საზოგადოება

შეზღუდული შესაძლებლობებიდან შეუზღუდავ წარმატებამდე

2022-02-23

შეზღუდული შესაძლებლობები კარს ვერ ჩაუკეტავს ვერც განათლებას, ვერც წარმატებას. ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ინდომებენ და იბრძვიან, მათთვის მიზანი მიუღწეველი  არასდროს რჩება. ცხოვრებაში წინ გადადგმული ყოველი ნაბიჯი, ეხება ეს რაიმე უნარის განვითარებას, გატაცებისთვის ფართო გზის მიცემას, თუ პროფესიულ განათლებას სასწავლებელებში, აუცილებლად არის წარმატების ერთგვარი ფორმულა. საზოგადოებაში კვლავ იგრძნობა არასწორი დამოკიდებულება, რეალობას მოწყვეტილი მოსაზრებები შშმ პირებთან დაკავშირებით, დროა, ყველამ გაიაზროს, რომ უსინათლობა არ ნიშნავს უწიგნურობას, გონებრივი დაავადება არ ნიშნავს უუნარობას, ეტლი არ ზღუდავს გადადგილების შესაძლებლობებს. საქართველოში არაერთმა ადამიანმა დაამტკიცა, რომ ისინი არიან მაგალითი იმისა, რომ წარმატებას რომელიმე ფიზიკური შესაძლებლობის დაქვეითებაც კი ვერ აღუდგება წინ.

მხედველობა შეზღუდული გოგონა ნანა ბრეგვაძე სულ რაღაც ერთი თვის იყო, როდესაც თვალის ანთება განუვითარდა და, არასწორი მკურნალობის შედეგად, მხედველობა სრულად დაკარგა, თუმცა ის არ დანებდა, დაისახა მიზნები, მიაღწია მათ და ახლაც კვლავ აქტიურად, შემოქმედებითად განაგრძობს ცხოვრებას. „მხედველობის პრობლემის მქონე პირი ნიშნავს, რომ სურს ჰქონდეს  დამოუკიდებელი ცხოვრება და დამოუკიდებელი არჩევანი,“ – აცხადებს ნანა ბრეგვაძე.

მან განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, წარჩინებით დაამთავრა  საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო კურსი. არის ინგლისური და გერმანული ენების ფილოლოგი, როგორც თვითონ იხსენებს უნივერსიტეტში თავისი პირველი ნაშრომი „კულტურის გლობალიზაცია და საქართველო” სწორედ მხედველობაშეზღუდულ პირებს მიუძღვნა.

ნანასთვის განათლების მიღება ადვილი სულაც არ ყოფილა, მაგრამ არა იმიტომ რომ რამის ათვისება უჭირდა, არამედ იმიტომ, რომ სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც თავდაპირველად სხვების დახმარება სჭირდებოდა, თავისით მხოლოდ შუქის დანახვა შეეძლო, ამბობს, რომ თავიდან დედისა და მეგობრების დახმარების გარეშე  ვერაფერს აკეთებდა, ამ ყველაფერთან ადაპტირებას და ფსიქოლოგიურად გამკლავებას კი გარკვეული დრო დასჭირდა. „თავიდან უნივერსიტეტში თავს მოლეკულასავით ვგრძნობდი, მაგრამ დროთა განმავლობაში გადავლახე ეს დაბრკოლება, მივიღე ცოდნა გამოცდილება და დავიწყე ფიქრი  წინ და წინ როგორ წავსულიყავი”, გვიამბობს იგი. გზა წარმატებისკენ იმ დღიდან გაიკვალა, როდესაც სხვადასხვა პროექტში ჩაერთო, დაიწყო საკუთარი პროექტების შექმნაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მაქსიმალური ინფორმირებისთვის თავიანთი უფლებების შესახებ.

აქტიური შრომისა და სწავლის შედეგად,  ნანა დღეს თბილისის მერიის წარმატებული თანამშრომელია. ასევე გახდა საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. ახლახან,  27 ოქტომბერს, „საქართველო-კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრში“ სწორედ მან  წარმოადგინა  პროექტი „ხმოვანი ბიულეტენი უსინათლო და მცირემხედველი ადამინებისთვის, პრეზენტაციის მთავარი მიზანი „მეგობარი კალმის“ წადგენა და მისი უპირატესობების წარმოჩენა იყო.

ეს ყველაფერი არ არის, ნანა  ყოველივესთან ერთად უკვე მეოთხე წელია უსინათლო მუსიკოსთა ბენდის “რელიქვია”-ს პროდიუსერია. ის ერთ ადგილას არ ჩერდება და ბენდის კიდევ უფრო მეტი წარმატებისთვის იბრძვის.  „ჩემი მიზანია, გვქონდეს რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობები და ინსტრუმენტები განვითარებისთვის, საქართველოში ჩვენს ჯგუფს ჯერ ანალოგი არ ჰყავს,“  ამბობს ის.

* * *

ეტლი არ განაპირობებს მიჯაჭვულობას. მასთან მეგობრობა შესაძლებელია და მეტიც, ამ დადებითი განწყობით შესაძლოა სპორტთანაც დააკავშირო ცხოვრება.

30 წლის  ირმა ხეცურიანი დღეს პარამოფარიკავეა, დიდ სპორტში გზა სწორედ ეტლთან ერთად გაიკვალა.

18 წლის იყო, როდესაც ხერხემალში აღმოაჩნდა კეთილთვისებიანი სიმსივნე, ოპერაციის ჩატარების შემდგომ განვითარებულბა მოვლენებმა მას ცხოვრება ეტლთან ერთად გააგრძელებინა. „თავიდან ძალიან გამიჭირდა ამის გაცნობიერება. მეტიც, ისე რთულად ვიყავი, რომ მეგონა,  ეტლით მხოლოდ მე გადავადგილდებოდი. მანამდე მხოლოდ მოხუც ადამიანებზე წარმომედგინა ეტლი თანამგზავრად,“- იხსენებს ირმა ხაცურიანი.

ცხოვრება, როგორც მოულოდნელი არასასიამოვნო, ისე, პირიქით, ძალზედ აღმაფრთოვანებელი, გამაკვირვებელი მოვლენებითაა სავსე. დღეს ირმა წარმატებული და ცნობილი პარამოფარიკავეა. ის გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ვიცე-ჩემპიონი ევროპაში, მოპოვებული აქვს ბრინჯაოს მედალი, ასევე ჯერ კიდევ 2015-17 წლებში მიიღო „მსოფლიოს საუკეთესო პარასპორტსმენი ქალის“ წოდება, ხოლო 2016-18 წლებში „საუკეთესო პარასპორტსმენ“ ქალად აღიარეს საქართველოში.

ირმა გვიამბობს, რომ დამოკიდებულების შეგრძნება გონებაში ჩნდება, იმ სტრესთან ერთად, რომელიც მსგავსი ახალი ამბის აღქმას ახლავს, მაგრამ მალევე იღვიძებს დამოუკიდებლად ცხოვრებისა და გადაწყვეტილებების მიღების სურვილი. „თავდაპირველად საქართველოში ეტლით მოსარგებლე ადამიანებთან პირველი შეხვედრა „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ ბანაკში მქონდა. შევხდი ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ დასახული მიზნები, ჰქონდათ არჩევანი, თუ რომელ სფეროში იმოღვაწებდნენ. ერთ წელში შევძელი იმდენი, რომ მომდევნო წელს ბანაკის ტრენერი მე თვითონ გავხდი. პარაოლიმპიურ კომიტეტში ოფისმენეჯერის ვაკანსია იყო, რადგან ვიცოდი ორი ენა და მქონდა კომპიუტერთან მუშაობის კარგი გამოცდილება. სამსახურში ამიყვანეს,“ – გვიამბობს ირმა ხაცურიანი. იგი ყველას აფრთხილებს, რომ დაბრკოლება და წინააღმდეგობა იქნება, თანაც ბევრი, მაგრამ ყველაფრის გადალახვა ღირს იმ წარმატებად და კეთილდღეობის მისაღებად, რაც აუცილებლად გელით წინ.

* * *

სმენისა და აზროვნების უნარის ქონა ნამდვილი უპირატესობაა, როდესაც მხედველობა და გადაადგილების უნარია დაქვეითებული, თუმცა რა ხდება მაშინ, როცა  საქმე ეხება ინტელექტუალურ ჩამორჩენილობას, „ადაპტური ქცევის დეფიციტის“ დიაგნოზით? ალბათ ყველა იფიქრებს, რომ ეს უკვე ნამდვილი გადაუჭრელი პრობლემაა, რომლის წინააღმდეგაც წარმატება ვერ წავა. საბედნიეროდ 35 წლის ლევან კიკაჩეიშვილის ამბავი ამ მოსაზრებას ნამდვილად უარყოფს, ეს არის ისტორია ნამდვილი ბრძოლისა და სამხატვრო მოღვაწეობაში წარმატების შესახებ.

ერთ დღეს ლევანის ოჯახი მიხვდა, რომ შვილის სკოლაში განათლების მიღება ფიზიკურად ვერ მოხერხდებოდა, მათ ფარხმალი დაყარეს და ცხოვრება ჩვეულებრივად განაგრძეს. მალევე შეამჩნიეს, რომ ლევანმა ფურცელთან და ფანქართან მეგობრობა დაიწყო. ხატავდა ყველაფერს, რასაც ხედავდა, თანაც ძალიან მიმზიდველად. ინტერესდებოდა პეიზაჟებით. ამ მიზეზით დედამ მიიღო გადაწყვეტილება, ლევანისთვის სამხატვრო ნივთებთან ერთად, ფოტოაპარატიც შეეთავაზებინა.  ლევანი ქუჩებში  ყველა დეტალს აღიქვამდა და ამჩნევდა ისე, როგორც არავინ, საბოლოოდ კი ულამაზეს ფოტოებს იღებდა. მოგვიანებით ოჯახმა გადაწყვიტა მისთვის ხატვის მასწავლებელი აეყვანათ, რომელიც პროფესიონალურ საკითხებში მისცემდა მიმართულებას.

დღეს ლევანი სამტრედიაში თავის საცხოვრებელ გარემოში ყველასთვის ცნობილი, აღიარებული ბიჭია,რომელმაც დაამტკიცა, რომ მისი უნარი გზის გაფართოებას იმსახურებდა, რომ მასაც შეეძლო თავისი არჩევანი და საქმიანობა ჰქონოდა. ლევანისთვის ხშირად მიუმართავს მოსახლეობას ნახატის შექმნის სურვილით, ნამუშევარი აქვს, როგორც პორტრეტებზე, ისე სხვადასხვა შინაარსის ნახატებზე.

აქტიურად მუშაობას დღემდე განაგრძობს, პირველყოვლისა საკუთარი განვითარებისთვის, ამასთან ერთად სოფელში ფაქტია ისიც, რომ ლევანის ნახატის შექმნას მუდმივად სთხოვენ და ხალხის რაოდენობა ჯერ არ გამოლევია.

საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი მაგალითებით ამტკიცებენ, რომ შეუძლებელი არაფერია, ყველაფერი განხორციელებადია, მთავარია მონდომება.

 

 

ავტორი: მარი ბოხუა

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე