Street Art Tbilisi

2018-12-18

ქუჩაში სეირნობისას თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს ნაცრისფერ კედლებზე მიხატული თუ მიწერილი სიმბოლოები, აბსტრაქტები, მათი ფერების გრადაცია და სიმრავლე. ჩნდება კითხვა - რა არის ეს? ხელოვნება? თუ მაინც ვანდალიზმი? ეს ფოტოპროექტი მიზნად ისახავს საზოგადოებას სხვა თვალით დაანახოს სთრით-არტი ანუ ქუჩის ხელოვნება. არა როგორც ვანდალიზმი, არამედ როგორც ხელოვნების ერთ-ერთი მიმდინარეობა. 

წლების წინ გმირთა მოედანზე გავლისას, თქვენ მხოლოდ ნაცრისფრად შეღებილ კედლებს შეამჩნევდით, თუმცა დღეს მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობისას, აუცილებლად მოგინდებათ გაჩერება და გრაფიტის დათვალიერება.

 

„გრაფიტის დასრულების შემდეგ, კედელზე  წარმოდგენილი იქნება პატარა თბილისი, თავისი ყველა ღირსშესანიშნაობით, მაღალი შენობებით დაწყებული და ქართლის დედით დამთავრებული“ - გიგა.

 

„მე სტენსილებს ვაკეთებ. გრაფიტისგან განსხვავებით, აქ ფოტოს ჯერ ამუშავებ, ან ხატავ, ჭრი ქაღალდზე და შემდეგ გადაგყავს კედელზე. გრაფიტის უმეტესობა კი სიტყვების თავისებურად წერაა. ეს უფრო ნაკლებად შეიცავს რაიმე შინაარსს. სოციალური მესიჯები სტენსილებში იკითხება. ორივე სტრიტ-არტის ფორმაა და ერთმანეთისგან მხოლოდ ტექნიკურად განსხვავდება. ჩემთვის ეს არის საშუალება, რომ გავცდე სამეგობრო წრეს და უფრო ფართო აუდიტორიამდე მივიტანო ჩემი სათქმელი“ - ტასო.

 

გრაფიტი წარწერები ან ნახატებია შენობებისა და გადასასვლელების კედლებზე, მატარებლის ვაგონებზე, ღობეებსა და სხვა ვერტიკალურ ზედაპირებზე. ის ითვლება ახალგაზრდობის თვითგამოხატვის ერთ-ერთ სახეობად. გრაფიტი საზოგადოების მიერ ხშირად აღიქმება უმსგავსო დაზიანებად და არასასურველ ვანდალიზმად.

 

„ყველა ადამიანი განსხვავებულად აღიქვამს სამყაროს. შეიძლება გარკვეული ადგილების მოხატვა აკრძალულია, მაგრამ ნაცრისფერ კედლებზე შექმნილი ნახატები არამგონია, ვანდალიზმი იყოს. ჩემი აზრით, ეს მიმდინარეობა არის შინაგანი სამყაროს გამოვლინების საშუალება. პროფესიით მხატვარი ვარ. ჩემი სამუშაო გარემო ერთი ოთახით შემოიფარგლება, რომელშიც  დღის უდიდეს ნაწილს ვატარებ. აქამდე კედლები არასდროს მომიხატავს. რეალურად ის, რაც საბოლოო ჯამში გამოვა არ არის სტრიტ-არტი. ეს ჩვეულებრივი ნახატია. ძირითადად ფუნჯით ვმუშაობ და ვცდილობ, ყოველი დეტალი გამოვყო ისე, რომ ტილოზე შექმნილ ნამუშევარს დაემსგავსოს“ - ნატო.

 

გრაფიტი უხსოვარი დროიდან არსებობდა. მისი ზოგიერთი ნიმუში ძველი საბერძნეთისა და რომის იმპერიის პერიოდიდან შემორჩა. გრაფიტი შეიძლება იყოს ყველაფერი მარტივი ნაჩხაპნიდან რთული ორნამენტული კედლის მხატვრობამდე. თანამედროვე პერიოდში სასხურებელი საღებავები და მარკერები გრაფიტში ყველაზე გავრცელებული მასალა გახდა.

 

„გრაფიტი არის ვანდალიზმი, როგორც ხელოვნების ნებისმიერი სახე დამკვიდრების პროცესში. იგი ყველაზე მემარცხენე გამოვლინებაა, რადგან მასში ყოველთვისაა პროტესტი  არსებულის მიმართ და ყოველთვისაა სიახლის მარადიული ძიების მომენტი. თუკი რამეში ყველაზე მასშტაბურად ვლინდება თავისუფლება და ინდივიდუალიზმი ესაა ხელოვნება“ - ლევანი.

ლოკაცია: გმირთა მოედანი.


მასალა მომზადებულია “ბეჭდური მედია 1-ის” ფარგლებში
ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე