კულტურა

რევიუ: ტრაგედიის ეკრანული გამოძახილი - ახალი მხატვრულo ფილმი „სოხუმი“

მულტიმედია ცენტრი 2025-11-11

რევიუ

კინოდრამა 

 

ტრაგედიის   ეკრანული გამოძახილი  -  ახალი მხატვრულo ფილმისოხუმი

 

აფხაზეთის ომი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული     მოვლენაა.  მას შემდეგ, რაც  1993 წელს თითქოსდა დრო გაჩერდა,  28   წელი გავიდა, თუმცა   სოხუმის დაცემა   დარჩა    ტრაგედიად, რომელიც  თავს  შეგვახსენებს,    ვიდრე  საქართველო  იარსებებს.

 სწორედ   აფხაზეთის   ომის    თემას ეძღვნება  რეჟისორ გიორგი ბარაბაძის  მხატვრული ფილმი - დრამა   „სოხუმი“,   რომლის  სიუჟეტი  1990-იანი წლების  ისტორიულ   ამბებს ეფუძნება,  გვახსენებს იმ პერიოდის პოლიტიკურ პროცესს,  ხელს უწყობს ამბის  ხელახალ აღქმას და  წარმოაჩენს იმდროინდელ   ფსიქოლოგიურ ფონს. ის  არ არის მხოლოდ     კინო-რეკონსტრუქცია სოხუმის დაცემაზე,  არამედ ფილმი გვიჩვენებს, როგორ ინგრევა ქალაქი,  მასთან ერთად კი  ნადგურდება ადამიანების სიცოცხლე  და  იკარგება იმედი. 

სიმბოლურია,  რომ   კინოსურათის   პრემიერა   სოხუმის  დაცემის ისტორიულ თარიღს, 27 სექტემბერს   დაემთხვა, რაც განსაკუთრებით ემოციურია აფხაზეთიდან  დევნილთათვის,  ვინაიდან   ორსაათიანი ფილმის  კადრების ყურებისას,     მათ გონებაში უთუოდ   გაცოცხლდებოდა   წლების წინ  თავსდატეხილი   ტრაგედია. მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურების როლებს განასახიერებენ  ქართველი მსახიობები;. ჟიული შარტავას როლს  ასრულებს   დავით ბეშიტაიშვილი, ედუარდ შევარდნაძის -  გოგა პიპინაშვილი, ხოლო ზვიად გამსახურდიას   – თემიკო ჭიჭინაძე.  ასევე მონაწილეობენ:  ანდრო ჭიჭინაძე, ვანიკო თარხნიშვილი, ია შუღლიაშვილი, თამუნა ნიკოლაძე, პაატა ინაური, ვანიკო თარხნიშვილი და თეატრისა და კინოს სხვა  არტისტები. .

სიუჟეტი ვითარდება ქალაქის დაცემის ბოლო დღეებში. მოქმედება წარმოჩენილია არა როგორც გმირული ბრძოლების ქრონიკა, არამედ როგორც ადამიანების სასოწარკვეთილი მცდელობა, გადარჩნენ განწირულ რეალობაში  ისე,  რომ შეინარჩუნონ ადამიანობა. მოქმედი  გმირები - სამხედროები, სამოქალაქო პირები, ოჯახები - ყველა  ერთნაირად  უმკლავდება  განადგურებისა   და გაქრობის საფრთხეს. ფილმში ასახული ერთი ოჯახის   ამბავი  მთლიანად ქვეყნის ტრაგედიის მეტაფორად იქცევა. განსაკუთრებით ემოციურია სცენა, როცა ოჯახის წევრებს ერთმანეთისგან დაშორება უწევთ: ქმარი  ქალაქში რჩება, ცოლი კი მიდის. მათ არ იციან,  როგორ გააგრძელონ  ცხოვრება ერთმანეთის გარეშე, ისიც კი უცნობია, კვლავ შეახვედრებს  თუ არა  ბედისწერა  ერთმანეთს.   ერთი ოჯახის პიროვნული ტრაგედიის მიღმა  მთელი სოხუმი დგას, სოხუმის უკან კი საქართველო, რომლის ტერიტორიის  20% დღემდე ოკუპირებულია.  თითოეულ დეტალსა და სცენაში აისახება  ომით გამოწვეული ტკივილი -განშორება, დაკარგვა და  მოლოდინი.

,,სოხუმი“   გამოირჩევა ვიზუალური ენითა და საინტერესო ხედვით. სტატიკური კამერა ქმნის დოკუმენტურ ატმოსფეროს, რაც მაყურებელს უქმნის  განცდას, თითქოს თვითონაც იმ დროის უხილავი მოწმეა. ერთი შეხედვით,  მეორეხარისხოვანი დეტალები ხაზს უსვამს ტრაგედიის  მოჩვენებით სიმშვიდეში შეფარულ სისასტიკეს.  კადრებში  მოჩანს  სოხუმის   დაცარიელებული ქუჩები, დამწვარი შენობები და სიჩუმეში ჩაძირული ქალაქი -ეს ყველაფერი არა მხოლოდ ფიზიკური ნგრევის, არამედ ადამიანური ტრავმისა და შიშის სიმბოლოა. განსაკუთრებით მძიმე სანახავია მოსახლეობის გაქცევა  ქალაქიდან, რომელიც სიცოცხლისთვის უკვე სახიფათოა, და  ვეღარ იტევს ბომბებსა თუ   ტყვიებს.  ფილმი  გვიჩვენებს, როგორ იქცა სოხუმის დაცემა ტრაგედიად მთელი ქვეყნისთვის, არა მხოლოდ ტერიტორიის, არამედ მომავლის რწმენისა და იმედის  დაკარგვის გამო.   იგი   ასევე გვახსენებს საქართველოს ეროვნული გმირების ისტორიას;  შთამბეჭდავი და ემოციურია  ფინალი, როდესაც საქართველოს ეროვნულ გმირს,    ჟიული შარტავას   სთხოვენ, დატოვოს მინისტრთა საბჭოს შენობა და ქალაქი  სოხუმი, თუმცა  იგი უარს აცხადებს  მიუხედავად იმისა, რომ   დარჩენა დაღუპვას ნიშნავდა. ამიტომაც,   სიკვდილის წინაშე დგომა ღირსებისა და ქვეყნისადმი ერთგულების სიმბოლოდ იქცევა.  ასეთი დასასრული თითოეული ქართველის გულს სიამაყით, ტკივილითა და ეროვნული სულისკვეთებით ავსებს.  ამ სცენებში რეჟისორი გვიჩვენებს, რომ ომი არ განასხვავებს  გმირსა და მსხვერპლს,  თუმცა   ყველას არ  ძალუძს  ადამიანური ღირსების შენარჩუნება.

„სოხუმი“ რთულ კითხვებს სვამს: რას ნიშნავს სახლის დაკარგვა?  რა რჩება ადამიანში, როცა ირგვლივ ყველაფერი ინგრევა?   შესაძლოა   თუ არა შერიგება და ნდობის აღდგენა ომის შემდეგ? .  ფილმის გზავნილი მკაფიოა - ომი არ მთავრდება მაშინ, როცა იარაღი ,,დუმდება“. ის  აგრძელებს არსებობას ადამიანების მეხსიერებაში,  თითოეული ოჯახის ისტორიასა და ხალხის ცნობიერებაში.

რეჟისორ  გიორგი ბარაბაძის ნამუშევარი არის პოლიტიკური და სოციალური  გზავნილი, ამავდროულად,  მშვიდობის, თანაგრძნობისა და ეროვნული თვითშეგნებისკენ მოწოდება. „სოხუმი“ არ არის მხოლოდ ისტორიული ფილმი,  ის მეხსიერების დოკუმენტია, ემოციური სარკე, რომელიც გვაიძულებს ჩავხედოთ საკუთარ წარსულს და დავფიქრდეთ მომავალზე.  კინონაწარმოები  გვახსენებს, რომ ომი არ რჩება წარსულში,  ის    ჩვენი ქვეცნობიერის, ჩვენი კულტურისა და  ისტორიის  განუყოფელი  ნაწილია.  

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბარაბაძის  ნამუშევარი  ბევრისთვის გახდა   ისტორიული მეხსიერების ეკრანული გამოძახილი.  პრემიერის შემდეგ   შეიმჩნეოდა  მის მიმართ მაყურებლის  არაერთგვაროვანი რეაქცია.  მართლაც ჩნდება განცდა, რომ  ფილმში ნაკლებია მოქმედება, დინამიკა, ექსპრესიულობა, ომის ჰეროიკა.  „სოხუმი“  განსხვავებულად  გადმოსცემს სათქმელს -  ქალაქის დაცემას  გვახსენებს როგორც ღრმა  ჭრილობას,  რომელიც   გარედან, ღიად  არ ჩანს, თუმცა  შიგნიდან    მუდმივად  მტკივნეულია.

ფილმს მაყურებლები  სოციალურ ქსელებშიც გამოეხმაურნენ. აღსანიშნავია, რომ ,,სოხუმი“ განსაკუთრებით კრიტიკულად  მიიღეს  აფხაზეთიდან დევნილებმა,   ვინაიდან მათი აღქმით, მასში  სათანადოდ არ ვლინდება მოვლენის სიმძიმე, ფაქტები ზედაპირულადაა გადმოცემული და ყურადღება გამახვილებულია მეორეხარისხოვან დეტალებზე. საქართველოს უახლესი ისტორიის მთავარი ტრაგედია წარმოჩენილია როგორც ერთი ჩვეულებრივი მოვლენა. ზოგადად,  კრიტიკულად განწყობილი მაყურებლის აზრით, აფხაზეთის ომის მძიმე გამოცდილება გადმოცემულია მინიმალისტურად,   უემოციო მესიჯები კი  ქმნის    წარსულისადმი  ერთგვარ  ემოციურ დისტანციას და ამცირებს   ტრაგედიის  რეალურ    მასშტაბს.

თვალშისაცემია  კინოსურათისთვის  დამახასიათებელი   პოლიტიკური სიფრთხილე. რეჟისორმა  მკაფიოდ არ გამიჯნა   სოხუმის  ტრაგედიის   მსხვერპლი   და დამნაშავე, მაგრამ  შეძლო,   აღებეჭდა   ომი ადამიანების ცნობიერებაში  და არა ხმამაღალ     რიტორიკაში. ამიტომაც,   მაყურებელთა  ნაწილი  დარბაზიდან ცრემლმორეული გავიდა,  ნაწილი   დაბნეული და ჩაფიქრებული, ზოგიც -  გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებული.

მიუხედავად  მაყურებლის  არაერთგვაროვანი და კრიტიკული აღქმებისა,  ახალი ფილმი ,,სოხუმი“  თითოეული ქართველისთვის უთუოდ   არის  როგორც ძველი, შეუხორცებელი  ჭრილობის გახსენება, ასევე, სულიერი    სიმტკიცისა     და იმედის   შთამაგონებელი.

 

 

                                                                                                                ავტორები:

                                       ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების

                                                 მეორე კურსის სტუდენტები- მარიამ ძინძიბაძე და ელენე ჯოხაძე.

 

მომზადებულია  საგან "ანალიზისა და მოსაზრების" ფარგლებში,

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მარი წერეთელი