ორთაჭალის სადგური ის ადგილია, საიდანაც საბერძნეთის, თურქეთისა და სხვა ქვეყნების მიმართულებით 30-მდე ავტობუსი მიდის ყოველდღიურად. დღეში, საშუალოდ, 300 ადამიანი ტოვებს საქართველოს. 2007 წელს სწორედ ამ სადგურიდან წავიდნენ ჩემი მშობლებიც, იმ იმედით, რომ მალე დაბრუნდებოდნენ. ახლა 2015 წელია. მიდის ყველა გაედინება კუნთები თუ ტვინები. მიზეზი მარტივია, საქართველოში ხომ თითქმის ყველა CV სანაგვისთვისაა განწირული. ერი და ბერი კი მიგრანტებს ებრძვის. კათოლიკოს-პატრიარქი უცხოეთში სამუშაოდ წასულ ქალებს ადანაშაულებს, ხელისუფლება კი არჩევნების პირობებს ივიწყებს. არადა ბებიაჩემმა იმიტომ შემოხაზა „ოცნება“, შვილის დაბრუნება რომ არ გადაქცეოდა სამუდამო ოცნებად. მავანი ამას პოლიტიკურ შეტევად აღიქვამს და ჩვეულად მესვრის ბანალურ ფრაზას, ადრეც ასე იყოო. სოფელში, ტრადიციული სტუმრობისას, ვხვდები, რომ უდაბნოში მოვხვდი. ამ ადამიანებს კი არ ურჩიეს, უბრძანეს - მიწა დაამუშავე და დარჩიო, თუმცა მისცეს ცოტა სასუქი, რამდენიმე ლიტრი საწვავი და ყანაც აბიბინდა, ოღონდ სიმინდის ნაცვლად სარეველა იზრდება. ორთაჭალის სადგურზე ხვდები, რომ ადამიანების უმეტესობა ამ ქვეყნად საკუთარი თავის საპოვნელად არ მოდის, უმეტესობა მკაცრ რეალობას ეჯახება. არადა, როგორი რთულია, დიპლომებს კაჟის ფერადი ქვებივით აგროვებდე, თითქოს მხოლოდ თვალს აამებს. ასევე რთულია ბანკის თბილ სავარძელში იჯდეს მეგობარი, რომელიც წლების წინ დავალებას შენგან იწერდა. რთულია ისიც, ქართული მიწა სანატრელად გექცეს და გესმოდეს, რატომ სურდა ელის რადიოთი შელოცვა, როცა ბერძენის ბრძანებით, ახალგაზრდობას იატაკის მტვერში ეძებ.

ვისი ბრალია მიგრაცია? პოლიტიკის თუ თავად საზოგადოების ახირების? აქვე, მნიშვნელოვანია, ვიკითხოთ, სასიხარულოა კი მიგრაცია იქ, სადაც ადამიანის ცხოვრება ბოროტ ხუმრობასა და უსიამოვნო სიზმრის ახდენას ჰგავს? მაშასადამე, ყველაფერი ცხადია. ორთაჭალის სადგურზე იპოვით მილიონ ცრემლს, მილიონ დედას, რომელიც ფანჯრიდან დაძარღვულ ხელს უქნევს ატირებულ შვილს, რომელმაც სულ გუშინ დაიძახა „დედა“ და ამ ჯადოსნური სიტყვით მიესალმა მსოფლიოს, რომელსაც ერთ დღეს თავად შეიძლება ეწვიოს, ასე, შრომითი მიგრაციის უღლით. ორთაჭალის სადგურზე იპოვით მრავალ ახალგაზრდას, რომლებიც თითქოს ამ ცხოვრებას „კონკიას“ როლის სათამაშოდ მოევლინენ. ისინი ცივ იატაკზე კარგავენ ახალგაზრდობის წლებსა და მაინც სათუთად ეპყრობიან ოცნებებს, რომლებსაც მომავალი დღის შიში კლავს. ორთაჭალის სადგურზე იპოვით ადამიანებს მრავალი ემოციით - უცხოეთში პირველად მოხვედრის სიხარული, სამშობლოსთან გამოთხოვების დუმილი, ოჯახთან დაკავშირებული მომეტებული სევდა, გახშირებული სუნთქვა და მომავლის იმედით ანთებული თვალებიც კი, რომელსაც სადგურზე შემოსული ავტობუსიდან ჩამოსული მგზავრის სიტყვები კლავს: „ორი კვირით ჩამოვედი, მეზობლებმა მოგიკითხეს“.  და ბოლოს, არც არავინ ითვლის რამდენი დავრჩით და რამდენი მილიონიანი საქართველოა ჩვენს საზღვრებს გარეთ.