2015 წელს, ორბელიანის მოედანზე ( ყოფილი კოლმეურნეობის მოედანი) ახალი ესტაკადის მშენებლობა დაიწყება. თბილისის მერის ინიციატივით, პუშკინის მოედანზე ორმხრივი გზა აღდგება. 150 მეტრის სიგრძის ესტაკადა თბილისის ისტორიულ ცენტრში არსებული საცობების განმუხტვას მოემსახურება. ესტაკადა პუშკინის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით აშენდება, მის ქვეშ კი დედაქალაქის ისტორიული გალავნის ფრაგმენტები დარჩება.

მე-8-9 საუკუნის ისტორიულ კოშკებთან და თბილისის გალავანთან ფეხით გასეირნებას კვლავაც შეძლებენ ტურისტები და დედაქალაქის მცხოვრებლები, თუმცა ექსპერტთა ნაწილი ეჭვობს, რამდენად კომფორტული იქნება მათ ზემოთ საავტომობილო გზის გადატარება, რომელიც პუშკინის სკვერიდან დაიწყება და ვერცხლის ქუჩის დასაწყისთან დასრულდება. სოლოლაკის ესტაკადა 2 მილიონი დაჯდება, მისი მშენებლობა 2014 წელს დაიწყება და მომავალ წელს დასრულდება. კეთილმოწყობის სამსახურს საპროექტო წინადადების განხორციელებისთვის 140 ათასი ლარი გამოეყო. ესტაკადის მშენებლობა საკამათო პროექტი აღმოჩნდა არა მარტო ნაციონალურ მოძრაობასა და „ოცნებას“, არამედ არქეოლოგებსა და არქიტექტორებს შორისაც.

საკრებულოს სხდომაზე ამ საკითხს კამათი მოჰყვა, ახალმა მთავრობამ წინა მთავრობას გმირთა მოედანზე ესტაკადის მშენებლობა გაუხსენა, რამაც ვითარება ვერ განმუხტა. არც ძველები დარჩნენ ვალში და გიგი უგულავამ ციხიდან განმარტება გაავრცელა. მისი თქმით, თავისუფლების მოედნისა და ბარათაშვილის დაღმართის ამ მონაკვეთის ქვეშ მე-19 საუკუნეში აშენებული მიწისქვედა კოლექტორი გადის, რომელიც დღესაც ფუნქციურია და თითქმის თანამედროვე გვირაბის დიამეტრისაა. მასზე ესტაკადის დაშენება შეუძლებელია. ამიტომ გიგი უგულავა მოუწოდებს დავით ნარმანიას, ჩავიდეს და დაათვალიეროს ეს გვირაბი, რათა თავად დარწმუნდეს ამ "ახირების" აბსურდულობაში, რითაც საცობების პრობლემა ვერ მოგვარდება. ამის პასუხად დედაქალაქის ახლანდელი მერი აცხადებს, რომ ესტაკადას პუშკინის დაღმართზე მდებარე ისტორიულ გალავანთან შეხება არ ექნება. „მას შემდეგ, რაც ჩვენმა წინამორბედებმა ბეტონი დაასხეს იქ გათხრებს, მან დაკარგა ისტორიული მემკვდრეობის სტატუსი. თანამედროვე საინჟინრო მიდგომები და სარგებლობები გვაძლევს იქ ესტაკადის გაკეთების საშუალებას, რომელიც არსებული ერთზოლიანი მოძრაობიდან რამდენიმე ათეული სანტიმეტრით იქნება დაშორებული და თანამედროვე ფორმით კი არ გაკეთდება, არამედ გაკეთდება იმ ფორმით, რომელიც ძველი ქალაქის და ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილთან იქნება შესაბამისობაში, რისთვისაც ჩვენ ვაცხადებთ საჯარო კონკურსს“, - განაცხადა ნარმანიამ და განმარტა, რომ საკითხის განხილვა ექსპერტებთან მოხდა. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის ავთანდილ სუდაძის განცხადებით, ორმხრივი მოძრაობის აღდგენა საარჩევნო დანაპირებს წარმოადგენდა. ესტაკადის მშენებლობა ბარათაშვილის ქუჩასა და თავისუფლების მოედანს შორის, სატრანსპორტო ნაკადს განტვირთავს. მისივე თქმით, აღნიშნული გზის აღდგენა, უპირველეს ყოვლისა, გონივრული მშენებლობის ხარჯზე განხორციელდება, ისე, რომ არ დაზიანდება კულტურული მემკვდრეობის არც ერთი ძეგლი. ამასთან, ესტაკადის გადახურვაც ისე მოხდება, რომ ყველა ძეგლი ხელუხლებელი და დაუზიანებელი დარჩება. სამუშაოების დასრულების შემდეგაც მსურველებს მათი ნახვის საშუალება ექნებათ.

საზოგადოება ამ პროექტმა დიდად ვერ.გაახარა. გავრცელებული ინფორმაციით ესტაკადა მაღალი იქნება და მოსახლეობა შიშობს,რომ მანქანები სახლის ფანჯრებთან ივლიან. არქეოლოგი მერაბ ძნელაძე, რომელმაც ორი წლის წინ დედაქალაქის ცენტრში აღმოჩენილი ქალაქის არქეოლოგიური ნაწილი გასახსნელად მოამზადა, არ მალავს, რომ მასზე მძიმე შთაბეჭილება მოახდინა ესტაკადის თემამ. მერაბ ძნელაძეს მიაჩნია, რომ ისტორიულ ნაწილში გზის გაფართოება მერიას სპეციალისტებთან უნდა შეეთანხმებინა, რადგან ახალი პროექტით განივი სივრცე მთლიანად იკარგება და ისტორიული ნაშთების ქვედა ნაწილი აღარ ჩანს. არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი გზის გაფართოებას მიესალმება, მაგრამ მიიჩნევს, რომ ესტაკადას შესაბამისი გაგრძელებაც უნდა მოჰყვეს. მისი აზრით, კონკრეტულად აქ ბევრი პრობლემა იქნება გადასაწყვეტი, როგორც ვენტილაციის, ისე ბუნებრივი და ხელოვნური განათების პრობლემები. ასევე, გადასაწყვეტი იქნება უმთავრესი საკითხი- ეს უნდა იყოს მთელი ქუჩის ფრაგმენტი, რომელსაც გაგრძელება უნდა ჰქონდეს ლესელიძის ქუჩისკენ. საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი სატრანსპორტო მოძრაობის ორმხრივობას მიესალმება და მიიჩნევს, რომ ესტაკადა უნდა გაკეთდეს, მაგრამ უნდა იყოს კორექტული პროექტი, რათა კულტურული მემკვიდრეობა კიდევ უფრო არ დაზიანდეს. მით უმეტეს, უკვე ძალიან სერიოზულად არის ქალაქის ძველი გალავანი დაზიანებული. ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია აცხადებს, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში მართლაც ჭირს მოძრაობა, მაგრამ ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ თბილისის გალავანი ჩანდეს. ამას კი ცოტა რთული კონსტრუირება დასჭირდება. იქ უნდა დარჩეს ან გამჭვირვალე შუშა, რომ თან ჩანდეს გალავანი და თან გალავანთან ჩასვლა შეიძლებოდეს. „სამუდამოდ ამ გალავნის ლიკვიდაცია, გადაფარვა, დახურვა არ შეიძლება. ამავე დროს, სავალი გზა უნდა აღდგეს. ორი წლის წინ ცალმხრივი მოძრაობა რომ დაუშვეს, არასწორი იყო. ცოტა ხნით ამის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ არა ამდენი ხნით. ორმხრივი მოძრაობის აღდგენა შედარებით განტვირთავს ქალაქის მოძრაობას, მაგრამ მიწისქვეშა სადგურები აუცილებელია. ამიტომ თანამედროვე სახლებს რომ ააშენებენ, მიწისქვეშა სადგურებზე მოთხოვნა უნდა იყოს“, - აღნიშნა გოგი ხოშტარიამ.

არქიტექტორი ცირა ელისაშვილის აზრით,ძეგლთა დაცვის თვალსაზრისით, ნაშთების ასე ღია ცის ქვეშ დატოვება გაუმართლებელი იყო მაშინაც, როცა პუშკინის ქუჩის ნაშთები გამოვლინდა და გაუმართლებელია ახლაც. მისი აზრით, აუცილებელია ეს კონსერვაციის რეჟიმში მოექცეს და ზემოდან ბეტონის დასხმა საქმეს ვერ უშველის.“ თბილისის მერი დავით ნარმანია აცხადებს,რომ ესტაკადა პუშკინის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდამდე აუცილებლად გაკეთდება და ამას ხელს ვერავინ შეუშლის.

საზოგადოების აზრი ორად არის გახლეჩილი. მართალია ერთის მხრივ, ამ ესტაკადის მშენებლობა მნიშვნელოვნად გაამარტივებს მოძრაობას ამ მონაკვეთზე, მაგრამ გასათვალისწინებელია იმ ადამიანთა მოსაზრებებიც,რომლებიც შიშობენ,რომ ესტაკადის სიმაღლის გამო მანქანები მათ ფანჯრებთან ივლიან. მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის მერიამ და უშუალოდ ამ პროექტში ჩართულმა თითოეულმა ადამიანმა გაითვალისწინოს ადგილობრივი მოსახლეობის აზრი,და ასევე კონსულტაციები გაიარონ გამოცდილ და კვალკიფიცირებულ არქიტექტორებთან, რათა არ მოხდეს ამ მონაკვეთზე ასრებული ისტორიული ძეგლების დაზიანება.

 

მომზადებულია სასწავლოს საგნის "ბეჭდური მედია1"–ს ფარგლებში

(ხელ–ლი ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე)