საზოგადოება

ირემა ჯაფარიძის ოჯახური ტრადიცია და მთიდან ჩამოტანილი სიმღერები

2014-11-08

რაჭა. ონის რაიონი. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ერთ პატარა ოთახში ირემა ჯაფარიძე ანსამბლ ,,ბიჭუნეების” მე-7 თაობას ზრდის და რაჭული სიმღერებით რაჭის სიყვარულს უძლიერებს. 20 წლის წინ მამის, შალვა ჯაფარიძის მიერ დაარსებულ ანსამბლს ხელმძღვანელობს და ოჯახურ ტრადიციას არ ღალატობს.

ოჯახური ტრადიცია

,,ტრადიციულად მუსიკალური ოჯახიდან ვარ. ბიძა ცნობილი რეჟისორი, სახალხო არტისტი გიგა ჯაფარიძე იყო, რომელიც წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ონის და, ასევე, ამბროლაურის სახალხო თეატრებს. მან რაჭაში მუსიკალური საკრავი ,,სტვირი” გადაარჩინა. ბიძაჩემმა სტვირის უკანასკნელი დამკვრელი, უკვე  მოხუცი ზაქარია ერაძე მოინახულა და დაკვრა მისგან შეისწავლა. შემდეგ ბიძაჩემმა მამაჩემს ასწავლა, მამაჩემმა კი _ თავის მოსწავლეებს. გიგა და შალვა ჯაფარიძეები რაჭაში სტვირის გადამრჩენლებად ითვლებოდნენ. 

ასე რომ, სიმღერისა და ხელოვნების სიყვარული ტრადიციულად ოჯახიდან მოგვდგამს. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ამ საქმეს მე ჩავუდექი სათავეში, მართალია, ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის, მაგრამ სხვანაირად არ გამოდიოდა. ამჟამად ანსამბლ ,,რაჭას” და ,,ბიჭუნეებს” ვხელმძღვანელობ და, რა თქმა უნდა, ანსამბლის წევრების თანადგომით, ვემსახურებით რაჭის ფოლკლორს და მთლიანად ხალხურ მუსიკას.”

 

მამა - შალვა ჯაფარიძე

,,მამა იმ ცნობილ ანსამბლებს ხელმძღვანელობდა, რომელსაც ახლა მე ვხელმძღვანელობ. მან გეზი აიღო რაჭული სიმღერის გადარჩენისკენ და ძალიან ბევრი სიმღერა, რომელიც დღეს პოპულარულია მთელ საქართველოში, ამ ანსამბლის დამსახურებაა.  მამა იყო ძალიან ავტორიტეტული პიროვნება, კარგი თამადა, ლეგენდები დადის მის თამადობაზე. სუფრა მიჰყავდა არამარტო როგორც თამადას, არამედ მუსიკალურადაც, ყოველი სადღეგრძელოს შემდეგ შესაბამის სიმღერას მღეროდა თავის გუნდთან ერთად. ძალიან განათლებული და ყველასთვის საყვარელი ადამიანი იყო. 1991 წელს ანსამბლი ,,რაჭა” ჩამოაყალიბა. მანამდე ჰყავდა სხვადასხვა გუნდი, ქალთა და ვაჟთა ანსამბლი, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები. ის კულტურის განყოფილების გამგე იყო წლების განმავლობაში და ატარებდა ადგილობრივ დათვალიერებებს, რომლითაც ამით ბევრი რაჭული სიმღერა შემოინახა.”

,,ბიჭუნეები”

,,ანსამბლი 80-იან წლებში ჩამოყალიბდა. მამაჩემი ბატონ ანზორ ერქომაიშვილთან მეგობრობდა, რომელიც მაშინ ანსამბლ ,,მართვეს” ხელმძღვანელობდა და ეს ანსამბლი იყო ერთერთი პირველი შთაგონების წყარო მამაჩემისთვის. მაშინ ონში ძალიან ბევრი ონელი ბავშვი მღეროდა. მამაჩემსაც გაუჩნდა იდეა და 15-კაციანი ანსამბლი შექმნა. ,,ბიჭუნეების" პირველი და შემდეგი თაობის ბიჭები ანსამბლ ,,რაჭაში" გადმოვიდნენ. დღეს უკვე ანსამბლ ,,ბიჭუნეების” მე-7 თაობას ვხელმძღვანელობ. ჩვენს ანსამბლში აღზრდილები საკმაოდ დიდი წარმატებით აგრძელებენ მოღვაწეობას მუსიკალურ სფეროში.”

აღდგენილი სიმღერები 

,,200-მდე სიმღერა ვიცით. რეპერტუარი, ძირითადად, რაჭული სიმღერებისგან შედგება, თუმცა სხვადასხვა კომპოზიტორის სიმღერებსაც ვასრულებთ. თითქმის ყველა რაჭული სიმღერა ვიცით. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ორ სოფელში ავედი, ორი სიმღერა ჩავიწერე და აღვადგინეთ ისეთი სიმღერები, რომლებიც აღარ ჟღერდა არც რაჭაში და, მითუმეტეს, საქართველოში. ერთერთია ხიდეშლური სიმღერა ,,ყურძენმა თქვა,” რომელიც 2007 წელს ჩავიწერეთ, მეორე კი _ ,,მიყვარს ამფერად”, რომელიც 2012 წელს სოფელ საკაოში რუსიკო გორდეზიანმა ჩაგვაწერინა.”

მგალობელთა გუნდი

,,ონის ეკლესიის დეკანოზის - მამა ნოეს - თხოვნით ჩამოვაყალიბეთ კაცთა მგალობელი გუნდი, მართალია, ამ საქმეში განსწავლული არ ვარ, მაგრამ მეც მათთან ერთად ვსწავლობ. ეკლესიაშიც ვდგავართ და შეძლებისდაგვარად ვგალობთ.  დიდი ხანი არაა, რაც ეს გუნდი ჩამოყალიბდა, ამიტომ ბევრი საგალობელი არ ვიცით და, ძირითადად, წირვაზე ვგალობთ.”

თაობათა ცვლა

,,მე ისეთი დიდი პრეტენზია არ მაქვს, როგორიც მამაჩემს ჰქონდა. ის ბევრად გამოცდილი იყო ამ საკითხში და თავისი საქმის სპეციალისტიც გახლდათ. მხოლოდ მუსიკალური შვიდწლედი მაქვს დამთავრებული, მაგრამ ამ სამყაროში გავიზარდე და ამ საქმის გაგრძელება მომიხდა. სამწუხაროდ, ონი იცლება და ბავშვებიც აღარ არიან. მუსიკალურად სმენიანი ბავშვების ნაკლებობა არის, მაგრამ არიან კარგი ბავშვებიც. მე ყველანაირად ვცდილობ, რომ ახალი თაობის ბავშვები ანსამბლის ღირსეული გამგრძელებლები იყვნენ. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს ანსამბლი არ დაიშალოს და ონში მომავალი თაობა მღეროდეს. ბევრი კარგი სმენის მქონე ბავშვი ვერ ახერხებს სიარულს გადასახადის გამო და ხანდახან სმენასაც აღარ ვაქცევთ ყურადღებას, ოღონდ ბავშვი მოვიდეს. მართალია, ძალიან დიდი შრომა მიწევს, მაგრამ მიზანს მაინც ვაღწევთ.”

 

 

ფოტო: მარიამ ბერია

მომზადებულია სასწავლო საგნის ,,ბეჭდური მედია 2"-ის ფარგლებში.

ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე.