ლოცვა ქალაქის შუაგულში ანუ ტოლერანტობა თბილისურად

2018-12-28

 

თბილისი უკვე თექვსმეტი საუკუნეა სუნთქავს და მასთან ერთად ქალაქის ცენტრში დუღს აბანოები.. სწორედ ამ უბნიდან იწყება ჩვენი დედაქალაქის ისტორია, რომელიც როგორც აღმოჩნდა ტოლერანტობის დიდი მაგალითიც ყოფილა. ეს პატარა ადგილი, რომელსაც მეორენაირად „აბანოთუბანსაც“ უწოდებენ, იტევს სხვადასხვა რელიგიის ბევრ ნაგებობას, მათ შორის მართლმადიდებლური, გრიგორიანული, კათოლიკური, მუსლიმანური და სხვა რელიგიის სალოცავებია და ისინი თითმის გვერდიგვერდ მშვიდობიანად აღავლენენ წირვა-ლოცვას

სანამ ღვინის დაღმართზე დაეშვები და  ფერადკრამიტებიანი სახლები შეგხვდება, მანამდე შეუძლებელია თვალი ააცილო სომხურ ეკლესიას, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნის დასასრულს სოფელ ეჩმიაძინიდან ჩამოსახლებულმა სომხებმა ააშენეს და დღემდე ფუნქციონირებს.

მერე ეშვები ქვაფენილიან დაღმართზე და თვალში მაშინვე გხვდება მეტეხის მართლმადიდებლური ტაძარი (მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი), რომელიც ვახტანგ გორგასალმა მეხუთე საუკუნეში ააგო.

ტაძრის ეზოდან მეიდნის  ხედი იშლება.

გზას თუ გააგრძელებთ ისე, რომ მტკვარზე გადებულ ხიდს გადაკვეთთ, ძველი ფერადი სახლების ფონზე დაინახავთ სურბ გევორქის უძველეს ტაძარს, რომელიც მეცამეტე საუკუნეში აიგო.

 

სურბ გევორქის ეკლესიის ეზოდანაც არაჩვეულებრივად დაინახავთ ჯუმა-მეჩეთს. ის მეთექვსმეტე საუკუნეში ააშენა ისმაილ პირველმა და ერთადერთი შემორჩენილი მუსლიმური სალოცავია ქალაქში. 

თბილისის ჯუმა მეჩეთი ეს არის ადგილი, სადაც შიიტი და სუნიტი მუსლიმები ერთად ლოცულობენ.

 

ეშვები აბანოს ქუჩაზე იმ ფიქრით, კიდევ რომელი სალოცავი შეიძლება იყოს ახლომახლოს და შეუძლებელია არ გაგახსენდეს წითელი აგურით ნაშენები სინაგოგა. ეზოში შესვლისას მთელს კედელზე დაინახავთ საქართველოში მოღვაწე რაბინების და თალმიდ ხახმების ფოტოებს.

 

მეიდნის სინაგოგა დღესაც მოქმედია და მეოცე საუკუნეში არის აგებული.

 

რაბინი წირვა-ლოცვას ცედაკაზე აღავლენს (ცედაკა- ღარიბ-ღატაკთა გაკითხვა, ქველმოქმედება).

 

მერე მიუყვები ლესელიძეს და თავისუფლების მოედნამდე გხვდება კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც გატყობინებს კათოლიკური ეკლესიის შესახებ.

 

ეს მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათედრალური ტაძარია. იგი მეცხრამეტე საუკუნეში ააშენეს და თავისი არქიტექტურით ნამდვილად გამოირჩევა.

 

ტაძარში შესვლისთანავე აღმოსავლეთ ფასადზე ღვთისმშობლის ფრესკა ჩანს და როდესაც მას თვალს მოსწყვეტთ, მიხვდებით რომ ორგანის ხმა იქაურობას ღვთიური მუსიკით ავსებს.

 

ტაძარს ოთხი სარკმელი აქვს და ყველა მათგანზე მოზაიკური გამოსახულებებია.

 

და ბოლოს... 

 

 მომზადებულია საგან "ბეჭდური მედიის" ფარგლებში,

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე