საზოგადოება

კრებული: ყალბი ამბები და დეზინფორმაცია

მულტიმედია ცენტრი 2021-10-25

სრული კრებული ხელმისაწვდომია ბმულზე

გამოიცა სტუდენტური ნაშრომების ელექტრონული კრებული „ყალბი ამბები და დეზინფორმაცია: საფრთხეები, ბრძოლის გზები, ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები“. გამოცემამ თავი მოუყარა 12 ავტორის სტატიას, რომლებიც მათ   მოხსენებების სახით წარმოადგინეს ამავე დასახელების კონფერენციაზე.  აღნიშნული ფორუმი გაიმართა მიმდინარე წლის 24 თებერვალს, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრისა და ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ორგანიზებით, საგრანტო პროექტის -„მედიაწიგნიერების გაუმჯობესება, როგორც დემოკრატიის განვითარების ფასილიტატორი  საქართველოში“ - ფარგლებში. მულტიმედია ცენტრი პროექტს ახორციელებს საქართველოში აშშ - ს საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე გრანტის პროგრამით.

ამ მეტად აქტუალური თემატიკის შემცველ ნაშრომებში ნათლად წარმოჩნდა ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო ინტერესი, ერუდიცია და კვლევის პოტენციალი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, ავტორთა შორის წარმოდგენილნი არიან ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

გამოცემაში შესული სტატიები მკაფიოდ ასახავს თანამედროვეობის წინაშე არსებული უდიდესი გამოწვევის - დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების საფრთხეებს, მასთან გამკლავების მცდელობებს, ამ მხრივ ქართული სოციალური და ტრადიციული მედიის გამოცდილებასა და მათ წინაშე არსებულ პრობლემებს.

 ვფიქრობთ, კრებული კარგი გზამკვლევი იქნება ინფორმაციის ჭარბ ნაკადში არა მხოლოდ მათთვის, ვინც დაინტერესებულია თანამედროვე მედიის კვლევებით, არამედ შემოიკრებს, ასევე, ახალგაზრდების ნაღვაწით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო აუდიტორიას.