კულტურა

„მინდა რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გამიღიმოს“

2014-12-11

ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა, ანა ყიფიანმა  მექსიკისა და ესპანეთის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსებზე, მეორე ადგილი და ლაურეატის საპატიო წოდება მოიპოვა, რის შემდეგაც მან მექსიკაში კონცერტის გამართვასთან დაკავშირებით შემოთავაზებები მიიღო. ქართველი პიანისტი კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად ესპანეთსა და გერმანიაშიც მიიპატიჟეს.

ანა ყიფიანი ქ. თბილისში 1994 წლის 1 სექტემბერს დაიბადა, დაამთავრა თბილისის 51-ე საჯარო სკოლა, ამჟამად მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიის მესამე კურსზე, პროფესორ ელისო ვირსალაძის კლასში, სწავლობს.

- გადაწყვეტილება, გამხდარიყავი პიანისტი, თავად მიიღე?

- არა ეს გადაწყვეტილება თავად არ მიმიღია. 4 წლის ვიყავი მშობლებმა მუსიკის მასწავლებელთან რომ მიმიყვანეს, რაღაც მუსიკალური წრის მსგავსი იყო, ცეკვას, სიმღერას და ლექსების კითხვას ვსწავლობდი. მერე პედაგოგმა აღმოაჩინა, რომ მალე ვითვისებდი ყველაფერს, რაც მუსიკას უკავშირდებოდა და დედაჩემს ურჩია პროფესიონალ მუსიკოსთან მივეყვანე. ასე, რომ ეს ჩემი არჩევანი ნამდვილად არ ყოფილა, მაშინ ვერც ვხვდებოდი ჩემ გარშემო რა და როგორ ხდებოდა.

- პირველად როდის დაუკარი დიდი აუდიტორიის წინაშე?

- 5 წლის ასაკში, ორკესტრთან ერთდ შევასრულე ბერკოვიჩის კონცერტი, ზაზა აზმაიფარაშვილის დირიჟორობით. მაშინ მივხვდი, რომ მომწონდა დაკვრა და გავყევი კიდეც ამ გზას.

- გყავს გამორჩეული პიანისტი, რომელიც შენი იდეალია ?

- არა ასეთი პიანისტი ერთი რომელიმე არ მყავს, იმიტომ რომ ყველა თავისებურად საინტერესოა. მიყვარს მრავალფეროვნება, არ მიყვარს მიმბაძველობა. ჩემი აზრით, ჩვენს სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანია შეინარჩუნო შენი პირადი "მე".  რაც შეეხება პიანისტებს, უნდა ვთქვა რომ ვამაყობ, ელისო ვირსალაძის სტუდენტი რომ ვარ, ის მსოფლიო პიანისტია, ასე რომ ერთი ოცნება უკვე ამისრულდა მასთან რომ მაქვს ასეთი ახლო კონტაქტი. ზოგადად პიანისტებიდან, გამოვარჩევდი:  მარტა არგერიჩს, გილელსს,  მიხაილ პლეტნევს და ბორის ბერეზოვსკის.

- გარდა  მექსიკისა და ესპანეთის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსებისა, კიდევ თუ მიგიღია მონაწილეობა რომელიმე სხვა საერთაშორისო კონკურსში ?

- რა თქმა უნდა, მიმიღია.  ბავშვობიდან ძალიან ბევრი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი ვარ. 7 წლიდან საერთაშორისო ასპარეზზე გავდიოდი. 8 წლის ასაკში მოვიგე პარიზში ნიკოლაი რუბინსტეინის საერთაშორისო კონკურსი, ასევე, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფესტივალის "VERBIER ACADEMY-ის" გამარჯვებული ვარ.

- ყველაზე დიდ მიღწევად რას თვლი ?

- ჩემთვის დიდი მიღწევა იყო მექსიკისა და ესპანეთის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსებზე გამარჯვება, ასევე ის, რომ  თავისი პრესტიჟითა და სირთულით გამორჩეული ფესტივალის "VERBIER ACADEMY-ის" გამარჯვებული ვარ, მაგრამ გამოვარჩევ  ევროპაში N1 მუსიკალურ არხზე  "MEZZO-ზე" ჩემს შესრულებას, ეს კონცერტი პარიზში გაიმართა და ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

- როგორც პიანისტს სამომავლოდ რა გეგმები და მიზნები გაქვს ?

- მექსიკისა და ესპანეთის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების შემდეგ უამრავი მოწვევა მივიღე სხვა კონკურსებსა თუ კონცერტებზე, ჯერ ზუსტი თარიღი არ არის დადგენილი, მაგრამ როგორც კი გაირკვევა, აუცილებლად მივიღებ მათ მოწვევას.  მიზანს რაც შეეხება, როგორც პიანისტს, მინდა ხალხს მივაწვდინო ის ჩემი გულწრფელი გრძნობა, რასაც დაკვრის დროს განვიცდი. ამაზე ძვირფასი არაფერი არ შეიძლება იყოს პიანისტისთვის. ჩემი მიზანია მსმენელის ჩემი ენერგიით დამუხტვა და მათი სრული ყურადღების მიქცევა შემეძლოს, დიდი სურვილი მაქვს, იმას რასაც ვერ ვამბობ ჩემი სიტყვებით, ჩემი თითებით და ჩემი დაკვრით გადმოვცე. მე მინდა რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გამიღიმოს.

მომზადებულია სასწავლო კურსის „ბეჭდური მედია 1"-ს ფარგლებში  

(ხელ-ლი ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე)