მეცნიერება

ღია კარის დღე მულტიმედია ცენტრში

2018-10-01

ინოვაციებისა და მეცნიერების ფესტივალის ფარგლებში ღია კარის დღეს 24 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრმა უმასპინძლა. მისი მიზანი ჟურნალისტიკაში ყველაზე კომბინირებული პლატფორმის წარმოჩენა და მულტიმედია სიახლეების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა იყო. 

ღონისძიებას სტუდენტები და  დაინტერესებული პირები სტუმრობდნენ. სპეციალურად მათთვის თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა  ჩაწერეს სიმულაციური ტოქშოუ და ჩაატარეს ვორქშოპი, რომელში ჩართვაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო. ნიუსრუმში, რომელსაც ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე უძღვებოდა, სხვადასხვა წელს გამოცემული სასწავლო ჟურნალები იყო წარმოდგენილი. სტუდენტებმა ადგილზევე შეისწავლეს სტატიის მომზადების სპეციფიკა, ფოტოს დამუშავება და გაზეთის საბოლოო სახის მისაღებად ცოტა ხნით ტექნიკური რედაქტორის ფუნქციაც შეითავსეს. "დღევანდელი დღე საკმაოდ პროდუქტიული იყო და ბეჭდური მედიის სპეციფიკის გააზრებამ დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ვისწავლე გაზეთზე მუშაობა, მისი დაკაბადონება და უშუალოდ ჩავერთე ყველა იმ პროცედურაში, რასაც მულტიმედია პროდუქტის შექმნა მოიაზრებს," - გვითხრა ღია კარის დღის სტუმარმა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა თორნიკე ჭიტაძემ.

პირველი ეთერი და წამყვანის ამპლუაში ყოფნა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო აღმოჩნდა ტოქშოუს წამყვანის, მარიამ ჩიქოვანისთვის, თუმცა, როგორც თავად ამბობს,  ამან განსაკუთრებული გამოცდილება შესძინა: ,,ჟურნალისტისთვის ყველაზე  მნიშვნელოვანი არის პრაქტიკა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის.  მულტიმედია ცენტრმა საშუალება მომცა,  რომ  დამესვა ყველა ის კითხვა, რაც ჩვენში, სტუდენტებში, ხშირად ტრიალებს და მათი აზრი გადაწყვეტილების მიღებისუნარიან პირებამდე მიმეტანა. დღევანდელი დღე  ძალიან ღირებული იყო ჩემი მომავალი კარიერული განვითარებისთვის’’ - გვითხრა მან. 

ღონისძიება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თამარ დოლბაიამ გახსნა და მულტიმედია ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, თეორიულ სწავლებასთან ერთად, აუცილებელია პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება, რის საშუალებასაც თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნერებათა ფაკულტეტის  მულტიმედია ცენტრი იძლევა: „ჩვენი ძალისხმევითა  და რექტორის ნებით, მულტიმედია ცენტრი, რომელიც საუნივერსიტეტო სტრუქტურული ერთეული იყო, ფაკულტეტს გადმოეცა. ღონისძიება არა მარტო ფესტივალის ფარგლებში იყო მნიშვნელოვანი, არამედ  თვითონ ჩვენთვისაც. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რა ახალი პროდუქტი შეიქმნა მულტმედია ცენტრში და  რა ხდება ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებაზე,“ – აღნიშნა თამარ დოლბაიამ.

მულტიმედია ცენტრის დირექტორმა მარინა სალუქვაძემ სტუმრებს ღია კარის დღეზე დაგეგმილი აქტივობები გააცნო და თავის გამოსვლაში განსაკუთრებით გამოკვეთა ცენტრის მზაობა სტუდენტების სასწავლო პროცესში  ჩართვის თვალსაზრისით. როგორც მან განაცხადა, ცენტრი  ვითარდება და მოკლე დროში დაგეგმილია ტექნიკური განახლება, რომელიც კარგ საშუალებას მისცემს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, განსაკუთრებით კი  ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სტუდენტებს, მიიღონ პრაქტიკა და მოემზადონ მედიის შრომით ბაზარზე კონკურენციისათვის.

ღია კარის დღის  საპატიო სტუმარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე იყო. მან დაათვალიერა ნიუსრუმი, სტუდია და სამონტაჟო, გაეცნო ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტთა ნამუშევრებს, მონაწილეობა მიიღო ტოქშოუს ჩაწერის პროცესში, უპასუხა სტუდენტების კითხვებს.

 რექტორმა  ფესტივალის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საუნივერსიტეტო ბაზაზე მსგავსი  სახის ღონისძიება პირველად ტარდება: „ეს ფესტივალი არის იმის ჩვენება,  თუ რას აკეთებენ ახალგაზრდა მეცნიერები და როგორ არიან  ჩართულნი პროგრამებში. აღსანიშნავია ისიც, რომ  500-ზე მეტი აქტივობა არის დაგეგმილი სხვადასხვა ლოკაციაზე. იმართება კონფერენციები, გვაქვს  სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერების საერთაშორისო დღეებიც. ფესტივალის ფარგლებში უნივერსიტეტს უამრავი სტუმარი ეწვია".

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გიორგი შარვაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია უკვე გაიარა. მისი თქმით, ამ დროის განმავლობაში გამოიკვეთა არაერთი  პრობლემა, რომელთა მოგვარებაც უნივერსიტეტის მთავარი მიზანია. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა სტუმრის როლი მოირგო  იმიტირებულ სტუდენტურ გადაცემაში – "ჟურნალისტიკის სწავლება და მედიაპლურალიზმის მნიშვნელობა", რომელიც ასისტენტ–პროფესორ თამარ ბელქანიას ხელმძღვანელობით მომზადდა. მასში მონაწილეობა, თსუ-ის რექტორთან ერთად, ასოცირებულმა პროფესორმა მანანა შამილიშვილმაც მიიღო. გადაცემის სტუმრებმა ისაუბრეს ჟურნალისტიკის საუნივერსიტეტო სწავლებაზე და იმაზე, თუ რამდენად რელევანტურია თსუ-ში მიღებული ცოდნა შრომითი  ბაზრის გამოწვევებთან. წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ არიან ქართულ წამყვან ტელემედიებში დასაქმებულები თსუ-ის კურსდამთავრებული ჟურნალისტები, გიორგი შარვაშიძემ უპასუხა, რომ უნივერსიტეტის ერთერთ მთავარ გამოწვევად შრომით ბაზართან მჭიდრო ურთიერთობის  დამყარება რჩება, რათა სტუდენტები მაქსიმალურად იყვნენ ჩართული არა მხოლოდ სტაჟირების პროგრამაში, არამედ სამუშაო პროცესში. მისი თქმით,  კონტრაქტი ამჟამად  ორ ტელევიზიასთან:  საზოგადოებრივ მაუწყებელთან და "იმედთან" არის გაფორმებული, ამასთან, მოლაპარაკებები კიდევ ორ ტელეკომპანიასთან  მიმდინარეობს.

საგანმანათლებლო სივრცეში უკვე მეოთხე წელია ტარდება მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი, რომელსაც წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მასპინძლობს. ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი,  22 სექტემბერს გაიხსნა და 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 

 

ნინო შუბითიძე,

ანა ბაჟუნაიშვილი

ფოტო: ბარბარე მერაბიშვილი

ხელმძღვანელი: მაია ტორაძე