მშვიდია. მისი თვალების დანახვისთანავე შეამჩნევთ ერთგვარ ნაპერწკალს, რომელიც მიგახვედრებთ, რამდენად ძლიერია. სამყაროს თავისებურ ფერებში აღიქვამს და სჯერა, რომ თვითაღზრდა პიროვნების განვითარების საფუძველია. სძულს ჩარჩოები და იცის, რომ გარანტიები არ არსებობს. წელიწადზე მეტია, რაც მწერალ ია კარგარეთელის  ნაწარმოები - ,,სხვა უდაბნოს საიდუმლო“ საქართველოში ყველაზე გაყიდვადი წიგნების ათეულში პოზიციას არ თმობს.

მწერალი მხიარულად იხსენებს, ბავშვობაში როგორ უყურებდა ფილმებს მეზობლის ფანჯარაში, როცა მის კორპუსში ელექტროენერგია ითიშებოდა. ,,ბნელ პერიოდში“ ზღაპრების კითხვა და ფანტასტიკურ სამყაროში პერიოდულად ,,გადასახლება  განტვირთვის საუკეთესო საშუალებად მიაჩნდა. ოცნებობდა, დისნეის სამყაროს პერსონაჟი ყოფილიყო და ძალიან არ მოსწონდა რეალობა, რომელშიც ცხოვრება უწევდა. სულ რაღაც ცხრა წლისამ ჩაიფიქრა, რომ უნდა დაეწერა რამე, რაც მკითხველს  მის სახელს დაამახსოვრებინებდა.

საკმაოდ ჩაკეტილი ბავშვი იყო და ხალხთან ურთიერთობა უძნელდებოდა. საუკეთესო მეგობრად ყოველთვის დედა მიაჩნდა. აღნიშნავს: ,,თუ დღეს ხელოვნება მიყვარს, ეს დედაჩემის დამსახურებაა“.

სკოლის გახსენებისას იას გამომეტყველება უკმაყოფილო ხდება. არ უყვარდა იქ სიარული, რადგან მასწავლებლები მიკერძოებულები იყვნენ და გამოარჩევდნენ მოსწავლეებს, რომელთა მშობლებიც ხშირად ანებივრებდნენ ,,ბამბანერკებით“.

არამხოლოდ სკოლა, სწავლაც დიდად არ იტაცებდა. ფაქტობრივად, იძულებით მეცადინეობდა და მხატვრული ლიტერატურის კითხვა ბევრად ერჩივნა. მიუხედავად ამისა, ჰუმანიტარულ საგნებში საუკეთესო აკადემიური შედეგები ჰქონდა. მეშვიდე კლასში კი, როცა შეამჩნია, რომ პედაგოგები ქულებს იმისდა მიხედვით წერდნენ, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მოსწავლის მშობელთან, მეცადინეობაზე გული საბოლოოდ აიცრუა: ,,პირფერი არ ვარ, არ შემიძლია უსამართლობაზე თვალი დავხუჭო. პროტესტს ყოველთვის ხმამაღლა გამოვხატავ და ეს ქმნის ხოლმე ძალიან დიდ ალიაქოთს ჩემ გარშემო“.

საბოლოოდ, ოთხი სკოლა გამოიცვალა. მხოლოდ დამამათავრებელ კლასს მიიჩნევს ისეთად, როგორშიც ყოველთვის უნდოდა, ესწავლა. როგორც აღნიშნავს, იქ მასწავლებლები მხოლოდ პროგრამულ მასალაზე საუბრით არ შემოიფარგლებოდნენ  და ამიტომ,  თავს თავისუფლად გრძნობდა.

ამბობს, რომ არასოდეს ყოფილა ვინმეზე დამოკიდებული და არც ვინმესთან დამეგობრების ინიციატორი, პირიქით, ყოველთვის გაურბოდა ზედმეტ კონტაქტებს: ,,დღესაც საზოგადოებაში ყოფნას მირჩევნია, მარტო ვიჯდე სახლში, ეს ჩემთვის თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა. როდესაც არ გაქვს უნარი, რომ შენც ნიღბები მოირგო და ითამაშო, ძალიან იჩაგრები. ამიტომ, არაგულწრფელ ადამიანებთან  ურთიერთობას მარტო ყოფნა მირჩევნია. დღეს ჩემ გარშემო ძალიან ცოტა ადამიანია, მაგრამ მათში ბოლომდე დარწმუნებული ვარ“. თვლის, რომ ცხოვრების გზაზე უამრავი ადამიანი გვხვდება, მათ შორის, დროებითი თანამგზავრებიც. ჩვენნაირები კი ბოლომდე მოგვყვებიან  გვერდით: ,,უბრალოდ,  მთავარია,  ადამიანებმა ერთმანეთის გაფრთხილება ისწავლონ“.

როგორც ამბობს,  უცნაური ხასიათი აქვს. შეუძლია, დიდი ხნის განმავლობაში ახლობელ ადამიანებთან კონტაქტისგანაც თავი შეიკავოს, მაგრამ მათზე ყოველდღე ფიქრობს და ეს მათაც იციან. თავი მგრძნობიარე ადამიანად მიაჩნია, ამიტომ,  მცირე მიზეზიც კი საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს ურთიერობების გასაწყვეტად. 

იას აზრით, ადამიანებისგან ადვილად არაფერი უნდა გეწყინოს, რადგან ბედნიერი ადამიანი არავის აყენებს ტკივილს. განშორებებს კი მტკივნეულად აღვიქვამთ, მაგრამ ეს ცხოვრების ნაწილია და დრო ყველაფერს გვაჩვევს. ყოველთვის იქნებიან ისინი, ვისაც ჩვენ გვერდით ყოფნა ენდომება, თუმცა, აჯობებს, არავის მივეჯაჭვოთ.

მწერლის თქმით,  ინდივიდებს საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და თავიანთი ნაკლოვანებების მიღება უნდა შეეძლოთ, რომ არ დაკომპლექსდნენ:  ,,საკუთარი თავის სიყვარული, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს საკუთარი თავის შეცნობას. საკუთარი თავის შეცნობას მიჰყავხარ თავისუფლებამდე“. 

 

ოთხი წლიდან კერავდა. მოზარდობის პერიოდში სამოსის სტილზე მუშაობით სერიოზულად დაკავდა. 14 წლისამ სწავლა დიზაინერ აბრაამ ბაზელთან დაიწყო. დიზაინერი სტუდენტებს მხოლოდ 18 წლის ასაკიდან იღებდა, თუმცა იას ნახატებითა და შინ შეკერილი სამოსით მოიხიბლა და გადაწყვიტა, მისთვის შანსი მიეცა. ბაზელთან ორი წლის განმავლობაში სწავლობდა და დიზაინერ-მოდელიორის სერთიფიკატიც აიღო. უნივერსიტეტში სწავლაზე არც უფიქრია, რადგან უკვე აკეთებდა მისთვის სასურველ საქმეს. თანაკურსელთან ერთად სამკერვალო სალონი გახსნა და საკუთარ დიზაინზე დაიწყო მუშაობა. დაახლოებით სამი წლის შემდეგ თავისი ხაზიც შექმნა და მოდის კვირეულზე სურდა მისი ჩვენება, მაგრამ კომპანიონმა დააღალატა და, იმედგაცრუების შემდეგ, მალევე მიხვდა, რომ ამ საქმით  დაიღალა.

 23 წლისამ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება გადაწყვიტა. დამოუკიდებლად მოემზადა და ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ფილოლოგიას ეუფლება.

  

პირველი მოთხრობა უმეგობრო თაგუნიაზე 11 წლისამ დაწერა. ბოლოს თაგუნია თავის კომპლექსებს დაძლევს და საშობაო სიმღერას ნაძვის ხესთან სხვებთან ერთად ასრულებს.

ლექსების წერა 15 წლიდან დაიწყო. 18 წლისამ საკუთარი პოეზიის მკითხ ველისათვის  გაზიარებაზე უარი თქვა, რადგან ხალხის რეაქციისა შეეშინდა. არ უნდოდა, საზოგადოების განხილვის საგანი გამხდარიყო მისი ემოციური სამყარო. საბოლოოდ, ლექსები თავადვე გაანადგურა. ამბობს, რომ ეს არასოდეს უნანია.

 მოთხრობები თავდაპირველად ერთერთ ინტერნეტგვერდზე განათავსა და მოგვიანებით, იმავე გვერდზე ლიტერატურულ კონკურსშიც გაიმარჯვა. მალე  მკითხველთა დადებითი შეფასებებიც  მიიღო.

 სიუჟეტები მის გონებაში ხშირად მგზავრობისას ცოცხლდება. მოთხრობების ეპიზოდებს ავტობუსის ფანჯრიდან ხედის ცქერისას და მუსიკის მოსმენისას წარმოიდგენს ხოლმე. მუსიკის გარეშე წერაც ვერ წარმოუდგენია. ამბობს, რომ თითოეული მელოდია გვიყვება რაიმე ამბავს, რომელსაც ყველანი ჩვენეულად აღვიქვამთ.

წერას გვიან ღამით ამჯობინებს, როცა ყველას სძინავს: ,,ღამით მე ვარ ცოცხალი, ღამით მე ვარ - მე. ღამე არის ჩემი თავშესაფარი. ღამით, როცა მთვარის შუქი განათებს, თავს გრძნობ ზღაპრის პერსონაჟად, რომელსაც ისევ სჯერა, რომ მიუხედავად ყველა ტკივილისა და მარცხისა, წინ რაიმე დიდი აღმოჩენა ელოდება. ბავშვობიდან მგონია, რომ ღამე აღმოჩენისაა და დილით, გაღვიძების შემდეგ, შეიძლება, ყველაფერი შეიცვალოს“.

მოთხრობის შექმნის იდეა სტამბოლში დაიბადა. მწერალს არ მოსწონდა ადგილობრივების სკეპტიკური დამოკიდებულება ქართველი ქალების სილამაზის მიმართ. საბოლოო სიუჟეტი კი გიზის პირამიდების შესახებ ზოგადი უნარების სასწავლო მასალაში მოცემულმა ტექსტმა დაანახა. შთაგონების მთავარი წყარო მაინც დარეჯან გარდავაძის ნაშრომი გახდა, ბედუინური ლექსის, ,,უზრიული ღაზალის“ შესახებ, რომელიც არაბისტიკის მიმართულების სტუდენტმა დამ, თამთამ მიუტანა. ლექსი ეხებოდა ბანუ აზრას ტომის ბედუინებს, რომელთა მამაკაცებსაც ცხოვრების ბოლომდე ერთადერთი ქალი უყვარდათ. მოთხრობის თავდაპირველი სახელწოდება სწორედ ,,უზრიული ღაზალი“ იყო, მთავარ პერსონაჟს კი მწერალმა დის სახელი დაარქვა. 2017 წელს მოთხრობა კონკურსის, ,,გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული გახდა. კონკურსის დასრულებამდე ნაწარმოებს სათაური არ შეცვლია. საბოლოოდ კი, მოთხრობა, მარკეტინგული თვალსაზრისით, უკეთესად დაასათაურეს, მას  ,,სხვა უდაბნოს საიდუმლო“ უწოდეს. იას მოსწონს ეს სახელწოდება. ამბობს, რომ,,უზრიული ღაზალი” მართლაც საიდუმლოა, რომლის შესახებაც საქართველოში მხოლოდ არაბისტებმა იციან.

 ახლა მოთხრობის მეორე ნაწილზე მუშაობს და პერსონაჟების განსხვავებული სახეების ჩვენებას აპირებს. მკითხველს ბევრი მოულოდნელობით სავსე და დრამატული ეპიზოდი ელოდება. ,,სხვა უდაბნოს საიდუმლო 2“ - დღის სინათლეს 2019 წლის გაზაფხულზე იხილავს.

 მწერალი ხშირად ატარებს სოციალურ მედიაში კონკურსებს და გამარჯვებულებს წიგნს თავად ჩუქნის. სიამოვნებს, რომ ადამიანებს მასთან შეხვედრით სიხარულს ანიჭებს: ,,ამ პატარა ოცნების ახდენა ადამიანს ზრდის დიდი ოცნებისკენ ნაბიჯების გადასადგმელად. მე მინდა ვიყო ადამიანი, რომელიც ვიღაცას ეტყვის, რომ ოცნებები სრულდება“. პრეზენტაციები და მსგავსი შეხვედრები მეტად აღელვებს. ისიც გაგვიმხილა, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის შიში დააძლევინა მეგობარმა, რომელსაც მისი შესაძლებლობებისა სჯერა და მწერალს კომპლექსების მოშორებაშიც დაეხმარა.

 ,,ბესტსელერის ავტორი საქართველოში ჰგავს კონკიას, რომელიც ეძებს ,,პრინცს“,  ეს ,,პრინცი“ წიგნის ევროპის ქვეყნებში გასვლაა“, _ სიცილით გვითხრა მწერალმა, როცა დავინტერესდით, კმაყოფილია თუ არა ჰონორარით. იამ აღნიშნა, რომ საქართველოში არსებობს პიარის პრობლემა. მწერალს გული სტკივა იმაზეც, რომ მკითხველები უცხოურ ნაწარმოებებს უფრო ხშირად ყიდულობენ, ქართველებისას კი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე,  სკეპტიკურად უყურებენ და არც თუ იშვიათად წაუკითხავად იწუნებენ.

 ია კარგარეთელი ფიქრობს, რომ საქართველოში ბევრი ლიტერატურული ჟანრი ჯერ კიდევ დასამკვიდრებელია. გასაკუთრებით მოსწონს გოთიკური სტილი. სჯერა, რომ ახალი თაობა შეავსებს ამ დეფიციტს და უნდა, რომ ქართველ მწერლებზე მსოფლიო ალაპარაკდეს.

ნაძვის ხის მორთვა პატარა ბავშვივით უხარია. განათებული ქუჩების ყურება აბედნიერებს: ,,მიმაჩნია, რომ რუტინა, რომელსაც ასე მიჩვეულები ვართ, ზოგჯერ აუცილებლად უნდა შეიცვალოს.  ახალი წელი ძალიან მიყვარს, რადგან ეს არ არის დასასრული, ეს დასაწყისია“.

 

 

მომზადებულია   საგან ,,ანალიზისა  და მოაზრების“ ფარგლებში

ხელმძღვანელი:  მარი წერეთელი