კულტურა

ნიკოლოზ წულუკიძე ახლოდან

2022-02-10

„დღეს უფრო არარომანტიულია ქართული თეატრის სცენა. ის უფრო პრაგმატული, რაციონალური და, შეიძლება ითქვას, მერკანტილურიც კია“  – ნიკოლოზ წულუკიძე

 

ცნობილი ადამიანები ხშირად ერიდებიან ხალხმრავალ ადგილებს, ცდილობენ, მაქსიმალურად გაფილტრონ, შეამცირონ იმ ადამიანთა წრე, ვისთვისაც ხელმისაწვდომნი იქნებიან. ეს ერთი შეხედვით საჭირო პროცესი, საზოგადოებაში ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ჩვეულებრივ ხალხს ზემოდან გადმოჰყურებენ, საზოგადოებას კი უფრო უბრალო და უშუალო ხალხი უყვარს, ვისაც ვერც ავტორიტეტი და ვერც სტატუსი ცვლის. ასეთი ადამიანები მეტად საინტერესოები არიან.  დღეს სწორედ ასეთ ადამიანზე, ნიკოლოზ წულუკიძეზე ვისაუბრებთ, რომელმაც გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, გამონახა დრო ინტერვიუსთვის. 

ბატონო ნიკოლოზ, თქვენს ბავშვობაზე რომ გვესაუბროთ, ყველაზე დიდი დრო ვისთან და სად გაქვთ გატარებული?

– ბავშვობაზე მახსენდება აღმაშენებლის გამზირი, ძველებურად პლეხანოვი, რომელიც, დიდი გაჭირვების მიუხედავად, საოცარი იყო. მახსენდება „ფეჩი,” რომლითაც  მთელი ქუჩა ვთბებოდით. მოგეხსენებათ, პლეხანოვზე შეშას ვერ ნახავდით და მახსოვს,  ერთ­ერთმა მეზობელმა საკუთარი “პარკეტიც” კი დაწვა, ისე ციოდა და უჭირდათ.

მიუხედავად ამისა, როცა ბავშვი ხარ, ყველა დრო კარგად გახსენდება. მახსოვს, შუქის წასვლის დროს გზის გადაკეტვა... გადამკეტველთა სიაში იყვნენ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან გურანდა გაბუნია, ოთარ მეღვინეთუხუცესი და გურამ საღარაძე. ამ პერიოდში სკოლაში თბილი ტანსაცმელი, კომპოტები და ჯემები მიგვქონდა, რომ აფხაზეთის ომის მონაწილეებისათვის გაეგზავნათ. პლეხანოვი ჩემთვის არის განსაკუთრებული სიყვარული, მიუხედავად იმისა, რომ დღეს იქ აღარ ვცხოვრობ.

ბავშვობიდან გიყვარდათ ყურადღების ცენტრში ყოფნა?

– კი, როდესაც მამაჩემს მანქანაში ვეჯექი და შორ მანძილზე მივდიოდი, ხალხს ხელს ვუქნევდი. ჩემს წარმოსახვაში ის ხალხი მე მცნობდა და მესალმებოდა, როგორც მონარქთა ოჯახის წევრს (იცინის). არასდროს  არცერთ ჩემს ფიქრში არ დამიშვია, რომ ტელევიზიასთან შესაძლოა რაიმე საერთო მქონოდა, ჩემი ფიქრები ყოველთვის თეატრში და სცენაზე ქროდა.

ხელოვნება იყო თუ არა ისრაზეც ბავშვობიდან ოცნებობდით?

– სპექტაკლი ,,საპოვნელა” რომ ვნახე და დავინახე, სოფიკო ჭიაურელი როგორ ბრწყინავდა, ვფიქრობდი, რომ ეს იყო ის ადგილი, სადაც ყველაზე ბედნიერი ვიქნებოდი. სიტყვებითეატრში, მაგრამ არა სცენაზე“ – ეკუთვნის გოგი მარგველაშვილს. მან ეს თქვენ სტუდენტობის პერიოდში გითხრათ. რა გავლენა იქონია მისმა ამ სიტყვებმა თქვენზე?

– მაშინ დავითრგუნე და ვთქვი –  ღმერთო ჩემო, რასაც მთელი ცხოვრება მივუძღვენი თავი, რაც მინდოდა გამოსულიყო და მეკეთებინა, თავზე ჩამომექცა. თუმცა დღეს ყველა შეხვედრაზე მადლობას ვუხდი, რომ ეს სიტყვები მითხრა.

რა არის თქვენი ინსპირაციის წყარო?

– ჩემი შვილები, რომლებიც სხვა ბედნიერება და გაგრძელებაა. მინდა ამ ბავშვებში ჩავდო ის, რაც თავად არ გამომივიდა და ვერ შევძელი.

ქართული თეატრის ისტორიის ნახევარი საწოლშია დაწერილი“ ­  ეს თქვენი სიტყვებია. როგორ ფიქრობთ, დრომ ამ ფაქტს უშველა?

– კი, ვფიქრობ, ახლა აღარ იწერება საწოლში, ახლა უფრო არარომანტიკულია ქართული თეატრის ბედი, უფრო პრაგმატული, რაციონალური და, შეიძლება ითქვას, მერკანტილურიც.

თქვენი ერთი ჩვეულებრივი  დღე როგორია?

– დილით 6 საათზე ვიღვიძებ. ბავშვები პატარები არიან და მათ ვაწესრიგებ, სკოლაში ვუშვებ. ლექციები, რადიო, ტელევიზია, სადაც დროს ყოველდღიურად ვატარებ,  საოცრად დამღლელი, მაგრამ ამავდროულად სასიამოვნოა, რადგან ყველა ეს დაღლა გამოწვეულია იმ საქმით, რაც მე ძალიან მიყვარს.

როგორ ახერხებთ ამდენი  საქმის ხარისხიანად გაკეთებას?

– ძალიან მიხარია, თქვენ თუ ასე ფიქრობთ. ჯერჯერობით ამის ენერგია და ძალა მაქვს, თუმცა, ვფიქრობ, რაღაცას თავი დავანებო.

როგორა თქვენი მეუღლის  როლი თქვენს წარმატებაში?

– საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების მეორე ნახევრებიც ყოველთვის ჩანან, თუმცა ჩემს ცოლს არ უყვარს პოპულარობა. ის ფიქრობს, რომ ოჯახიდან ერთი ცნობილი ადამიანიც საკმარისია. ეს თვისება მასში მომწონს, ვაბალანსებთ ერთმანეთს. რასაკვირველია, ოჯახის ფუძე არის ქალი. კაცი თუ არ ეხმარება, ხელი მაინც არ უნდა შეუშალოს, თუმცა მე ვცდილობ, მაქსიმალურად გავინაწილო ოჯახის პასუხისმგებლობები. მაგრამ ოჯახში უმეტესი წილი ქალისაა.

მშობლებს ხშირ შემთხვევაში სურთ, რომ შვილები იმ პროფესიას გაყვნენ, რომელსაც თვითონ  ემსახურებიან. თქვენს შემთხვევაში როგორ არის?

– ჩემს ოჯახშიც უნდოდათ მათ პროფესიას გავყოლოდი, ისინი კატეგორიულად წინააღმდეგნი  იყვნენ თეატრალურის. მახსოვს, ჩემოდანი ჩავალაგე და ვთქვი, რომ თუ ამის უფლებას არ მომცემდნენ, სახლიდან წავიდოდი. თუმცა დღეს არც მე მინდა, შვილები ამ პროფესიას გაყვნენ.

კოვიდპანდემიამ თქვენი ცხოვრების აქტიურ რიტმზე რა გავლენა იქონია?

– ჩვენ გადავრჩით მენტალურად იმ კუთხით, რომ ეზო გვაქვს და სოფლის მეურნეობა დავიწყეთ. მოვიყვანეთ ხილ­ბოსტნეული, მაგრამ კოვიდს ვერ გადავურჩით. პატარამ გაცილებით რთულად გადაიტანა და რეანიმაციაშიც კი მოხვდა. ძალიან რთული ყოფა მოვიდა. გავუცხოვდით და ეს ახალ თაობას კიდევ უფრო აშორებს ერთმანეთისგან.

იმ ადამიანებს რა რჩევას მისცემდით, რომლებსაც გული თეატრისკენ მიუწევთ?

– მზად უნდა იყვნენ იმ ომში წასასვლელად, სადაც ბრძოლა წესების გარეშეა. უნდა მოემზადნონ ეკონომიკური სიდუხჭირისთვის, რადგან ძალიან ძნელია ფეხის მოკიდება. მე არ მომინდებოდა ჩემი ახლობელი თეატრალური განხრით წასულიყო. სხვაგან უფრო მეტი პერსპექტივაა.

ქეთევან კუპატაძე

ქეთევან წულუკიძე

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი

მაია ტორაძე