ვარდების მოედანზე, ველოსიპედის ძეგლის მოპირდაპირე მხარეს, ერთი, უწარწერო მინის კარია. თუ არ იცი შიგნით რა ხდება, იქ შესვლა აზრად არასდროს მოგივა და, შესაძლოა, კარი ვერც შენიშნო. კვირის სხვა დღეებისგან განსხვავებით, იგი ხუთშაბათობით გვიანობამდე ღიაა, რადგან ფორმალური ლექციების შემდეგ, სტუდენტები აქ არაფორმალური განათლების მისაღებად მიდიან. მინის უწარწერო კარს მიღმა საშუალო ზომის დარბაზია. აქ, ხან ლევან გიგინეიშვილი, გიორგი მაისურაძე, ლევან ბერძენიშვილი, ან ვინმე, უფრო ნაკლებად ცნობილი დაგხვდება. ლექციები იმ პროექტის ფაგლებში ტარდება, ცოტა მოუხერხებელი სახელი რომ ჰქვია - ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი. მოკლედ, ლიბცენტრს ეძახიან.

აუდიტორია ზოგჯერ გადავსებულია, ზოგჯერ - ნაკლებად. ეს იმაზეა დამოკიდებული, ვინ კითხულობს ლექციას. დამსწრე უამრავი სტუდენტისგან ოცს, სხვებთან შედარებით, უპირატესობა აქვს - ისინი ,,ლიბცენტრის" წევრები არიან.

,,ლიბცენტრი" ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტია, რომელიც 2013 წლიდან ხორციელდება, ამერიკული დონორი ორგანიზაციის ,,ეროვნული ქველმოქმედება დემოკრატიისთვის" ფინანსური მხარდაჭერით. ცენტს დავით კლდიაშვილი ხელმძღვანელობს.

,,ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრება და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება კეთილი ნების მქონე საერთო საქმეა, ამ პროექტით მე და ცენტრის სხვა წევრებს, მასში ჩადებული შრომითა და მონდომებით, ჩვენი წვლილი შეგვაქვს. მიმაჩნია, რომ რაღაც უნდა ვაკეთოთ არა მხოლოდ პირადი, არამედ, საერთო კეთილდღეობისთვის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ პროექტში მონაწილეობა" - აცხადებს დავით კლდიაშვილი.

,,ლიბცენტრში" სტუდენტები ესწრებიან ცენტრის მიერ ორგანიზებულ საჯარო ლექციებს, გეგმავენ დისკუსიებს, სადაც ამა თუ იმ პრობლემაზე სპეციალისტებთან ერთად მსჯელობენ, ატარებენ გამოკითხვებს, მუშაობენ გადაცემებზე (LibTime) და წერენ ბლოგ-პოსტებს, რომლებიც ცენტრის ბლოგზე იტვირთება (http://liberalizmi.wordpress.com/ ).

ცენტრის წევრი სტუდენტების ნამუშევრები აქტუალურ თემებსა და პრობლემებს ეხება. წერენ ადამიანის უფლებებზე, გამოხატვის თავისუფლებაზე, რელიგიურ ტოლერანტობასა თუ სხვა პრობლემებზე, მათი თვალით დანახულ სამოქალაქო საზოგადოებაზე, ქვეყნის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ა.შ.

კობა მჭედლიშვილი 2 თვეა, რაც ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის სტუდენტია. აქამდეც ხშირად ესწრებოდა პროექტის ფარგლებში გამართულ საჯარო ლექციებს, კითხულობდა სტუდენტთა სტატიებს და გადაწყვიტა თვითონაც გამხდარიყო ,,ლიბცენტრელი". ,,ჩემთვის ლიბცენტრი პირველი ჟურნალისტური პროექტია, რომელიც არასაუნივერსიტეტო სივრცეში ხორციელდება და იმას, რაც რამდენიმე წლის მანძილზე უნივერსიტეტმა თეორიული ცოდნის სახით მომცა, პირველად ვიყენებ პრაქტიკულ საქმიანობაში. არ ჰგავს ტიპურ სტაჟირებას, როდესაც მკაცრ დედლაინში მასალა უნდა მოამზადო და აქ არასდროს გრჩება განცდა, რომ გამოგიყენეს, ამიტომ ჩემთვის ძალიან კომფორტულია ამ პატარა გუნდში საქმიანობა. პროექტი 2 თვეზე მეტია, ხორციელდება და ჩემს მოლოდინებს ნამდვილად ამართლებს," - ამბობს კობა მჭედლიშვილი.

ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის კოორდინატორი, ჟურნალისტი ნატა ძველიშვილია. მას პროექტში მონაწილეობა, თამარ კორძაიამ შესთავაზა: ,,ისე დავთანხმდი, პროექტი წაკითხული არ მქონდა და არც ჩემი მოვალეობები ვიცოდი. აღმოჩნდა, რომ ცენტრისთვის უნდა მეხელმძღვანელა. ეს იყო პირველი სერიოზული პროექტი ჩემთვის. რამდენჯერმე ვკითხე კიდეც თამარ კორძაიას, დარწმუნებული ხარ, რომ მე ამ ცენტრის ჩამოყალიბებას შევძლებ-მეთქი. რატომღაც სჯეროდა,"- იხსენებს ნატა ძველიშვილი.

სტუდენტები გასაუბრების გზით შეირჩევიან. როგორც ცენტრში აცხადებენ, ყველაზე მნიშვნელოვანი, სწორედ მათი შერჩევაა.

,,ორი მნიშვნელოვანი ეტაპია - სტუდენტების შერჩევა და შემდეგ მათთან მუშაობა. თუ პირველს არ გააკეთებ სწორად, მეორე არ იქნება შედეგიანი. ამიტომაც ყველაზე ძალიან გასაუბრების ეტაპს განვიცდი ხოლმე. თითოეულ აპლიკანტზე უნდა მქონდეს დასაბუთებული პასუხი რატომ ავირჩიეთ ან არ ავირჩიეთ," - აღნიშნავს ნატა ძველიშვილი.

ცენტრი აპირებს ლექციების ბეჭდური სახით გამოცემას, რაც პროექტის დასასრულისთვის იგეგმება და რის განხორციელებაში სტუდენტებიც მონაწილეობენ. ,,საუკეთესო ლექციები ირჩევა, კეთდება მისი ტრანსკიფტი, რედაქტირდება და ამ გზით სულ სხვა ხიბლს იძენს თემა, რომელსაც ესა თუ ის ლექტორი განიხილავს ლექციაზე. წიგნის გამოცემა პროექტით გათვალისწინებული არ არის. ამიტომ, ჯერ კიდევ უცნობია დონორი ორგანიზაცია დააფინანსებს თუ არა წიგნის იდეას. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ცენტრის წევრები საკუთარ ხარჯებს გავიღებთ ამ ჩანაფიქრის განსახორციელებლად," - ამბობს დავით კლდიაშვილი.

პროექტი 2015 წლის იანვარში სრულდება. კურსი 6 თვიანია და მის ფარგლებში 60-მდე სტუდენტმა უკვე გაიარა უფასო სასერთიფიკაციო კურსი, ხოლო ნაწილი ახლაც ჩართულია სწავლის პროცესში. ცენტრი დაარსებიდან დღემდე ავითარებს რესურსებს, რომლებიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს თავიანთი შესაძლებლობები გამოიყენონ და იდეები განახორციელონ.




მომზადებულია სასწავლო კურსის „ბეჭდური მედია 1"-ს ფარგლებში  

(ხელ-ლი ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე)