სპორტი

თედო აბჟანდაძე: ყველაფერს გავაკეთებ ნაკრებში თავის დასამკვიდრებლად

2019-01-29

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2018 წელი მაჟორულ ნოტზე დაასრულა. ნოემბრის ტესტსერიის პირველ მატჩში, იტალიასთან მტკივნეული მარცხის შემდეგ, „ბორჯღალოსნებმა“ საკუთარ მოედანზე ჯერ სამოა დაამარცხეს, შემდეგ კი „ზღვის არწივებად“ წოდებულ ტონგას გაუმკლავდნენ და მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგში მე-13 ადგილზე გადაინაცვლეს. 

ამ შეხვედრებში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა თედო აბჟანდაძეს. ქუთაისის აიას 19 წლის მგეზავმა შოტლანდიაში გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიჩინა თავი და მილტონ ჰეიგმა ეროვნულ გუნდშიც უხმო. თედო სამოასა და ტონგას წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ. აღნიშნულ 2 შეხვედრაში მან 22 ქულა დააგროვა და გუნდის შეტევებიც კარგად წარმართა. ჩვენ თედოს დავუკავშირდით. მას ნოემბრის ტესტსერიისა და სამომავლო გეგმების შესახებ ვესაუბრეთ. 

- თედო, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დებიუტს. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაშიც ხვდებოდით. ამჯერად, კი ასეთი მნიშვნელობის შეხვედრა სასტარტოდან დაიწყეთ. რამდენად ელოდით მწვრთნელის ასეთი გადაწყვეტილებას?

- 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, მუდმივად ვგრძნობდი ნაკრების მწვრთნელების მხრიდან ინტერესს. ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაშიც ხშირად ვხვდებოდი, მაგრამ ისევ ჩემი პატარა ასაკის გამო ვერ მენდობოდნენ. სამოასთან შეხვედრამდე ვნახე, რომ ძირითად შემადგენლობაში ვიყავი ძალიან მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო, მაგრამ ვეცადე ემოციებს არ ავყოლოდი. მოედანზე გამოვსულიყავი და ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმომეჩინა. 

- ბევრი საუბრობდა იმაზე, რომ ეროვნულ ნაკრებში თქვენი გამოძახება ადრე იყო, რადგან შესაძლებელი იყო ფიზიკურად დაჩაგრულიყავით. მაგრამ ორივე შეხვედრაში უდავოდ გამორჩეული იყავით მოედანზე და ნაკრების გამარჯვებაშიც ლომის წვლილი შეიტანეთ. თავად როგორ შეაფასებდით თქვენს თამაშს?

- რამდენად კმაყოფილი ვარ ჩემი თამაშით, ამაზე პასუხი გამიჭირდება. მე მხოლოდ იმას ვასრულებ, რაც მოედანზე მევალება და ეს როგორ გამომდის, მწვრთნელებისა და გულშემატკივრების გადასაწყვეტია. 

- მთლიანად ნაკრების გამოსვლას როგორ შეაფასებდი ნოემბრის ტესტებზე? 

- იტალიასთან ძალიან მტკივნეული მარცხი ვიწვნიეთ. ამ თამაშში დავინახეთ, რომ ასეთი დონის გუნდების დასამარცხებლად  ე.წ. უნებლიე შეცდომები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ და მაღალ ტემპში თამაშსაც უნდა მივეჩვიოთ. თანამედროვე რაგბი ძალიან დინამიკური გახდა, მაგრამ ეს ყველაფერი მარტივად არ მოდის. განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ასეთი დონის გუნდებთან მეტი ტესტმატჩის გამართვა. სამოასა და ტონგასთან კი ის თამაში ვაჩვენეთ, რომელშიც ძალიან ძლიერები ვართ - დაბალანსებული თამაში შერკინებასა და უკანა ხაზს შორის, რამაც განაპირობა კიდეც ამ გუნდებთან გამარჯვება. საბოლოოდ, სერიაში 3-დან 2 მატჩი მოვიგეთ და აღნიშნული სერია მაინც დადებითად უნდა შეფასდეს. 

- საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესი უკვე დაწყებულია და ამ შეხვედრებში ახალგაზრდული ნაკრების რამდენიმე მოთამაშეს მოგეცათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა. სამოელებთან კი, ფაქტობრივად, თქვენ გადაწყვიტეთ მატჩის ბედი... 

- ნებისმიერ გუნდში თაობათა ცვლის პროცესი ძალიან მტკივნეულია და შედეგებზეც მოქმედებს ხოლმე. მილტონ ჰეიგი ამ პროცესს ეტაპობრივად ახორციელებს, რაც შედეგზე მაინცდამაინც არ მოქმედებს. მე, გურამ გოგიჩაიშვილი და ბექა გიგაშვილი პირველ მატჩს ვატარებდით ეროვნულ გუნდში და განსაკუთრებული მოტივაცია გვქონდა. ასევე, აუცილებლად უნდა ავღნიშნო ილია მაისურაძე, რომელმაც ახალგაზრდულ გუნდში კარგად შეგვათამაშა ერთმანეთთან და ახლა უსიტყვოდ ვუგებთ ერთმანეთს. 

- საქართველოს ნაკრები მეორე ნახევარს ყოველთვის გაცილებით უკეთ თამაშობს, ვიდრე პირველს. ამას როგორ ახსნით, თავიდანვე თამაშში შესვლა გვიჭირს? 

- მეორე ტაიმში უფრო მობილიზებული გამოვდივართ მოედანზე, რადგან ვაცნობიერებთ, თუ რას ნიშნავს ჩვენთვის და ქართველი გულშემატკივრებისთვის გამარჯვება. 

- 2019 წლის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელზეც თქვენ  მესამედ მიიღებთ მონაწილეობას, საქართველო ,,სიკვდილის ჯგუფში“  მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და შოტლანდია იქნებიან. თქვენ როგორ შეაფასებდით წილისყრას? 

- რაც ამ ტურნირს ვთამაშობთ, არასდროს გვიმართლებს და მუდმივად ასეთ რთულ ჯგუფში ვხვდებით. მაგრამ, როგორც ყოველთვის, შევეცდებით ჩვენი სათქმელი ვთქვათ ამ მსოფლიოზეც. მთავარი მიზანი წელსაც ელიტარულ თორმეტ გუნდში ადგილის შენარჩუნებაა. 

- დაბოლოს, როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია შანსი 2019 წელს  იაპონიის მსოფლიო თასზე გუნდის შემადგენლობაში მოხვდეთ და  რაგბის უმთავრეს ფორუმზე ითამაშოთ? 

- მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ნებისმიერი სპორტსმენის ოცნებაა და არც მე ვარ გამონაკლისი. მუდმივად ვცდილობ განვითარებას და, რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ ნაკრებში თავის დასამკვიდრებლად. დანარჩენი უკვე მწვრთნელზეა დამოკიდებული.

 

მომზადებულია საგან "ბეჭდური მედიის" ფარგლებში,

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე