სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტმა კვების პროდუქტებისა და ობიექტების 3 500-მდე საწარმო შეამოწმა. ინსპექტირების შედეგად ქვეყნის მასშტაბით 98 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.


2014 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით მონიტორინგის ფარგლებში გათვალისწინებული იყო სურსათის 3 600 ნიმუშის აღება და მათი ლაბორტორიული კვლევა. მასში შემავალი 2 911 წყლის ნიმუშიდან 837 დადგენილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მიქაძემ განაცხადა, რომ დარღვევები უმეტესად საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, რესტორნებში, ბარებსა და საშაურმეებში დაფიქსირდა.

დიეტოლოგ ია გაბეჩავას თქმით, ჯანსაღი კვება უმნიშვნელოვანესია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ადამიანის ორგანიზმის განვითარებისთვის, რაც გულისხმობს პროდუქტების მრავალფეროვნებას, ბალანსირებულ რაციონს, გემრიელ, იაფ და სასარგებლო კერძებს. საკვები ნივთიერებებით ორგანიზმის მომარაგების ნებისმიერმა გადახრამ, შეიძლება, არსებითი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას, გამოიწვიოს გარემოს არახელსაყრელი პირობების მიმართ ადამიანის ორგანიზმის წინააღმდეგობის გაწევის უნარის დაქვეითება, გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის გაურესება. განსაკუთრებით სახიფათო საკვებს წარმოადგენს სწრაფი კვების ობიექტებში დამზადებული პროდუქტები. Fast Food -სიტვასიტყვით ნიშნავს საკვებს, რომელიც სწრაფად არის მომზადებული.

ბოლო წლებში საქართველოს ქალაქებში, ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე, გაიხსნა სწრაფი კვების ობიექტი. ცხოვრების თანამედროვე რიტმიდან გამომდინარე, ასეთი დაწესებულებებით უამრავი ადამიანი სარგებლობს, თუმცა რამდენად უსაფრთხოა ასეთი კვება და, საერთოდ, როგორ კონტროლდება ამ ობიექტებში დამზადებული კერძები? 

კვების ობიექტებზე სახელმწიფო კონტროლი „ვარდების რევოლუციის" შემდეგ გაუქმდა, როდესაც კორუფციის საბაბით არსებობა შეწყვიტა სანიტარული ზედამხედველობის ორგანომ - "სანეპიდ სადგურმა". თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ქვეყანაში სურსათის უვნებლობაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ კვების ობიექტებისა და სუპერმარკეტების იმედად არ უნდა დარჩენილიყო. 2011 წლიდან საქართველოში სურსათის მწარმოებელ და გამყიდველ საწარმოებზე სახელმწიფო კონტროლი აღდგა. „სურსათის ეროვნული სააგენტო" 2011 წლიდან ახორციელებს სურსათის მწარმოებელი საწარმოების სახელმწიფო კონტროლს. თუმცა, როგორც განვითარებული მოვლენებიდან ჩანს, ეს კონტროლი არ არის საკმარისი. ამაზე 98 ბიზნესოპერატორის საწარმოო პროცესის შეჩერებაც მიუთითებს. 

„სწრაფი კვების ობიექტებში დამზადებული საკვები ზრდის კუჭის მოცულობას და, შესაბამისად, ადამიანს უჩნდება უფრო მეტი საკვების მიღების მოთხოვნილება. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ხშირად „ფასთ ფუდებში" იყენებენ ცხიმს, რომელიც გაჯერებულია კარცეროგენით, ეს კი სიმსივნის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ასეთი საკვების რეგულარული მიღება მავნებელია ჯანმრთელობისთვის, რადგან არღვევს კალციუმის შეწოვის პროცესს ორგანიზმში, შეიცავს ტრანსცხიმებს, მარილებს და შაქრის ჭარბ რაოდენობას, აქვს მაღალი ენერგეტიკული ღირებულება, ქმნის ჭარბი წონის განვითარების რისკს, იწვევს ქოლესტერინის ზრდას, არის მრავალი დაავადების გამომწვევი, კერძოდ: ონკოლოგიური დაავადებების, კუჭნაწლავის, გულის იშემიური დაავადების, შაქრიანი დიაბეტის, ათეროსკლეროზის, ნერვული სისტემის დაზიანების და ა.შ." -აღნიშნა ენდოკრინოლოგმა ირინა ბლუაშვილმა.

თანამდეროვე Fast Food-ის ისტორია კი მე-20 საუკუნის 20-იან წლებში აშშ-ში აღმოცენდა. Fast Food-ის ძირითადი მომხმარებლები არიან ბავშვები, სტუდენტები და დასაქმებული პირები. ბავშვებს იზიდავთ ყოველივე მაცდური და მავნებელი. უნივერსიტეტების 70%-ს არ აქვს საკუთარი სასადილო, რაც სტუდენტებს უბიძგებს გარეთ კვებისკენ. თანამედროვე ცხოვრების სწრაფი რიტმი, ყოველდღიური გადატვირთული გრაფიკი, დროისა და ენერგიის უქონლობა აიძულებს დასაქმებულ პირებს ქუჩაში იკვებონ. დადგენილია, რომ ადამიანის ორგანიზმის მოწამვლის  შემთხვევებიდან 5% ჰაერით, 10% სასმელით, 85% საკვებით, აქედან 45% სწრაფი კვებით ხდება. 2003 წლიდან ევროკავშირში მოქმედებს კანონი, რომელიც კრძალავს საკვებში ტრანსცხიმების 2%-ზე მეტ ოდენობას.
2006 წლიდან აშშ-ის კონგრესის მიერ მწარმოებლებს დაევალათ, ტრანსცხიმების შემცველობა და წილი შეფუთვაზე მიუთითონ.

შვედმა ბიოქიმიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ კარცენოგენების რაოდენობა ერთ ჩიფსის ყუთში დასაშვებ ნორმას ბევრად აღემატება, სასმელ წყალში 500-ჯერ, ხოლო შვედეთის „მაკდონალდსის" ბურგერში 100-ჯერ.

სწრაფი კვების ობიექტები იმდენად მოედო მთელ მსოფლიოს, რომ მან მრავალ ქვეყანაში ტრადიციული სამზარეულოც კი განდევნა.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ თუ გვსურს, გამოვიყურებოდეთ ლამაზად და ვიყოთ ჯანმრთელები, უარი უნდა ვთქვათ სწრაფ კვებაზე და უპირატესობა მივანიჭოთ ჯანსაღ და ნატურალურ პროდუქტებს. მთავარია, დაბალანსებული და რაციონალური კვების რეჟიმი.


მომზადებულია სასწავლო კურსის „ბეჭდური მედია 1"-ს ფარგლებში  

(ხელ-ლი ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე)