წლები სწრაფ-სწრაფად იწურება, დაუნდობელ სიბერეს ვერავინ ერევა, ასაკის მატებასთან ერთად წარსულის მოგონებების რაოდენობა იკლებს, მაგრამ 79 წლის ნოე ბაბუს შესანიშნავად ახსოვს ყველა ტკბილი მოგონება, მისი მეუღლე ზოლო კი ყველა მათგანშია. - "ერთი დანახვით შემიყვარდა, გეფიცები, ჩემ ზოლოს გეფიცები. ბათუმში ვიყავი ძმაკაცებთან ერთად, კაი დრო იყო, ფული გვქონდა, ახალგაზრრდობას ვირგებდით, და აი ბულვარში ჩემ ზოლოს მოვკარი თვალი, მას შემდეგ მიყვარს..." 

   ნოე ბაბუ აგერ უკვე 60 წელია გულით ზოლოს სიყვარულს დაატარებს, ბათუმში შეხვედრილი ბედისწერა თბილისში თვითმფრინავით  გადმოაფრინა, მორცხვი პატარძალი, როგორც თვითონ ამბობს, ჯერ გარემოს შეაჩვია, ფუნიკულიორზე გაასეირნა, თბილისის ხედით დაატკბო, ვახშმის შემდეგ კი სახლშიც მიიყვანა და ბედნიერი ოჯახიც შექმნა. " სამი შვილი შეგვეძინა, ჩავსხდებოდით მანქანაში ყველა ერთად და მივდიოდით გურიაში, ჩავიდოდით იქ და დაგვესეოდა მთელი სამეზობლო, ზოლოს ტანსაცმელების, ფახსეცმელების და მოკაზმულობის სანახავად მოდიოდნენ. აი ასე ვუვლიდი ჩემ ცოლს, ვამაყობდი ამით".         თანაცხოვრებაში ბედნიერად გასული წლები ნოე ბაბუს სიბერეს უხალისებს, სახლში ბევრი სათუთად შენახული ნივთი აქვს, შეხედავს ფაიფურის ბალერნას და მაშინვე ახსენდება, ჩეხოსლოვაკიიდან ჩამოუტანა საყვარელ ცოლს, ყველა ნივთს თავის ისტორია აქვს, სახლში მარტო დარჩენილი ნოე ბაბუ საღამოობით გონებას სასიამოვნო მოგონებებით ავარჯიშებს, იცის რომ დრო არ იცდის, რომ მასზე მაგარ ბიჭებსაც უმუხთლა წუთისოფელმა, ამიტომ როგორც შეუძლია ისე ებრძვის მას. დროსთან ჭიდილის სიმბოლოდ შეიძლება მის სახლში დაკიდული 30-მდე საათიც ჩავთვალოთ, თვითონ უბრალოდ საყვარელ ნივთად თვლის, თუმცა მაინც სიმბოლურია ადამიანისგან, რომელიც სიბერეს ყველა შესაძლო საშუალებით უპირისპირდება. 

 

ნოე ბაბუმ 5 წლის წლინ საყვარელი მეუღლე ზეცისკენ მიმავალ გზაზე გააცილა, რთული იყო ზოლოს სიცოცხლის ბოლო 6 წელი მაგრამ აღმოჩნდა, რომ მის გარეშე ცხოვრება უფრო გაუსაძლისი ყოფილა. "ბოლო 6 წელი ლოგინად იყო ჩავარდნილი, სახლის საქმეებს მე ვუძღვებოდი, საჭმლის გაკეთება, დალაგება სარეცხი, მაგრამ მერე რა, ნეტავ ისევ ცოცხალი იყოს" -ამბობს ნოე ბაბუ. ზოლოს გარდაცვალების შემდეგ სახლი მისი სურათბით გაივსო, მაგრამ გაუსაძლის მონატრებას ნოე ბაბუ ვერაფრით შველის. დღის განმალობაში არაერთხელ მოგონებულ ცოლს სიზმრებშიც ხშირად ხედავს, ძილბურანში ხელს ლოგინის იმ ნაწილში აფათურებს სადაც მეუღლე ეგულება, თუმცა ცივი და ცარიელი ადგილი ხვდება, მერე რეალობაში ბრუნდება და დიდხანს დაძინებას ვეღარ ახერხებს.

   ზოლოს საფლავს ნოე ბაბუ საგულდაგულოდ უვლის, წლის ნებისმიერ დროს იქურობა  საოცარი სანახავია, როცა შესაძლებელია ცოცხალი ყვავილები ალამაზებს იქაურობას, სხვა დროს კი ხელოვნური კვასკვასა წითელი ვარდები ეფინება  პატარა საფლავს გარშემო."ყვავილები უყვარდა, ვარდები განსაკუთრებით, დაბადებისდღე ისე არ ჩაივლიდა დიდი თაიგულით რომ არ მოვსულიყავი სახლში" - ამბობს ნოე ბაბუ და თვალზე ცრემლი ადგება. საერთოდ მისთვის მძიმეა ამ თემებზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც სულ მასზე ლაპარაკობს, მე კი მისი დაღლილ მონაცრისფრო თვალებში ხშირად ვხედავ გადმოსავარდნად გამზადებულ ცრემლის გუნდას, რომელიც უკიდურეს შემთხვევაში თუ ჩამოგორდება დანაოჭებულ მაგრამ,  კეთილ სახეზე.

  ნოე ბაბუ  5 წელია მარტო ცხოვრობს, მაგრამ ეს მარტოობა მხოლოდ მის გულსა და გონებას დაეტყო. სახლიც, ეზოც და თავად ნოე ბაბუც ყოველთვის წესრიგშია. თვლის, რომ მისნაირი ცოლის ქმარს არ ეპატიება მოუწესრიგებლად სახლიდან გასვლა, წვერი გაპარსული, პერანგ და   შარვალი გაუთოვებული, სუნამო ნაპკურები ნოე ბაბუ ყველგან სასიამოვნო სტუმარია. ის თითქმის ყოველდღე სტუმრობს ქალიშვილის სახლს სადაც 3  შვილთაშვილი ელოდება, მათ გარდა კიდევ 2 ჰყავს,  ბედნიერი კაცია, მაგრამ უფრო ბედნიერი იქნებოდა შვილთაშილებს ზოლოსთან ერთად რომ შეხვედროდა. " ბავშვები ძლაინ უყვარდა, 7 შვილიშვილი გვყავს, არცერთის დაბადებისდღე არ ავიწყდებოდა, არც საჩუქარი, ბოლო 6 წელიც კი არცერთხელ არცერთის დაბადებისდღე არ გამოუტოვებია, ასეთი ქალი იყო ჩემი ზოლო"- ამბობს ნოე ბაბუ.

 იტალიურ ეზოში მცხოვრებ ნოე ბაბუს მეზობლები მოწესრიგებულ  და ყურადღებიან კაცად ახასიათებენ, არცერთ მათგანს  არცერთხელ არ მოსვლია კონფლიტი ნოე ბაბუსთან, უფრო მეტიც, მისგან საწყენი ვერც საქციელი გაიხსენეს და ვერც სიტყვა. ამ კუთხით ნოე ბაბუსაც უჭირს წარსულის გახსნება, და გულწრფელი ღიმილით მეუბნება:  " არ მახსოვს, მაგრამ ცუდი მოგონება იქნბოდა წყენინება ან წყენა, არ გამოგვადგება, არ უნდა ვაწყენინოთ ერთმანეთს."

 ნოე ბაბუმ წელს მე-5-ედ მორთო ნაძვისხე მარტომ, მისთვის ეს  ტრადიცია შეისაძლოა დამღლელი და მოსაბეზრებელი უნდა ყოფილიყო მაგრამ არა, მისი თქმით, ის არასდროს მისცემ თავს უფლებას სიცოცხლით ტკბობა შეწყვიტოს, რადგან სწორედ ასე იცხოვრეს მან და ზოლომ და ასე უნდა იცხოვროს ყველამ.

მომზადებულია სასწავლო კურსის "ანალიზის და მოსაზრების წერა" ფარგლებში. 

ლექტორები: მარიამ გერსამია, მაია ტორაძე