რამდენად შეიძლება განვიხილოთ ანიმაციური ფილმი, როგორც ფინანსური შემოსავლის წყარო და შეიძლება თუ არა იგი იქცეს საერთაშორისო პროდუქციად? - თუკი  წლების წინ ეს საკითხი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, დღეს სტატისტიკური მონაცემები და საერთაშორისო მოცემულობა ზემოთ ხსენებულის პრაქტიკაში მართებულობას ცხადყოფს. ყველასათვის საყვარელი ფერადი სამყარო უკვე წლებია,  გახდა სწორი ინვესტირების სამიზნე და სერიოზული შემოსავლის წყარო. საუბარია არა უბრალოდ სტანდარტულ საშუალო მაჩვენებლებზე, არამედ რეკორდულ თანხებზე. 

ამ მომენტისათვის  მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ანიმაციაა  2013 წელს გამოსული „გაყინული“ (“Frozen”), რომლის შემოსავალი 1 მილიარდ 290 მილიონს გაუტოლდა, ხოლო მის შექმნაზე 150 მილიონი დოლარი დაიხარჯა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო მონაცემებით შვიდმა ანიმაციურმა ფილმმა შეძლო 1 მილიარდიანი შემოსავლის ზღვარზე გადაცდომა, ხოლო 50-მა ანიმაციამ -ნახევარმილიარდიანზე. 

       მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული პროდუქციის უმრავლესობა ამერიკული წარმოშობისაა, ვერ ვიტყვით, რომ საქმე ცალსახად გლობალურ მონოპოლიასთან გვაქვს, რადგან ანიმაციების წარმოების ტენდენციაში ამერიკას არც ევროპისა და აზიის კონტინენტი ჩამოუვარდება.  ბოლო წლებში ასევე გააქტიურდა ავსტრალიაც. საერთაშორისო სტატისტიკური კომპანია „Statista”-ს მონაცემებით,  მსოფლიოში რაოდენობრივად  წელიწადში ყველაზე მეტ ანიმაციურ ფილმს ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონია აწარმოებენ, ხოლო ევროპის კონტინენტზე  - საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ბელგია. 2018 წელს მხოლოდ საფრანგეთში  300-მდე მოკლე და სრულმეტრაჟიანი ანიმაცია  გამოვიდა.

     როდესაც ანიმაციურ ფილმებზე   გლობალური გადმოსახედიდან  ვსაუბრობთ,  გვერდი  არ უნდა ავუაროთ  ქართული ანიმაციის ისტორიას, მით უფრო, რომ მან თვით დისნეის ანიმაციებსაც კი დაასწრო.  პირველი ქართული ანიმაცია „არგონავტები“,  რეჟისორმა ვლადიმერ მუჯირმა 1935 წელს შექმნა, ხოლო უოლტ დისნეის „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“   1937 წელს გამოვიდა. გასული საუკუნის ქართული ანიმაციების არქივი  ინახავს  50-მდე ნამუშევარს, რომლებიც  პოსტსაბჭოთა სივრცეში ყოველთვის გამოირჩეოდა შინაარსობრივი,  მხატვრული თუ მუსიკალური თვალსაზრისით.

     ჩნდება კითხვა - კარგი  გამოცდილების   მიუხედავად,  რა მიზეზების გამო  ვერ არის  დღეს  საქართველოში  ლოკალური ანიმაციური წარმოება სათანადო სიმაღლეზე?  პასუხი მხოლოდ და მხოლოდ ერთია - ფინანსების უკმარისობა. ქართველი ანიმატორებისა და ანიმაციის რეჟისორების მთავარი და ხშირად ერთადერთი დაფინანსების წყარო ეროვნული კინოცენტრია, რომლის ბიუჯეტი არასაკმარისია საიმისოდ, რომ სათანადო პროდუქცია შეიქმნას. მეტიც,   საერთაშორისო წარმოებაში  ხშირად მხოლოდ ერთი ანიმაციური პროდუქციის წარმოებაში იხარჯება იმაზე ორჯერ და სამჯერ მეტი, ვიდრე ჩვენს რეალობაში მთლიანად ეროვნული კინოცენტრის წლიური დაფინანსებაა. აქვე იკვეთება მთავარი პრობლემა,  რომ ჩვენს ქვეყანაში კერძო პირებსა და ბიზნესსექტორს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ ტიპის პროდუქციაში თანხის  ჩადებით, შესაბამისად,  დამატებითი ადგილობრივი დონორები ქართულ ანიმაციურ სტუდიებს არ ჰყავთ. ამიტომაც,  მთავარი საყრდენი კვლავ ეროვნული კინოცენტრი და საერთაშორისო  გრანტი თუ კონკურსებია.

    მიუხედავად მწირი რესურსისა, ბოლო 5 წლის განმავლობაში ქართულ ანიმაციურ კულტურაში ახალი ტალღა წამოვიდა, გამოიკვეთა ბევრი ნიჭიერი რეჟისორი, რომლებმაც სერიოზულ წარმატებებსაც მიაღწიეს და არანაკლებ სერიოზული მიზნებიც დაისახეს. თანამედროვე ქართული ანიმაცია გაცილებით რთულ,  ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსის პირობებშიც ცდილობს არ ჩამორჩეს საერთაშორისო ტენდენციას და საქართველოშიც არსებობდეს  ანიმაციური სპექტრის მრავალფეროვნება. ამ ეტაპისათვის, გამოიყოფა 3 ძირითადი მიმართულება: მოკლემეტრაჟიანი (საფესტივალო), სრულმეტრაჟიანი (3D)  და ეპიზოდური (ონლაინ).

 მოკლემეტრაჟიანი (საფესტივალო)

 საქართველოში იქმნება  საკმაოდ დიდი რაოდენობით  მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმები (ქრონომეტრაჟით 3-დან 10 წუთამდე), რომლებიც საერთაშორისო ფესტივალებზე სერიოზული წარმატებებით სარგებლობს. მაგალითად,  დამწყები რეჟისორის,  ანა ჩუბინიძის მოთხრობიდან ანიმაციად ქცეულმა ნამუშევარმა „ჯიბის კაცმა“ უკვე მიიღო  22 საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის,  ლონდონის, კანადისა და ჰიროშიმას საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალებზე: - „ერთი შეხედვით, მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია შედარებით მცირე აუდიტორიაზე გათვლილი გვეჩვენება, რადგან მასში მთავარი აქცენტი შინაარსსა  და ემოციურ გააზრებაზე კეთდება. მართალია,  მას არ აქვს  კომერციულ დატვირთვა, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება იქცეს მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია სრულმეტრაჟიანი ანიმაციის ერთგვარ ესკიზად, გეგმად, რომელიც მომავალში კომერციულ სახესაც მოირგებს“. - აცხადებს ახალგაზრდა რეჟისორი ანა ჩუბინიძე, რომელიც უკვე მუშაობს  მეორე პროექტზე, სახელწოდებით  „ფრენცის სამზარეულო“.

სრულმეტრაჟიანი (3D)

  სამგანზომილებიან გრაფიკაზე ადაპტირებული ანუ 3D ანიმაცია თანამედროვე ეპოქის სტანდარტული ნიშაა, რადგან ბოლო წლებში გამოსული ანიმაციები თითქმის ყველა შემთხვევაში ითვალისწინებს ამ ელემენტსაც. ჩვენ ქვეყანაში სრულმეტრაჟიანი და მითუმეტეს,  3D ანიმაციის შექმნა გაცილებით ხანგრძლივ დროს, შრომატევად სამუშაოსა და დიდძალ ფინანსებს მოითხოვს, ვიდრე სხვაგან.  შესაბამისად, ქართული ანიმაციის სამყარო ამ მიმართულებით სრულიად ახალბედაა -  ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ქართული 3D ანიმაციური ფილმი არსებობს („ჯინო“), რომლის სრულმეტრაჟიანი ვერსია ჯერ კიდევ შექმნის პროცესშია, ხოლო მოკლემეტრაჟიანი ვერსიის პრემიერა უკვე შედგა ანესის საერთაშორისო ფესტივალზე. 

  300-ზე მეტი ფესტივალის მონაწილე და რამდენიმე ჯილდოს მფლობელი ანიმაციის ავტორი დათო კიკნაველიძე „ლირა პროდაქშენთან“ ერთად სრულმეტრაჟიან ვერსიაზე უკვე მეორე წელია მუშაობს. ქართველი გომბეშო  ,,ჯინო“  ტბასთან ცხოვრობს და საერთოდ არ ინტერესდება მეზობლებთან მეგობრობით. თავგადასავალი ეკოლოგიისა და დესოციალიზაციის პრობლემებს აერთიანებს. დათოს თქმით, სათანადო ხელშეწყობის შემთხვევაში, ქართულ ანიმაციას  დიდი პოტენციალი აქვს: „ძალიან მნიშვნელოვნად მესახება ის ფაქტი, რომ ქართული ანიმაცია გამოღვიძების ფაზაშია.  როცა სხვაგან წელიწადში 300-400 ანიმაციური ფილმი იქმნება, ჩვენთან კი 3-4,  მაგრამ აქედან ყველა გამორჩეული და წარმატებულია, ე.ი.  გვაქვს იმის უნარი, რომ საერთაშორისო დონეზე პროდუქციას არათუ რაოდენობით, არამედ ხარისხით გავუწიოთ კონკურენცია. სამწუხაროა, რომ ამ სფეროთი ბიზნესსექტორი არ ინტერესდება, თუმცა ამას კვლავ არა ინფორმირებულობა განაპირობებს. სულაც არ იქნება სუბიექტური თუკი ვიტყვი, რომ ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი შესაძლებლობა, ბევრად მრავალფეროვანი ხედვა და შეგვიძლია ღირსეულად გავიდეთ გლობალურ აუდიტორიაზე“.

