საზოგადოება

გზა შავი ზღვიდან თბილისის ზღვამდე

2017-06-14

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ეს უზარმაზარი შენობა, რომელშიც დევნილები ცხოვრობენ, თბილისის ზღვის პირას დგას.  კორპუსამდე ბეტონის ძველ, დაზიანებულ კიბეებს მივუყვები. აქ ეზოში, რასაც პირველად დაინახავთ, სამშენებლო ნაგავია, რაც  კიდევ უფრო ამძაფრებს სიტუაციას.

შენობას ჯერ კიდევ ემჩნევა გახუნებული წითელი და თეთრი ფერი, თითოეულ სართულს დიდი ხის ფანჯარა ამშვენებს, რომელიც დროთა განმავლობაში მორყეულა და ჩაყვითლებულა. თითქმის ყველა ფანჯრის ქვეშ გაზის წითელი ბალონია უჩვეულოდ გადმოყუდებული. კორპუსი ორ სადარბაზოიანია. ერთ-ერთ სადარბაზოში შემავალ მოხუც მამაკაცს უკან მივყვები.


-უკაცრავად თქვენ აქ ცხოვრობთ?
-დიახ, - მპასუხობს მოხუცი. თქვენ ვინ ბრძანდებით?
-მე ნოდარი მქვია, სტუდენტი ვარ. ლტოლვილებზე  და მათ პრობლემებზე ვაკეთებ რეპორტაჟს. მოხუცი ხელი ჩაიქნია და კიბეებს დაბლა ჩაუყვა,  მანიშნა, რომ ჩავყოლოდი. თან თავისთვის ლაპარაკობდა, ჩვენ ვისღა ვახსოვართო...

სადარბაზოში შესვლისას ადვილად შემჩნევთ სარეცხის თოკებს, რომელზეც ჭრელი, სხვადასხვა ზომის ტანსაცმელია გაფენილი.

ამ სართულზე დაახლოებით 6  ოჯახი ცხოვრობს. ყოველი სახლის კართან კი ზამთრიდან შემორჩენილი შეშის ნაჭრები აწყვია, რამდენიმე ადგილზე შეშის ღუმელიც დგას, რომელიც ალბათ სახლში ადგილს იკავებდა და გარეთ გამოუტანიათ. ფოიეში უამრავი ქოთანია, სხვადასხვა ლამაზი ყვავილებით. კედლებზე კი ბავშვებს მიერ დახატული სახლები და ათასგავრი ილუსტარციებია წარწერით  - „აფხაზეთი". ნულ სართულზე ჩავდივართ. მოხუცს მივყვები, რომელიც სახლის კარს აღებს. კარი ხისაა, მის  გვერდით კი დიდი ფანჯარაა, რომელზეც ლამაზი ვარდისფერი ფარდაა ჩამოკიდებული. იატაკიც ხისაა და რამდენიმე ხალიჩაა დაფენილი. ოთახის შუაგულში მაგიდა დგას 4 სკამით, მაგიდაზე თეთრი ფერის გადასაფარებელია და ზედ ძველი, ლამაზი თასი დგას. მაგიდის გვერდით 2 რკინის საწოლი დგას.  ბინა 2 ოთახიანია - ერთი მისაღები, საძინებელი და სამზარეულო. კედლებზე კი რამდენიმე ძველი სურათი ჰკიდია, რომელზე მოხუცი თავის მეუღლესთან ერთადაა, სურათში ცოლ-ქმარი ახალგაზრდები არიან.


,,აქ 2000 წელს შემოგვასახლეს, მანამდე ყველაფერი სხვაგვარად იყო. თითქმის ყოველ წელს საცხოვრებელ ადგილს ვიცვლიდით, ხან სად ვცხოვრობდით ხან სად, აფხაზეთიდან 1992 წელს წამოვედით, მაშინ როცა არეულობა დაიწყო.

აქ უკვე თითქმის მეჩვიდმეტე წელია ვცხოვრობთ მე, ჩემი მეუღლე მანანა და ჩვენი ორი შვილი. ვაჟი მესამე ჯგუფის ინვალიდია და ჩვენთან ერთად ცხოვრობს, ქალიშვილი გათხოვილი მყავს, ორი შვილი ჰყავს, მეუღლესთან ერთად მცხეთაში ცხოვრობს. ამ ბოლო დროს ხშირად ვიხსენებ აფხაზეთს, სოხუმში ზღვის პირას ლამაზ თეთრ სახლში ვცხოვრობდით." უცბად ჩერდება, ლაპარაკი უჭირს და საუბრის სხვა თემაზე გადატანას ცდილობს. „მე თამაზი მქვია, დამავიწყდა, რომ გაგცნობოდით." ბატონი თამზი მაგიდიდან დგება და კარადისკენ  მიდის, საიდანაც დიდ სურათების ალბომს იღებს. უცბად კარი იღება და ოთახში მოხუცი ქალბატონი შემოდის. ბატონმა თამაზმა, გაიცანით, ეს ჩემი მეუღლე, მანანააო. ფეხზე ვდგები და ვესალმები.


-მანანა, დღეს სტუმარი გვყავს, სტუდენტია და დავალებას აკეთებს ლტოლვილებზე. ქალბატონი მანანაც მაგიდასთან ჯდება და ცოლ-ქმარი ერთად მათვალიერებინებს მათი ახალგაზრდობისა და აფხაზეთის ფოტოებს. მალევე ცოლ-ქმარს თვალები წყლით ევსებათ, ახლა კი მე ვცდილობ, რომ საუბარი სხვა თემაზე გადავიტანო.


-ქალბატონო მანანა, ამ შენობაში ადრე რა იყო განთავსებული?


„აქ ადრე სასტუმრო-სანატორიუმი იყო, აფხაზეთის ომის შემდგომ დაზარალებულები აქ შემოგვასახლეს. თავიდან ყველაფერი ლამაზად და კარგად იყო მოწყობილი, თუმცა დრომ ყველაფერს დაატყო კვალი. გაზი არ გვაქვს, დღემდე გაზის ბალონებს ვხმარობთ საჭმლის გასაკეთებლად, ზამთარში კი შეშის „ფეჩით" ვთბებით. მესამე ჯგუფის ინვალიდი  მყავს შვილი, მისი სიცივეში გაჩერება არაფრით არ შეიძლება და ამიტომ მთელი ზაფხული მე და ჩემი მეუღლე პენსიიდან ცოტას გადავდებთ, ხოლმე რომ ზამთრისთვის შეშა შევიძინოთ. წლებია, გვპირდებიან, რომ ბინას მოგვცემენ, მაგრამ ჯერ არავინ და არაფერი არ ჩანს."


ბატონმა თამაზმა ფარდები გადასწია, ოთახში მეტი სინათლე იქნებაო. ფანჯარაში  ნაძვები და თბილისის ზღვა გამოჩნდა. ხედი ნამდვილად საუცხოოა და ალბათ, სწორედ ამიტომ ააშენეს ამ ადგილას ეს სასტუმრო, სადაც ახლა ლტოლვილები ცხოვრობენ.


მასპინძლებმა საძინებელ ოთახში შემიყვანეს, სადაც მათ შვილს ეძინა. „ძირითადად სულ სძინავს, დილა-საღამოს ჭამის მერე წამლებს ვაძლევთ, წამლები მდგომარეობას უმსუბუქებს. რამდენიმე წლის წინ ავარიაში მოყვა და მას მერე ასეა. რთულია ჩვენთვის, უყურო ახალგაზრდა კაცს, რომელსაც ახლა არაფრის კეთება არ შეუძლია" - მიყვება თვალცრემლიანი მანანა.


ამ მოხუცი ცოლ-ქმრის გარდა, კორპუსში კიდევ უამრავი ოჯახი ცხოვრობს. თითოეულს თავისი ისტორია და გასაჭირი აქვთ, თუმცა მათ აფხაზეთისა და ერთმანეთის  სიყვარული აერთიანებთ.

 

 

 

 

 

 

მომზადდა სასწავლო კურსის „ახალი ამბების ჟურნალისტიკის" ფარგლებში (პედ. დალი ოსეფაშვილი)