სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი „დალი“ უკვე მეოთხედ გაიმართა მესტიის შუაგულში. სვანეთი, თავისი მაგიური ხიბლით, „ცოცხალი დეკორაციებით“, უცხო ფაქტურებით თითქოს ერთი დიდი გადასაღები მოედანია ქართველი და უცხოელი კინემატოგრაფისტებისთვის. წელს, ფესტივალზე ქართველ სტუმრებთან ერთად წამყვანი საერთაშორისო კინოფესტივალების (ბერლინის, სანდენსის, სოფიის, თესალონიკის დატალინის) პროგრამერები ჩამოვიდნენ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების სვანეთის საერთაშორისო კინოსაფესტივალო მუშაობაში ჩართვის იდეა კინოპროდიუსერთან, მულტიმედია ცენტრის მთავარ სპეციალისტთან ნათია რაჭველიშვილთან საუბრის დროს, ერთ- ერთი საუნივერსიტეტო შეხვედრისას გაჩნდა და მალევე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედიაცენტრის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებისა და სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთობლივ პროექტად იქცა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო შიგნიდან დავკვირვებოდით ფესტივალის დინამიკას, სამუშაო პროცესს, აღმოგვეჩინა კინოფესტივალი, როგორც კულტურული ფენომენი და „შესაძლებლობების ფანჯარა,“ ბევრისთვის რომ მხოლოდ წითელი ხალიჩა, სოფიტების შუქი და ცნობილი სტუმრებია.
მოსამზადებელი პერიოდი საინტერესო აღმოჩნდა, თუმცა ეს ჩვენი კინომოგზაურობის მხოლოდ „საწყისი ტიტრები“ იყო, რომელიც შემდეგ სვანეთის მთებში მგზავრობის, მოლოდინისა და მღელვარების მძაფრ სიუჟეტად გაიშალა და ბოლოს მესტიაში ჩასვლის Happy End-ით დასრულდა. ღია ცის ქვეშ გაშლილი ეკრანი...გენიალური კოტე მარჯანიშვილის „ამოკი“-ს შავ-თეთრი კადრები ძველი შენობების კედლებზე, სკამებზე და მაყურებლების სილუეტებზე ირეკლება... „ამოკი“ ჩვენი თაობისთვის აღმოჩენაა.
ეკრანზე ოსტლუნდის „ფორსმაჟორი“ შვედურ ენაზე (სუბტიტრებით) გადის. შვედურ დიალოგს ხანდახან, შორიახლოს განლაგებული რესტორნებიდან წამოსული სვანური სიმღერების ხმა, ბავშვების ჟრიამული და ძაღლების ყეფა უერთდება... ეს კინოს მაგიაა -ყოველთვის მომნუსხველი, მაგრამ განსაკუთრებული აქ, ამ საოცარ გარემოში. ფესტივალზე უშუალო ატმოსფეროა. კონკურსანტები და პიჩინგის მონაწილეები ღელავენ. სხვადასხვა ფესტივალის შემფასებლები მათ ნამუშევრებს ახალი ტალანტების პირველაღმომჩენის სურვილით აკვირდებიან. ორივე მხარეს ერთი რამ აერთიანებს-„კინო,როგორც რელიგია“.
ფესტივალის სტუმრების მეორე ჯგუფის თვითმფრინავით დაშვების კადრებს ვიღებთ. ჩვენი საუნივერსიტეტო კამერა აეროპორტში ერთ-ერთი პირველი ჩნდება და გამორჩეულ ადგილს იმკვიდრებს. ოპერატიულობით უკუვაგდებთ იმ
სკეპტიციზმს, რომელსაც ზოგჯერ დამწყები ჟურნალისტების მიმართ გამოხატავენ. რამდენიმე დღეში კი რუბენ ოსტლუნდთან ექსკლუზიურ ინტერვიუს ტერასის გასწვრივ განლაგებული კოშკების ფონზე ვიღებთ. ფესტივალის სტუმარი შვედური კინოს „მეამბოხე“, ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი რეჟისორი რუბენ ოსტლუნდი (კანის ფესტივალის“ოქროს პალმის რტო“-ს ორგზის მფლობელი), გახლდათ. მისი ნამუშევრები „ფორსმაჟორი “ და „სევდის სამკუთხედი“ ჩვენი რჩეული ფილმებია,რომლებსაც გამგზავრებამდე არაერთგზის მივუბრუნდით და განახლებული შთაბეჭდილებები მისთვის დასასმელ შეკითხვებშიც ავსახეთ. ორგანიზატორებთან შეთანხმებით, ექსკლუზიური ინტერვიუს გადაღების საშუალებაც მოგვეცა.
ვსაუბრობთ, როგორ დაინტერესდა იგი სვანეთში ჩამოსვლით მარიამ ხაჭვანის ფილმის, „დედე“ --ს ნახვის შემდეგ. ასევე, მოულოდნელი წარმატების თანმდევ პრობლემებზე, მუსიკაზე, პერსონაჟებზე... საუბარი მაშინაც გრძელდება,როდესაც კამერას ჩანთაში ვაბრუნებთ. მოგვიანებით, ოსტლუნდი ჰაწვალზე გამართულ მასტერკლასზე იტყვის: „ახალგაზრდა რეჟისორებს ხშირად ეშინიათ ფილმის გადაღების, ამიტომ მე ჩემს სტუდენტებს ყოველთვის ვეუბნები, დაივიწყეთ შიში და გადაღების დროს მიიღეთ სიამოვნება“.
ოსტლუნდთან შეხვედრა და მასთან, როგორც რესპოდენტთან ურთიერთობა ჩვენთვის უნიკალური შესაძლებლობა აღმოჩნდა პროფესიული განვითარების თვალსაზრისით.
გადაღების ყოველი დღე ჩვენთვის უდიდეს სიამოვნებას წარმოადგენდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კამერით სვანეთის ულამაზეს და მუდმივად ცვალებად პეიზაჟებს ვაფიქსირებთ. და ეს, ალბათ, ყველაზე „დიდი კინოა“, რომელიც აქ ვნახეთ…
P.S. სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჩვენ მიერ მომზადებული მასალების და რუბენ ოსტლუნდთან ვრცელი ინტერვიუს ნახვა, მოგვიანებით გახდება შესაძლებელი მულტიმედია ცენტრის ვებ და ფეისბუქ გვერდებზე.
აქვე გვსურს მადლობა მოვახსენოთ ჩვენს მენტორს, ნათია რაჭველიშვილს, მულტიმედიაცენტრის ხელმძღვანელ -მარინა სალუქვაძესა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, ჟურნალისტიკისა და მასორივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელ- მანანა შამილიშვილს, უპირობო მხარდაჭერისათვის ,რის შედეგადაც ვეზიარეთ ამ ახალ გამოცდილებას.
მადლობა სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებს და პირადად მარიამ ხაჭვანს ამ უნიკალური შესაძლებლობისთვის.
თათუკა იაშაღაშვილი
თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების მე-3 კურსის სტუდენტი
სალომე კვირიკაშვილი
თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ბაკალავრი