ეპიზოდური (ონლაინ)

    მსოფლიოში სკოლამდელი განათლების მიღება უფრო და უფრო აქტუალური ხდება ინტერნეტით, შესაბამისი ონალინშემეცნებითი პორტალების მეშვეობით. განსაკუთრებული როლი ამ საკითხში ე.წ „ონლაინ ანიმაციებს“ უჭირავთ. ეს გახლავთ ანიმაციური სერიალი, რომელიც თავსდება რომელიმე ინტერნეტ პორტალზე (ძირითადად იუთუბზე) და ეპიზოდების საშუალებით ბავშვები სწავლობენ თვლას, მარტივ მათემატიკას, ფერებს, ცოცხალ სამყაროს და სხვ. მსგავსი ტიპის ანიმაციური ნაწარმი ქართულ ინტერნეტსივრცეშიც მომრავლდა, თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს „ჟირაფი ჟოზე“, რომელსაც ჯამში 70 მილიონზე მეტი ნახვა და 75 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. რეჟისორ გიორგი მარშანიას თქმით, პროექტის ასეთი პოპულარობა ქვეყანაში ამ ტიპის შეთავაზების არარსებობამაც გამოიწვია:  - „ ფაქტობრივად, ჩვენს ქვეყანაში მულტფილმით შემეცნების ტენდენცია არ არსებობდა, მაშინ, როცა ამ გზით შესაძლებელია სასწავლო პროცესი გაცილებით მარტივი და სახალისო გახდეს. სწორედ ამიტომ შეიქმნა ,,ჟოზე“ და მალევე რეიტინგმა სტიმული მისცა სხვა სტუდიებსაც. ეს ფაქტი მისასალმებელია და ჩვენთვისაც მეტი მობილიზების გარანტია, რადგან უკვე კონკურენციის თემაც წამოიწია. ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება სრულემტრაჟიანი ვერსია უნდა იყოს.   მართალია,  ახლა ეს  ჩვენთვის პრობლემაა, თუმცა  იმედი გვაქვს,  დაფინანსების წყარო გამოჩნდება. სხვა შემთხვევაში,  კვლავ ჩვენი სახსრებითა და მონდომებით მოგვიწევს შრომა. პრინციპში, თავიდანაც ასე,  ენთუზიაზმითა და საქმის სიყვარულით დავიწყეთ.“

    აღსანიშნავია, რომ ანიმაციამ „ჟირაფი ჟოზე“ შეძლო და შექმნა ცნობადი პერსონაჟი, რაც თანამედროვე ანიმაციების კიდევ ერთი მომგებიანია  პროდუქტია, რადგან ანიმაციასთან ერთად, იქმნება და იყიდება პერსონაჟებზე შექმნილი წიგნები, სათამაშოები, ტანსაცმელი თუ სხვა.

    ანიმაციური ფილმი კინოფილმთან შედარებით იმ უპირატესობით სარგებლობს, რომ მას არ აქვს  ასაკობრივი ჩარჩო; იგი ერთნაირაირად საინტერესო და მიმზიდველია შეიძლება  გახდეს ბავშვისთვის და მათთვისაც, ვინც რამდენიმე წუთით სიამოვნებით დაბრუნდებოდა ბავშვობაში.  ანიმაციას მოვიხსენიებთ, როგორც „ფერად ფულს“, „პოზიტიურ ბიზნესსა“ თუ „მხიარულ ეკონომიკას“.  ერთი რამ ფაქტია - ანიმაციას შეუძლია გახდეს სერიოზული ფინანსური შემოსავლის წყარო,  საქართველოში კი არსებობს  საკმარისი შემოქმედებითი რესურსი, რათა  ადეკვატური ფინანსური ხელშეწყობის ფარგლებში შეიქმნას გამორჩეული პროდუქცია და   კონკურენცია გაუწიოს საერთაშორისო ნაწარმს.

 

 მომზადებულია საგან  ,,სტრატეგიული წერა ჟურნალისტიკაში“ ფარგლებში.

     ხელმძღვანელი:   მარი წერეთელი.