სოფელი უწერა – მთებს შუა ჩაფლული ბუნების საჩუქარია. სოფელსა და შეუვალ მთებს მდინარე მუშუანი შუაზე ჰყოფს, ხიდს ზემოთ სოფელს სალოცავიც აუშენებია. პატარა ბუდესავით ღვთის სახლი ამჟამად დაკეტილია, თუმცა კედლებზე დანთებული სანთლების კვალი შეიმჩნევა, სანთლები ისეც აწყვია. . . როგორც ჩანს, სოფლის თითო-ოროლა მოსახლე უფლის სახლს ხშირად სტუმრობს.
სოფელ უწერას პატრონი ახლა სულ რამდენიმე ოჯახია: უმეტესად, ხანდაზმულები. აქ მათი დღე უთენია – 6 საათზე – იწყება და ბინდის დადგომიდან მალევე მთავრდება – ღამით რა უნდა აკეთონ, დილა კი ბარაქიანია – საქმეს რა გამოლევს... აქ ადრე 480 ოჯახი სახლობდა, ახლა ზამთრობით 70-მდე ოჯახიდან ამოდის კვამლი. . .
ვაჟა და ლილი მეტრეველების ოჯახი ერთ-ერთია, ვინც ადგილის დედას არასოდეს ტოვებს. მათ დილიდან ვესტუმრე, რომ თავად მენახა, როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე სოფელ უწერაში.
როგორც ოჯახის დიასახლისმა მიამბო, მათ ოჯახი მაშინ შეუქმნიათ, როდესაც ბატონი ვაჟა 25-ის, ხოლო ქალბატონი ლილი 21 წლის იყო. ორივეს უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული: უფროსი პროფესიით ინჟინერ-მშენებელია, ლილი მეტრეველი კი – პედაგოგი. იგი სოფელ უწერის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ასწავლის.
ჩემი მისვლისას, დილის 6 საათზე, ქალბატონი ლილი უკვე ქათმებს აპურებდა, შემდეგ ძროხა გაუშვა ნახირში, ცოტა ბოსტანში ფუსფუსიც მოასწრო, შემდეგ საოჯახო საქმეებიც მოაგვარა და სკოლისთვის საზმადისიც დაიწყო.
სკოლა უწერაში 10-ის ნახევარზე იწყება, ქალბატონი ლილიც პატარებთან მიიჩქარის. მისი თქმით, მისი მოსწავლეები მონატრებული შვილებისა და შვილიშვილების სიყვარულს ახსენებს. ის დიდი ხანია, რაც სკოლის პედაგოგია. თავის დროზე, საკუთარ შვილებსაც ასწავლიდა და სხვებთან შედარებით მკაცრადაც ექცეოდა - ერთხელ საკუთარ ვაჟს გამოცდაზე ოთხიანი იმის გამო დაუწერა, რომ არავის ეთქვა, მისი შვილია და ფრიადოსნობაც ამის დამსახურებააო. თუმცა ვაჟი საკმაოდ კარგად ყოფილა გამოცდისთვის მომზადებული.
9 საათზე ქალბატონი ლილი სკოლისკენ გაემართა. ბატონმა ვაჟამ კი სოფლის ცხოვრებისა და საკუთარი ოჯახის შესახებ ბევრი რამ გვიამბო: - სახლი, რომელშიც ახლა ვცხოვრობ, 1936 წელსაა აშენებული. მანამდე ჩემი დედ-მამა ცხოვრობდა ამ სახლიდან ცოტა მოშორებით – ძველ ბინაში. შემდეგ მამა თავისი ოჯახით აქეთ გადმოვიდა და იქ ბიძაჩემი დარჩა. ამ სახლში ვიზრდებოდით 5 და-ძმა: 4 ვაჟი და 1 გოგონა. უფროსი ძმა რიონზე გადებული ხიდის ჩანგრევამ იმსხვერპლა... დავრჩით სამი ძმა და ერთი და.
დღესდღეობით მამაპაპისეულ კერიას მხოლოდ მე შემოვრჩი – ჩემი ორი ძმა რუსთავში მუშაობს: მათი ახალგაზრდობა მეტალურგიას შემოელია.
ყმაწვილკაცობაში მეც მქონდა ჩემებური `ოფოფები’’ – მეც მინდოდა ქალაქი, მაგრამ იძულებული გავხდი, მიმეტოვებინა ყველაფერი – მათ შორის, შეყვარებული, რომელიც სოფელ უწერაში საცხოვრებლად არ წამომყვა, თუმცა შემდეგ აქ დავქორწინდი. ჩემი მეუღლე სოფელში დაბადებულ-გაზრდილი იყო და აქ ცხოვრება არ იუკადრისა. გვყავს 5 შვილი: 3 ვაჟკაცი და 2 ქალი.
მთელი ცხოვრება კაცურად გავიარე: ბევრი გაჭირვება ვნახე, თუმცა ბედნიერება ყოველთვის ყველაფერ ცუდს გადაფარავდა ხოლმე. ჩემი შვილები შედარებით იოლად ცხოვრობენ, რაც, როგორც მამას, ძალიან მახარებს: ისინი ახლა რუსთავში დაფუძნდნენ. ჩემმა უფროსმა ძმებმა იმდენი მოახერხეს, რომ თავიანთ შვილებთან ერთად, ძმისშვილებიც დაასაქმეს, მიხედეს, კალაპოტში ჩააყენეს. ყველამ უმაღლესი განათლება მიიღო. გოგონები პედაგოგები არიან და გარდაბნის სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიან.
მყავს 6 შვილისშვილი, რაც ძალიან ცოტაა! 5 შვილისგან 6 შვილიშვილი ძალიან ცოტაა. ერთი მხრივ, მესმის. ქალაქში ცხოვრება ძნელია – შვილს მიხედვა, გაზრდა, ჩამოყალიბება, განათლება, შრომა უნდა. დღეს კი ცხოვრება ჭირს.
პენსიონერი ვარ, ოჯახში სოფლის მეურნეობით დაკავებული. ჩემი ოჯახის სამყოფი პროდუქტი მომყავს. სოფელში ცხოვრებაში ვერც მე და ვერც ჩემი მეუღლე სირთულეს ვერ ვხედავთ. მაგრამ ერთი მთავარი გულისტკვილი, რაც აუცილებლად უნდა გაგანდოთ, ასეთია: სოფელში მოსავლის მოყვანას ბევრი შრომა სჭირდება: ჯერ უნდა დავრგოთ, შევწამლოთ, სარი შევუდგათ. . . თუმცა ამ უკანასკნელისთვის სარის მოჭრა ბუნებრივი მოთხოვნაა. ბოლო დროს ახალი წესები შემოიღეს: იმისთვის, რომ სარი მქონდეს, ხე უნდა მოვჭრა. მის ნაწილს მოსავლისთვის ვიყენებ, ნაწილს – ზამთარში შეშად, ამის გარეშე აქ ცხოვრება შეუძლებელია. ასე რომ მოვიქცე, ახალი კანონის მიხედვით, 1000 ლარით დამაჯარიმებენ. საკითხავია, როგორ მოიქცეს გლეხი? ან თუ დააჯარიმებენ, რით გადაიხადოს ამხელა თანხა?!
წელიწადში 8 თვე ზამთარი გვაქვს, მთაში საზარელი სიცივე იცის. ზამთარ-ზაფხულ სოფელს გაზი არ გააჩნია. დენის გამათბობლის გამოყენების შემთხვევაში გადასახადი იმდენი მოდის, რომ პენსიით ვერ გავუმკლავდები. სოფელში მცხოვრებმა გლეხმა ნუთუ შეშა ვერ უნდა მოიხმაროს?! არის კონკრეტული ადგილები, სადაც შეშის გაჩეხვა ნებადართულია, მაგრამ ეს ადგილები ძალიან მიუვალია. სოფელს კი მანქანა არ ჰყავს და, საერთოდ, აქ ტრანსპორტი ძალიან ჭირს.
ეს პრობლემური საკითხი ყოველთვის იდგა, დგას და იდგება კიდეც. სულ მივმართავთ გამგეობას: მოგვეცით საშუალება, რომ ხე-ტყე მოვჭრათ. ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელს ძალიან იშვიათად სტუმრობენ, პრობლემებს ეცნობიან, თუმცა დანაპირებს მეტ-ნაკლებად ასრულებენ.’’
ნაშუადღევს ქალბატონი ლილი სკოლიდან ბრუნდება, ჯერ მეუღლეს მოიკითხავს, შემდეგ ისევ ფრინველს აპურებს, და ცოტას ისვენებს, ცოტას – რადგან სოფელ უწერაში დასვენება ღამის ძილს ნიშნავს.
ბინდდება და ოჯახი კერიასთან იკალათებს... ახლა სტუმრები ვართ, განსხვავებული საღამოა, სხვა დროს კი საუბრობენ, იხსენებენ, ოცნებობენ გეგმავენ... მადლიანია ქართული ოჯახი – შეხმატკბილებული, შეერთებული. მეუღლეები აქ ერთმანეთს აძლებინებენ, აკი ასეც გვითხრა ბატონმა ვაჟამ: ,,ჩემი მეუღლის სიყვარული, შრომა და ეს მთები მაძლებინებს!’’
ფოტო: თამარ გეგიძე
მომზადებულია სასწავლო საგნის ,,ბეჭდური მედია 2"-ის ფარგლებში.
ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე.