საზოგადოება

მეტი ემანსიპირებული ქალი საზოგადოებას!

2014-12-12



        სახელი
-ნინო;

გვარი - მათიაშვილი;

ასაკი - 15 წლის;

ოჯახური მდგომარეობა - ქორწინებაში მყოფი.


ნინო 14 წლის იყო, როდესაც მოიტაცეს. სრულიად უცხო პირი, რომელიც მაშინ ნინოსთვის მომავალი მეუღლე და 17  წლის ბავშვი იყო, დღეს უკვე მისი ამჟამინდელი ქმარი და 18 წლის ,,მამაკაცია.  ნინო იხსენებს, რომ მას გათხოვება არ უნდოდა, თუმცა ,,ასე მოხდა“. პირველი, რაც დედამ გააკეთა, როცა მოტაცებული შვილის სანახავად მივიდა, იყო ის, რომ ცალკე გაიყვანა და ჰკითხა ,,მოხდა თუ არა მოსახდენი“ და რადგან ,,მოსახდენი უკვე მომხდარიყო“, 2013 წლის 14 სექტემბერს საზოგადოებას კიდევ ერთი ტრადიციული ქართული ოჯახი შეემატა. უმანკო ბავშვობიდან ზრდასრული ქალის ამპლუაში გადასვლა, გოგონას მისი ჩარევის გარეშე, უფროსებმა და საქალწულე აპკის უკვე აღარ არსებობამ გადაუწყვიტა.

მას შემდეგ 1 წელი და 3 თვე გავიდა და ნინოს უკვე გათხოვილი ქალი ჰქვია. ზუსტად ამდენივე ხანია, რაც გოგონამ სკოლაში სიარული შეწყვიტა და, შესაბამისად, საშუალო განათლების მიღებაც ვერ დაასრულა. სავარაუდოდ, ნინო სწავლას ვეღარასოდეს გააგრძელებს.

ბევრი რამ მოხდა ამ 1 წელსა და 3 თვეში - გოგონა დაორსულდა, თუმცა 4 თვის ორსულს მუცელი მოეშალა. რატომ? იმიტომ, რომ მისი ორგანიზმი ჩამოუყალიბებელი და მოუმწიფებელი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ახალი სიცოცხლე ეშვა, იმიტომ, რომ ნინო თავად იყო ბავშვი.

ცხადია, ნინომ დაკარგა ის წარმატება, რომლისთვისაც, შესაძლოა, პოტენციურად მიეღწია. ის, შეიძლებოდა, ექიმი გამხდარიყო და ადამიანების სიცოცხლე გადაერჩინა, შეიძლებოდა, იურისტიც გამხდარიყო, ანდა მხატვარი. ალბათ, როგორც ყველა ბავშვს, მასაც ჰქონდა ადრეულ ბავშვობაში საოცნებო პროფესია და არაერთხელ წარმოედგინა, თუ როგორ დაეუფლებოდა მას და როგორ გაგრძელდებოდა შემდგომში მისი ცხოვრება ბედნიერად. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა, რადგან მის ცხოვრებაში ,,უფალნი“ სხვები აღმოჩნდნენ. აღმოჩნდა, რომ სწორედ ნინო იყო ყველაზე ნაკლები უფლების მქონე იმ პირთაგან, რომელთაც ხელთ მისი ცხოვრების სადავეები ეკავათ.

15 წლის გოგონას ისტორია სევდიანია, მაგრამ კიდევ უფრო სევდიანი ისაა, რომ ნინო ერთადერთი არ არის და მსგავსი შემთხვევა ძალიან ბევრია. ჩაგრულ გოგონებს გათხოვების შემდეგ, ქორწინების მოწმობის საბუთით, ლეგალურად აუპატიურებენ, ხოლო იმ მიზეზით, რომ უყვართ - ძალადობენ ფიზიკურად, თუ ფსიქოლოგიურად, ართმევენ მომავალს და ა.შ.

 

სახელი - მაკა;

გვარი - წივწივაძე;

ასაკი - 33 წელი;

სტატუსი - გარდაცვლილი (მოკლული).

მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი - მაკა წივწივაძე ლექციიდან გაიყვანეს. რამდენიმე წუთში იგი გარდაცვლილი იპოვეს.ლექტორი ყოფილმა ქმარმა იმსხვერპლა.

მაკა ერთადერთი ქალი არ გახლავთ, რომელიც მოკლეს. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში 23 ქალი მოკლა ყოფილმა თუ ,,მოქმედმა’’ ქმარმა.

ფემიციდთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ პრობლემა არა კანონში, არამედ მენტალიტეტშია. ეს მოვალეობის მიზნით წამოსროლილი ფრაზა იმის აშკარა ილუსტრირებაა, რომ მინისტრი თავიდან იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას. ვფიქრობ, საჭიროა მეტი კატეგორიულობა, გადამჭრელი ზომების  მიღება, კონკრეტული მექანიზმებისა თუ ბერკეტების შექმნა, რომლებიც მსგავსი ფაქტების პრევენციას მოახდენენ.  ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის 53% ქალია, ცალსახად საჭიროა პრიორიტეტების გადახედვა და მათი  გადანაწილება მეტი ემანსიპირებული ქალის პრინციპით.

გგონიათ, ყველა ერთხმად თანხმდება იმაზე, რომ ცოლის მკვლელი მამაკაცები დამნაშავენი არიან? არა! ალბათ, ფიქრობთ, ნუთუ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სწორად მიიჩნევენ და ამართლებენ ქალების  ჩაგვრას? ნუთუ, კვლავ ფიქრობენ, რომ მამაკაცს შეუძლია ქალი მოკლას, თუ ამ უკანასკნელმა ფეხი არ დაბანა, ცხელი კერძი არ დაახვედრა, რიგიანი ქალობა არ გაწია და კდემა არ შეინარჩუნა?

რეგიონებსა და დედაქალაქში ჩატარებული გამოკითხვების გაცნობის შემდეგ, დავასკვენი, რომ, ხალხის აზრით, იმაში, რომ კაცები ქალებს ხოცავენ, ისევ ქალები არიან ლატენტური დამნაშავენი. ზრდასრული, „მოაზროვნე“ ადამიანები აყალიბებენ ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც, მდედრი თავისი ქმედებებით  მამრში მოძალადეს აღვიძებს, იმიტომ, რომ, სინამდვილეში, ყველა არსების გენეტიკაშია ჩადებული პოტენციური მოძალადის კოდი და ამიტომაც მასში დამნაშავე არ უნდა გავაღვიძოთ. კიდევ იმიტომაც, რომ ქალი კაცს უნდა დაემორჩილოს!

რასაკვირველია, მსგავსი მოსაზრებები და საკითხის მიმართ სექსისტური მიდგომა ნონსენსია. ქალების მოტაცება, ფემიციდი და, ზოგადად, მათი ჩაგვრა არ არის მხოლოდ დრომოჭმული ტრადიციების თანამედროვეობაში გაგრძელება. მისი სათავეები გაცილებით უფრო ღრმად უნდა ვეძიოთ. ის მოდის იქიდან, საიდანაც ქალის ნივთად აღქმა დაიწყო და ქალსა და მამაკაცს შორის, კაცს ცალსახა უპირატესობა მიენიჭა .

მასკულინური დომინაციის წარმომშობი მიზეზები სადღა უნდა ვეძებოთ? რელიგიაში? განათლებაში? ტრადიციებში? იქნებ, თავად საზოგადოებაში, ანდაც, პიროვნების არასწორ აღზრდასა და ფორმირებაში? ან, იქნებ, ადამიანთა დამახინჯებულ ცნობიერებაში, რომელსაც კვლავ არასწორ აღზრდამდე მივყავართ და მოჯადოებულ წრეში გვკეტავს. ფაქტია, რომ ვცხოვრობთ იმ რეალობაში, რომელშიც პატრიარქატის კულტი ისევ მძვინვარებს. ამასთანავე, მიმდინარეობს გაუთავებელი სქესთაშორისი კონფლიქტი. ომი, რომელშიც შეუძლებელია  რომელიმე მხარე გამარჯვებული იყოს, იმიტომ, რომ არ არსებობს ერთი სქესის დომინირების აუცილებლობა და სრულიად შესაძლებელია მათი ჰარმონიული თანაცხოვრება. საერთოდაც, რა არის გენდერი და რატომ გვჭირდება ადამიანების ქალებად და კაცებად დეფინირება და, სქესიდან გამომდინარე, მათთვის გაწერილი როლების შეთავსება? ერთი მხრივ, რატომ უნდა იყოს ქალი ნაზი არსება, თრთოდეს მამაკაცის შეხებაზე და ემსახურებოდეს მას? რატომ არის მისთვის დედობა იმთავითვე განსაზღვრული როლი და რატომ არ არის მისთვის შვილის გაჩენა თავისუფალი ნება და პერსონალური არჩევანი? მეორე მხრივ, რატომ უნდა იყოს მამაკაცი ფიზიკურად ძლიერი და რატომ უნდა იყოს ოჯახის ერთადერთი მარჩენალი? რატომ უნდა ჰქონდეს  ქალზე მეტი განათლება? გამაღიზიანებელი და მიუღებელია ისეთი მცირე დეტალებიც, რომლებიც გვასწავლიან, რომ მამაკაცი ქალს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადგილს უნდა უთმობდეს და გვირილების თაიგულებს სჩუქნიდეს, ხოლო ქალს ეს თაიგული ძალიანაც უნდა მოსწონდეს.

 დღეს გვაქვს მოცემულობა, რომელიც თავს გვახვეს შეხედულებას, რომ ძლიერი, მამრთა სქესი დომინანტურია, ხოლო სუსტი, მდედრთა - რეცესიული. ორივე მათგანს კონკრეტული ფუნქციები და მოვალეობები აქვს, რომლებიც მათ სქესით ,,სტიგმატიზაციის’’ შემდეგ ავტომატურად მიეწერებათ. ამის კარგი ისტორიული მაგალითია თამარ მეფე. საქართველოში თამარის მეფობის პერიოდი ოქროს ხანადაა მიჩნეული. სწორედ მაშინ გადაიჭიმა საქართველო „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“ და მსოფლიო მასშტაბის ჰეგემონობაზე გამოთქვა პრეტენზია. ცხადია, ასეთ დაწინაურებულ ქვეყანას უნდა ჰყოლოდა კარგი მმართველი, ჯარს - კარგი მეთაური. უნდა ყოფილიყო კარგი სტრატეგი, ქვეყნის თავი, კარგი დიპლომატი, მეჭურჭლე და ა.შ. რადგან მსგავსი როლი იმთავითვე მამაკაცისთვის იყო გაწერილი და არამც და არამც ქალისთვის. რას აკეთებს ქართული ისტორიოგრაფია? სრულიად ფემინურ დედაკაცს, რომლის არაამქვეყნიურ სილამაზეს გრიგოლ ორბელიანი ბეთანიის ეკლესიის ფრესკაზე კრძალვით უმზერს, ქართული ისტორიოგრაფია, არც მეტი არც ნაკლები, მეფეს უწოდებს და, თამარ დედოფლის ნაცვლად, ისტორიაში სამარადჟამოდ თამარ მეფის სახელით შეჰყავს.

ზოგადად, პრობლემის  აღმოსაფხვრელად ყოველთვის საჭიროა მისი სათავეები ვიპოვოთ და ფესვიანად ამოვძირკვოთ. ვფიქრობ, ადამიანების ცნობიერების ამაღლება ერთადერთი კაუჭია, რომელზე მოჭიდებითაც ავაგებთ ახალ, სწორ მოცემულობას. მოცემულობას, რომლის განზომილებაში მცხოვრებმა აბორიგენებმა იციან, რომ მკვლელობა, მოტაცება და, ზოგადად, ქალის განივთება, ნებისმიერ შემთხვევაში, დაუშვებელია და მას გამართლება არ აქვს. ეს კაუჭი კი, ვფიქრობ, ფემინიზმია.

სიმონა დე ბოვუარი თავის ნაწარმოებში ,,მეორე სქესი“, რომელიც ერთ-ერთი პიონერია ფემინისტურ ნაშრომებში, სახავს გეგმას, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ქალები გათავისუფლდებიან. გეგმა სამი ეტაპისაგან შედგება: 1) ქალებმა უნდა იმუშაონ; 2) ქალები უნდა ჩაერთონ ინტელექტუალურ აქტივობებში; 3) ქალებმა უნდა მოახდინონ საზოგადოების ლიბერალიზაცია.

არსებობს საყოველთაოდ გამეფებული, თუმცა აბსოლუტურად არაადეკვატური, მცდარი შეხედულება, თუ როგორია ფემინისტი ქალი. სტერეოტიპის მიხედვით, ის ცუდად გამოიყურება, ხშირად გაღიზიანებულია, არ აქვს იუმორის გრძნობა და, ასე განსაჯეთ, არც სექსი. ის ყოველთვის ცუდად ექცევა მამაკაცებს და, შეიძლება, იყოს განათლებულიც. რა თქმა უნდა, მსგავსი აზრი არ შეესაბამება რეალობას და კვლავ უცოდინრობამდე მივდივართ. საზოგადოებას ეშინია ფემინისტური მოძღვრების და არ იღებს მას, რადგან ადამიანის ბუნება ისეა მოწყობილი, რომ იმას, რისიც ეშინია, ყოველთვის გაურბის. სინამდვილეში ფემინიზმი ,,საშიში’’ სულაც არ არის. ის საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოძრაობაა, რომლის მიზანია ქალთა უფლებების აღიარება  და მათი გათანასწორება მამაკაცებთან სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში.

ვფიქრობ, რომ სწორედ ფემინიზმია ჩვენი, პატრიარქალური საზოგადოების, განკურნების საშუალება. ფემინიზმია იმ შიმშილის დაკმაყოფილების გარანტი, რომელსაც ემანსიპირებული ქალის ფენომენის საზოგადოებაში ინტეგრირება ჰქვია.

მომზადებულია სასწავლო კურსის „ბეჭდური მედია 1"-ს ფარგლებში

(ხელ-ლი ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე)