საზოგადოება

სათამაშოები- გენდერული სტერეოტიპები ბავშვობიდან

2019-02-07

 

 

ხშირად სათამაშოების მაღაზიები ორ სივრცედაა გაყოფილი, მათი გარჩევა ერთმანეთისგან მარტივად- თუნდაც ფერებითაა შესაძლებელი. ერთი მათგანი ვარდისფერია, მეორე კი- ცისფერი.  ვარდისფერ სივრცეში შევხვდებით თოჯინებს, პრინცესებსა და მათ სასახლეებს, ასაწყობ სამზარეულოებსა და ბევრ სხვა ბრჭყვიალა ნივთს- ეს ე.წ გოგონების სივრცეა. ცისფერ სივრცეში კი მსგავსს ვერაფერს ვნახავთ. აქაურობა სავსეა სხვადასხვა სუპერგმირით, იარაღებით, ხმლებით, ასაწყობი კონსტრუქციებით და მანქანებით- ეს ბიჭების სექციაა. 

საინტერესოა, ახდენს თუ არა გავლენას სათამაშოების მსგავსი დაყოფა ბავშვების მიერ გენდერული როლების აღქმაზე და ამყარებს, თუ არა საზოგადოებაში უკვე გავრცელებულ სტერეოტიპებს მამაკაცისა და ქალის პროფესიებისა, თუ მათი საქმიანობის სფეროს შესახებ. 

აღზრდის პროცესი ის ეტაპია, როცა ბავშვს ნელ-ნელა უყალიბდება შეხედულებები გარესამყაროსადმი და ამ ეტაპზე მიღებული ერთგვარი გზავნილები საზოგადოებისგან თუ ოჯახის წევრებისგან მის გონებაში ილექება და სამომავლო ჩამოყალიბებაზე გარკვეული წვლილი შეაქვს. ბავშვის აღზრდა მოიცავს როგორც სათამაშოებს, ისე ზღაპრებს, საბავშვო წიგნებს, მულტფილმებსა თუ მშობლებსა და მას შორის საუბარს. 

ფილოსოფოს თამარ ცოფურაშვილის თქმით, საბავშვო თამაშები ერთგვარი სიმულაციაა იმ სოციალური როლებისა, რომლებიც მომავალში თითოეული ადამიანი ითვისებს. 

,,ზოგადად, აღზრდის პროცესი უდიდეს გავლენას ახდენს გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული როლების შესახებ შეხედულების ჩამოყალიბებაზე ადამიანებში. საბავშვო თამაშები, ფაქტობრივად, წარმოადგენს იმ ყოფითი როლების სიმულაციას, რისთვისაც ბავშვებს საზოგადოება მომავლისთვის ამზადებს. აღზრდის მეთოდით რომ ადამიანის მომზადება ხდება, ხოლო ეს კი რომ რადიკალურად განსხვავებულია გოგონებისა და ბიჭების შემთხვევაში, ამაზე ყურადღება მეოცე საუკუნეში სიმონ დე ბოვუარმა გაამახვილა, რომელიც წერს: ,,ქალად არ იბადებიან, ქალად ხდებიან”, რაშიც ის, ცხადია, ბიოლოგიურ სქესს არ გულისხმობს, არამედ იმ სოციალურ როლს, რომელსაც ქალი იკავებს საზოგადოებასა თუ ოჯახში, განიხილავს რა, საკუთარ თავს სხვების ინტერესებთან შედარებით მეორეხარისხოვნად და შესაბამისად, არის ნაკლებად ამბიციური, ნაკლებად ლიდერი. ქალების მისწრაფებების ამგვარი “მოთვინიერება” კულტურის მიერ, როგორც წესი, სწორედ ბავშვების სოციალიზაციისა და მათთვის განკუთვნილი თამაშის ტიპებიდან იწყება ხოლმე”,- ამბობს თამარ ცოფურაშვილი. 

ფილოსოფოსი იმასაც აღნიშნავს, რომ ბავშვობაში გენდერული როლების აღქმაზე გარდა სათამაშოებისა, ზღაპრებიც დიდ გავლენას ახდენს. 

,,ამ თვალსაზრისით არა მხოლოდ სათამაშოები, არამედ ზღაპრებიც კი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. მაგალითად, ტრადიციულ ზღაპრებში გოგონებისთვის როლური მოდელის შემქმნელი ყველა მზეთუნახავი პასიურია, მათი ერთადერთი თავგადასავალი  იმ პრინცის ლოდინია, რომელმაც ისინი უნდა იხსნას და გადაარჩინოს. ტრადიციულ ზღაპრებში ისინი არ გადასცურავენ 9 ზღვას და არ გადაივლიან 9 მთას. ეს პრეროგატივა მხოლოდ ბიჭებისთვის განკუთვნილი. საგულისხმოა, რომ მასკულტურაში ბოლო წლების ტენდენციაა, რომ საბავშვო ზღაპრების ეკრანიზაციები თუ მულტფილმები თავგადასავლის მაძიებელ ძლიერ გოგონებს წარმოგვიდგენენ მთავარ გმირებად. ეს ცვლილება აჩვენებს, რომ პოპკულტურა დასავლეთში უკვე აცნობიერებს საკუთარ “პასუხისმგებლობას” გენდერული სტერეოტიპების ფორმირებაში და ცდილობს ახალ თაობას პატრიარქალურისგან განსხვავებული როლური მოდელები შესთავაზოს. 

მარკეტინგი ბევრ რამეს ამართლებს, მაგალითად კომპანიას, რომელსაც აქვს სტერეოტიპული რეკლამა ან პროდუქტი, ვერ მოვთხოვთ გახადოს ის უფრო ლიბერალური და გენდერულად ნეიტრალური, რადგან მისთვის მთავარია ფინანსური მოგება და ირჩევს იმ გზას, რომლითაც მეტი შემოსავალი ექნება. სათამაშოების საკითხში რთული გასარჩევია, საზოგადოებას სურს სქესის მიხედვით დაყოფილი პროდუქციის მიღება, ეს არასწორი მარკეტინგია თუ ორივე ერთად.

სათამაშოების ერთ-ერთ მსხვილ ქსელში გვეუბნებიან, რომ სქესის მიხედვით განაწილებული სათამაშოები ამარტივებს მომხმარებლისთვის შერჩევის პროცესს. 

,,ჩვენ არ გვაქვს წარწერები სექციებზე- ბიჭისაა თუ გოგოსი, თუმცა ერთად გვაქვს თავმოყრილი თოჯინები, სამზარეულოები და პრინცესების სახლები, ხოლო ბიჭების სათამაშოები ერთ სივრცეში გვიწყვია, იარაღებისა და მანქანების სექცია ერთად გვაქვს. ასე მომხმარებლისთვისაც უფრო ხელსაყრელია, ერთმანეთში არეული რომ იყოს, უფრო გაუჭირდებოდათ”,- გვეუბნება კონსულტანტი. 

კითხვაზე, თვითონ თუ ეკითხებიან მომხმარებელს ბავშვის სქესს, როცა სათამაშოს შერჩევაში დახმარება სურთ, გვპასუხობენ, რომ სქესით და ასაკით აუცილებლად ინტერესდებიან. 

,,სქესს აუცილებლად ვეკითხები, თუ გოგოსთვის არჩევენ საჩუქარს, ბუნებრივია, მანქანას და თოფებს არ ვურჩევ, ასაკსაც ვითვალისწინებთ ხოლმე”,- ამბობს კონსულტანტი. 

კონსულტანტები ამბობენ, რომ იშვიათად, თუმცა მაინც არის შემთხვევები, როცა გოგონა ე.წ ბიჭის სათამაშოებით ინტერესდება, თუმცა მშობელს მაინც თოჯინებისკენ მიჰყავს.

ხშირად, მშობლებს ბიჭების შემთხვევაში უფრო უჩნდებათ უკმაყოფილება, როცა მას თოჯინით ან სამზარეულოთი თამაში სურს, ვიდრე მაშინ, როცა გოგონას სურს მაგალითად თოფით თამაში. ბავშვთა ფსიქოლოგი, ლილე ყიფიანი აზრით, მშობლებს ეშინიათ, რომ ეს ბავშვის ორიენტაციაზე მოახდენს გავლენას და ეს შესაძლოა ჰომოსექსუალობისკენ ბიძგი იყოს. 

,,გენდერული სტერეოტიპები კულტურულად არის განპირობებული და თაობიდან თაობას გადაეცემა, ბიჭის სათამაშო და გოგოს სათამაშო- უკვე ვაწვდით გამზადებულს. არადა რეალურად ბავშვმა უნდა მოსინჯოს, გოგომ თოფიც და ბიჭმა თოჯინაც, ინტერესი დაიკმაყოფილოს. მშობელს აშინებს უფრო ბიჭის მიმართ, რომ რაიმე ,,გადახრასთან’’ არ გვქონდეს საქმე“,- ამბობს ლელი ყიფიანი.

მართალია, გენდერის თემა მთელ მსოფლიოში აქტუალურია, თუმცა კონკრეტულად სათამაშოების სქესის მიხედვით დაყოფას პროტესტის გრძნობა ბევრ ორგანიზაციასა თუ ადამიანში არ გამოუწვევია. თუმცა, 2012 წელს დიდ ბრიტანეთში დაიწყო მასობრივი კამპანია გენდერული ნიშნით დაყოფილი სათამაშოების წინააღმდეგ, ეს კამპანია დღემდე გრძელდება. კამპანია სახელწოდებით “Let toys be toys” (მიეცით სათამაშოებს ნება, იყვნენ უბრალოდ სათამაშოები”) მშობელთა ჯგუფმა წამოიწყო, რომელთა მიზანი იყო, სათამაშოების მაღაზიაში აღარ ყოფილიყო გენდერული დაყოფა. ისინი მოუწოდებდნენ კომპანიებს, მოეშორებინათ სათამაშოებისთვის წარწერები “ბიჭისთვის” და “გოგოსთვის”. კამპანიის ორგანიზატორების თქმით, სათამაშოების გენდერის მიხედვით კატეგორიზაცია, ხელს უშლის ბავშვების თავისუფალ აზროვნებას და აქცევს მათ გარკვეულ ჩარჩოში. კამპანიას პირველ ეტაპზე 14-მა სათამაშოებით მოვაჭრე მაღაზიამ გამოუცხადა სოლიდარობა და საკუთარ პროდუქციას მოაშორა წარწერები, რომლებიც სათამაშოებს ბიჭებისთვის და გოგონებისთვის ახარისხებდა. მაღაზიებისა და კომპანიების რიცხვი თანდათან გაიზარდა. 2013 წელს აღნიშნულმა კამპანიამ მიიღო “პროგრესული სკოლამდელი მარკეტინგის ჯილდო” (Progressive Preschol 2013 Marketing award) სექსიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.  

რამდენად სადავოც უნდა იყოს ეს საკითხი, ფაქტია, რომ სათამაშოები სქესის მიხედვით ხარისხდება და დანიშნულებიდან გამომდინარე გარკვეულ სტერეოტიპს მიაწერს თითოეულ მათგანს. რამდენად ახდენს ეს გავლენას ბავშვის შეხედულებებზე, ეს სხვა საკითხია, რომელიც საინტერესო კვლევის საგანია.

 

 

 

მომზადებულია საგან "ბეჭდური მედიის" ფარგლებში,

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე