კულტურა

მუსიკაში ნაპოვნი თავისუფლება

2022-02-17

23 წლის ანუშკა ჩხეიძე ერთ–ერთია ელექტრონული მუსიკის შემქმნელი იმ ცხრა ქალიდან, ვისი შემოქმედებაც CES RECORDS-ის მიერ გამოშვებულ ფირფიტებში მოხვდა

ანუშკა ჩხეიძემ თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტი დაამთავრა. სტუდენტობის პერიოდში დაიწყო ელექტრონული მუსიკის შექმნა და უკვე ოთხი წელია, რაც ამ საქმითაა დაკავებული. მან საკუთარ ნიჭსა და შესაძლებლობებს  საზღვრები არ დაუწესა. ცდილობს, მუსიკით საკუთარი თავი და შეგრძნებები გამოხატოს. ანუშკას შემოქმედების შესახებ უფრო მეტს მის ინტერვიუში გაეცნობით:

ანუშკა, შენი და მუსიკის ურთიერთობა როგორ  დაიწყო?

– ხუთი წლიდან  დავიწყე ფორტეპიანოს შესწავლა. მაშინ ავაწყვე პირველად მუსიკა. სკოლის დამთავრების შემდეგ თავისუფალ უნივერსიტეტში  ჩავაბარე, ვგრძნობდი, რომ ჩემი პროფესია ვერ ვიპოვე და სხვა რამის კეთება უნდა მეცადა. თბილისში კრეატიული განათლების სტუდია ვიპოვე, რომელიც საქართველოში ელექტრონული მუსიკის ფუძემდებლებმა ჩამოაყალიბეს. სტუდიაში სწავლისას მივხვდი, რომ ელექტრონული მუსიკის შექმნა უნდა დამეწყო.

მუსიკის წერას  როგორ იწყებ?  მისი შექმნა ნებისმიერ დროს შეგიძლია თუ რაიმემ უნდა განაპირობოს, რომ წერა დაიწყო?

–  მთავარია, კონკრეტული მომენტი დავიჭირო. იდეა რომ არ დამავიწყდეს,  ტელეფონში ვიწერ. მუსიკას, ძირითადად, ცოცხალი ხმებით ვქმნი. ხმებს ვაგროვებ ყველგან, სადაც ამის საშუალება მექნება.  ძალიან საინტერესოა,  როცა ვაანალიზებ, რომ  კონკრეტული ხმის მცირე ან დიდი ნაწილი მუსიკის ნაწილი გახდება. კომპოზიციის წერისას სახლში სრულიად მარტო ვარ. ოჯახის წევრების თანდასწრებით არ გამომდის კონცენტრაცია. ყველაზე კარგად ზაფხულში, ღია სივრცეში ვმუშაობ. კლუბებში დაკვრა არ მიყვარს. ერთხელ თუშეთში მქონდა კონცერტი, სადაც შესრულებისას მსმენელს საერთოდ ვერ ვხედავდი, მხოლოდ ვარსკვლავები ჩანდა და თავს თავისუფლად ვგრძნობდი.  ელექტრონულ მუსიკას ღია სივრცე ძალიან უხდება.

–  როგორ შეიქმნა შენი პირველ ალბომი, რა იყო ინსპირაცია?

– ჩემი პირველი სადებიუტო ალბომი “ალფიე” იყო, რაც ჩემთვის ადამიანის გულწრფელ, ნამდვილ ნაწილს ნიშნავს. მგონია, ადამიანში ყველაზე მნიშვნელოვანი სინამდვილეა. იმ უცნობ ადამიანებს მივუძღვენი, ვისაც ყოველდღიურად ვხედავ ქუჩაში და ჩემებურად აღვიქვამ. მეც კომპოზიციების შექმნა იმიტომ დავიწყე, რომ მუსიკა ჩემში ყოველთვის იყო. მომინდა, ის მეკეთებინა, რაც სულ მინდოდა. მუსიკაა ჩემთვის  თავისუფლება. ასე კარგად და ლაღად არსად ვარ. ვირგებ ყურსასმენებს და ვიწყებ წერას. ჩაწერა, დაჭრა, ტონალობის დადება ჩემი საყვარელი პროცესია. ზოგი ხმა მაბედნიერებს, ზოგი სინანულის გრძნობას მიტოვებს. ეს ყველაფერია ჩემთვის ინსპირაციის წყარო.

როგორ გრძნობ თავს, როდესაც მუსიკას უკრავ ხალხისთვის?  რამდენად მნიშვნელოვანია მსმენელთან კავშირის დამყარება?

– ფესტივალებზე ლაივის დაკვრა სულ სხვა შეგრძნებაა. შესაძლებლობა გაქვს, ყველა ხმა ცალ–ცალკე აკონტროლო. თითქოს დირიჟორი ხარ. ყოველი კონცერტის დროს ვეძებ ადამიანს, რომელიც მუსიკას სხვანაირად შეიგრძნობს და მას მთელი კონცერტი ვაკვირდები. მიხარია, როცა ჩემი მუსიკა ადამიანს სიამოვნებს.

მოგვიყევი პრობლემებზე, რომელსაც ქართველი ელექტრონული მუსიკის შემქმნელები აწყდებიან.

– ხშირად საქართველოში არასწორი წარმოდგენა აქვთ ელექტრონულ მუსიკაზე. ფიქრობენ, რომ კომპიუტერში რამდენიმე ხმას ადვილად აერთებ. მართალია, ეს ციფრული მუსიკაა და კომპიუტერთან იქმნება, თუმცა შემოქმედებითი პროცესი საკმაოდ რთულია. ჩემთვის ხშირად უთქვამთ კომპლიმენტი, მაგალითად: „გოგოებში ყველაზე კარგი ხარ”, ან მოუწერიათ, “საერთოდ არ მეგონა, ამ მუსიკას ვინც წერდა, გოგო რომ იყო..." ელექტრონული მუსიკა მრავალ ჟანრს მოიცავს. ერთმანეთს ბევრი რამ ერწყმის, ბევრი რამ ერთიანდება და ამიტომ მომწონს. ქართული ელექტრონული მუსიკა განსაკუთრებულია იმიტომ, რომ ხშირად ფოლკლორის ელემენტებს იყენებენ. ბევრი ხმის ნაზავი მიყვარს.

რა ფორმით აპირებ მუსიკალური კარიერის გარგძელებას? შენი უახლოეს გეგმები როგორია?

–  ჩემი მომავალი აუცილებლად მუსიკას დაუკავშირდება. ვგრძნობ, რომ მუსიკის მიმართულებით უნდა წავიდე. საზღვარგარეთ რომ ვისწავლო, კონსერვატორიის დიპლომს ითხოვენ. ამიტომ ელექტრონული მუსიკის შესწავლის გაგრძელება კონსერვატორიაში მინდოდა. მერე გავაანალიზე, რომ პროფესიის შეცვლა არ ღირს.  ბევრი გეგმა მაქვს. კოვიდმა თუ ხელი არ შემიშალა. 

 

მარიამ კამკამკიძე

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი 

მაია ტორაძე