გრემისხევი დუშეთიდან 22 კილომეტრში მდებარეობს. სოფელში მოსახვედრად ჯერ გრძელი, ხრიოკიანი გზის გავლა მოგიწევთ. მასთან მიახლოებისას ცივილიზაციის ნიშნები თანდათანობით კლებულობს და ერთ რაღაც, პატარა მომენტში, იმაშიც კი გეპარებათ ეჭვი, ცხოვრობს კი აქ საერთოდ მოსახლეობა?! დიდი ხნის სიარულის შემდეგ ნანატრი აბრაც გამოჩნდა.
გრემისხევი ერთ დროს ძლიერი სოფელი იყო. ადრე აქ 600 კომლამდეც კი სახლობდა თურმე. დღეს კი გრემისხევის მოსახლეობის რაოდენობა 200 ოჯახსღა შეადგენს.
დავდივართ გრემისხევში და ვინმე შემხვედრს უიმედოდ დავეძებთ. იმედგადაწურულობის ჟამს უეცრად შორიდან მომავალ ქალს ვხედავთ, ხელში ჯოხი უკავია და საქონელს მოერეკება. დანახვისთანავე მისკენ გავემართეთ.
მარადი 70 წელს მიტანებული, მრავალჭირნახული, სასიამოვნო ქალია. საუბრისას ცოტა იმორცხვებს, ლაპარაკს გაურბის. თუმცა, თხოვნაზე გული მალევე ულბება და ცოტა ხნის შემდეგ ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას იწყებს.
გრემისხევში მდებარე ციხე ერთ დროს ძლიერი და აუღებელი ყოფილა. მტრისგან შევიწროებულ, დაშინებულ მოსახლეობას ხშირად იფარებდა ხოლმე. სტუმართმოყვარე გრემისხევი სტუმრებს თურმე დიდი ხანია, დავიწყებიათ .
ლაპარაკისას უეცრად თვალები უწყლიანდება,ხელს იშვერს ადგილისკენ, საიდანაც რატომღაც კვამლი ამოდის. “ბოლი საიდანაც ამოდის, იქ უკვე საზღვარია, რუსები დგანან. იმ მხარეზე საქონელი თუ გადავიდა, უკან ვეღარ გადმოგვყავს.”
ოკუპაციის მთელი ტკივილი პირველად ყველაზე მძაფრად, ალბათ, სწორედ მაშინ ვიგრძენით.
მცოცავმა ოკუპაციამ არც სოფლის სასაფლაო დაინდო. გრემისხევის მცხოვრებნი მიცვალებულის დასატირებლად საფლავზეც ვეღარ მიდიან: “ერთი გარდაცვლილი ამის გამო ზემოთ მინდორზე დავმარხეთ, რადგან საზღვარი სასაფლაოს ჰყოფს.”
სოფლისთვის გადაუჭრელი პრობლემა მაინც გზაა. “ბევრჯერ სასწრაფო ხიდთან გაჩერებულა, ბოლომდე ვეღარ ამოსულა. ხომ იცით სოფელს გზა იმაგრებს”.
იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფომ გრემისხევში გზის რეაბილიტაციაზე არ იზრუნა, 2 წელიწადში მისგან მხოლოდ ნასოფლარიღა დარჩება.
კითხვაზე, როდის მოუგვარდება გრემისხევს გზის პრობლემა, დუშეთის გამგებელ ზურაბ სეხნიაშვილისგან შემდეგი პასუხი მივიღეთ : “გრემისხევის გზას 12 მილიონი მაინც სჭირდება. ერთბაშად მისი გაკეთება ძალიან რთულია, ჩვენი ბიუჯეტი მას არ ეყოფა”.
ამ საკითხს მისივე პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, (ეს საზღვრისპირა ტერიტორიაა), ოდნავ მოგვიანებით კიდევ ერთხელ მივუბრუნდით.
გამგებლის კომენტარი კი აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე სხვანაირი იყო: “მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ამ ტერიტორიაზე უკვე იყვნენ მოსულები. დაათვალიერეს და კოორდინატებიც აიღეს. როცა არჩევნის წინაშე დავდექი, თუ რომელ ტერიტორიაზე უნდა დაწყებულიყო აღდგენითი სამუშაოები, მე უპირატესობა გრემისხევს მივანიჭე. ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაწყებულია”.
აქვეა ქარქუშაანიც. ისიც საზღვრისპირა ტერიტორიაა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ გზაზე არ დგას არცერთი აბრა, რომელიც სოფლის არსებობაზე მიგანიშნებთ. გზის გაუმართაობის გამო იქ ასვლა ვეღარ შევძელით. ქალბატონი მარადისგან შევიტყვეთ,რომ სოფელში მხოლოდ 5 კომლიღა ცხოვრობს.
მრავალი ცდის შემდეგ ქარქუშაანს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი მიანიჭეს.
მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობა მოსახლეობამ თანდათანობით დაიწყო. “პენსია მოემატათ, დენის გადასახადსაც განახევრებულად იხდიან. სკოლაში ბავშვები სპეციალურად გამოყოფილი მანქანით დაჰყავთ”- გვიყვება მარადი.
“მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონი“ ძალაში 2016 წლის 1_ლ იანვარს შევიდა.
იმისათვის, რომ დასახლებამ მაღალმთიანი სოფლის სტატუსი მიიღოს, შემდეგი კრიტერიუმების დაკმაყოფილება უნდა შეძლოს:
• დემოგრაფიული მდგომარეობა - მოსახლეობის კლება 25 %-ს, ხოლო მათი საშუალო ასაკი 40 წელს უნდა აღემატებოდეს;
•სასოფლო-სამეურნეო მდგომარეობა- სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავება სტანდარტული ტექნიკით შეუძლებელი უნდა იყოს;
•ადმინისტრაციული ცენტრიდან სიშორე – დასახლებაში მყოფ ადამიანებს ხელი არ უნდა მიუწვდებოდეთ საჯარო მომსახურებაზე, განათლებასა და ჯანდაცვაზე.
აქვე აღსანიშნავია ერთი გარემოებაც: თუ სოფელი ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრზე მდებარეობს, მაშინ მან ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან მხოლოდ ერთი უნდა დააკმაყოფილოს. ხოლო, თუ ის 800-1500 მეტრზე მდებარეობს, მაშინ 2 კრიტერიუმის დაკმაყოფილებაა საჭირო.
გრემისხევი ზღვის დონიდან 1100 მეტრზე მდებარეობს. ამასთანავე, ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმთაგან იმ ერთის (სავალდებულო კრიტერიუმის) გარდა, სამივესაც კი აკმაყოფილებს. ამის მიუხედავად, გრემისხევს არათუ მაღალმთიანი სოფლის სტატუსი, ზოგადად სოფლის სტატუსიც კი არ აქვს.
ამ ყველაფრის შემყურეს, გონებაში ერთადერთი კითხვა გვებადება : როცა იმ ადგილს, სადაც ოკუპანტები დგანან და სადაც ლამის ერთი ხელის გაწვდენაზე ჩვენივე ქვეყნის საზღვარია, ასე “ვუვლით”, სხვას რაღა უნდა მოვთხოვოთ, ნეტავ ?!
ან ამ სოფელმა რა უნდა ქნას, როცა მისი უკანასკნელი მცხოვრებიც დატოვებს მას?!
კთხვები ბევრია.. პასუხი???
მომზადებულია სასწავლო კურსის “ბეჭდური მედია პრაქტიკუმი“-ის ფარგლებში
ხელმძღვანელი მაია ტორაძე.