სხვა

თიანეთელი უცნობების უცნაური თავისებურებები

2016-05-25

 თუკი თიანეთში ჩასულს იქაური ქუდის დახურვა მოგინდებათ, მაშინ ჯერ ამ ქუდის თავისებურებები უნდა შეისწავლოთ. დაინახოთ, როგორ ეხვევა იალაღს ცხვრის ფარა, თქვენ კი- თიანური ზნე-ჩვეულებები. შეხედოთ ჯერ მთის წვერიდან წამოსულ მსუბუქ ნისლს, შემდეგ კი - თიანელების მძიმე ხასიათს. ორივეჯერ გაოცდებით. დაცლილი სოფლები ადვილად აავსებენ თქვენს ემოციას, სუფთა ჰაერი კი -თქვენს ფილტვებს. მერე დაფიქრდებით, ალბათ, და ქუდის დახურვა ერთ დიდ სიამოვნებად მოგეჩვენებათ, რადგან ის, რასაც მხოლოდ თიანეთში ნახავთ, ვერ დაგტოვებთ გულგრილს.

ვერა ვტოვებ, ვერა...

69 წლის ელიზბარი საკუთარი სახლის ეზოში ზის. სკამებად ქცეულ გადაჭრილ მორებზე მოკალათებულა:

 

 

,,მიწა ძირითადად უნაყოფოა და ამიტომაც ღარიბი რაიონიაო თიანეთი. ამბობენ, აქ მხოლოდ ორი სეზონია: ზამთარი და ზაფხულიო. კლიმატი მკაცრია. ახალგაზრდები ფიზიკურ შრომას თავს არიდებენ და თბილისისკენ მიდიანო. ცარიელიაო სოფელი სულ."

-და რატომ არ მიდიხართ თქვენც? რატომ არ ტოვებთ? რა გექაჩებათ?

-ვერ ვიმეტებ მამაჩემის, პაპაჩემის და იმისი პაპის ნაცოდვილარ სახლ-კარს, ვერც მთას ველევი და ვერც ჩემს დამტვრეულ გზას. აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, აქ მოვკვდე ისევ მინდა. თბილისი ისედაც თავკომბალადაა ქცეული, განა აკლია ხალხი, მე რომ არ დავემატო კიდევ? რა მიტოვებაო, წასვლაო, გულიშიც არ გამივლია.

-მარტო რომ რჩებით?

-აქ მარტოკელობა სჯობია, შვილო. კიდევ იმიტომ ვერ ვტოვებ რომა... -აქ ჩაფიქრდა მოხუცი, შრომით დაღლილი ხელებით ცდილობდა მისი თიანეთში დარჩენის მიზეზის ახსნას. ბოლოს ის ხელები მუხლებზე დაუშვა და გვითხრა:

-ვერ ვამბობ, სიტყვები ვერ მომიძებნია. ვერა ვტოვებ, ვერა...

თუკი მის სახეს დაინხავდით, მისსავე მზერას თვალს გააყოლებდით და დააკვირდებოდით, როგორი სიყვარულით უყურებდა საკუთარ სახლ-კარს, მიზეზს აუხსნელადაც გაიგებდით. 69 წლის ელიზბარი სკამებად ქცეულ გადაჭრილ მორებზე იჯდა და თვალზე მომდგარ ცრემლს გვიმალავდა. 

მიწისა და ლექსის კაცი

ტყეში ჯერ კიდევ შემოდგომის დროინდელ ხმელ ფოთლებში ეფლობოდა მოხუცის ფეხსაცმელები. მიაბიჯებს და უკან მიჰყვება იმ 44 ცხვარს, რომელიც ფარაში ჰყავს. მიშა პაპას თეთრ წვერს თუთუნის მოწევისგან სიყვითლე შეჰპარვია, ცისფერ თვალებს კი ვერაფერი დააკლო ასაკმა, ის 83 წლისაა. ისწორებს თბილ ტანისამოსს და ფოტოს გადაღებისას ,,კარგად გამამაჩინეთო“ გვთხოვს.

-რამდენი ვირი ვიყიდე, იმდენი გლახა გამოდგაო, ისეა ჩვენი საქმე ამ მთავრობის შემყურე. ისინი ერთმანეთსა წაეკიდებიან, ჩვენ კი შორიდან გვაცქერინებენ. პოლიტიკა არ გვინდა ახლა. გადაიღეთ ფოტო კიდევ პაპასთანა. რა გამოსაჩენი მე ვარ, მაგრამ მაინცა. 

- თიანეთელებს რამე განსაკუთრებული ზნე-ჩვეულებანი გექნებათ, შეიძლება მოგვიყვეთ?

- ზნე არ ვიცი, მარა ძველად ჩვენი გვარები ხატის ყმებად იწოდებოდნენ და ერთ ხატზე 4 გვარის წარმომადგენლები ლოცულობდნენ. ქალის ,,შესარჩევად“ რომ წავიდოდნენ თიანელები, ჯერ მის სალოცავ ხატს იკითხავდნენ, რადგან ერთი ხატის ყმები ოჯახს ვერ შექმნიდნენ. ასეთი იყო წესი! 

-რომ შეჰყვარებოდათ, მიშა პაპა, მერე?

-შეჰყვარებოდათ რა, განა მთის წესს ვინმე წაუვა? ვერ დაარღვევდნენ, ვერ გაბედავდნენ.

-ცხვრის მოვლის გარდა, რას საქმიანობთ, მიშა პაპა?

-მიწასა ვამუშავებ ცოტას და ლექსა ვწერ კიდევ.

-წაგვიკითხავთ?

-წაგიკითხავთ:

ცუდი ყოფილა სიბერე,

სიცოცხლე გამიმწარაო.

ბევრ კარგ ამხანაგ წამართვა,

სიკვდილმა მიწას ყარაო.

ამ მუხანათსა სიკვდილსა

არა აქვს სამართალია:

დიდს და პატარას ყველას კლავს

არვინა გადურჩენია.

მარტოკა კაცი რომ კვდების,

ყველაზე სანანურია.

სახლში ერთი ქალია მხოლოდ

მოვლილი ბოსტანი და მოფუფუსე თიანეთელი ქალი ერთად- კარგი სანახავია. ეს ქალი რომ შინ გიპატიჟებს და ეზოში შესასვლელ კართან რომ ჩამოდებს ძარღვებდამჩნეულ მშვიდ მკლავებს -  ეს კიდევ უფრო კარგი სანახავია. სოციალური დამხარება მომიხსნესო, წელს ადრე გამითავდა შეშაო, არც ჩემს კარ-მიდამოს დაადგა კარგი დღე, სახლის ერთი მხარე ჩამომეშალაო, გზაც ვერ გააკეთეს და საშველი ვერ დაადგაო. ყვება ამ ყველაფერს 78 წლის ბალიკო და თან იღიმება. მოუხსნეს, ჩამოეშალა, გამოელია და მაინც იღიმება. 

მერე შიგნით უნდა შეგვიპატიჟოს. შორიდანვე ჩანს სუფთა ეზო და მზრუნველი დიასახლისის ხელი თითოეულ დეტალს ამჩნევია. იფიქრებ, რომ ბანზე გამოლაგებული პატარა სკამები შვილიშვილებს ელოდება, სახლის კუთხეში მიყრდნობილი ფიწალი - ქმარს, ჯერ ვერგაშლილი ყვავილები- შვილს. მაგრამ ბალიკოს არავინა ჰყავს. მშობლები დიდი ხანია დაეღუპა, არ გათხოვილა, დედისერთაა. წარმოგიდგენიათ? ბალიკოს არავინა ჰყავს და მაინც იღიმება. 

უყურებ დაწკრიალებულ ეზოს, მოვლილ ბოსტანს, ჯერ ვერგაშლილ ყვავილებს და მაინც გენანება, რომ სახლში ერთი ქალია მხოლოდ. 

***

 ამბობენ, ისინი მძიმე ხასიათისანი არიან, შუბლშეკრულები უფრო დაიარებიან და სიმკაცრე ბუნებისგან გადმოსდებიათო. თუმცა თიანეთში ჩასულს იქაური ქუდის დახურვა თუ მოგიწევთ, ადით რომელიმე მაღალ ადგილზე, გადმოხედეთ ამ დაბას და დააკვირდით. დაინახავთ, რომ  მთებს ისევე აბურავთ თავზე თავისებურება, როგორც თიანელ დამბალხაჭოს მოსამზადებლად გამზადებულს დედაკაცს თავსაფარი. თიანეთში ნანახი ვერ დაგტოვებს გულგრილს. 

 

მომზადებულია სასწავლო კურს "ბეჭდური მედია"-ის ფარგლებში

ხელმძღვანელი: მაია ტორაძე