ესეში  “სიზიფეს მითი” კამიუ გვაცნობს  აბსურდის ფილოსოფიას. დასაწყისშივე ავტორი სვამს კრიტიკულ კითხვას იმის შესახებ, აქვს თუ არა ცხოვრებას აზრი. ადამიანისა და აბსურდის პირისპირ შეყრის შემდგომ, ადამიანი ითხოვს პასუხებს, რომლებიც გაარკვევს მას შექმნილ ვითარებაში და მისცემს დანიშნულებას ამ სამყაროში, მაგრამ - ამაოდ. იგი ეშვება სასოწარკვეთასა და უიმედობაში. სწორედ ეს უშედეგო არსებობა აფიქრებინებს  სუიციდზე, როგორც ერთადერთ გამოსავალზე.

“მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი ფილოსოფიური პრობლემა არსებობს: თვითმკვლელობა”-  ამბობს ავტორი. აბსურდთან შეჯახების შემდეგ კამიუ განიხილავს  მოქმედების ორ შესაძლო ვარიანტს : სუიციდსა და  სიცოცხლის გაგრძელებას უარყოფაში. თავად ავტორი უარყოფს თვითმკვლელობას და მდგომარეობას გმირულად თანხმდება, ყველანაირი რელიგიური ილუზიების ჩამოყალიბების გარეშე.

კამიუ ახასიათებს თავად აბსურდსაც. იგი ამბობს, რომ აბსურდი ესაა მუდმივი იმედგაცრუება ადამიანის სურვილსა და სამყაროს მიერ შეთავაზებულ რეალობას შორის. ადამიანის მოთხოვნებში იგი გულისხმობს დანიშნულების მუდმივ ძიებას, ცხოვრების საზრისის გაგების სურვილს , ხოლო რეალობაში - ქაოსს. ავტორის თქმით, სამყარო ვერ აკმაყოფილებს ადამიანს.

 ადამიანისა და სამყაროს ერთადერთი დამაკავშირებელი სწორედ აბსურდია. ცალკე აბსურდი არ არსებობს არც ადამიანში და არც სამყაროში, იგი ამ ორი ელემენტის ურთიერთობის ნაყოფია.

მიუხედავად აზრების აბსტრაქტულობისა, ავტორის იდეები სათავეს იღებს ყველასთვის კარგად ნაცნობი შეგრძნებებიდან. იგი აღწერს, თუ როგორ იბუდებს ადამიანის სულში აბსურდი: “ კითხვაზე -  “რას ფიქრობ?”,  გაცემული პასუხი  -“არაფერს” , შეიძლება თვალთმაქცობა იყოს, მაგრამ თუ ეს პასუხი გულწრფელია, თუ ის სულის განსაკუთრებულ მდგომარეობას გამოხატავს, სადაც სიცარიელე ბევრისმთქმელია, მაშინ ის აბსურდის პირველი ნიშანია”.

ავტორის თქმით, ყველაფერი იმ გაკვირვებითა და დაღლილობით იწყება, როდესაც ყოველდღიურობა ტვირთი ხდება, რუტინა შიგნიდან განადგურებს, ერთსა და იმავე მოქმედებებს  თავს ვეღარ აღწევ და გაისმის კითხვა - “რატომ?”.

ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ის დროის სიმძიმეებს თავის მხრებზე გრძნობს. 

კამიუ ეტრფის ამბოხს. იგი ამბობს, რომ აბსურდში მთავარი უწყვეტი ბრძოლაა. ეს ბრძოლა გულისხმობს იმედის სრულ არარსებობას, მუდმივ უარს (და არა უარყოფას ) და გაცნობიერებულ დაუკმაყოფილებლობას  (რაც არ უნდა აგვერიოს ყმაწვილურ წუხილში).  ავტორის თქმით, აბსურდი მაშინ იჩენს თავს, როცა არ ეთანხმები, ანუ როცა გაწუხებს, ხოლო იცხოვრო, ნიშნავს აცხოვრო აბსურდი. კამიუს აზრით, თუ აბსურდს არ აღიარებ, არც არსებობ.

აქვე, იგი უარყოფს სუიციდის გარდაუვალობას. მისი აზრით,  თვითმკვლელობა ამბოხს მოსდევს, ოღონდ  მისი ლოგიკური დასასრული კი არ არის, პირიქით,  საპირისპიროა, რადგანაც თანხმობას გულისხმობს. ავტორის აზრით, თვითმკვლელობა უბრალოდ გაქცევაა რეალობისგან, აბსურდის პრობლემის მოგვარებაა, გადაჭრაა, რაც დაუშვებელია.

ალბერ კამიუ თვლის, რომ ადამიანმა ცხოვრება უნდა გადაიტანოს მთელი თავისი სიმძიმეებით, უაზრობითა და აბსურდულობით.

იგი პოულობს ესთეტიკას უშედეგო ბრძოლაში. მისი აზრით, არაფერია იმ სანახაობაზე უკეთესი, ვიდრე ინტელექტის ბრძოლა იმ რეალობასთან, რომელიც მას აღემატება. ავტორს სწორედ ეს ბრძოლა მიაჩნია ადამიანის ცხოვრების უმთავრეს მომენტად. მისი აზრით, ყველაფერი, რაც მოუწოდებს ადამიანს გაჩერებისკენ, შეგუებისკენ, დათანხმებისკენ, არის ბოროტება.  “ვხვდები, რატომ მასუსტებს დოქტრინები, რომელიც ყველაფერს მიხსნის. ის ტვირთისგან მათავისუფლებს , ამ დროს კი საჭიროა, რომ მარტომ ვზიდო” - ამბობს  ავტორი. პირველ რიგში, იგი გულისხმობს რელიგიებს, როგორც  “კაცობრიობის ოპიუმს”, რომლებიც ცდილობენ ადამიანებს წაართვან ყველაფერი ადამიანური, “შეუმსუბუქონ” ტვირთი, რომლის გარეშეც ადამიანი არ არის ადამიანი. 

ავტორი, შეიძლება ითქვას , რომ არის pro-life, pro-expirience, ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანურობას, მიწიერებას, გამოცდილების მიღებას (განურჩევლად მორალურად  დადებითი თუ უარყოფითი შედეგისა). „აბსურდის ადამიანისთვის“  მთავარი აღარ არის  ახსნა და გადაწყვეტა, არამედ მთავარია - განცდა და აღწერა. იგი ამბობს, რომ თუ აბსურდი სპობს ჩემს ყველა შანსს, მქონდეს მარადიული თავისუფლება, სამაგიეროდ,  მაძლევს მოქმედების თავისუფლებას. იმედის და მომავლის წართმევა, ნიშნავს სასიცოცხლო ძალების მინიჭებას და გაზრდას. ავტორი გვაძლევს მარტივ ფორმულას: რაც აკლდება ღვთიურ სამყაროს, ემატება ამქვეყნიურს. თუმცა, იგი აღნიშნავს, რომ  „ყველაფერი ნებადართულია“ - არ ნიშნავს, რომ „არაფერია აკრძალული“. მისი აზრით, ყველა გამოცდილებას ერთი ფასი აქვს , შესაბამისად, ვალდებულების გამოცდილებაც ისეთივე კანონიერია, როგორც რომელიმე სხვა.

გარდა შინაარსობრივი ღირებულებისა, ესე გამოირჩევა არაჩვეულებრივი  მხატვრული ოსტატობითა და  უშუალობით. კითხვისას შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს ავტორს დიდი ხანია პირადად ვიცნობთ.  ის ფაქტი, რომ კამიუს ეს ნაწერი უამრავი ადამიანის მიერ არის დაფასებული და აღიარებული, მაფიქრებინებს,  რომ ჩემი სიმპათია  მხოლოდ მსგავსი თემატიკის წიგნების წაკითხვიდან გამოწვეული სიახლის და მოულოდნელობის შეგრძნების შედეგი არაა.   

ასევე  ვთვლი, რომ გამიმართლა როგორც მკითხველს, რადგანაც წიგნი ხელში ჩამივარდა ზუსტად ისეთ დროს, როდესაც მზად ვიყავი მის გასააზრებლად, რადგან მონათესავე იდეებით მქონდა თავი სავსე.  არ დამავიწყდება პირველი შთაბეჭდილება, როდესაც აღმოვაჩინე, რომ წიგნი ყველა იმ აზრს ეხმიანებოდა, რომელზედაც ვფიქრობდი და ყველა იმ კითხვას სცემდა პასუხს, რომელიც მაწუხებდა. 

ავტორის ოსტატობის თვალსაჩინო ნიმუშია ეს ციტატა: 

“თვითმკვლელობა აბსურდის გადაჭრაა. მას აბსურდი თვით სიკვდილშიც შეჰყავს. მაგრამ ვიცი, რომ არსებობის გასაგრძელებლად აბსურდი არ შეიძლება გადაიჭრას. ის (აბსურდი) თვითმკვლელობას ხელიდან უსხლტება, რამდენადაც იმავდროულად სიკვდილის გაცნობიერება და უარყოფაა. ის სიკვდილმისჯილის უკანასკნელი ფიქრის უკიდურეს ზღვარზეა, ის ფეხსაცმლის თასმაა, რომელსაც ეს სიკვდილმისჯილი ყველაფრის მიუხედავად რამდენიმე მეტრში ამჩნევს თავბრუდამხვევი ნახტომის გაკეთებამდე”.

მწერლის მიერ თემის წვდომის სიღრმეს და პროფესიონალიზმს ამტკიცებს ყველა ფრაზა, რომელსაც ამ წიგნში ვკითხულობთ. ფაქტობრივად, ყოველი წინადადება არის ერთგვარი ლოზუნგი, მოწოდება, რომელიც შეგვიძლია ცხოვრებას მოვარგოთ, ხოლო მათი უნივერსალურობა რელევანტურია თითქმის ყველასთვის, მაგალითად: 

“საზღვარი არ არსებობს იმას შორის, რაც ადამიანი უნდა იყოს და რასაც სინამდვილეში წარმოადგენს”.

“ადამიანის ცხოვრების ნახევარი ნაგულისხმევი სათქმელი, თავის მიბრუნება და გაჩუმებაა”.

“შექმნა - ნიშნავს ორმაგად იცხოვრო”, და ა.შ.

ტექსტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია როგორც ადამიანს, ისე მის გრძნობებსა თუ შემოქმედებას. კამიუ გვაძლევს სიყვარულის განმარტებას : “სიყვარული მხოლოდ სურვილის, სინაზისა და ინტელექტის ნაზავია”; გვეუბნება, რომ ხელოვნება აბსურდის აქტია, რომ იგი არ სთავაზობს გამოსავალს გონების ტანჯვას, იგი ამ ტანჯვის ერთ-ერთი ნიშანია, და სხვ.

ნაწარმოების ბოლოს მოთხრობილია თავად სიზიფეს მითიც, რომლის მიხედვითაც მას სიკვდილის მოტყუებისთვის მიესაჯა მძიმე სასჯელი - მან ლოდი უნდა ზიდოს მთაზე, ხოლო მწვერვალზე მიღწევისას ლოდი კვლავ უკან ჩამოგორდება და ასე - უსასრულოდ. ავტორი წიგნს ასრულებს საკულტო სიტყვებით: “ადამიანის გულის ასავსებად - მწვერვალების დასაპყრობად ბრძოლაც საკმარისია. წარმოვიდგინოთ , რომ სიზიფე ბედნიერია”.

დამოწმება:

ალბერ კამიუ. სიზიფეს მითი. „აგორა“. თბილისი. 2013.

 

მომზადებულია საგან ,,XX საუკუნის დიადი წიგნები- LIBRI MAGNI-ს'' ფარგლებში,

ხელმძღვანელი მერი ტორაძე