ინა ისეთივე უბრალო და სადაა, როგორც მისი სახელი. არ უყვარს, როცა მეტისმეტად აქებენ, არც ის - მწერალს რომ უწოდებენ. ბავშვობაში იშვიათად წერდა. მაშინ აზრადაც არ გაუვლია ფილოლოგობა. სკოლის წლებთან განსაკუთრებული მოგონებები არ აკავშირებს, არც მაშინდელი მეგობარი შემორჩა ბევრი. სამაგიეროდ კარგად ახსოვს ქართულის მასწავლებელი, რომელმაც პირველმა უთხრა - ფილოლოგიურზე ჩააბარეო. თავიდან ისტორიის ფაკულტეტზე ჩაბარება ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ მისი ლექტორისა და უფროსი მეგობრის, მწერალ თეიმურაზ მაღლაფერიძის რჩევით ფილოლოგიურზე ჩააბარა და ეს გადაწყვეტილება არასოდეს უნანია.

შემდეგ იყო სტუდენტობა და გაზეთი „კავკასიონი". ღიმილით იხსენებს პირველ ჰონორარს, რომელიც ჯერ კიდევ სტუდენტმა აიღო. „თავიდან ეს იმდენად სამსახური არ იყო, რამდენადაც გამოცდილების შეძენის უნიკალური შესაძლებლობა. „კავკასიონში" ძალიან ბევრი რამ ვისწავლე - ეს იყო ჩემი პროფესიული და ცხოვრებისეული სამჭედლოც. სოფლიდან ჩამოსულ პატარა გოგოს კი მეტი რა მინდოდა?!" ინას აქ ისეთ ცნობილ ლიტერატორებთან, მწერლებთან, მთარგმნელებთან, კრიტიკოსებთან უწევდა მუშაობა, როგორებიც იყვნენ ვახტანგ როდონაია, რევაზ სირაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ზაზა თვარაძე, დავით წერედიანი, ლია სტურუა, ლევან ბრეგაძე, თამაზ ვასაძე, და ბევრი სხვა. შემდეგ იყო „არილი". გაზეთ „კავკასიონის" რამდენიმეფურცლიანი ლიტერატურული ჩანართი, რომელიც მალე გამოეყო გაზეთს და ჯერ დამოუკიდებელ გაზეთად, შემდეგი კი ჟურნალად იქცა.


საკმარისია ინასთან ეს „ჯადოსნური" სახელი ახსენო, რომ ის მზადაა, მთელი შემართებითა და სიხარულით მოგიყვეს მის ღირებულებებზე, „არილის" მნიშვნელობასა და როლზე ახალგაზრდა შემოქმედთა ცხოვრებაში და ასევე, გემოვნებიანი ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში. გარდა შინაარსობრივი ღირებულებისა, ინასთვის „არილი" იმ ადამიანებთანაც ასოცირდება, ვინც წლების განმავლობაში ქმნიდა ამ ჟურნალს და ხელს უწყობდა მისი სიცოცხლის გახანგრძლივებს - დაწყებული სარედაქციო ჯგუფით და ჟურნალის ავტორებით, დამთავრებული - ერთგული მკითხველით; ამბობს, რომ მაშინ მაშინ, 90-იან წლებში, ეს იყო ერთ-ერთი (თუ არა ერთადერთი) ღია სივრცე ლიტერატორებისა და ლიტერატურის მოყვარულთათვის და, ბედნიერია, რომ თავადაც მთელი ამ პროცესის თვითმხილველი და თანამონაწილე გახდა.

გამოდის, რომ „არილის" დაარსების დღიდან თქვენც სულ ხართ-მეთქი მისი წევრი, - სულ ვარ და იმედია, სულ ვიქნებიო, მიპასუხა მისთვის უჩვეულო სიამაყით და ღიმილით. „არილისადმი" ინას დამოკიდებულებას ყველაზე უკეთ გამოხატავს ერთი ლექსი, რომელიც მას დიდ ხნის წინ დაუწერია და ამას წინათ ფეისბუქზე გამოუქვეყნებია, რასაც მისი „კავკასიონელი" და „არილელი" მეგობრების დიდი გამოხმაურება მოჰყოლია. ლექსი ნოსტალგიურია და დაუსრულებელი, მაგრამ ამის მიუხედავად, ავტორი, როგორც საერთოდ სჩვევია, იმედს მაინც არ კარგავს:


„როცა ავიკრავ გუდა-ნაბადს ამ ქალაქიდან,
როცა ვიტყვი, რომ აღარა მაქვს 'არილის' ვალი,
როცა გავიჭერ შავ პალტოზე სიმწარით ქამარს,
აღარ მექნება არც შავი თმა და აღარც ჟღალი...
გზად მიმავალი არ მოვყვები პირჯვარის წერას,
რადგან არასდროს არ ვყოფილვარ ღმერთთან მართალი,
მტკივანი ხელით მძიმედ ავწევ ცისფერ ზურგჩანთას,
და უცებ ვიგრძნობ, რომ სველი მაქვს ორივე თვალი.
თუ თხუთმეტ წუთში მზე ამოვა მე დავბრუნდები,
ან კიბეებზე თუ ამასწრებს აი, ეს ქალი,
ჩავიფიქრებ და ასრულებას ბავშვურ ოცნების,
დაველოდები შიშნარევი გულისფანცქალით..."

„არილისა" და „კავკასიონის" გარდა იყო კიდევ რამდენიმე გაზეთი, ასევე ჟურნალი „ცხელი შოკოლადი" და სკოლა პეტრიაშვილზე, მაშინდელი „მე-6 გერმანული გიმნაზია", სადაც როგორც თავად ამბობს, „საუკეთესო წლები გაატარა". „სკოლაში ბევრი რამ ვისწავლე და უკეთეს ადამიანად ვიქეცი ბავშვებთან ურთიერთობით, ეს იყო ჩემი თავის გამოცდა". მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებთან მუშაობა ძალიან მოსწონდა, ინა სკოლიდან მალე- 3 წელიწადში წამოვიდა, თუმცა კრეატიულმა და თავისი საქმის მოყვარულმა მასწავლებელმა ამ მცირე დროშიც მოახერხა ბავშვებისთვის ფიქრი, აზროვნება ესწავლებინა, წერა-კითვა შეეყვარებინა და საკუთარ მშობლებისთვის შვილები მათთვის უცნობი ახალი კუთხით გეცნო.

ინა ამბობს, რომ ჯანმრთელობისა და ცხოვრებისეული პრობლემები რომ არა, ახლა ალბათ სულ სხვა ადამიანი იქნებოდა - შეიძლება უკეთესი, შეიძლება უარესი, მაგრამ არა ის, ვინც ახლაა. „მას შემდეგ, რაც საკმაოდ ახალგაზრდას სერიოზული დაავადება აღმომაჩნდა, რამდენიმე წელი ფიქრის გარდა, ფაქტობრივად, არაფერი მიკეთებია; თითქმის მოვწყდი სამყაროს, ახლობლებს, ჩავიკეტე და ვცდილობდი, საკუთარი თავი ახლიდან გამეცნო, პასუხი მეპოვა იმ უამრავ კითხვაზე, რომელიც გაჩნდა; მეპოვა გამოსავალი, დასაყრდენი, ხელჩასაჭიდი; სარკის წინ მდგარს, ყოველდღე ჩამომეთვალა საკუთარი თავისთვის ის ამქვეყნიური სიკეთეები, რისთვისაც ნამდვილად ღირდა ცხოვრების გაგრძელება. და მე ეს შევძელი".

ამის შემდეგ კი წერა დაიწყო, თანაც დაახლოებით ორმოცი წლის ასაკში. ხშირად იმეორებს, რომ წარსული ყოველთვის უნდა გახსოვდეს, მაგრამ მაგრამ წინ უნდა იარო. არ უნდა დანებდე არანაირ პრობლემას და, შიგადაშიგ, როცა დაიღლები, თავსაც შემოუძახო, როგორც ამას თვითონ აკეთებს ხოლმე ფეისბუქზე, მაგალითად ასეთი სტატუსით: „უკან ნუ იხედები, ნუ იხედები უკან, უკან ნუ იხედები!" ინასწორედ ამ პრინციპით ცხოვრობს, ამ პრინციპით აკეთებს ბევრ რამეს... ამის შედეგია მისი უკვე ორი პროზაული კრებულიც - „ინო" და „მას ერქვა ვატანაბე".

პირველი კრებული - „ინო" - ცხრა მოთხრობას აერთიანებს და თითქმის ყველაში იგრძნობა მკვეთრი დიალექტი. ინას მოთხრობებში ოსტატურად, მაღალმხატვრულადაა გადმოცემული პერსონაჟების ცხოვრება, მათი განცდები, ვნებები, ადამიანური სევდა. ინა ხშირად პირველ პირში წერს, ავტობიოგრაფიული დეტალებიც ბევრია მის ამბებში, მაგრამ როგორც თავად აღნიშნავს: მის პერსონაჟებში „არა მხოლოდ ერთი და კონკრეტულად მისი ბებია-პაპის, დის ან ძმის, დედის, მამის, მეზობლისა თუ მეგობრის ხასიათია თავმოყრილი, არამედ ბევრი და-ძმის, მშობლისა თუ პაპა-ბებიისა ერთად, რომელთაც ყველა ოჯახში ვხვდებით; თუმცა, რა თქმა უნდა ეს ზოგადი კონკრეტულს ემყარება." ისე კი, უკვირს საკუთარი თავისგან ის სითამამე, რომ პირველ პირში წერას არ ერიდება.

ინას თავის უმთავრეს მოთხრობად „ბილიკი" მიაჩნია - პირველი კრებულიდან „ინო", რომელიც ჟურნალ „ლიტერატურული პალიტრის" რჩეულ მოთხრობათა კრებულში შევიდა 2010 წელს. ასევე უყვარს „ლალა" და „წითელი ბოტები", რომლებიც პირველად „ცხელი შოკოლადის" ლიტერატურულ დამატებაში დაიბეჭდა.
მეორე კრებულს „მას ერქვა ვატანაბე" დაარქვა. წიგნის პრეზენტაცია სულ ახლახან - 2014 წლის 19 დეკემბერს გამომცემლობა „ინტელექტში" გაიმართა, სადაც სავარძელში მჯდომი ცოტა დაბნეული და აღელვებული ინა ძალიან გულწრფელად და ჩვეული თავმდაბლობით, ხშირად იმეორებდა - რა დიდი მწერალივით ვიფერებ მდგომარეობასო. მეგობარი მწერლებისა თუ მეგობრების კომპლიმენტებზე კი, რომლებიც მის შემოქმედებაზე საუბრობდნენ (ირაკლი კაკაბაძე, მაკა ლდოკონენი, თეონა დოლენჯაშვილი და სხვ.), თავს უხერხულად აქნევდა და იღიმოდა.

„პირველ წიგნზე ამხელა ემოციები და პასუხისმგებლობა არ მქონია, რადგან მაინც დებიუტი იყო. მეორე უკვე თამამი განაცხადივითაა, შემომხედეთ, წიგნი დავწერეო, და, ცხადია, შესაბამისად, უფრო მეტად ვნერვიულობ. მაგრამ, რადგან მეორე წიგნის განწყობა და თემატაკიც მეტ-ნაკლებად ესადაგება ძველს, მე მას მაინც პირველის გაგრძელებას ვეძახი და ამით თითქოს ცოტა თავს ვიმშვიდებ.

მოთხრობა „მას ერქვა ვატანაბე", რომლის სათაურიც ინამ წიგნს მოარგო, ჰარუკი მურაკამის „ნორვეგიული ტყის" გავლენითაა შექმნილი. მას უყვარს ეს მოთხრობა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელი დაარქვა წიგნს, სულაცარ ფიქრობს, რომ ის ახალ კრებულში ყველაზე კარგი და რაიმეთი გამორჩეული ნაწარმოებია;

ინას წიგნის ყდაზე ხასხასა „მწვანე ნათება" - როგორც თვითონ ეძახის და თავშალი, შემთხვევით არ მოხვედრილა. მათ სიმბოლური დატვირთვა აქვთ: მწვანე იმიტომ, რომ ის იმედის, ნათელი მომავლის, სიახლის სიმბოლო და იმის ნიშანია, რომ „ცხოვრება,რაც უნდა რთული იყოს, ჩემი იქნება თუ სხვისი, აუცილებლად გრძელდება"; - ამბობს ინა. თავშალი კი, მასთანაც ასოცირდება და იმ ფემინურ ხაზთანაც, რომელიც გასდევს ინას მოთხრობებს.

„ჩემს ნაწერებში სად მთავრდება ფიქრი და სად იწყება ამბავი, ხშირად თავადაც ვერ გამირკვევია. ჯერჯერობით, ის, რასაც მე ვაკეთებ, მგონია, რომ არის ფურცელზე გულწრფელად გადმოტანილი ფიქრისა და ემოციის ნაზავი, რომელიც მეტ-ნაკლებად მოსწონს მკითხველს. ნამდვილ მწერლობამდე კი ჯერ ძალიან შორია".

ზემოთქმული ინას აზრია, მე კი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ის ამას ზედმეტ კომპლიმენტად ან სულაც არასწორ გამოთქმად ჩამითვლის, მაინც ვეტყვი ქართველ მკითხველს, რომ ინა არჩუაშვილი გამორჩეული ქართველი მწერალი ქალია!

 

მომზადებულია სასწავლო კურსის - „ბეჭდური მედია-1" ფარგლებში

(ხელ-ლი: ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე)