საზოგადოება

რეცენზია – ჰარუკი მურაკამი, “დენს დენს დენს”

2019-01-12

 

 

ჰარუკი მურაკამის რომელიმე წიგნის წაკითხვის შემდეგ მისი სამყაროდან თავის დაღწევა რთულია. მკითხველმა კი არა, ეს თავად ავტორმაც ვერ შეძლო და სწორედ ამიტომ დაწერა რიგით მეექვსე წიგნი, სახელად “დენს დენს დენს”, რომლის წერის პროცესიც, მისი თქმით, ყველაზე უფრო სასიამოვნო იყო. ნოველა მურაკამის პირველი სამი ნაწარმოების, “ვირთხის ტრილოგიის” ერთგვარი გაგრძელებაა და ოთხივე წიგნს საერთო მთავარი პერსონაჟი ჰყავს. 

“ვირთხის ტრილოგიის“ გმირები ერთთავად ჩემში რჩებოდნენ. იმ სამ წიგნს ერთმანეთის მიყოლებით ვწერდი და მინდოდა, ბოლომდე მომეთხრო ყველაფერი, რათა, ბოლოს და ბოლოს, გავთავისუფლებულიყავი მისგან”, - ამბობს თავად ავტორი.

ჰარუკი მურაკამი იაპონელი მწერალია, რომელიც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე უკვე რამდენჯერმე იყო წარდგენილი. მურაკამი 14 ნოველის და მრავალი მოთხრობის ავტორია, რომელთა უმეტესობაც ფიქციისა და სიურრეალიზმის ჟანრებშია დაწერილი.

მართალია, მისი რიგით მეექვსე წიგნი 1988 წელს გამოვიდა და ინგლისურად 1994-ში ითარგმნა, ქართულ ენაზე სულ ცოტა ხნის წინ, თბილისის წიგნის დღეებზე იხილა მზის სინათლე. შეიძლება ითქვას, რომ “დენს დენს დენს” მურაკამის ერთგულ მკითხველს პირველივე შეხედვისთანავე გააბედნიერებს – წიგნი 561 გვერდიანია, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ კითხვის სიამოვნება დიდხანს გაგრძელდება. 

უცნობია, თუ რატომ არ ითარგმნა ქართულად სათაური. შესაძლოა, მთარგმნელებმა იფიქრეს, რომ ის ინგლისურ ენაზე უფრო დინამიკურია, თუმცა ამის მიზეზი ზუსტად არავის განუმარტავს. წიგნში სათაურს საკმაოდ დიდი დატვირთვა აქვს – თუ რატომ, ამას უშუალოდ კითხვისას გაიგებთ.

როგორც უკვე ვახსენე, “დენს დენს დენს” მურაკამის “ვირთხის ტრილოგიის” ერთგვარი გაგრძელებაა, თუმცა წინამორბედები წაკითხულიც რომ არ გქონდეთ, წიგნის გაგება მაინც არ გაგიჭირდებათ. ან, შეიძლება, გაგიჭირდეთ - სიურრეალისტ მურაკამის ხომ უყვარს ჩახლართული ისტორიები.

პირველი უცნაური რამ, რასაც კითხვისას გადააწყდებით, ისაა, რომ მთავარ პერსონაჟს სახელი არ აქვს. მურაკამი მის სახელს არც ტრილოგიაში ამჟღავნებს, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ გაცნობისთვის ეს არცაა საჭირო. ავტორი ისედაც იმგვარად აღწერს პერსონაჟს, რომ მასში საკუთარ თავსაც კი ვხდედავთ და ვფიქრობთ, რომ “უი, ასეთები ხომ ჩვენც ვართ”. შეიძლება, რაღაც მომენტში ისიც დავიჯეროთ, რომ შესაძლოა, პერსონაჟის მსგავსად ზებუნებრივმა ძალებმა ჩვენზეც იქონიოს გავლენა. 

“დენს დენს დენს” ყოფითი, რეალისტური პრობლემებისა და უცნაური მოვლენების ნაზავია, რაც მურაკამის ტრადიციული სტილია. წიგნი მოგვითხრობს ისტორიას 34 წლის კაცზე, რომელმაც ცხოვრებაში ყველა და ყველაფერი დაკარგა, საკუთარი კატაც კი. როგორც ავტორი, მოგონებებისგან თავის დაღწევას მთავარი პერსონაჟიც ცდილობს, პროცესში კი ხვდება, რომ ეს მარტივად ვერ გამოუვა. იმის მიუხედავად, რომ პერსონაჟი სამყაროსგანაა მოწყვეტილი და ამ რეალობაში საკუთარ ადგილს ვერ პოულობს, მის დახმარებას ძველი მეგობარი, ადამიანი-ცხვარი ცდილობს. დიახ, სწორად წაიკითხეთ. ცხვრის ტყავში გახვეული ადამიანი მას ურჩევს, რომ იცეკვოს, შემდეგ კი ყველაფერი ნათელი გახდება:

“იცეკვე და არ გაჩერდე. იცეკვე, სანამ მუსიკა უკრავს. იცეკვე, რათა ყველამ შენ გიყუროს”. 

მთავარ პერსონაჟს კი სხვა გზა არ აქვს – ასეც უნდა მოიქცეს და ყველაფერი იქამდე გააგრძელოს, სანამ საკუთარ თავს იპოვის. 

მურაკამისეული ჩვეული მისტიკა დაახლოებით წიგნის მეასე გვერდზე იწყება, თუმცა დაკვირვებული მკითხველი თავიდანვე ხვდება, რომ “რაღაც ისე ვერ არის”. კითხვის პროცესში თითქმის შეუძლებელია იმის წინასწარ გაგება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, დასასრულის განჭვრეტაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. მეტიც – წიგნის ბოლოს მკითხველი ელოდება – აი, ახლა გაიხსნება კვანძი, აი ახლაო, მაგრამ ბოლო გვერდამდე დანამდვილებით რამის თქმა მაინც შეუძლებელია. 

გარდა მისტიკისა, “დენს დენს დენს” მურაკამისთვის უჩვეულო, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ თემებსაც მოიცავს. კერძოდ, ავტორი საუბრობს იმაზე, თუ როგორია თანამედროვე კაპიტალიზმი. ამის აღსაწერად სიუჟეტში ერთ-ერთი პერსონაჟი, გოტანდა შემოჰყავს. ის ცნობილი მსახიობი და სახეა, რომელიც ულევი სამუშაოს გამო ცხოვრებით ვერ ტკბება. რჩება შთაბეჭდილება, რომ ავტორი პერსონაჟს განცდებზე საკუთარი გამოცდილებიდანაც ალაპარაკებს – შეუძლებელია, გამოიგონო ასეთი ცოცხალი ემოციები. ერთი სიტყვით, მურაკამიმ ფანტასტიკისა და სოციალური თემატიკის შერევა შეძლო, რითაც ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და ღირებული წიგნი შექმნა.

რაც შეეხება უშუალოდ თარგმანს, ქართულ ენაზე კითხვის დროსაც კი იგრძნობა “მურაკამის ენა”. თუ ავტორის სხვა წიგნებს შევადარებთ, სტილი იგივეა, თუმცა “დენს დენს დენს” უფრო “შინაურული” ენითაა დაწერილი. აი, ისეთით, დღიურში წერისას რომ გამოიყენებდა ყოველი ჩვენგანი. 

და ბოლოს – წიგნი განსაკუთრებით იმათთვის იქნება საინტერესო, ვისაც მუსიკა უყვარს. აშკარად იგრძნობა, რომ მთავარ პერსონაჟს მუსიკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს და მისი ცხოვრება წიგნში ნახსნები სიმღერების თითოეული ნოტის გარეშე წარმოუდგენელია. ასევეა თავად ავტორიც. როგორც მურაკამი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, მუსიკა წერისას ძალიან ეხმარება და მისი შთაგონების ერთ-ერთი წყაროა. 

ერთი სიტყვით, თუ მუსიკა, კატები, უცნაური ამბები და, უბრალოდ, ყოველდღიური ისტორიები გიყვართ, “დენს დენს დენს” ზედგამოჭრილია თქვენთვის. არ გაგიკვირდეთ, თუ წიგნის დასრულებისთანავე “ვირთხის ტრილოგიის” დაწყება მოგინდებათ. როგორც უკვე ვახსენე, მურაკამის რომელიმე წიგნის წაკითხვის შემდეგ მისი სამყაროდან თავის დაღწევა რთულია.

 

მომზადებულია საგან "ბეჭდური მედიის" ფარგლებში,

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე