საზოგადოება

მთა კანონით თუ კანონის გარეშე

2017-06-05

„მაღალმთიანი დასახლების შესახებ“ კანონი რომ დაამტკიცეს, მაშინ ერთ-ერთ მაღალმთიან დასახლებაში ვიყავი, „ცის მახლობელა“ სოფელი მთლად არ იყო, მაგრამ მაღალმთიანი სოფლის სტატუსი ენიჭებოდა. ხალხს უხაროდა მთას მიეხედება, ხალხი ნელ-ნელ დაბრუნებას დაიწყებს, მიხვდნენ, რომ ბარი მთის გარეშე არაფერიაო. 

კანონის მიღების შემდეგ ორი წელი გადის. ჩემმა ოჯახმაც გამოკეტა კარი გაზაფხულამდე. 

ყველა გზა მთაში მიდის

„მაღალმთიანი დასახლების შესახებ“ კანონში განსაზღვრულია მაღალმთიანი დასახლებისა და  მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, სოციალური და საგადასახადო შეღავათები. თავის მხრივ, კანონი თავის თავში უკვე გულისხმობს რეგიონის ინფრასტრუქტრულ განვითარებას, საგანმანათლებლო და სამეურნეო ხელშეწყობას. სოფლის მაღალმთიანი დასახლების სტატუსს განსაზღვრავს მთის განვითარების ეროვნული საბჭო, ხოლო ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 

როდესაც რედაქციამ ჟურნალის თემატიკაზე მუშაობა დაიწყო, მივხვდით, რომ დუშეთის რეგიონს ამ საკითხის განხილვის გარეშე ნამდვილად ვერ დავტოვებდით. იმის გამო კი არა, რომ ამაზე ჯერ არავის დაუწერია, არამედ იმიტომ, რომ დუშეთზე ფიქრისას პირველად გახსენდება მთა, მთას კი ახლა უჭირს.

აღსანიშნავია, რომ ქალაქი დუშეთი მაღალმთიანი დასახლების სიაში ვერ ხვდება. კანონის მიხედვით მაღალმთიანად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრზეა, მაგრამ სხვადასხვა კრიტერიუმის (მთის ფერდობის დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული მდგომარეობა, მათ შორის, გამწვავებული მიგრაციული პროცესები) გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შეიძლება მიენიჭოს სოფელს, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრზეა, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში ეს ნიშნულიც პირობითი ხდება. მაგალითად, რაჭის სოფელი საკეცია ზღვის დონიდან 700 მეტრზეც არაა, მაგრამ რეგიონის ბუნებრივი პირობების გამო, მაღალმთიანი დასახლების სიაში შედის.

ქალაქი დუშეთი ზღვის დონიდან 900 მეტრზეა და მთიან დასახლებას არ წარმოადგენს, გარდა ამისა, „ქალაქის“ სტატუსისა და დედაქალაქთან სიახლოვის გამო მაღალმთიან დასახლებათა სიაში ვერ ხვდება. მუნიციპალიტეტში 242-მა დასახლებამ მიიღო მაღალმთიანის სტატუსი, მათ შორის ჟინვალმაც. სიის გარეთ ბევრი სოფელი დარჩა.Mმაგ.სოფელი ლაფანაანთკარი, რომელიც ქალაქი დუშეთისგან 19კმ-ითაა დაშორებულიდა ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მდებარეობს.

მუნიციპალიტეტის გამგებლის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ლევან მნათობლიშვილის თქმით, ამ სიაშილაფანაანთკარის ვერ მოხვედრა, გამოიწვია იმან, რომ მან განსაზღვრული კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა. 

„ამ შემთხვევაში ლაფანაანთკარი უნდა შევიდეს, როგორც გამონაკლისი, რადგან ზღის დონიდან 1000 მეტრამდეა, მაგრამ ამას არ დაუშვებენ. ზოგადად, სოფელმა უნდა დააკმაყოფილოს ორი კრიტერიუმი. პირველი, რასაც სოფელი ასრულებს, ესაა დემოგრაფიული კრიტერიუმი. მეორე, რომელსაც ვერ ასრულებს, დაკავშირებულია პერიფერიასთან და გზის სირთულესთან. სოფელი ძალიან ახლოსაა დუშეთთან და გზაც მშვენიერია,“ -განაცხადა ლევან მნათობლიშვილმა.  ლაფანაანთკარის მსგავსად დუშეთის სიახლოვეს არსებული სოფლების დიდი ნაწილიც სიის გარეთ რჩება.

მუნიციპალიტეტში დიდ პრობლემას წარმოადგენს სოფლებთან დამაკავშირებელი გზა, უფრო სწორად ტრანსპორტი. დუშეთში ჩასვლა საკმაოდ ადვილია, მაგრამ იქიდან რომელიმე სოფელში მოხვედრა ფაქტობრივად შეუძლებელი. ჟინვალში მხოლოდ კვირაობით დადის სამარშრუტო ტაქსი, ხოლო სოფლებში არასდროს. 

„კვირა დღესთავისით თუ ჩამოვა ვინმესავაჭროდ, თორემ ისე მხოლოდ თბილისიდან დადის სოფლებში სამარშრუტო ტაქსი,“ - თქვა დუშეთის ერთ-ერთმა მკვიდრმა.

მცხეთა-მთიანეთის განვითარების 2015-2021 წლების სამოქმედო გეგმაში ვკითხულობთ:

„აღსანიშნავია, რომ ასფალტის ან ბეტონის საფარით არ არის დაფარული მუნიციპალური ცენტრებისა და შესაბამისი დასახლებების დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის სახელმწიფო გზების დიდი ნაწილი. მეწყერული და ღვარცოფული მოვლენები პერმანენტულად აზიანებს საფარს. ადგილობრივი მნიშვნელობის გზების დიდი ნაწილი გრუნტოვანია, რის გამოც ზამთრის დიდთოვლობის პერიოდში იშლება კომუნიკაცია ბევრ დასახლებულ პუნქტთან. მოსაწესრიგებელია მუნიციპალიტეტის შიდა სასოფლო გზების უდიდესი ნაწილი. განსაკუთრებით მწვავე პრობლემას წარმოადგენს პირიქითა ხევსურეთის, გუდამაყრისა და მთიულეთის სოფლებთან დამაკავშირებელი გზები, რომელიც ზაფხულის პირობებშიც ძნელად გასავლელია, ხოლო ზამთარში იკეტება, რაც იწვევს მათ მოწყვეტას მუნიციპალიტეტის ცენტრისგან“. ამ შემთხვევაში საუბარია მთლიანად მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, რაც დუშეთის რეგიონსაც მოიცვს.

დუშეთის მუნიციპალიტეტის პიარის წარმომადგენლის თქმით, 2017 წლის ბიუჯეტით მომზადებულია საპროექტო წინადადება, რის შედეგადაც დუშეთიდან სხვადასხვა სოფელში მუნიციპალური ტრანსპორტი ივლის. 

„ამ ეტაპზე ხორხიდან და გუდამაყრიდან კვირა დღეს დუშეთის მიმართულებით დადის უფასო ტრანსპორტი, რათა მოსახლეობა ბაზარში მოხვდეს,“ - განაცხადა პიარის წარმომადგენელმა.

შვება მთისთვის

კანონის მიღების ერთ-ერთი მიზანი იყო მთაში ხალხის დაბრუნება. ამის გამო, განისაზღვრა სოციალური და საგადასახადო შეღავათები. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაჟა ჩოხელის თქმით, „მაღალმთიანი რეგიონის განვითარების შესახებ“ კანონი მთისთვის დიდი შვებაა.

„მთის კანონისთვის ძალიან ბევრი იბრძოლეს ჩვენმა დეპუტატებმა, ირაკლი ტრიპოლსკიმ, ზაქარია ქუცნაშვილმა და მირიან წიკლაურმა და ეს ნამდვილად შვებაა მთისთვის. შეიძლება ვიღაცას ჰგონია, რომ მუნიციპალიტეტმა სახლები უნდა აუშენოს და მოდით და იცხოვრეთო, მაგრამ სახელმწიფო არ არის მეწველი ძროხა, რომ მასზე იყოს ყველაფერი ჩამოკიდებული. ძალიან მაღალი შეღავათებია, პენსია და პედაგოგების ხელფასები გაცილებით მეტია, მთის საწარმოთა რეგისტრაციისას გადასახადებს არ იხდის 10 წლის განმავლობაში და ა.შ,“ - ამბობს ვაჟა ჩოხელი.

ზამთრის პერიოდში (15 ოქტომბრიდან 15 აპრილის ჩათვლით) მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირებითვის გათბობისთვის ხელშეწყობის „შესაბამისი ღონისძიებები“ უნდა გატარდეს, თუმცაღა რა ღონისძიებებია ეს კანონში განმარტებული არაა. 

ვაჟა ჩოხელის თქმით, ამ ეტაპზე დუშეთის მუნიციპალიტეტის გაზიფიკაცია თანდათან მიმდინარეობს და ამჟამად 15 სოფელია გაზიფიცირებული.

„გაზიფიცირებას ემსახურება „სოკარი“. 2013 წელს, როდესაც აქ დავიწყე მუშაობა, მაშინ ქალაქ დუშეთის მხოლოდ 20% იყო გაზიფიცირებული. ამიტომაც, თავდაპირველადმიმდინარე სამუშაოები დავასრულეთ, ჯერ აქ, შემდგომ კი მიმდებარე სოფლებში. რაც შეეხება სხვა სოფლების გაზიფიცირებას, იგი 15 სოფელში გაკეთდა, ამჟამად კი არაგვისპირში გაგვყავს გაზი. რთული პროცესია, ამას ვერ ახორციელებს მუნიციპალიტეტი, მაგრამ მუდმივი კონტაქტი გვაქვს „სოკართან“ და ვცდილობთ, რომ ეტაპობრივად მოხდეს გაზიფიცირება,“ -  ამბობს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

მისივე თქმით, თითქმის დასრულებულია ინდივიდუალური ელექტროგამრიცხველიანობა. 

„ინდივიდუალური გამრიცხველიანობის 90% დასრულებულია. ივნისში მუნიციპალიტეტში სრულად უნდა დასრულდეს,“ - ამბობს ჩოხელი.

მაღალმთიანი სოფლებში 100კვტ.სთ-ზე ნაკლები ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში მთაში მაცხოვრებელს 50%-იანი შეღავათი ეკუთვნით; პენსიონერის საპენსიო და პედაგოგის სახელფასო დანამატი 20% და 35% პროცენტია, რაც პენსიონერის შემთხვევაში დაახლოებით 30 ლარია; პირველი და მეორე ბავშვის დაბადების შემთხვევაში არის ყოველთვიური 100-ლარიანი დახმარება, ხოლო მესამე ბავშვის შემთხვევაში, ორი წლის განმავლობაში, ოჯახი ყოველთვიურად 200 ლარს იღებს. ყველა ამ შეღავათის მიღება იმ შემთხვევაში შეიძლება თუ პირი მაღალმთიან რეგიონში მუდმივი მაცხოვრებელია.  გამგებლის, ვაჟა ჩოხელის თქმით, კანონის მიღების შემდეგ 720 ათასმა ადამიანმა მიიღო ეს სტატუსი, ბოლო ერთი წლის განმავლობაშ 418 ადამიანი დაუბრუნდა მთას.

კანონით მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი ცალკეა განსაზღვრული. ამ შემთხვევაში პირისთვის ამ სტატუსის მინიჭება/შეჩერების გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტი იღებს. გარდა იმისა, რომ პირი რეგისტრირებული უნდა იყოს მაღალმთიან დასახლებაში, იქ წელიწადში არანაკლებ 9 თვე უნდა გაატაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში სტატუსს კარგავს, მასთან ერთად კი ყველა შეღავათს. 

უკანაფშავის მაცხოვრებლისა და ფერმერის ნოდარ ტოხოსაშვილის თქმით, მაღალმთიანი სოფლები იცლება და პრობლემა თანხების გადანაწილებაშია.

„პრობლემა არის სხვაგან, სახელმწიფო კი ფულს ხარჯავს სხვაგან. სახელმწიფო პენსიონერს უმატებს 30 ლარს, ბავშვზეც არის შეღავათები და როდესაც ფულს გჩუქნიან რატოა ცუდი? მაგრამ, მე არ მაქვს გზა, არ მაქვს ელექტროენერგია, არ მაქვს კავშირგაბმულობა, ბაღი არ არის, სკოლა არ არის. ადამიანი მთაში ცხოვრობს იმისათვის, რომ თავი ირჩინოს. სოციალურ დახმარებას აძლევ ხალხს, მაგრამ პრობლემები პრობლემებად რჩება. მთა იცლება,“ - ამბობს ტოხოსაშვილი.

მისთვის, ასევე, პრობლემას 9-თვიანი ვადაც ქმნის.

„მთაში მცხოვრების სტატუსი არ მაქვს, ამიტომ შეღავათებით ვერ ვსარგებლობ. დედაჩემი არის უკანაშაფში ჩაწერილი, მაგრამ იმ ასაკშია ზამთარში იქ ვერ დავტოვებ, რამე რომ გაუჭირდეს ვერავინ დაეხმარება,“ - ამბობს ტოხოსაშვილი.

ახალგაზრდა ფერმერის თქმით, მთის კანონი აუცილებელია, მაგრამ თანხების „გადანაწილება სხვანაირად უნდა მოხდეს“. 

„დუშეთში ერთი სოფელი კარგადაა განვითარებული, ათ დანარჩენ სოფელში კვამლიც არ ამოდის. ჩემ სოფელში, ამ წუთას, ზამთარ-ზაფხულ მაცხოვრებლები, მხოლოდ სამი ოჯახია დარჩენილი. მის გარშემო, დაახლოებით კილომეტრ-ნახევრში, არის სხვა სოფლებიც, სადაც თითო ოჯახი ცხოვრობს, ანუ ბოლო სამ სოფელში ჯამში - სამი ოჯახი,“ - ამბობს ის.

კანონს არ ეთანხმება მეფუტკრე ბელა წვერაძე. მას შეცდომად მიაჩნია მთაში მუდმივად მაცხოვრებლის სტატუსის განმსაზღვრელად მთაში ცხოვრების 9-თვიანი ვადა.

„უკანაფშავში ვცხოვრობ 1982 წლიდან. სკოლის დირექტორი ვიყავი, ჩაწერილი იქ ვარ. იქ მყავს ფუტკარი, იქ ვიყავი დეპუტატი, იქ გავიკეთე პენსია, დღესაც იმით ვცხოვრობ, რაც იქ მაქვს, მაგრამ ზამთარში იქ ვერ ვრჩები. ცხრა თვე პატიმრობას გისჯიან, რომ მოგემატოს 30 ლარი. არ აქვს მნიშვნელობა, რომ იქ საქმიანობ. რატომ მიმეტებთ ზვავისთვის, წყალდიდობისთვის, თან მარტოხელა ვარ. ჩემნაირი კისხვადასხვა სოფელში ძალიან ბევრია. მომთაბარე ფერმერებიც, რომლებიც მაღალმთიანი სოფლებიდან 3-4 თვით კახეთში საძოვრებზე ჩამოდიან, ვერანაირ შეღავათს ვერ იღებენ, “ - ამბობს ბელა წვერაძე. 

მისივე თქმით, „კანონი მხოდლოდ ქაღალდზეა დაწერილი და რეალურად არაფერი გაკეთებულა“. მან, ასევე, ისაუბრა საგადასახადო შეღავათებზე,  რომელიც ეხება მეწარმეებს, მაგრამ მომსახურების სფეროს გვერდს უვლის. 

„კერძო სასტუმროები ვერანაირი შეღავათით ვერ სარგებლობენ. ვოცნებობ, რომ მთაში სასტუმრო გავაკეთო, მაგრამ მომსახურების სფეროს არ ეკუთვნის შეღავათი. მისცეს მხოლოდ სოციალურებს დახმარება და ეს ხალხიც გააცუღლუტეს. მრავალსულიან ოჯახებს, რომელთაც ბევრი შვილი ჰყავთ, როგორ არ ეკუთვნით დახმარება, მაგრამ ნუ შებოჭავ. სადმე რომ მოეწყონ სამუშაოდ გაუუქმდებათ დახმარება. ისინიც ზარმაცდებიან და აღარ მუშაობენ. რაღაც უცნაურ კაბალაში აქცევენ ამ ხალხს,“ - ამბობს მეფუტკრე ბელა წვერაძე. 

მანვე აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა თანხების არასწორ გადანაწილებაშია, „თანხები იხარჯება, მაგრამ შედეგი არ ჩანს“. 

„ჩემს სოფელში 9000 ლარი დაიხარჯა წყლის მილების მოსაწესრიგებლად და წვეთი წყალი არ მოდის. მინდოდა სასამართლში მეჩივლა გამგებლისთვის, მაგრამ არ გამოვიდა“ - ამბობს ის. მისი თქმით, მთას კანონი კი არა განვითარების პროგრამები სჭირდება.

რა უფრო პრიორიტეტულია

დუშეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე 2014 წლის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობა 25 659 ათასია. ვებგვერდზე ასევე არის ონლაინ გამოკითხვა. მუნიციპალიტეტი ხალხს ეკითხება რომელი პრობლემაა უფრო პრიორიტეტული სასმელი წყალი, გზა თუ სოციალური საკითხები. გამოკითხვაში ჯერჯერობით სულ 1121-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 39.1% მიიჩნევს, რომ სოციალური საკითხები უმნიშვნელოვანესია, 33.7% პრიორიტეტს სასმელ წყალს ანიჭებს, ხოლო გზა 27.2%-მა აირჩია. 

 

 

მასალა მომზადებულია ბეჭდური მედია პრაქტიკუმის ფარგლებში

ხელმძღვანელი: მაია ტორაძე