27 და 28 დეკემბერს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი მაყურებელს ბალეტ „მაკნატუნას" შესთავაზებს. ეს ფაქტი ბალეტის მოყვარულთათვის სასიამოვნო ამბავი უნდა იყოს, თუმცა, ერთ-ერთი ქორეოგრაფი ქართული ბალეტის პრობლემატიკას განიხილავს და, მისი აზრით, ქართული ბალეტი დღეს არც თუ ისე სახარბიელო ვითარებაშია, ვახტანგ ჭაბუკიანის შემოქმედება შეიძლება ითქვას, რომ აღარც არსებობს, დასი განახევრებულია, მოცეკვავეებს რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, სპექტაკლები შემცირებული და გადაკეთებულია. დასში უცხოეთიდან ჩამოყვანილი, საკმაოდ სუსტი ახალგზარდები ცეკვავენ, ხოლო ქართველი მოცეკვავეები საზღვარგარეთ მიდიან. ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად საწინააღმდეგო აზრი აქვს ოპერის და ბალეტის თეატრის ადმინისტრაციას.

ბალეტის ქორეოგრაფის, მარიამის თქმით, (რესპონდენტის თხოვნით სახელი შეცვლილია), ქართული ბალეტი, ის, რასაც ვახტანგ ჭაბუკიანმა საფუძველი ჩაუყარა, დღეს, ფაქტობრივად, აღარ არსებობს და ამის მიზეზი ისეთი საბალეტო სკოლის არარსებობაა, რომელიც სრულფასოვან განათლებას მიაღებინებს ახალგაზრდებს.
„შორიდან ჩანს, თითქოს ყველაფერი კარგადაა, თუმცა საქმე ასე სულაც არ არის. ვახტანგ ჭაბუკიანის წლების წინ შექმნილი საქმე ჩაიშალა. დასში არ არის შესაბამისი პირობები საცეკვაოდ, კლასიკური რეპერტუარი, დიდი ბალეტები, რომლებზეც მსახიობი უნდა გაიზარდოს, აღარ იდგმება, ვერავინ ვითარდება. ახალგაზრდები იძულებულები არიან, საზღვარგარეთ წავიდნენ და მივესალმები ამ ფაქტს, რადგან, ისინი კონკურენტუნარიანები ხდებიან, როდესაც გარკვეულ ეტაპს აღწევენ და აქ მათი განვითარების საშუალებას შემდგომში ვერავინ ხედავს," - ამბობს ქორეოგრაფი.|

ამ თემასთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული შეხედულება აქვს ოპერის და ბალეტის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ხათუნა იოსავას, რომელიც ქართული ბალეტის დღევანდელ ისტორიას ნათელ ფერებში ხედავს. მისი თქმით, ქართული ბალეტის ამჟამინდელი დონე საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება და მთელ მსოფლიოში მისაღებია, რადგან აქ ყველა კლასიკური ბალეტი იქმნება. ამჟამად დასი ვახტანგ ჭაბუკიანის ცნობილი ბალეტის „გორდას" აღდგენაზე მუშაობს. ნინო ანანიაშვილის ინიციატივით სწორედ „გორდა" იქნება პირველი სპექტაკლი, რომლითაც საბალეტო დასი ოპერისა და ბალეტის თეატრის განახლებულ შენობაში შევა. მინიმუმ ორი პრემიერის გარეშე არც ერთი სეზონი არ გადის, იდგმება ასევე თანამედროვე ბალეტებიც, რომლებსაც უცხოელი ქორეოგრაფები დგამენ, მათ შორისაა ირჟი კილიანი.

„ირჟი კილიანი მსოფლიო კლასის ქორეოგრაფია, რომელიც ყველა თეატრს არ აძლევს უფლებას, დადგას თავისი ბალეტი და საქართველოში ქალბატონი ნინო ანანიაშვილის ავტორიტეტის გამო მოგვცა უფლება მისი ბალეტი ვიცეკვოთ. ასეთი შემთხვევები კი ხელს უწყობს ქართველი მოცეკვავეების პროფესიონალიზმის დონის ამაღლებას. ჩვენს დასში 9 უცხოელი, მათ შორის 1 ბრიტანელი, კანადელი, ესპანელი, ამერიკელი და 6 იაპონელი მოცეკვავე ცეკვავს ხელშეკრულებით," - თქვა ხათუნა იოსავამ.

მისივე ინფორმაციით, დასში ამ დროისთვის 63-მდე ადამიანი ცეკვავს, რაც შეეხება ქართველებს, ისინი აქტიურად არიან ჩართულები და ცეკვავენ მთავარ პარტიებს ბალეტებში. უცხოელი სტაჟიორები კი აქ შესაბამის განათლებას იღებენ ნინო ანანიაშვილთან მუშაობისას, რადგან მათთვის დიდი პატივია, ქართველი პრიმა-ბალერინას დასის მოცეკვავეებად ყოფნა. უცხოელ სტაჟიორებთან ურთიერთობა ქართული ბალეტის განვითარებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან, ქართულ ბალეტს ადამიანური რესურსის დეფიციტი აქვს, რაც მამრობითი სქესის მოცეკვავეების სიმცირეში გამოიხატება. ამ ფაქტის დასადასტურებლად გაზეთი „ტელეგრაფი" დაუკავშირდა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის სასწავლო პრაქტიკის ხელმძღვანელს ქეთევან მოწონელიძეს, რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დღეისათვის სასწავლებელში 106 ბავშვი სწავლობს. მათგან 92 გოგოა, 14 კი - ბიჭი. პირველ კლასში 18 გოგოზე მხოლოდ ერთი ბიჭი მოდის.
„ბიჭების პრობლემა სტერეოტიპული აზროვნების შედეგია. არასწორი შეხედულებების გამო მშობლებს არ შემოჰყავთ შვილები ბალეტზე, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ბალეტზე შვილის შეყვანა ბავშვის ჯანმრთელობისა და ფიზიკური განვითარების საწინდარია," - განაცხადა ხათუნა იოსავამ.

თუმცა ქართულ ბალეტს, ადამიანური რესურსის დეფიციტის გარდა, სხვა პრობლემაც აქვს და ერთ-ერთი გამოწვევა შენობის არქონაა. 5 წელია, რაც ფონდი „ქართუს" დაფინანსებით სარესტავრაციო სამუშაოები უტარდება ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობას, ამ დროის მანძილზე მოცეკვავეებს სხვადასხვა სცენაზე უწევთ ცეკვა. ამჟამად ისინი მუსიკისა და დრამის თეატრში ვარჯიშობენ, ბალეტები კი ა. გრიბოედობის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის სცენაზე იდგმება.

„მოგეხენებათ, ბალეტს სივრცე სჭირდება და ის ყველა თეატრის სცენაზე ვერ იდგმება. დიდი წვალების შედეგად, გრიბოედოვის სცენაზე ცეკვავენ მოცეკვავეები, თუმცა არც აქ არის შესაბამისი გარემო, სამწუხაროდ. ქალბატონი ნინოს დამსახურებით, შენობის პრობლემის მიუხედავად, დასი არ გაჩერებულა 5 წლის მანძილზე და იგი გამუდმებით მუშაობდა. წელიწადში 2 პრემიერა მაინც იდგმებოდა. ქალბატონი ნინო ანანიაშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასის მოცეკვავეებს შესაბამისი პირობები შეუქმნას და ეს ხელფასების ყოველწლიურ ზრდაშიც გამოიხატება. დასის მოცეკვავეების საშუალო ხელფასი ამ დროისთვის 1000 ლარია და ეს მზარდი პროცესია," - ამბობს ხათუნა იოსავა.

საკუთარი ანაზღაურებით კმაყოფილია დასის სოლისტი, ნინო სამადაშვილი, რომლის თქმითაც, ქართული ბალეტის რეალობიდან გამომდინარე, მას ძალიან კარგი ხელფასი აქვს, თუმცა ზუსტი ციფრი არ დაუსახელებია.
ხათუნა იოსავას არ ეთანხმება მარიამი (ქორეოგრაფი), რომლის თქმითაც, დასის მოცეკვავეების ხელფასი 500 ლარს, ხოლო ხელზე აღებისას 400 ლარს შეადგენს. ხელფასებთან დაკავშირებით იგი 2010 წელს იაპონიაში მომხდარ სკანდალს იხსენებს, სადაც მისი თქმით, ხელფასების უქონლობისა და შეუსაბამო პირობების გამო ქართული დასი დიდ სკანდალში გაეხვა. „მოცეკვავეებს მეტროსა და საჭმლის ფული არ ჰქონდათ, როდესაც გასტროლზე 1000 დოლარს იღებ, მთელ თანხას უცხოეთში ხომ ვერ დახარჯავ? თანაც იქ, სადაც, ერთი ვაშლი 8 დოლარი ღირს, განა რა ფული უნდა ჩამოიტანონ მოცეკვავეებმა სამშობლოში? გარდა ამისა, ამერიკის გასტროლებსაც რომ შევეხოთ, აქ ისე აშუქებენ მოვლენებს, თითქოს ყველაფერი არაჩვეულებრივადაა და დასი ამერიკაში ცეკვავს, თუმცა საქმე რეალურად სხვაგარადაა. დილის 12 საათზე „გედების ტბა"იდგმება ამერიკაში, სადაც ყინვასა და თოვლში მოცეკვავეებს პუანტებში უწევთ გარეთ გადასვლა ცეკვებს შორის, რადგან კულისები არ აქვთ. ადგილი საშინელია, უფრო ბოსელს მიაგავს. ასეთ პირობებში ვინ უნდა იცეკვოს? რა ბალეტმა უნდა იარსებოს საერთოდ?" - განაცხადა ქორეოგრაფმა.
ნინო სამადაშვილის თქმით, იგი არ იმყოფებოდა იაპონიის სკანდალის დროს გასტროლზე, თუმცა, სხვა ქვეყნებში ყოფნისას მაინც კმაყოფილია შესრულებული სამუშაოთი: „გასტროლები ბევრ ქვეყანაში გვქონია სრულიად მისაღები პირობებით, ანაზღაურება, რასაც გვიხდიან, საკმარისია ამა თუ იმ ქვეყანაში ცხოვრებისთვის. რაც შეეხება ცეკვისთვის საჭირო პირობებს, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანაში ერთნაირი პირობები არ არის, მაგრამ ეგ ის დეტალებია,რომლებიც ცეკვაში ხელს არ გვიშლის."

ოპერის და ბალეტის თეატრის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დასში 63-მდე ადამიანია, რაც, ქორეოგრაფის თქმით, არასაკმარისი რაოდენობაა, დასში მინიმუმ 100-120 კაცი უნდა ცეკვავდეს, რათა სრულფასოვანი ბალეტი დაიდგას: „არ შიძლება 4 მოქმედებაში ერთი და იგივე ბალერინა ცეკვავდეს, თუმცა ახლა ბალეტები 2 და 1 მოქმედებიანადაა გადაკეთებული და 4 მოქმედებიანი ბალეტი არც არის, მოცეკვავეების სიმცირის გამო. დასში შეუსაბამო პირობებს მოცეკვავეები აპროტესტებენ, მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი ტოვებენ საქართველოს. საბოლოოდ, დასში სულ უფროდაუფრო ცოტა ადამიანი რჩება."

ქართული საბალეტო დასის ყოფილმა მოცეკვავემ, დღეს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ცეკვის დეპარტამენტის მაგისტრანტმა და ქორეოგრაფმა ირაკლი შენგელიამ ქართული ბალეტის პრობლემატიკასთან დაკავშირებით გაზეთ „ტელეგრაფს" შემდეგი სახის კომენტარი მისცა: „ქართულ ბალეტში არსებული სირთულეები იმის ბრალია, რომ მის ერთპიროვნულ მმართველს, ნინო ანანიაშვილს, წარმოდგენაც კი არ აქვს როგორი საბალეტო თეატრის შექმნა სურს, ან საერთოდ, რას შეეჭიდა 10 წლის წინ. სამწუხაროდ, ჩემი კომენტარი მხოლოდ ეს არის, რადგან არანაირი საერთო არ მინდა მქონდეს ნინო ანანიაშვილთან, ან საქმესთან, რომელსაც ხელმძღვანელობს ეს ქალბატონი".

ამ კომენტარს დასის ადმინისტრაცია შემდეგნაირად პასუხობს: „შეგვიძლია შევადაროთ, რა მდგომარეობაში იყო ქართული ბალეტი 10 წლის წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა მსოფლიოში აღიარებული პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი და ქართული ბალეტის აღორძინებას ჩაუდგა სათავეში. 10 წლის წინ მოცეკვავეები გაყინულ დარბაზებში ცეკვავდნენ, ხელფასები ჰქონდათ 200 ლარამდე, რეპერტუარიც იყო მწირი. დღეს ჩვენი საბალეტო დასის რეპერტუარში 57-მდე სპექტაკლია, რომელიც მხოლოდ ბოლო 10 წლის განმავლობაში დაიდგა, ჩვენ ვცეკვავთ როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ბალეტებს, რაც ჩვენი მოცეკვავეების კლასს ზრდის და სწორედ ამიტომ ჩვენს რამდენიმე მოცეკვავეს შანსი გაუჩნდა უცხოეთის დასებში იცეკვონ. ეს ჩვეულებრივი პროცესია მთელს მსოფლიოში - როდესაც აკმაყოფილებ საერთაშორისო სტანდარტებს, გიწვევენ სხვადასხვა ქვეყანაში. ამაში ქართველ მოცეკვავეებს თავად ნინო ანანიაშვილი ეხმარება და უწევს რეკომენდაციებს," - აცხადებს ხათუნა იოსავა.
ქორეოგრაფიული სასწავლებლის ყოფილი მოსწავლის, ახლა კი საკმაოდ აქტიური მაყურებლის, ლელა ლეჟავას აზრით, ქართული ბალეტი არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია: „გასულ თვეს ერთ სპექტაკლად იყო წარმოდგენილი "დონ კიხოტი", "გედების ტბა" და "რაიმონდა". ეს ყოვლად შეუსაბამოა ბალეტის სიუჟეტებიდან გამომდინარე. ეს სიტუაცია ბალეტის მოცეკვავეების სიმცირითაა გამოწვეული და როგორადაც არ უნდა უარყოს ეს ბალეტის ხელმძღვანელობამ, სრული სიმართლეა. ამაში დასარწმუნებლად საჯაროდ გამომზეურებული აფიშაც კმარა. თუ ბალეტის ხელმძღვანელობა უარყოფს დასში მოცეკვავეთა სიმცირეს, მაშინ რა უშლით ხელს სრულად სპექტაკლების წარმოდგენაში? რატომ ვეძალებით ერთმოქმედებიან ბალეტებს, სადაც მცირე რაოდენობის მოცეკვავეებია საკმარისი? რატომ აღარ დარჩა, ფაქტობრივად, ქართველი მამაკაცი სოლისტები?" -თქვა ლელა ლეჟავამ.
სპექტაკლების გადაკეთებასა და შემცირებას სცენის უქონლობით ხსნის დასის სოლისტი, ნინო სამადაშვილი. მისი თქმით, დიდი სპექტაკლების დასადგმელად არ არის ისეთი სცენა, რომელიც ხალხის იმ რაოდენობას დაიტევდა, რასაც ოპერისა და ბალეტის თეატრი იტევდა.

თუმცა ბალეტი ადამიანების დეფიციტს არა მარტო დასში, არამედ მაყურებლის მხრიდანაც განიცდის და ამაზე გულისტკივილით საუბრობს ხათუნა იოსავა: „ბილეთები 5დან 25 ლარამდე მერყეობს, მიუხედავად ამისა, ქართველი საზოგადოება ვერ იმეტებს ფულს ბალეტისთვის, რომ დაესწროს დადგმებს, ეს ჩვენი კულტურის მინუსია. რა თქმა უნდა, არის სპექტაკლები, რომლებზეც სრული ანშლაგია, თუმცა მაყურებლის სიმცირით ბევრი სპექტაკლი ზარალდება. ამაზე გარკვეულწილად ტერიტორიამ და ჩვენი შენობის უქონლობამაც მოახდინა გავლენა, თუმცა მაყურებლის სიმცირეს ოპერისა და ბალეტის თეატრშიც ვუჩიოდით".

ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტებით აგებული ოპერისა და ბალეტის შენობა, სავარაუდოდ ,გაზაფხულზე გაიხსნება, მოცეკვავეები კი იქ იანვრიდან შეძლებენ გადასვლას. ისინი იმედოვნებენ, რომ ყველა პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება და ამას ხელს ახალი და, რაც მთავარია, მათი საკუთარი შენობის ქონა შეუწყობს ხელს. თუ რამდენად მოაგვარებს ქართული ბალეტის პრობლემებს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის რესტავრირებული შენობა, როგორც ხათუნა იოსავამ თქვა, ამას საქმე გვიჩვენებს.


მომზადებულია სასწავლო კურსის „ბეჭდური მედია 1"-ს ფარგლებში

(ხელ-ლი ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე)