საზოგადოება

დაგროვებითი პენსია - უზრუნველი თუ საზრუნავი სიბერე

2018-12-28

პირველი იანვრიდან დაგროვებითი პენსიის კანონი ამოქმედდება. მასში ჩართვა 40 წლამდე ასაკის ყველა დასაქმებულისთვის სავალდებულო იქნება, ორმოც წელს გადაცილებულებისთვის და თვითდასაქმებულებისთვის- ნებაყოფლობითი. რეფორმას საზოგადოებაში გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა კვლავ რჩება პასუხგაუცემელი კითხვები. 

 მსოფლიოს ყველა ქვეყანას საპენსიო უზრუნველყოფის განსხვავებული სისტემა აქვს, თუმცა მუშაობის ზოგადი პრინციპის მიხედვით ის სამი ტიპის არსებობს. სოციალური მოდელი ჩვენთვის ყველაზე მეტადაა ნაცნობი. ის გულისხმობს საპენსიო ასაკის მოსახლეობის რჩენას სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, ანუ მთელი საზოგადოების გადახდილი გადასახადებიდან. ამჟამად საქართველოში პენსია 180 ლარია, რაც საშუალო ხელფასის (1000 ლარი) 20%-ც არ არის, რაც, ცხადია, პენსიონერის უზრუნველი ცხოვრებისთვის საკმარისი ვერ იქნება. 

მეორე სახის საპენსიო სისტემა დაგროვებითია, რაც მოქალაქის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევამდე ფინანსების დაგროვებას ნიშნავს. სოციალური მოდელისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში მოქალაქე თავისი დანაზოგით ზრუნავს თავისივე სიბერეზე. პენსიონერის კეთილდღეობა მის წარსულ შრომაზე, ხელფასიდან გაღებულ დანაზოგზეა დამოკიდებული და არა მთავრობების კეთილ ნებაზე. 

სოციალური სისტემიდან დაგროვებითზე გადასასვლელად იყენებენ საპენსიო უზრუნველყოფის შერეულ მოდელს, რომელიც მოიცავს ზემოთ აღწერილ ორივე ტიპის საპენსიო სისტემას. დასაქმებული პენსიას დააგროვებს საპენსიო ასაკის დადგომამდე, შემდეგ შეწყვეტს და აიღებს როგორც სოციალურ, ისე მის მიერ შენახულ თანხას. საქართველო პირველი იანვრიდან ამ საპენსიო მოდელით ისარგებლებს. 

დასაქმებული თავისი ხელფასის 2%–ს ჩარიცხავს საპენსიო ანგარიშზე, დამსაქმებელი და სახელმწიფოც 2%–2%–ს. გამოდის, რომ 6% ყოველთვიურად დასაქმებულის ანგარიშზე გადაირიცხება.  უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს, წარმოიდგინეთ, თქვენი ხელფასი 1000 ლარია. ამ თანხის 2%–ს, ანუ 20 ლარს საპენსიო ანგარიშზე  რიცხავთ. ასევე 20–20 ლარს გირიცხავთ სახელმწიფო და დამსაქმებელი. სახელმწიფო ხელფასის 20%–ს მაინც დაგიბეგრავთ. გამოდის, რომ 800 ლარის ნაცვლად ხელზე აიღებთ 780 ლარს, ხოლო თუ დამსაქმებელი 20 ლარს ხელფასიდან დაგაკლებთ, თქვენი ხელფასი 760 ლარი იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში პენსიისთვის 60 ლარი დაგეზოგებათ. მსგავსი შენატანი განხორციელდება იმ შემთხვევაში თუ დასაქმებულის წლიური დაუბეგრავი შემოსავალი 60 ათას ლარს არ აჭარბებს. 

თვითდასაქმებული ადამიანი პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში თვითონ რიცხავს შემოსავლის 4%–ს. თუ დასაბეგრი ხელფასი 24 ათას ლარამდეა, სახელმწიფო ყველა შემთხვევაში რიცხავს 2%–ს, 24 ათასიდან 60 ათასამდე 1%–ს, უფრო მაღალ ხელფასზე სახელმწიფო არაფერს იხდის. დამსაქმებელი დაგროვებით საპენსიო სქემაში თანხის არშეტანის შემთხვევაში პირველ ჯერზე 500, განმეორების შემთხვევაში კი 1000 ლარით დაჯარიმდება. 

თვითდასაქმებულებისთვის სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება. მათ ხელფასის 4%–ის დაზოგვა მოუწევთ, სახელმწიფო კი 2%–ს დააფინანსებს. ეკონომისტ ვახტანგ ჭარაიას აზრით, ვინაიდან დასაქმების ეს სფერო არ გამოირჩევა მაღალი ანაზღაურებითა და ფინანსური სტაბილურობით, არ არის გამორიცხული, რომ მათმა დიდმა ნაწილმა პენსიის დაგროვება არ მოისურვოს.

საეჭვოა ისიც, ჩაერთვება თუ არა სისტემაში 40 წელს გადაცილებული მოსახლეობა, რადგან მათ საპენსიო ასაკამდე იმდენი დრო არ დარჩათ, რამდენიც სოლიდური თანხის დაგროვებას ეყოფა. მაგალითად, 40 წლის დასაქმებული ქალი 60 წლამდე საშუალო ხელფასით (1000ლარი) 14 400 ლარის შეგროვებას შეძლებს. ეს თანხა 17 წელზე გადანაწილდება, რადგან სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ქალებისთვის 77 წელია. შესაბამისად, ეს ქალი თვეში სულ რაღაც 70 ლარს მიიღებს.

მთლიანი დანაზოგის ერთიანად მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ 5 წელზე მეტ ხანს არ გიგროვებიათ ფული, ან გაქვთ გარდაუვალი აუცილებლობა (მკურნალობის საჭიროება, ოჯახის წევრის გარდაცვალება და სხვ).

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში უმუშევარია 276 ათასი ადამიანი. დასაქმებულია 1 მლნ 700 ათასი, აქედან თვითდასაქმებულია 879 ათასი (საცალო ვაჭრობაში, სოფლის მეურნეობაში და ა.შ), 821 ათასი კი დაქირავებით დასაქმებული. დაქირავებულებიდან  257 000 მოქალაქეზე მეტი 40 წელს გადაცილებულია. შესაბამისად, საქართველოში მხოლოდ 564 ათასი ადამიანი იქნება ვალდებული, ჩაერთოს დაგროვებით სისტემაში. ეს დასაქმებული მოსახლეობის დაახლოებით 33%–ია.

საპენსიო სქემას ადმინისტრირებას საპენსიო სააგენტო გაუწევს. სააგენტოს უმაღლესი მართვის ორგანო სამეთვალყურეო საბჭო იქნება. მისი წევრები ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრები და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე იქნებიან.  მათგან ერთ–ერთი მინისტრი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ორი წლით აირჩევა.  

საბჭო განსაზღვრავს საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტს, თანამშროლმებისა და ხელფასების რაოდენობას. ასევე, იმას, თუ სად და რამდენი ხნით დააბანდოს დასაქმებულების შეტანილი ფული. უშუალო ინვესტირებისთვის შეიქმნება საინვესტიციო სამსახური, რომლის მოვალეობა ინვესტირების დაგეგმვა იქნება. 

ვახტანგ ჭარაიას თქმით, სტატისტიკა მოწმობს, რომ საშუალოდ 10 წელში ერთხელ ნახევრდება იმ თანხის მსყიდველობითი უნარი, რასაც საწყის წერტილში ვიღებთ. ,,დიდია ალბათობა, რომ იმ თანხის მსყიდველობითი უნარი, რომელსაც 20–30 წელში ჩვენ ხელზე ავიღებთ, 2–3–ჯერ იქნება შემცირებული", – გვეუბნება ჭარაია. მისივე განმარტებით, ამჟამად საქართველოს ეკონომიკაში არ ჩანს ვალუტის კურსის შემანარჩუნებელი გრძელვადიანი ფაქტორები, რაც საპირისპიროს გვაფიქრებინებდა.

პარლამენტის წევრი აკაკი ზოიძე ონლაინგამოცემა Oნ.გე-სთან ამბობს, რომ საპენსიო ფონდის ერთ–ერთი ფუნქცია იქნება საინვესტიციო აქტივობის მეშვეობით კონკრეტული მონაწილისთვის ისეთი უკუგების უზრუნველყოფა, როგორიც ინფლაციას გადააჭარბებს.  

  

კანონის მიხედვით, მთავრობას აქვს შესაძლებლობა საპენსიო ფონდიდან თანხა ისესხოს ფასიანი ქაღალდების გამოშვების სანაცვლოდ. ამის გამო, ჭარაიას აზრით, არსებობს პოტენციური საფრთხე, რომ მთავრობამ ფონდში დაგროვილი სახსრები ისესხოს და შეიძლება მომდევნო მთავრობას დაუტოვოს გადასახდელად. გარდა ამისა, ეკონომისტის თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს სად დაბანდდება ფინანსები: ,,საქართველოში არ გვაქვს კაპიტალის ბაზარი და ისეთი სააქციო საზოგადოებები, რომლებიც გამოუშვებენ ფასიან ქაღალდებს, ამიტომ, თუ ესენი არ შეიქმნება, საპენსიო ფონდი იძულებული გახდება, ეს ფული საზღვარგარეთ წაიღოს. გამოდის, რომ ჩვენი მოქალაქეების დაზოგილი ფულით ისარგებლებს არა ჩვენი, არამედ რომელიმე განვითარებული ქვეყნის ეკონომიკა", – გვეუბნება ვახტანგ ჭარაია. ამ რისკების პრევენციას, მისი აზრით, დიდი დრო სჭირდება, დრო კი ,,ჩვენზე არ მუშაობს".  

კანონის ამოქმედებამდე სულ ცოტა დრო რჩება. მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელსაც სქემაში ჩართვის ვალდებულება არ აქვს, კარგად უნდა განსაზღვროს შესაძლო რისკები და გადაწყვეტილება ისე მიიღოს, ხოლო ვალდებულების მქონეები პირველი იანვრიდან საკუთარ სიბერეზე დაიწყებენ ზრუნვას.

 

მომზადებულია საგან "ბეჭდური მედიის" ფარგლებში,

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე