოტოებსაც ინახავდა. ქალბატონი ლეილა (ეროვნებით აზერბაიჯანელი) იურამ ომის დროს გაიცნო და, როგორც ეზოს ბავშვებს უყვებოდა, დანახვისთანავე შეუყვარდა. შემდეგ დაოჯახდნენ. იურა მართლმადიდებელი იყო, ლეილა - მუსლიმი, მაგრამ  შვილები არ მონათლეს - როცა გაიზრდებიან, თავად გადაწყვიტონ, რომელ მრწამსს აირჩევენო... დღეს ამ ეზოში ერთი სიტყვა - ჩემოდანი და სხვისთვის უაზრო „რახა-რუხი“ ყველაზე მნიშვნელოვან და თბილ მოგონებებს ინახავს. უკვე ხუთი წელია, რაც ქალბატონი ლეილა გარდაიცვალა, შვილები ამერიკაში წავიდნენ, ბატონი იურაც მალევე გადასახლდა იმიერ ქვეყანაში, ჩემოდანი კი  ძველ სარდაფში იმტვერება და ორი ერის შვილების ჩამოსვლას ელოდება. 

ჩვენ ეზოს ისტორია ასე არ სრულდება - ზოგი ახალ ბინაში გადადის, სხვა - ახლა გადმოდის და ახალ ფერებს მატებს  ამ, თითქოსდა,  არაფრით გამორჩეულ, დაჟანგული კარიბჭის მქონე იტალიურ ეზოს. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ კიდევ  ბევრი ასეთი ისტორია დაიწერება, რომელიც წვრილი და ფერადი ძაფებით ერთ საერთო ხალიჩას შეკრავს - მრავალეთნიკურ საქართველოს.

ტიფლისიდან თბილისამდე რთული და საინტერესო გზა გავიარეთ, მაგრამ მთავარი - ტოლერანტობა და მშვიდობიანი თანაცხოვრება, რაც წინაპრებმა დაგვიტოვეს და რასაც ჩვენ გადავცემთ შვილებს, სამუდამოდ დარჩება და კიდევ უფრო ღრმა ფესვებს გამოიღებს.

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე