განათლება

არის თუ არა განათლება ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი

2019-01-22

 

განათლების ხელმისაწვდომობა ყველა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, განურჩევლად უნარ-შესაძლებლობისა, სოციალური, პოლიტიკური თუ ეთნიკური კუთვნილებისა. თუმცა უდიდეს გამოწვევად რჩება სრულყოფილი გარემოს შექმნა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან ინკლუზიური განათლება ყველა საჯარო სკოლისათვის სავალდებულო გახდა, ბევრი სკოლა დღემდე არ არის მზად ამ ვალდებულების შესასრულებლად.

ინკლუზიური განათლება გულისხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად. მისი ძირითადი პრინციპია, რომ თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, ისწავლოს სხვა ადამიანებთან ერთად. თეორიულად ყველაფერი რიგზეა. ზოგადი განათლების კანონის მიხედვით, საქართველოში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი სწორედ ინკლუზიური განათლების დანერგვაა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ამ მხრივ, ქალაქებში, უფრო მეტად კი თბილისში, შედარებით კარგი მდგომარეობაა, რასაც სოფლებზე ვერ ვიტყვით. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, სსსმ (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე) პირის რაოდენობა ქალაქის სკოლებში ბევრად მეტია (62%) სოფელთან შედარებით. ამასთან, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა 27% თბილისში სწავლობს.

ინკლუზიური განათლებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებზე გვესაუბრება ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი რუსუდან ჩიტაძე. ის მთავარ პრობლემად გარემოს არაადაპტირებულობას ასახელებს, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არ ჰყავთ. სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 6 ბავშვია. თუმცა არ არის ფსიქოლოგი, რომელიც უდიდეს დახმარებას გაუწევდა ამ ბავშვებს. რუსუდან ჩიტიძე ამბობს, რომ რიგ შემთხვევებში, როდესაც ბავშვი ძლიერ აღგზნებულია, სპეციალურ მასწავლებლებს  უჭირთ მისი დაწყნარება. ამიტომ ფსიქოლოგის დახმარება აუცილებელია. ასევე მიაჩნია, რომ მშობლებმა მეტი ინტერესი უნდა გამოიჩინონ  სასწავლო პროცესისადმი და მეტად დაეხმარონ მასწავლებლებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენაში.

,,მშობლები ნაკლებად დგანან ჩვენ გვერდით. მასწავლებლები და სკოლა უფრო ვართ მოტივირებული. ამიტომ, თუ მეტად ჩართულები იქნებიან მშობლები, შედეგიც უკეთესი იქნება’’, - ამბობს რუსუდან ჩიტაძე. 

მშობლის როლის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს სოფელ ლეღვნის სკოლის სპეციალური მასწავლებელი ირმა მიქაბერიძეც. 

,,სამწუხაროდ, მშობლის ჩართულობა ძალიან დაბალია. როცა ვცდილობთ გავიგოთ მშობლის პრიორიტეტები, ამ დროს მაინცდამაინც ძლიერი უკუკავშირი არ გვაქვს’’, - აღნიშნავს სპეციალური მასწავლებელი. შშმ ბავშვი სკოლას არ ჰყავს, არაადაპტირებულობა კი აქაც პრობლემაა.

არის შემთხვევები, როცა გარემო ნაწილობრივ ადაპტირებულია. მაგალითად,  ქუთაისის #2 საჯარო სკოლაში არ არის სპეციალური პანდუსები, თუმცა არის შშმ პირთათვის განკუთვნილი ლიფტი. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ამავე ქალაქის #36 საჯარო სკოლაში, სადაც 10 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვი სწავლობს. ზემოაღნიშნული სკოლებისგან განსხვავებით, აქ არის პანდუსები, მიუხედავად იმისა, რომ ეტლით მოსარგებლე ბავშვი არ ჰყავთ. 

უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ პანდუსის ან მარტივი ადაპტაციის უზრუნველყოფა არ გულისხმობს სრულყოფილი გარემოს შექმნას. საჭიროა ადაპტირებული ლიფტები, საპირფარეშოები, რესურსოთახები და სხვ. ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო მდგომარეობა თბილისის #10 საჯარო სკოლაშია. აქ სპეციალური საჭიროების მქონე 30 ბავშვი სწავლობს, აქედან 15 არის შშმ მოსწავლე. სკოლას აქვს სრულად ადაპტირებული გარემო. არის ადაპტირებული სპორტული მოედანიც. როგორც ჩანს, იქ, სადაც გარემო მისაღებია, სსსმ მოსწავლეების რაოდენობაც ბევრია.

ორგანიზაცია ,,WORLS VISION’’-ის მიერ 2014 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, სკოლის გაცდენის მიზეზად სახელდება იქ არსებული გარემო და მოსაზრება, რომ სკოლა რთულია. ხოლო, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის 2016 წლის ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სტიგმატიზაციის’’ კვლევის ანგარიშის მიხედვით, პრობლემად რჩება:

სკოლებში სპეციალური სასწავლო პროგრამების და სპეციალური პედაგოგების ნაკლებობა/დაბალი ხარისხი;

მოუწყობელი ინფრასტრუქტურა.

ინკლუზიური განათლების დანერგვაში დიდ როლს ასრულებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. შშმ პირთა ასოციაცია ,,ანიკას” ერთ-ერთი მიმართულება სწორედ ინკლუზიური განათლების გაძლიერება და სკოლის მხარდაჭერაა. თუმცა, როგორც ორგანიზაციის მენეჯერმა მაკა ჩანკვეტაძემ გვითხრა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სკოლაში ჩარიცხვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა საქართველოში. მაგალითად, ,,ანიკას’’ თბილისის დღის ცენტრში მყოფი დაახლოებით 25 ბავშვიდან 10 დადის სკოლაში. ჩანკვეტაძე გამოყოფს სკოლისადმი გულგრილი დამოკიდებულების რამდენიმე მთავარ მიზეზს: 

1. მშობლებს არ აქვთ გაცნობიერებული სკოლის როლი;

2. სკოლა არ არის მზად როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე კვალიფიციური კადრების მხრივ;

3. სკოლებს არ აქვს ტრანსპორტირების სერვისი. ტრანსპორტის ყოლის შემთხვევაში ყველა ბავშვის გადაადგილებისთვის არაა საკმარისი.

მიუხედავად ზემოაღნიშნული ყველა პრობლემისა, თბილისის #10 საჯარო სკოლის სპეციალურ მასწავლებელს ხათუნა გელაშვილს მიაჩნია, რომ სკოლაში სიარული სსსმ თუ შშმ ბავშვებისთვის აუცილებელია. 

,,მართალია, შესაძლოა აკადემიური უნარები ვერ დახვეწოს ყველამ, მაგრამ აუცილებლად ისწავლიან ურთიერთობებს, მიიღებენ იმ სიყვარულს, რომელიც საზოგადოებაში ტრიალებს და ამით მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება’’, - ამბობს ხათუნა გელაშვილი.

ასევე, თბილისის #20 საჯარო სკოლის ფსიქოლოგის თათია თურმანიძის აზრით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების საკუთარ თანატოლებთან ერთად სწავლა ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანია. სსსმ მოსწავლეები მიბაძვით სწავლობენ და ყოველდღიურად იმტკიცებენ სასურველ ქცევებს თანატოლებისგან და ეს გრძელდება მანამ, სანამ სასურველი ქცევა მათი ქცევითი რეპერტუარის ნაწილი არ გახდება. რაც შეეხება ტიპური განვითარების მქონე ბავშვებს, უმუშავდებათ ემპათიის, ზრუნვის უნარი. ასევე, შეუძლიათ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ თანატოლებს, რაც კიდევ უფრო მეტად აღრმავებს მათ ცოდნასა და უნარებს. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ ბავშვები აცნობიერებენ ნეირომრავალფეროვნების იდეას, რაც განსხვავებულის აღიარებას გულისხმობს. იმის გააზრებას, რომ მოსწავლეები, რომელთაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება აქვთ, უნიკალურად, მათთვის დამახასიათებელი მანერით აღიქვამენ სამყაროს და სიტყვა შეზღუდვის გამოყენება აქ უადგილოა. რჩევის სახით, ფსიქოლოგი ამბობს, რომ მოსწავლის სოციალიზაციის პროცესში ყველა პასუხისმგებელი პირი ჩართული უნდა იყოს. აუცილებელია, რომ მშობლებთან, მასწავლებლებსა და კლასელებთან კვალიფიციური კადრები მუშაობდნენ, რათა, საჭიროების შემთხვევაში, მათ მიაწოდონ ფსიქოგანათლება.

 

მომზადებულია საგან "ბეჭდური მედიის" ფარგლებში,

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე