საზოგადოება

„უკანასკნელი ფურცელი“ სლოვაკეთიდან თბილისში

2018-01-22

 “ჰოლოკოსტი“- ეს არის ტრაგედია, რომელიც არაერთი ხელოვანის შთაგონების წყაროდ იქცა. მათ შორისაა, წარმოშობით სლოვაკი, ცნობილი კანადელი ფოტოგრაფი იური დოიჩი.

მსოფლიოს წამყვან საგამოფენო სივრცეებში შვიდწლიანი ტურნეს შემდეგ თბილისი უკვე 27-ე ქალაქია, რომელიც „უკანასკნელ ფურცელს“ მასპინძლობს. ეს გამოფენა იური დოიჩისა და ბრიტანეთში მოღვაწე ტელეპროდიუსერის კატია კრაუსოვას ერთობლივი პროექტის ნაწილია. 

ნამუშევრები პირველად ბრატისლავაში, სლოვაკეთის ეროვნულ მუზეუმში გამოიფინა. შემდეგ იყო პრაღა, კემბრიჯი, ნიუ-იორკი, ოტავა... ამჯერად ფოტოების დათვალიერება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმშიცაა შესაძლებელი.

 

დოიჩი პროექტზე მუშაობას 1997 წელს შეუდგა. მამის დაკრძალვაზე ფოტოგრაფმა გაიცნო ქალი, რომელმაც აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში სამი წელი გაატარა. ამის შემდეგ  დოიჩმა ჰოლოკოსტგამოვლილი ადამიანების ფოტოფირზე აღბეჭდვა დაიწყო. თუმცა თითქმის ათწლიანი მუშაობის შემდეგ  მან გადაწყვიტა, გეზი, გარკვეულწილად,  შეეცვალა და პროექტის მთავარ  გმირებად ადამიანების ნაცვლად ძველი წიგნები და სასკოლო ნივთები აქცია. 

2005 წელს ფოტოგრაფს კატია კრაუსოვაც შეუერთდა.

2006-ში დოიჩი და კრაუსოვა სრულიად შემთხვევით აღმოსავლეთ სლოვაკეთის ებრაული დასახლების მიტოვებულ სკოლაში აღმოჩნდნენ. მათ შეხვდათ ადამიანი, რომელმაც შენობის გასაღები გადასცა. დოიჩმა და კრაუსოვამ სკოლაში რვა საათი გაატარეს და თემის სრულყოფილად დამუშავებისთვის რამდენიმე წელი დასჭირდათ.

ამ შენობაში დრო 1942 წლის ერთ დღეს გაჩერდა, როცა ყველა იქ მყოფი საკონცენტრაციო ბანაკში წაიყვანეს. ბავშვების მტვერმოკიდებული წიგნები და სხვა სასკოლო ნივთები კრაუსოვასა და დოიჩს ხელუხლებელი დახვდათ. მათ გადაწვიტეს, ეს შემზარავი ისტორია ადამიანების გარეშე, მხოლოდ ნივთების, მიტოვებული სკოლის ინტერიერისა და ექსტერიერის აღბეჭდვით გადმოეცათ. ასე დოიჩმა და კრაუსოვამ შეძლეს, განსხვავებული რაკურსით წარმოეჩინათ ისტორია იმ ადამიანების შესახებ, რომელთა საფლავებიც კი არ არსებობს.

გამოფენილი ფოტოების ძირითადი ნაწილი, შეიძლება ითქვას, წიგნების პორტრეტებია.  ერთმანეთისგან განსხვავებული ყდისა და სისქის მქონე წიგნები სხვადასხვა რაკურსით, მეტწილად,  მსხვილი ხედითაა დაფიქსირებული. აქ თითოეულ ფურცელსა და ნაგლეჯს თავისი ისტორია აქვს, ზოგიერთ მათგანზე მინაწერებიც კია შემორჩენილი. თავის მხრივ, საინტერესოა შენობის ვიტრაჟით გაფორმებული ნაწილი, დაზიანებული კედლები, თაღები და კიბეები ჟანგმოკიდებული სახელურებით. ფოტოებში გამაყრუებელი სიჩუმე და მარტოობაც იგრძნობა,  ნამუშევრების გაცნობისას კი დამთვალიერებელს წარსულში მოგზაურობის საშუალება ეძლევა. 

სწორედ ამ მისტიკურ სივრცეში გაყინული ისტორიის გადმოცემას შეეცადა იური დოიჩი და, შეიძლება ითქვას, მიაღწია კიდეც დასახულ მიზანს.