თუ გსურთ საინტერესო გარემოში მოხვედრა და თიანეთური კულტურის ახლოს შეცნობა თამაზ სისაურის ფერმას უნდა ეწვიოთ. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ უშუალო მონაწილეობა მიიღოთ პურის ჩაკვრაში, ხინკლისა და დამბალხაჭოს მომზადებაში, გაპარსოთ ცხვარი, ითევზაოთ  ან გაისეირნოთ ცხენით. ფერმა დაბა თიანეთთან ახლოს მდებარეობს, მოშიშვლებულ მინდორზე პატარა სახლია, სადაც მარტო ცხოვრობს ერთი ფერმერი, რომელიც ბევრს შრომობს, რათა ნამდვილი ქართულ პროდუქტი აწარმოოს და ტურისტებს უმასპინძლოს.

თამაზ სისაური უკვე წლებია ფერმაში მარტო ცხოვრობს და მოსაქონლეობას მიჰყვება. მისი ყოველი დღე 7 საათზე იწყება. მოჰყავს ქართული პომიდორი, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, ხალხს განსაკუთრებით მოსწონს. 

 

ფერმერის ცხოვრება და სახლი მისი ბიზნესის წყარო გახდა. აღმოჩნდა, რომ ტურისტებისთვის ეს ფერმა ძალიან საინტერესოა. თამაზი მათ ასწავლის ხინკლის მოხვევას, ხაჭაპურის კეთებას, ათვალიერებინებს სოფელს , ბუნებაში მიჰყავს. ფერმერი ამბობს, რომ სტუმრების მასპინძლობით ის ძალიან ბედნიერია, ამავდროულად ეს მისი დამატებითი შემოსავალია. ტურისტები ძირითადად ზაფხულში მოდიან, გუდაურიდან გზად შემოივლიან, ფერმაში ისვენებენ და უფრო ახლოს იცნობენ ქართულ კულტურასა და ტრადიციებს.

ტურისტების მომსახურების იდეა თამაზს თავად არ გასჩენია. ერთხელ ჩეხეთიდან ჩამოსულმა გოგონამ სთხოვა თიანეთის დათვალიერებაში დახმარება, შემდეგ მან  მის ძმას ურჩია ფერმერთან ჩასვლა, მათ კიდევ სხვებს უთხრეს და ასე გავრცელდა თამაზის ფერმის ამბავი უცხოეთში. მას შემდეგ ფერმაში ტურისტები ხშირად ჩამოდიან, თან უკვე ტურისტების ჯგუფი იქმნება და ისე მოდიან. სამწუხაროდ, ფერმაში საჭირო პირობები არ არის დასარჩენად, ამიტომ ტურისტები ძირითადად გუდაურში რჩებიან.

ნამდვილად გირჩევთ თამაზ სისაურის ფერმას ეწვიოთ, იქ დაგხვდებათ პატარა ბეკეკო, ნაგაზი ლაბა, გოჭები და საოცრად თბილი გარემო. თამაზი მუდამ მზადაა ხალხს უმასპინძლობს,  თანამოქალაქეებს  კი ურჩევს სოფლის მეურნეობას მიყვნენ და შექმნან ნამდვილი, ჯანსაღი ქართული პროდუქტი. 

 

                                                                                                                                 

 

მომზადებულია სასწავლო კურს "ბეჭდური მედია"-ის ფარგლებში

ხელმძღვანელი: მაია ტორაძე