საზოგადოება

„მე ღარიბი ვარ“- განაჩენი ბავშვებისთვის თუ პროგრამის არაეფექტურობა?

2019-06-04

 

“ჩემი კარგად ყოფნა ჩემს მიერვე ნაშოვნ თანხაზეა დამოკიდებული.” “ნორმალური საკვები თითქმის არასდროს გვაქვს, ასევე არ მაქვს განათლების მიღების საშუალება.“ “მინდა სკოლაში ვიარო და ჩემი თანატოლებივით ნორმალურად ვიცხოვრო.” “ალბათ, არ გამიმართლა, რადგან ღარიბი ვარ.“  -  ეს ფრაზები იმ რამდენიმე ბავშვს ეკუთვნის, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ და რომლებთან გასაუბრებაც  შევძელით.

11 წლის ელენე უკვე რამდენიმე წელია, რაც ყოველდღე ქუჩაში დახმარებას ითხოვს. ამბობს, რომ სამუშაო საკმაოდ მძიმეა და მას მთელი დღის განმავლობაში გარეთ ყოფნა უწევს. დღეში მისი საშუალო შემოსავალი 10დან 20 ლარამდეა, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ამ მცირე თანხასაც ვერ აგროვებს. ამბობს, რომ ოჯახს ძალიან უჭირს და ამ გზით დახმარებას ცდილობს. მათი ერთადერთი შემოსავალი ხალხის მიერ გაწეული დახმარებაა, რაც, ცხადია, არ არის საკმარისი, რის გამოც ელენეს და მის ოჯახს უწევთ ბრძოლა არსებობისთვის, ან შეიძლება - გადარჩენისთვის. 

მსგავსი ისტორიები საკმაოდ ბევრია, მეტიც, ხშირ შემთხვევაში ბავშვებს ოჯახების  დასახმარებლად მძიმე შრომაც კი უწევთ. ამ შრომის შედეგს კი ჩვენ ამ ბოლო დროს მედიასაშუალებებიდან ვიგებთ. 

„ველოსიპედით ჯართის შესაგროვებლად წასული 13 წლის გიგა მამულაშვილი თხრილში მიწის ჩამოშლის შედეგად გარდაიცვალა.“ 

ამ ყველაფრის ფონზე კი იზრდება ფასები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ღარიბი ოჯახების მდგომარეობას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც სოციალური დახმარების პროგრამა არაეფექტურია. 

რას ამბობს სტატისტიკა? 

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული “მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის” (2017) მიხედვით, სიღარიბე ყველაზე მეტად ბავშვებს შეეხოთ. მიღებული მონაცემებით, ბავშვების 27.6% ღარიბია. ეს მაჩვენებელი 2015 წელთან შედარებით (21.7%) საკმაოდ გაზრდილია. არსებობს კიდევ უფრო მძიმე პირობებში მცხოვრები ჯგუფი - სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფები. ითვლება, რომ მათ დღეში საშულოდ 3 ლარზე მეტი შემოსავალი არ აქვთ. ამავე კვლევის მიხედვით, უკიდურეს სიღარიბეში ბავშვების 6.8% ცხოვრობს. ასეთ პირობებში ბავშვები ვერ ვითარდებიან და განათლებასაც ვერ იღებენ. მაგალითად, ყველაზე ღარიბ ოჯახებში დაბადებული 10 ბავშვიდან 6-ს არ აქვს ან საკმარისად არ მიუწვდება ხელი საბავშვო წიგნებზე. ყოველი მეხუთე ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელია - ეს „იუნისეფის“ მიერ ჩატარებული კვლევის ზოგიერთი შედეგია, რაც იმას ნიშნავს, რომ სირბილისა და თამაშის ნაცვლად ეს ბავშვები, თავიანთი ცხოვრების საუკეთესო პერიოდს გადარჩენისთვის ბრძოლაში ატარებენ. 

ბავშვთა უფლებათა კონვენციის  27-ე მუხლი აღიარებს ბავშვის უფლებას, ჰქონდეს ცხოვრების ადეკვატური დონე და მოუწოდებს სახელმწიფოებს, რომ დაეხმარონ იმ ოჯახებს, რომელთაც არ შეუძლიათ უზრუნველყონ თავიანთი შვილებისთვის ელემენტარული პირობები, განსაკუთრებით კვების, სამოსისა და საცხოვრებლის თვალსაზრისით.

როდესაც გამოსავალი არ ჩანს, ბავშვები გადარჩენას თავიანთი ხერხებით ცდილობენ, რასაც ხშირად  სავალალო შედეგებამდე მივყავართ. უკიდურეს სიღარიბეს ბავშვების დიდი ნაწილი სხვადასხვა სახისა და სიმძიმის შრომით ებრძვის. 

საინტერესოა, თუ რა კეთდება რეალობის შესაცვლელად? - გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელის, მაია ქურციკიძის თქმით,  სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს ეფექტური პროგრამები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი იქნება სიღარიბის აღმოფხვრა. „ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მთავრობასთან, რათა რაც შეიძლება მალე გაუმჯობესდეს სოციალური პროგრამები და შემცირდეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა“, - ამბობს ჩვენთან საუბრისას ქურციკიძე. 

არსებული პოლიტიკა და ხარვეზები

სიღარიბესთან ბრძოლისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სოციალური დაცვის ერთ-ერთი მექანიზმი - მიზნობრივი სოციალური დახმარებაა. აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან ამ პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულ ბავშვებს სოციალურ დახმარებასთან ერთად დამატებით 10 ლარი ერიცხებათ, თუმცა ეს თანხა რომ დღევანდელ პირობებში არაფერს ცვლის და ვერც სიღარიბეს შეამცირებს, ცალსახაა. 

მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამას მომხრეებთან ერთად არაერთი მოწინააღმდეგეც ჰყავს, რომლებიც პროგრამის არაეფექტურობასა და სისუსტეზე საუბრობენ. 

ანა მურჯიკნელი, სოციალური მუშაკი: „საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული პოლიტიკა აბსოლუტურად არ არის ორიენტირებული ბავშვზე. საკმაოდ ხშირია სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან გულგრილი დამოკიდებულება, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას. 10 ლარიანი დანამატი კარგია, თუმცა ეს ვერ გადაფარავს პროგრამის არაეფექტურობას. ხარვეზები საკმაოდ ბევრია, ამიტომ აუცილებელია მთავრობამ დამატებით განახორციელოს გარკვეული ღონისძიებები პრობლემის აღმოსაფხვრელად.“ 

სოციალური უზრუნველყოფის პროგრამაში არსებული დარღვევები დეტალურად არის აღწერილი სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშშიც. კერძოდ, ყურადღება გამახვილებულია საარსებო შემწეობაზე.

„საარსებო შემწეობის მისაღებად დადგენილი ქულის მიღმა მყოფი ოჯახები შეიძლება ჩაითვალოს ღარიბ ოჯახებად, თუმცა, სახელმწიფო მათი სოციალური უზრუნველყოფისთვის არ გამოყოფს სათანადო რესურსს“ - ვკითხულობთ ანგარიშში.  

სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავრობასთან ერთად უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო თანამშრომლობას. ამავდროულად, ჩვენს ქვეყანაში შექმნილია არაერთი ორგანიზაცია თუ ფონდი, რომლებიც ცდილობენ სიღარიბეში მცხოვრები ოჯახებისა და ბავშვების დახმარებას. 

1997 წლიდან არსებობს საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“, რომელიც წარმოადგენს ბავშვთა და ახალგაზრდების კეთილდღეობისთვის მომუშავე ორგანიზაციას საქართველოში. 

ბავშვებისა და ახალგაზრდების პროგრამის მენეჯერის, ნანა კუხალაშვილის თქმით, ორგანიზაცია წლის განმავლობაში 1000-ზე მეტ ბავშვს უწევს დახმარებას, ხდება ოჯახების საკვებით უზრუნველყოფაც, რაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. „გვაქვს ასევე დღის ცენტრები, რომლებიც უზრუნველყოფს ბავშვებისა და ახალგაზრდების ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას“, - გვეუბნება კუხალაშვილი. 

როგორი მდგომარეობაა საზღვარგარეთ? 

მსოფლიოში ერთი მილიარდი ბავშვი მოკლებულია სიცოცხლისთვის აუცილებელ პირობებს, რაც არის საკვები, სუფთა წყალი, თავშესაფარი, ჯანდაცვა და სხვა. 

რა თქმა უნდა, არ იქნება გასაკვირი ის ფაქტი რომ ეკონომიკურად განუვითარებელ ქვეყნებში სიღარიბის მაჩვენებელი ძალიან მაღალია და შესაბამისად უამრავ ბავშვს უწევს გაუსაძლის პირობებში ცხოვრება, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს განვითარებული ქვეყნებისთვისაც არ არის სიღარიბე უცხო. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში 2017 წლის მონაცემებით დაახლოებით 4 მილიონი ბავშვი ცხოვრობს სიღარიბეში, პროცენტულად ეს რიცხვი 28%-ს შეადგენს და,  უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კლასში 30 ბავშვიდან 9 სიღარიბეში იზრდება. ფისკალური კვლევების ინსტიტუტი (Institute for Fiscal Studies) აცხადებს, რომ სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა  2020 წლისთვის 5 მილიონს მიაღწევს. 

Innocenti-ის სოციალური მონიტორი იუწყება, რომ მდგომარეობა უფრო სერიოზულია აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვთა საერთო რიცხვმა იკლო უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, ყოველი მეოთხე ბავშვი ანუ დაახლოებით 18 მილიონი ბავშვი კვლავაც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და დსთ-ს ქვეყნებში.

როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა?

ბავშვთა კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად "გაეროს ბავშვთა ფონდს" საქართველოს მთავრობისთვის კონკრეტული რეკომენდაციები აქვს. მაია ქურციკიძის თქმით, სოციალური უთანასწორობისა და გარიყულობის აღმოსაფხვრელად საჭიროა, შემუშავდეს კარგი სტრატეგია ბავშვთა უფლებებისთვის, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სფეროს. „ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებისთვის კარგად და სწორად დაიგეგმოს შეღავათები, რათა მათ თავი დააღწიონ სიღარიბეს და საჭიროა სიღარიბის წინააღმდეგ მიმართული სოციალური პოლიტიკის შემუშავებისას ინტერვენციების დაგეგმვა ბავშვების საჭიროებების გათვალისწინებით” - ამბობს ქურციკიძე.

იმასთან დაკავშირებით, აპირებენ თუ არა სახელმწიფო სტრუქტურებში ახალი პროგრამების შემუშავებას და რა მექანიზმებით უნდა გადაიჭრას სიღარიბის პრობლემა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კითხვებით მივმართეთ, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია. 

ფაქტი მხოლოდ ერთია, ბავშვთა სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ დიდ გამოწვევად რჩება. შიმშილი და უკიდურესი სიღარიბე მოზარდისთვის  მოუგვარებელ  პრობლემად აღიქმება, მაგრამ ეს მდგომარეობა არ უნდა გახდეს სასჯელი, სახელწიფოს მოვალეობა სწორედ ამის უზრუნველყოფაა. ადამიანებს კი ჯერ-ჯერობით სხვა არაფერი დარჩენიათ გარდა - გადარჩენისთვის ბრძოლისა. 

                                                                                                                                                              

 

მომზადებულია სასწავლო კურსის ფარგლებში - ''სოციალური საკითხების გაშუქება''

ხელმძღვანელი:  მაგდა მემანიშვილი