ლიტერატურა

ქალის ხმა ქართულ ლიტერატურაში

2021-12-01

 

„შაშვი შაშვი მაყვალი“ ახალგაზრდა ქალი მწერლის, თამთა მელაშვილის კალამს ეკუთვნის. ავტორის შემოქმედებაში ეს რომანი რიგით მესამეა. მან ხალხის დიდი მოწონება და სიყვარული დაიმსახურა, რამაც შემდეგ წიგნის ბესტსელერობაც განაპირობა. თანამედროვე ქართული ლიტერატურის გულშემატკივრებისთვის გასაკვირი არაა, რომ თამთა მელაშვილი გამორჩეული ავტორია. მას აქვს ძალიან საინტერესო, განსაკუთრებული და ძვირფასი შემოქმედებითი ხმა.

ეს ხმა ქალის ხმაა, ქალის, რომელიც ქართულ ლიტერატურაში დიდი ხნის განმავლობაში დუმდა. თამთაზე მომზადებულ ერთ-ერთ სტატიაში ვკითხულობთ: „როცა თამთაზე ან ნებისმიერ სხვა მწერალ ქალზე საუბრობენ და კარგის თქმა უნდათ, ხაზს უსვამენ ხოლმე, რომ მართალია, მნიშვნელოვანია, როგორც ქალი ავტორი და დასაფასებელია, როგორც ფემინისტური ტექსტი, მაგრამ ამის მიღმაც, ზოგადადაც კარგი ლიტერატურააო“.

საზოგადოების ნაწილი  მიიჩნევს, რომ მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ კარგად წერონ და „ჭეშმარიტი ლიტერატურა“ შექმნან, თუმცა უამრავი ქალი მწერალი ქმნის ნაწარმოებებს, რომლებზეც დაუღალავად შეგვიძლია ვისაუბროთ და ამის  ერთ-ერთი კარგი მაგალითი სწორედ თამთა მელაშვილი და მისი შემოქმედებაა. თამთა ქმნის ფემინისტურ ტექსტებს, ხშირად ახსენებს „ქალის სათქმელს“, “ქალის ძალას“, „ქალის იარაღს“. თამთას გამოცემული აქვს წიგნები: „თქმული და უთქმელი ისტორიები: გერმანელები საქართველოში“, „მარინეს ანგელოზები“, „გათვლა“, „აღმოსავლეთით“, „შაშვი შაშვი მაყვალი“. მას მიღებული აქვს „წერო“, „საბა“,  ფრანკფურტის გერმანიის ახალგაზრდული ლიტერატურული პრემია. თამთა 2009 წელს ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს სტიპენდიატი გახდა, ასევე, იკვლევს ქართული ფემინიზმის ისტორიას, მასკულინობას, ლგბტ იდენტობებს.

წელს ის ნაწარმოებისთვის  „შაშვი შაშვი მაყვალი“ კიდევ ერთხელ დააჯილდოვა საბას ლიტერატურული პრემიით. ის 2021 წლის პირველ ნახევარში გამოვიდა და დიდი მითქმა-მოთქმა, მოწონება და სიყვარული დაიმსახურა.

„წიგნი შუახნის ქალ ეთეროზე მოგვითხრობს, რომელიც პატარა ქალაქის მკვიდრია და თავისსავე მაღაზიაში მუშაობს. მის უშფოთველ, ერთფეროვან ცხოვრებას თითქოს არაფერი ემუქრება, მაგრამ ერთ დღეს მაყვლის საკრეფად წასული, მდინარეში ჩავარდნას ძლივს გადაურჩება და ამ ინციდენტის მერე მისი დალაგებული ცხოვრება  მოულოდნელად თავდაყირა დადგება. სიკვდილის შიშით შეძრული ქალი ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომელსაც სხვა დროს ვერაფრით გაბედავდა და მოულოდნელ სასიყვარულო თავგადასავალში  ეხვევა.

ეთეროს ფიქრების, განცდებისა და ემოციების კორიანტელში თანდათან იკვეთება მთავარი გმირის მძიმე ცხოვრების ისტორია; პროვინციული ქალაქების, ერთი შეხედვით, უძრავი და უცვლელი, სოციალური თუ პიროვნული სირთულეებით დაღდასმული ყოფა, რომელიც ადამიანებზე გამანადგურებლად მოქმედებს; დილემები, რომელთა წინაშეც მთავარი გმირი უეცრად აღმოჩნდება და რაზეც საბოლოო პასუხიც მკითხველმა უნდა გასცეს.

რომანის სათაური „შაშვი შაშვი მაყვალი“ თავიდანვე გვაგრძნობინებს, იმას თუ რამდენად პოეტურ ლიტერატურასთან გვაქვს შეხება. ადამიანები, რომლებსაც წაკითხული აქვთ ეს რომანი, მიიჩნევენ, რომ „თამთა მელაშვილის ეს ნაწარმოები ნამდვილად დღესასწაულია, რომელიც ლიტერატურის ბევრმა მოყვარულმა უნდა აღნიშნოს“. პოეტი მედეა იმერლიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს: - „ქართულ ლიტერატურაში არ მახსენდება წიგნი – მონოლოგი, ქალის ხმით, ასეთი გულწრფელი, ასეთი პირადული, როგორც თამთა მელაშვილის შაშვი შაშვი მაყვალია“. რომანს დადებითად აფასებენ ლიტერატურათმცოდნეებიც - „ავთენტური, ქალური ხმა ისმის თამთა მელაშვილის ახალ რომანში შაშვი შაშვი მაყვალი. თანამედროვე ქართული ფემინისტური პროზის სხვა ნიმუშებისგან განსხვავებით, ამ რომანში სრულიად მარგინალური, პროვინციელი (ლამის სუბალტერნული) ქალის ხმა ისმის,“ - ამბობს ლევან ცაგარელი.

ამ შეფასებების მოსმენის ფონზე  საინტერესო იყო თავად ავტორთან გასაუბრება – რას გვეტყოდა წიგნზე და მასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე, ცოტას მწერლობასა და ლიტერატურაზეც, ასევე სიახლეზე, რომელიც ახლახან გავრცელდა, რომ ამ რომანზე ფილმის გადაღება იგეგმება.

– თამთა, როდის დაგებადათ იდეა, რომ დაგეწერათ „შაშვი შაშვი მაყვალი“ და რა იყო ამის ინსპირაციის წყარო?

- ზუსტად არ მახსოვს, როდის დამებადა შაშვის იდეა, მაგრამ ეს ის ტექსტი არ ყოფილა, რომელზეც დიდხანს ვიფიქრე, სხვა წინა ტექსტებისგან განსხვავებით. წერა პანდემიის  პერიოდში დავიწყე. როდესაც ოთხ კედელში ვიყავი ჩაკეტილი, თავისუფალი დროც მქონდა და სხვა რა უნდა მეკეთებინა, გამიმართლა. ძალიან მიყვარს თანამედროვე ლიტერატურის კითხვა და განსაკუთრებულად ვეძებდი შუა ხნის ქალს არა მარტო ქართულ, არამედ უცხოურ ლიტერატურაში. რაღაცნაირად  მაკლდა ასეთი ქალი. საბოლოოდ გადავწყვიტე, მოდი, მე დავწერ ასეთ ქალზე-მეთქი და დავწერე კიდეც. ისე გამოვიდა, რომ საკუთარ თავსაც  დავუწერე ეს წიგნი. ინსპირაციის წყაროდ კი შეიძლება სწორედ ეს მივიჩნიო.

- ეს რიგით მესამე რომანია თქვენს შემოქმედებაში, რომელმაც მალევე მოიგო ქართველი მკითხველის გული და წიგნი ადგილობრივ ბესტსელერადაც იქცა, ელოდით ასეთ წარმატებას?

-  ბესტსელერად მაშინდელ დროში შეიძლება „გათვლაც“ ჩაითვალოს, მაგრამ ეს უფრო ბესტსელერია ვიდრე „გათვლა“. ველოდი იმას, რომ გარკვეულ ნაწილს ნაწარმოები მოეწონებოდა, ნაწილს – არა, რაც ალბათ ნორმალურიცაა. იმას არ ველოდი, რომ ეს წიგნი ასეთი მასშტაბით მოიპოვებდა პოპულარობას და ბევრი ადამიანის შექებას და მოწონებას დაიმსახურებდა. ჩემგან სრულიად მოულოდნელ ადამიანებს მოსწონთ ეს წიგნი.

- რა არის თქვენი წიგნის „შაშვი შაშვი მაყვალის“ მთავარი იდეა?

- იცით რა, რაც ყველა მკითხველს უნდა რომ იყოს მთავარი იდეა, მოდით, ის იყოს. ეს მათ ავტორმა არ უნდა განუსაზღვროს. მე რომ მკითხველი ვიყო და  ვიღაც სხვა ავტორი, ვიტყოდი, რომ ამ წიგნის მთავარი იდეა მარტოობაა. მარტოობა ზოგიერთ ადამიანს მოსწონს, სიამოვნებას ანიჭებს და ის ტრაგედია არ არის. მაგრამ ყველა მთავარ იდეას ასე ვერ წაიკითხავს.ზოგი ფიქრობს, რომ მთავარი იდეა სიყვარულია, მაგრამ ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, ეს ასე არ იქნებოდა.

- თქვენი აზრით, რა ხდის ამ ნაწარმოებს განსაკუთრებულს? რა ასპექტების გამო დაიმსახურა მან მკითხველის ასეთი სიყვარული?

- ალბათ ის, რომ მკითხველმა ამ ტექსტში თავისი თავი ამოიცნო. ყველას ძალიან შეეხო ის, რაც ამ რომანში ხდება. ზოგადად, ყველა მეტ-ნაკლებად იძულებული ვართ, რომ გვქონდეს ორმხრივი ცხოვრება, ერთი საჩვენო და მეორე სხვისი თვალისთვის და ასეთი ცხოვრება აქტუალური და მტკივნეულია  საქართველოში. ერთ-ერთი ახსნა ის მაქვს, რომ სხვისი თვალისთვის ცხოვრება, რაც ასევე მთავარი გმირის ცხოვრების ნაწილია, ძალიან ახლობელია მკითხველისთვის. ალბათ ესაა ის ძირითადი ასპექტი, რის გამოც მკითხველს ძალიან შეუყვარდა ეს რომანი.

- თამთა, ახლახან გახდა ცნობილი, რომ თქვენს რომანზე „შაშვი შაშვი მაყვალი“ ფილმის გადაღებას გეგმავენ. როგორია თქვენი ემოციები და რა მოლოდინები გაქვთ ფილმთან დაკავშირებით?

- ძალიან მიხარია. ვინც ამ ფილმს იღებს, ელენე ნავერიანი, ძალიან კარგი გოგონაა, მომწონს მისი ფილმები, კარგი რეჟისორია. ელენე იყო საუკეთესო ვერსია, ვისაც შეეძლო, რომ ეს წიგნი ფილმად გადაექცია. ასე, რომ დავთანხმდი  და ველოდები, როგორი იქნება ეკრანზე ეთერო.

- თუ გიფიქრიათ აქამდე, ან წარმოგიდგენიათ როგორები იქნებიან თქვენი ნაწარმოების გაცოცხლებული პერსონაჟები ეკრანზე?

- როცა წერ, კონკრეტულად არ წარმოიდგენ, როგორები იქნებიან წიგნის პერსონაჟები. როცა საქმე-საქმეზე მიდგება, რაღაც წარმოსახვა გაქვს, მაგრამ მაინც უტოვებ ასპარეზს რეჟისორს, მას როგორ წარმოუდგენია და როგორ ხედავს ამ ყველაფერს. ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ მსახიობი ეკა ჩავლეიშვილი, რომელიც მთავარ როლზე შეირჩა, ზუსტად ეთეროა, როგორიც წარმომედგინა ეთერო, ზუსტად ისეთია. აი, აქ დაემთხვა ჩემი და ელენეს ხედვები.

- ხშირად რეჟისორები და სცენარისტები გარკვეულ დეტალებს ცვლიან ფილმის გადაღების დროს, რა დეტალებია თქვენთვის შეუცვლელი, რომლებიც აუცილებლად ხელუხლებელი უნდა დარჩეს?

- მგონია, რომ ადამიანებს, როცა შენს ტექსტში სხვა ფორმატზე მუშაობენ, თავისუფლება უნდა მისცე. მე არ ვერევი სცენარში და რადგან ელენეს მივეცი ფილმის გადაღების უფლება, მივეცი ინტერპრეტაციის უფლებაც. ძალიან მაინტერესებს, როგორი გამოვა.

- დაბოლოს... რას ურჩევდით ახალგაზრდა, დამწყებ მწერლებს, რომლებიც ამ რთულ საქმეს ახლა იწყებენ?

- დამწყებ მწერლებს არაფერს ვურჩევ. ვფიქრობ, რომ მათ თვითონ უნდა მიაგნონ წერის სტილს, წესებს თუ რიტუალს. ერთადერთი, რასაც ვეტყვი არის ის, რომ ბევრი უნდა იკითხონ, დამწყები თუ არადამწყები ავტორი კარგი მკითხველიც უნდა იყოს. იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

* * *

ეს წიგნი ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ. ყველამ უნდა გაიგოს ეთეროს ამბავი, ყველამ უნდა გაიაზროს, რა პატარ-პატარა და უმძიმესი ბრძოლების გადატანა უწევთ ქალებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს წიგნი რაღაცნაირად ყველას შეეხება, ყველა ქალი იპოვის საკუთარ თავს ამ რომანში, ამიტომ გირჩევთ, წაიკითხოთ.

 

ავტორი: მარიამ გურგენიძე

მომზადებულია საგან "ბეჭდური მედია 1"-ის ფარგლებში

ხელმძღვანელი:

ასოცირებული პროფესორი

მაია ტორაძე