ლურჯი და მწვანე ფერის ხის სახლები, ორნამენტებიანი აივნები და მოაჯირები კახეთის შუაგულში მყოფთ თავს რუსულ სოფელში გაგრძნობინებთ.  ეს ადგილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ილიაწმინდაა, რომელიც რაიონული ცენტრიდან 20 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ადრე ამ დასახლებას ულიანოვკა ერქვა და ძირითად მცხოვრებლებს რუსეთიდან ჩამოსახლებული მალაკნები წამრმოადგენდნენ.  ბოლო მონაცემებით, სოფელში 560 კაცი ცხოვრობს. 

ოდესღაც ილიაწმინდაში  რომ  ცხოვრება დუღდა, ამაზე სოფლის ტერიტორიის სიდიდე და შენობათა სიმრავლე მიანიშნებს. დღეს აქ ბევრი სახლი მიტოვებული და ჩამონგრეულია. დროს ვერც ალიზით აგებულმა სახლებმა და დიდმა დაწესებულებებმა გაუძლო. უკრაინულ-რუსული სტილით ნაშენებ სახლებში, რომლებშიც  ადრე მალაკნები ცხოვრობდნენ, ფშავისა და ქიზიყის სოფლებიდან გადასახლებულმა ქართველებმა დაიდეს ბინა.  მალაკნებმა მათ საკუთარი სახლები მაშინ მიჰყიდეს, როცა რუსეთში სამუშაოდ წასვლა გადაწყვიტეს.  დღეს ილიაწმინდაში მალაკანთა მცირე რაოდენობა შემორჩა. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სოფლის ცენტრიდან მალაკნებისკენ გზა ადგილობრივებმა მიგვასწავლეს.  ,,აბა, იმ სახლს გახედეთ, თუ დარაბები ღიაა, მაშინ მანდ იქნებიან”- გვეუბნება ერთ–ერთი მკვიდრი და მწვანე ფერის სახლისკენ მიგვითითებს. დარაბები ღია დაგვხვდა. როგორც გაირკვა, ყოველ კვირა დღეს მალაკნები ამ სამლოცველო სახლში - „საბრანიაში” იკრიბებიან და აღავლენენ ღვთისმახურებას, რომელსაც თან რუსული ფოლკლორის მოტივებზე შესრულებული გალობა ახლავს. მალაკნებს სწორედ კვირა დღეს, „საბრანიაში” შეკრების დროს ვესტუმრეთ. 

დიდი ოთახის ცენტრში მაგიდა დგას, რომლის გასწვრივაც გრძელი ხის სკამებია განლაგებული. მაგიდის თავში ხუცესი, პრესვიტერი  ნიკოლაი ვასილიევიჩ მალალეტკინი  მუხლმოყრილი აღავლენს ლოცვას. ერთმანეთის პირისპირ გრძელ სკამებზე ჩამომსხდარი მორმუნეები მხოლოდ ხანშიშესული  თავსაფრიანი ქალები არიან. სამლოცველო ოთახში შეშის პატარა ღუმელი ანთია, რომლის სითბოც ოთახის მხოლოდ მცირე ნაწილს სწვდება. დიდი ოთახის მეორე ბოლოში მიწყობილი ხის გრძელი სკამები გვაფიქრებინებს, რომ ამ სამლოცველო სახლს ოდესღაც გაცილებით მეტი მორწმუნე სტუმრობდა.   ახლა აქ მყოფ 5-6 მოხუც მალაკანს მხოლოდ ერთმანეთიღა შემორჩა. 

სულიერი ლიდერის,  ნიკოლაი მალალეტკინის თქმით, ილიაწმინდაში დღესდღეობით სულ 70-მდე მალაკანი ცხოვრობს: „გვყავს ბევრი ახალგაზრდაც, მაგრამ ძალიან ბევრია წასული.  სსრკ-ის დაშლის შემდეგ რუსეთში სამუშაოდ წავიდნენ. აქ სამსახურის შოვნა რთულია, თითქმის არაფერი არ არის. ყველას ჩვენი პატარა მეურნეობა  გვაქვს.  ამით ვცხოვრობთ.“

კითხვაზე, თვითონაც წავიდოდნენ თუ არა რუსეთში, ამის შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ, მალაკნები ასე გვპასუხობენ: „წავიდოდით. არ ვიცით, იქ უკეთესია თუ აქ, უბრალოდ რუსულენოვნები ძალიან ცოტა დავრჩით, თანაც ყველას უნდა თავის ნათესავებთან ახლოს ყოფნა, ყველა წავიდა. იქ ძალიან კარგად არიან, დაბრუნება არავის უნდა, მაგრამ ჩვენი სამშობლო აქაა, საქართველოში, აქ დავიბადეთ, გავიზარდეთ, დავბერდით. რაც საზღვარი გაიხსნა, ძალიან ბევრი უკან ჩამოდის ნათესავების სანახავად, საფლავების მოსანახულებლად, ცოტა ხნით ჩერდებიან და ორ-სამ დღეში მიდიან, უკვირთ, აქ როგორ ცხოვრობთო, მაგრამ რა ვქნათ?! არსებობა ხომ გვინდა?! ადრე კარგად ვცხოვრობდით, მაგრამ ახლა სახლებიც დაიშალა.” 

მიუხედავად იმისა, რომ მალაკნები საქართველოში თითქმის ორი საუკუნეა ცხოვრობენ, ქართული ენა მხოლოდ ერთეულებმა იციან. უფროსი თაობა ძირითადად  რუსულ ენაზე საუბრობს. „ადრე აქ სულ ჩვენიანები ცხოვრობდნენ, ყველა რუსულად საუბრობდა, ქართულად დასალაპარაკებელი არავინ გვყავდა. ქალაქში ვინც ცხოვრობდა, ყველამ იცოდა ენა. მეზობლები ხომ ჰყავდათ ქართველები?!  აი, ის ბებია ქართველი მეზობლების გვერდით გაიზარდა და  კარგად ლაპარაკობს.“ საუბრისას მკაცრი იერსახის, რუსული აქცენტით ქართულად მოსაუბრე ,,ბაბა” განია (აგაფია ივანოვნა კუდიევნა) ერთვება: „ძალიან კარგად ვიცოდი, მერე რუსულ სოფელში გადმოვედი და უკვე იშვიათად ვსაუბრობ. იცი, რა კარგი იყო, როცა ერთ დღეს ქართულად ვსაუბრობდი, მეორე დღეს რუსულად?!”

მალაკნების თქმით, ილიაწმინდაში დარჩენილმა ახალგაზრდებმა ქართული კარგად იციან და წინა თაობაზე მეტადაც ინტეგრირდნენ ქართულ საზოგადოებაში. ისინი მალაკნებს, როგორც რელიგიურ ჯგუფს ემიჯნებიან და არც სამლოცველო სახლში დადიან.  ნაწილი მართლმადიდებლური წესითაც კი მოინათლა.  დღეს ისინი მხოლოდ საკუთარ რუსულ წარმომავლობას აღიარებენ. 

ჩვენ მალაკნების სახელის წარმოშობის ისტორიითა და მისი მნიშვნელობითაც დავიტერესდით, რადგან ამასთან დაკავშირებით ერთდროულად რამდენიმე განსხვავებული ვერსია ვიცოდით. ერთ–ერთი გავრცელებული მოსაზრების თანახმად, მათ მალაკნებს იმიტომ უწოდებდნენ, რომ მარხვის პერიოდში რძის პროდუქტებს მიირთმევდნენ, თუმცა ამგვარი ახსნა ჩვენთან საუბარში უარყვეს:  „რძის სმასთან არანაირი კავშირი არ აქვს.  ყველამ თავისებურად იცის.  ზოგი ამბობს, რომ  ეს სახელი სიმცირის გამო ეწოდა, რადგან  „მალა“  რუსულად ცოტას ნიშნავს.  კიდევ გვიყვებოდნენ, რომ  სადაც ვცხოვრობდით თავის დროზე, იქ ორი მდინარე მოედინებოდა –„მალა“ და „კან“ და აქედან წამოვიდა ეს სახელი.“

სხვა მოსაზრების თანახმად, ეს სახელი იმის გამო ეწოდათ, რომ ისინი საკუთარ თავსა და თავიანთ მოძღვრებას „სუფთა სულიერ რძეს” ადარებდნენ.  

 

მალაკნები საქართველოში სწორედ რელიგიური შეხედულებების გამო აღმოჩნდნენ. ისინი კავკასიის რეგიონში 1930-50-იან წლებში ეტაპობრივად ჩამოასახლეს. სომხეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ მალაკნების დასახლება საქართველოშიც გაჩნდა. მათ საცხოვრებლად ისეთი ტერიტორიები შეარჩიეს, რომლებიც  ადგილობრივებს ნაკლებად ჰქონდათ ათვისებული. ეს რელიგიური მიმდინარეობა დუხობორების წრეში მათთან დაპირისპირების შედეგად რუსეთში, ტამბოვის ოლქში, ჩამოყალიბდა, შემდეგ კი სხვა ოლქებში, მათ შორის, სარატოვის ოლქშიც გავრცელდა. მალაკნებმა უარი თქვეს წყლით ნათლობაზე და განუდგნენ ყოველგვარ მატერიალურს: ხატს, ჯვარსა და ეკლესიას. მალაკნები აღიარებდნენ მეფის ძალაუფლებას, თუმცა არ მიიჩნევდნენ ღვთისგან ცხებულ ხელმწიფედ. ამ რელიგიურმა მიმდინარეობამ მართლმადიდებლური ეკლესიის მხრიდან მალევე მიიღო სექტის კვალიფიკაცია. მალაკნები დუხობორებთან ერთად მე-19 საუკუნის 30-იან წლებში „მწვალებლებად”, „მავნე ერეტიკოსებად” შერაცხეს და  მათი მასობრივი დევნა დაიწყეს. ილიაწმინდაში მცხოვრები მალაკნების წარმოშობის ადგილი სარატოვის ოლქია. 

სოფლის ცენტრში, მალაკანთა „საბრანიასთან” ახლოს „ულიანოვკის ხალხთა მეგობრობის მუზეუმი“ დგას. ხის ორსართულიანი დიდი შენობა დღესდღეობით არ ფუნქციონირებს. აქ დაცულ რუსულ წიგნებსა და მალაკანთა ათასობით ისტორიულ ფოტოს დიდი ხანია მტვერი დასდებია, მუზეუმის შენობა კი ნელ-ნელა ჩამოშლას იწყებს. ეზოში  მემორიალური ქვა დგას, რომელზეც ამ სოფლის დამაარსებელთა ვინაობა და ჩამოსახლების თარიღია მითითებული. 

 

ილიაწმინდაში მცხოვრები ქართველები მალაკნებს, როგორც მშრომელ ხალხს, ისე იხსენებენ. მათი თქმით, ისინი ზეთის სახდელ ორ ქარხანასა და წისქვილს ამუშავებდნენ; ისინი საუკეთესო ოსტატები და შემდუღებლები იყვნენ; კარგად იცოდნენ ტრაქტორის, ექსკავატორისა და სხვ. სასოფლო-სამეურნეო თუ სამშენებლო ტექნიკის მართვა. „ჩვენსავით ძლიერი კახეთში არცერთი სოფელი არ იყო. უნდა ითქვას, რომ ყველა სიახლის შემომტანები მალაკნები იყვნენ. ახლა წავიდნენ და სოფელი გაღატაკდა, დაინგრა.  მაშინ შენდებოდა და ყვაოდა. ეს ყველაფერი მათი აშენებულია” - ამბობს ილიაწმინდის ერთ–ერთი მკვიდრი. 

ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ მათ, ვინც აქ კარგი ხელოსანი იყო, ახლა რუსეთში ძალიან კარგად მისდით საქმეო, რაც საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს, განსაკუთრებით კი, თუ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არსებულ შესამჩნევ ტენდენციას - მალაკნების მასობრივ მიგრაციას გავითვალისწინებთ.

 

 

მომზადებულია საგნის "ბეჭდური მედია-2" ფარგლებში
ხელმძღვანელი: მაია ტორაძე