საზოგადოება

ტარიელ ხარხელაურის ნისლივით შემოსული პოეზია

2016-06-21

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საკმევლის სასიამოვნო სურნელში გახვეულ ოთახში ერთი კაცი ზის. მის წინ, მაგიდაზე, ყავის ორთქლი სხვადასხვა ფიგურებს ხაზავს. ტარიელ ხარხელაური სასაუბროდ ემზადება.

უყვარს, როდესაც ლამაზად მიმავალ ადამიანს ხედავს. 

არ მოსწონს, როდესაც პოეტის სტატუსს ადვილად ირგებენ.

ნაკლად მიაჩნია, რომ სიძულვილი არ შეუძლია.

ცოცხლობს, როდესაც გრძნობს ნისლს, ქარს, მთას.

უყვარს, როდესაც ცხვარში წასულს წვიმა მოუსწრებს და შუბლი წვიმის წვეთებით დაუსველდება.

განიცდის, როდესაც აქებენ.

ეშინია, კალმის დადების გამბედაობა არ ეყოს, როცა უკვე ღირებულს ვერაფერს შექმნის. 

და ნაცოდვილარ ლექსებს, ამღვრეულ მდინარესთან ქვებზე წყლის მიხეთქების უსიამოვნო ხმას ადარებს.

და სანამ ყავის ორთქლი სხვადასხვა ფიგურებს ხაზავს, ტარიელ ხარხელაური გვესაუბრება:

-როდის გადაიკვეთა თქვენი და პოეზიის გზები?

რომ გითხრათ, ვემზადებოდი და მოწოდებული ვიყავი იმისთვის, რომ ლექსი მეწერა-მეთქი, არ ვიქნები მართალი. მერვე თუ მეცხრე კლასში უკვე მქონდა მცდელობა. მაგრამ მეგონა, ეს გართობა იყო, უბრალოდ ფურცელზე გადმოტანა საკუთარი ნაფიქრების. მე სულ სხვა გზით მინდოდა წავსულიყავი. მოგეხსენებათ, მთას აქვს თავისი პრინციპები, მან რომ მიგიღოს ფიზიკურად ძლიერი უნდა იყო. სწორედ ამ ძალის მომატებით ვცდილობდი მთასთან დაახლოებას და არა იმ სულიერი საზრდოთი, რასაც პოეზია აძლევს ადამიანს. თავიდან ლექსს, როგორც ფიქრის ხორცშესხმულ ფორმას, გავურბოდი. შემაწუხებდა თუ არა რამე, გავერიდებოდი ხალხს, მივდიოდი და ჩუმად მივრიღინებდი ჩემს ლექსებს. მათ ჯერ ისე ვერ ვიწონებდი ფურცელზე გადმოსატანად. მერიდებოდა ეს სხვებისთვის გამეზიარებინა. 

თანაც ყველაზე დიდი წინააღმდეგობა წინ მედო: ვაჟა-ფშაველა ჩემი კუთხიდან იყო და თუ ოდნავ მაინც გქონდა კაცს სირცხვილის გრძნობა , მის შემდეგ კალმამდე რთულად თუ მიხვიდოდი. ხოლო, როცა უკვე დამკვიდრებას იწყებ, აუცილებელია გაითვალისწინო ის დიდი პოეტები, რომლებიც შენს უკან დგანან. ამის შემდეგ კი ერთადერთი გამოსავალი გრჩება - იპოვო შენი ინდივიდუალური გზა. 

-როგორ ფიქრობთ, პოეზია ისწავლება, თუ პოეტებად იბადებიან?

შემიძლია, გითხრათ ორივე: არსებობს კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც პოეტებად გახდომის სურვილი აქვთ და ამისთვის სწავლობენ რითმას, იმაზე ფიქრობენ სტრიქონსა და სტრიქონს შორის როგორ შეავსონ სივრცე. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, გადახედო შენს გონებას და იქ აღმოჩენილმა სიმწირემ გაგაოცოს. ხოლო ის, ვინც პოეტად იბადება ყველაფერი ბუნებრივად გამოსდის. ეს განსხვავებაა ნასწავლსა და დაბედებულ პოეტობას შორის.

-აღგვიწერეთ თქვენი შემოქმედებითი პროცესი, როგორ იბადება იდეა და როგორ გადმოდის ის ფურცელზე?

გინახავთ როგორ ეპარება ქარის შემოტანილი ნისლი მთას? ასევე ჩნდება გონებაში ლექსი. შემოდის, აგედევნება, როგორც ლანდი და მოსვენებას არ გაძლევს. ასე რომ , უცბად არ მიდიხარ  კალამთან. იწყებ ფიქრს, სამკაულს უძებნი ლირიკულ გმირს და გონებაში წერ ლექსს, ხედავ მას, როგორც სხეულს და ამის შემდეგ უკვე ადვილია მისი ხორცშესხმა. თუ გონებაში არ მომეწონა, ვერ გავბედავ ფურცელზე გადმოვიტანო. ყოფილა შემთხვევა, ლექსზე ხუთი-ექვსი წელი მიფიქრია, მისი „შენობა“ არ მომწონებია და თავი დამინებებია.  

-წარმოიდგინეთ სამყარო პოეზიის გარეშე, როგორი იქნებოდა ის და თქვენ როგორ ეცდებოდით თავის გამოხატვას?

თქვენ წარმოიდგენთ მარტო უშბა რომ იდგეს მთელ სამყაროში, ანდა მხოლოდ თეთნულდი, მოსაბეზრებელი არ იქნებოდა მისი ყურება? როგორც მწვერვალთა ერთობლიობა ქმნის ჰარმონიას, ასევე პოეზია ქმნის სამყაროს სილამაზეს და სუნთქვაა მისი. ამას მე ჭეშმარიტ პოეზიაზე მოგახსენებთ. ასე რომ, ვერ წარმომიდგენია სამყარო მის გარეშე. და მაინც, რომ არა პოეზია, ყველაზე ახლოს, მუსიკასთან ვიქნებოდი. ჩავრთავ კლასიკურ მუსიკას და ვუსმენ-ესაა სამზადისი შემოქმედებითი პროცესისა. შემდეგ კი როდის მოგცემს უფალი შექმნის შესაძლებლობას, ეს შენზე აღარაა დამოკიდებული. 

-მოგვიყევით, როდის წაიკითხეთ ლექსი პირველად დიდი აუდიტორიის წინაშე.

დიდი ხნის განმავლობაში ლექსს საერთოდ ვერ ვკითხულობდი. როდესაც იაკობ ბობოხიძემ სიმღერა შექმნა ჩემს ლექსზე „ხმელი ფოთოლი“, თავისთან მიმიხმო და მითხრა: შენ უნდა წერო. დღესაც ეჭვით ვუყურებ ამ სიტყვებს. ვიცი, რომ პოეტი არაა ადვილად წარმოსათქმელი სიტყვა და როდესაც მას მიწოდებენ, ლამის მიწა გამისკდეს. ისეთ ხალხს უტარებია ეს სტატუსი, რომ შენ ნებისემიერ შემთხვევაში, კრძალვით უნდა შეხვდე. როცა ვხვდებოდი, რომ ვერ ვკითხულობდი, საკუთარი თავისთვის ძალა აღარ დამიტანებია. ასე, რომ დიდი აუდიტორიის წინაშე თითქმის არასოდეს გამოვსულვარ. დაახლოებით 25 წლის ასაკში, მაინც ვერ ავცდი და პირველად გავედი პუბლიკის წინაშე. დღემდე არ მახსოვს როგორ მოვხვდი და როგორ ჩამოვედი ტრიბუნიდან. 

-თქვენ აღნიშნავდით, რომ ხალხის სიყვარულის ტარება, ხანჯლის პირზე სიარულის ტოლფასიაო. როგორია თქვენი და თქვენი მკითხველის დამოკიდებულება?

დღემდე მგონია, რომ იმაზე მეტს ვიღებ მკითხველისგან, ვიდრე ამას ვიმსახურებ. საკმარისია ეს სიყვარული შენს კუთვნილებად ჩათვალო, რომ მერე გარდაუვალია ამპარტავნობა. ხშირად, საქებარი სიტყვები გულს წამოედება, თუმცა ბოლომდე დასაჯერებელი მაინც არაა. განა იმიტომ, რომ ისინი გულწრფელები არ არიან, არამედ იმიტომ, რომ ეს სიყვარულის გამო მოსდით. მკითხველი ვერ ხვდება, რომ ქებით დათვურ სამსახურს გიწევს. 

დამოკიდებულებას რაც შეეხება, მკითხველს არასოდეს ვითვალისწინებ. როდესაც ამას გააკეთებ, ვერასოდეს გაიზრდები. საზოგადოებას აქვს თავის საზომი, რომლის მაღლაც ვეღარ გაგზრდის. ვარდები ხიბლში, გიყვარდება ტაში და არ ფიქრობ იმაზე, რომ შესთავაზო იმაზე მეტი, ვიდრე მკითხველი ითხოვს. 

-მთაში მიგრაცია აშკარა პრობლემაა. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება შეჩერდეს სოფლებისა და დაბების დაცლის პროცესი?

უდაოა, რომ გამოსავალი ასეთია: ქალაქმა უნდა შეწყვიტოს ზრდა, არ უნდა შენდებოდეს ასეთი სწრაფი ტემპით. ასეთი კატასტროფული სიჩქარით, რომ აშენებ სახლებს, როგორღა შეძლებ ხალხი მთაში დააბრუნო?! მთის დაცლა - ეს ტრაგედიაა. 

-თქვენ ამბობდით, რომ თქვენი მეუღლის მიერ პატარ-პატარა ფურცლებზე დაწერილი ლექსების შეგროვებამ გაქციათ პოეტად და რომ ისაა თქვენი ერთადერთი მუზა. რომ არა ქალბატონი მარინა, ვინ იქნებოდა ტარიელ ხარხელაური? 

როდესაც სატრფიალო ლირიკას ვქმნი, არასოდეს ვცვლი ქალის სახეს. ის ყოველთვის ჩემს მეუღლედ წარმომიდგენია. ის რომ არა, დარწმუნებული ვარ, მე ასეთი სახით არ ვიქნებოდი. ხომ გაგიგონიათ სიტყვა დედაკაცი? ესაა სიტყვაა, რომელიც გამოხატავს ქალს ყველაფერზე აღებული პასუხისმგებლობით. ყველანაირი ტვირთი რაც ჩვენს ოჯახში მამაკაცს უნდა ეზიდა, მან აიღო საკუთარ თავზე. ლექსებს სადაც დავწერდი, იქვე ვტოვებდი. მარინა კი ყველაფერს აგოვრებდა. მისი, როგორც ქალის როლი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ქალთა სქესს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მამაკაცის სრულყოფილად ჩამოყალიბებაში.

-თქვენი აზრით, რა შესაძლებლობები აქვს დღევანდელ თაობას და რა შანსები უნდა გამოიყენონ მათ აუცილებლად?

მგონია, რომ თუ თაობებს შორის ურთიერთობა უფრო ახლო არ გახდება, ბევრ რამეს დავკარგავთ. ერთმანეთის გაგება მარტივი არაა, რადგან ჩემს თაობას აზროვნების მიმართულება განსხვავებული აქვს. ჩვენმა თაობამ ფიქრი გაცილებით ადრე დაიწყო. ჩვენ წიგნიდან გამოვედით, თქვენ კომპიუტერიდან. წიგნი გაძლევს პერსონაჟს ანუ საფიქრალ საგანს, რაც ღრმად აზროვნების საფუძველს გაძლევს. თქვენმა თაობამ უნდა ისწავლოს ჩვენს შეცდომებზე და არ უნდა გაიმეოროს ის, რასაც ერთმანეთის ნიჭიერებით შეჭმა ჰქვია. თქვენ ყველა უდიდესი სიყვარულის მატარებლები ხართ, უბრალოდ უნდა იცოდეთ სად, ვისთან და როგორ გამოიყენოთ ის.

 მომზადებულია სასწავლო კურს "ბეჭდური მედია"-ის ფარგლებში

ხელმძღვანელი: მაია ტორაძე