სტუდენტური კონფერენცია — „ყალბი ამბები და დეზინფორმაცია: საფრთხეები, ბრძოლის გზები, ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები“ — 24 თებერვალს თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრისა და ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ორგანიზებით გაიმართა. კონფერენცია მომზადდა საქართველოში აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის მცირე გრანტების პროგრამით დაფინანსებული პროექტის — „მედიაწიგნიერების გაუმჯობესება, როგორც დემოკრატიის განვითარების ფასილიტატორი საქართველოში“ — ფარგლებში. გრანტი ცოტა ხნის წინ მოიპოვა თსუ-ის მულტიმედია ცენტრმა. კონფერენცია, რომელშიც თსუ-ის სტუდენტებთან ერთად გორისა და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტების მაგისტრანტები და ბაკალავრიატის სტუდენტები მონაწილეობდნენ, პროექტის ფარგლებში ჩატარებული ერთ-ერთი ღონისძიებაა.
კონფერენცია გახსნა თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრის დირექტორმა, საქართველოში აშშ-ს საელჩოს „დემოკრატიის განვითარების მცირე გრანტის პროგრამით“ დაფინანსებული საგრანტო პროექტის – „მედიაწიგნიერების გაუმჯობესება, როგორც დემოკრატიის განვითარების ფასილიტატორი საქართველოში“ – ხელმძღვანელმა მარინა სალუქვაძემ: „დღეს ყალბი ინფორმაციის კვლევა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხი. უპირველესად, მადლობა მინდა გადავუხადო სტუდენტებს, რომლებმაც სურვილი და მზაობა გამოთქვეს, რათა ემუშავათ ამ საკითხზე. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, ქალბატონ თამარ დოლბაიას და თსუ-ის რექტორს, ბატონ გიორგი შარვაშიძეს დაინტერესებისა და მხარდაჭერისთვის. რაც ყველაზე მთავარია, განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო აშშ-ს საელჩოს წვლილი და თანადგომა როგორც ამ კონფერენციაში, ასევე პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სხვა ღონისძიებებში“, – თქვა მან.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თამარ დოლბაიამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ყალბი ინფორმაციის კვლევა, რისი კომპეტენციაც სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს ნამდვილად გააჩნიათ, რადგან ფაკულტეტზე მუდმივად ტარდება სამეცნიერო კონფერენციები და გამოდის რამდენიმე სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალიც. „მიხარია, რომ კონფერენციაში ჩვენთან ერთად ჩაერთნენ და მონაწილეობენ გორისა და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვალია, რომ დაეხმაროს რეგიონებს და გაუზიაროს გამოცდილება. ვფიქრობ, რომ ეს თანამშრომლობა არ იქნება ერთჯერადი და იქნება ინტენსიური. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სტუდენტებისთვის კეთდება, რათა მათ განუვითარდეთ უნარები კვლევით სფეროში. დღეს წამოწეული თემა ძალიან აქტუალურია, რადგან ყალბ ინფორმაციას, სამწუხაროდ, დიდი ძალა და გავლენა აქვს. ის შექმნილია საზოგადოების აზრსა და ემოციებზე გავლენის მოსახდენად, სიყალბის წინააღმდეგ ბრძოლაში კი ჟურნალისტების პასუხისმგებლობა დიდია. ამიტომ ასწავლიან მათ ფაქტების გადამოწმებას, წყაროებთან მუშაობას და მგონია, რომ ეს არის ყველაზე ძლიერი იარაღი დეზინფორმაციასთან ბრძოლაში“, — თქვა თამარ დოლბაიამ.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ: „დღეს ეს არის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, მე ვიტყოდი, ეგზისტენციალურიც კი, მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ამ ტიპის ინფორმაციას თითქმის ყოველდღიურად ვეხებით, რაც განსაკუთრებით საფრთხისმომცველია მცირე ქვეყნებისთვის. ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლაში უნიკალური როლი აკისრია მასმედიას, მათ შორის, ციფრულ მედიას. ამ პროცესში ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჟურნალისტები, რომლებიც ძალიან ფაქიზი, მნიშვნელოვანი და უაღრესად ინტელექტუალური საქმიანობის განმახორციელებლები უნდა იყვნენ. თემა, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა სამეცნიერო კვლევის თვალსაზრისითაც, რადგან „Fake News“-ის ფენომენი ბევრი ასპექტით არის შესასწავლი. რთულია, უნივერსიტეტმა ამაზე საშური და საჭირო საქმე მოიფიქროს ამ კუთხით, რადგან ეს არის ის სფერო, სადაც ყველაზე მეტად გვაკლია ცოდნა და კვალიფიკაცია. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აშშ–ს საელჩოს და, რა თქმა უნდა, ჩვენს მულტიმედია ცენტრს, რომელმაც ასე გვასახელა. ვიმედოვნებ, რომ ბევრი განაგრძობს კვლევას ამ მიმართულებით“, — თქვა მან.
სპეციალურად ამ კონფერენციისთვის მისალმების და მხარდაჭერის სიტყვა გამოაგზავნა ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის „ციფრული მედიისა და სთორითელინგის“ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა რიშელ როჯერსმა. მან აღნიშნა, რომ ჭეშმარიტებისკენ სწრაფვას დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ჟურნალისტიკაში. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სტუდენტებმა, როგორც ახალგაზრდა ჟურნალისტებმა, მნიშვნელოვანია ისწავლონ ყველაფრის ეჭვქვეშ დაყენება, ყალბი ინფორმაციის აღმოჩენა და მისი გავრცელების შეჩერება.
„ჭეშმარიტებისკენ სწრაფვას დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ჟურნალისტიკაში. თქვენ დეზინფორმაციის ეპოქაში ცხოვრობთ, რამაც არსებითი გახადა იმის ცოდნა, თუ რომელ ინფორმაციას უნდა ენდოთ. აი, ამიტომ, კრიტიკული მიდგომა უნდა გამოიმუშაოთ ყველაფრისადმი, რასაც ხედავთ და ისმენთ და შეაფასოთ მათი სიზუსტე. „ფეიკ ნიუსი“ ვითარდება, რაც ჟურნალისტებისთვის უფრო ართულებს, გაარჩიონ სინამდვილე გამოგონილისგან. „ფეიკ ნიუსთან“ ბრძოლა იქნება მთელი თქვენი ცხოვრების საქმე. იმედი მაქვს, დღევანდელი კონფერენცია შთაგაგონებთ, რომ წარმართოთ გონივრული დიალოგი იმის თაობაზე, რა შეგიძლიათ გააკეთოთ ყალბი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის კამპანიის წინააღმდეგ. ჩემთვის დიდი პატივია, დღევანდელ კონფერენციაზე მივესალმო სტუდენტებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მე ვყოფილვარ ბევრ თქვენს უნივერსიტეტში და შევხვედრივარ თქვენს არაჩვეულებრივ პროფესორებს“, — მიმართა კონფერენციის მონაწილე სტუდენტებს რიშელ როჯერსმა.
საინტერესო და დროული უწოდეს სტუდენტურ კონფერენციას გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მზია თადუმაძემ. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამგვარი თანამშრომლობა სამეცნიერო კვლევებისა და მომავალი ჟურნალისტების სწავლების პროცესში ბევრ საინტერესო სიახლეს შეიტანს.
კონფერენცია ტრადიციულად პლენარული სესიით გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობდნენ თსუ-ის დოქტორანტები და მაგისტრანტები: ნინო შენგელია თემით: „დეზინფორმაცია, როგორც სოციალური მედიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“; თამთა ჩხაიძე თემით: „ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის პრაქტიკა საქართველოში, უკრაინასა და ესტონეთში“ და ლიანა მარქარიანი თემით: „ცრუპოზიტივიზმი ყალბ ინფორმაციებში (ქართული სოციალური მედიის მაგალითებზე)“.
პლენარული სხდომის შემდეგ მონაწილეებმა და კომისიის წევრებმა მუშაობა განაგრძეს სამი ძირითადი სესიის მიხედვით: „გლობალური პანდემია და დეზინფორმაცია“, „ფეიკ ნიუსები“ და პროპაგანდისტული საფრთხეები“, „მედიაწიგნიერების გამოწვევები და ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის ეთიკური ასპექტები“.
მომხსენებლებს შორის იყვნენ როგორც ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის წარმომადგენლები, ასევე ქუთაისისა და გორის უნივერსიტეტების სწავლების სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ოცზე მეტმა სტუდენტმა. მათ საინტერესო მსჯელობა შემოგვთავაზეს ყალბი ახალი ამბების ფორმებსა და სპეციფიკაზე, რუსულ პროპაგანდისტულ საფრთხეებზე, მედიაწიგნიერების გამოწვევებზე. თითოეული სესიის შეჯამების შედეგად გამოვლინდნენ საუკეთესო ნაშრომების ავტორებიც: მარიამ კაჭკაჭაშვილი, ნათია მიხელიძე — თსუ („დეზინფორმაციული ინტერნეტსივრცე კოვიდ 19-ის პრობლემათა გაშუქებისას“); დათო დოლაბერიძე — თსუ („დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოში პანდემიის პერიოდში“); თამარ ნიკოლეიშვილი — აწსუ („სოციალური ქსელები, როგორც ახალი ამბების წყარო და ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის სამართლებრივი და ეთიკური ასპექტები“); მელანო ბერიძე, ნანო პაჭკორია — თსუ („მედიაწიგნიერებისადმი დამოკიდებულებები, გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები ქართულ საზოგადოებაში“); მარიამ მარტიაშვილი, ხატია მიკირტიჩიანი — გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი („მედიაწიგნიერება — პრობლემის გადაჭრის გზების ძიება“); მარიამ ფრანგიშვილი, სოფიო ტაბატაძე — თსუ („ყალბი ახალი ამბები და დეზინფორმაცია, როგორც რუსეთის ჰიბრიდული ომის მთავარი იარაღი“) და ცოტნე უმეკაშვილი, ნინი ხეცურიანი — თსუ („რუსული პროპაგანდის ტენდენციების მნიშვნელობა ყარაბაღის კონფლიქტში“).
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტმა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ პროექტის ხელმძღვანელი მარინა სალუქვაძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი მანანა შამილიშვილი და პროექტის კოორდინატორი ნათია სვანიძე, კონფერენციის შედეგები შეაჯამა. კომიტეტის გადაწყვეტილებით, საუკეთესო მოხსენებების ავტორები დასაჩუქრდებიან სამახსოვრო ჯილდოებით, ხოლო სამეცნიერო კომისიის მიერ შერჩეული ნაშრომები წიგნად აიკინძება. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულ სტუდენტებს საჩუქრები უშუალოდ თსუ-ის რექტორის სახელით გადაეცემათ.
მოამზადა ლიანა მარქარიანმა