რიტორიკაში წერია, ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო და მე ვინ ვარ, რომ ეს წესი არაფრად ჩავაგდო...
ხოდა, ვიტყვი, რომ ლიტერატურულ გადაცემას, გინდ ტელევიზიაში და გინდ რადიოში, „ხელისწაკვრა" რომ სჭირდება, ძველი და სამწუხარო ჭეშმარიტებაა - სწორედ ამ „ხელის წაკვრას" ემსახურება "ჩემი წიგნი" - გადაცემა, რომელსაც საუკეთესო სატელევიზიო დრო, ქართული გამომცემლობების სრული ჩართულობა და, რაც მთავარია, მკითხველ-მაყურებლის აქტიურობა არ აკლდა, შესაბამისად, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოში წიგნიერების დონის ასამაღლებლად.
„ჩემი წიგნი" BBC-ს ტელეპროექტია, რომელიც 2014 წლის 2 მარტიდან 16 ნოემბრის ჩათვლით, ყოველ კვირას, საღამოს 9 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის -„პირველი არხის" - ტელეეკრანთან აერთიანებდა სრულიად საქართველოს წიგნის მოყვარულებს. ამ არაჩვეულებრივი ბიბლიოაურზაურის ფორმულა მარტივი იყო: პირველ საფეხურზე მაყურებელმა, ინტერნეტის მეშვეობით, ონლაინ რეჟიმში ხმის მიცემით გამოავლინა 60 წიგნი, შემდეგ - მათგან 15, ხოლო საბოლოოდ - ერთი საუკეთესო.

გადაცემას საინტერესო, სხვა ქართული ტელეშოუებისგან განსხვავებული ფორმატი ჰქონდა. მაყურებლისათვის მიმზიდველი იყო ის ფაქტი, რომ არჩეულ წიგნებს პრეზენტაცია ლევან ბერძენიშვილმა, ანა კორძაია-სამადაშვილმა, ბიძინა ბარათაშვილმა, თემურ ჩხეიძემ, რეზო თაბუკაშვილმა და სხვა საინტერესო, ამ საკითხში კომპეტენტურმა და მოაზროვნე ადამიანებმა გაუკეთეს. თითოეულმა მათგნმა მცირე ზომის, საკმაოდ საინტერესო, მრავლისმთქმელი პრეზენტაცია (ვიდეო რგოლი) შექმნა , რომელიც ლაკონურად, თუმცა , შეიძლება ითქვას, სრულყოფილად გადმოსცემდა ამა თუ იმ წიგნის სათქმელს, მის პათოსსა და ავტორის სულისკვეთებას. ამავდროულად, თითოეული წარმდგენი საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებდა წიგნის შესახებ - მსჯელობდნენ ავტორებზე, ეპოქაზე, პესონაჟებზე, წიგნის მთავარ სათქმელზე და მათ მნიშვნელობაზე ლიტერატურისა თუ კაცობრიობის ისტორიაში. ეს მსჯელობები მეტად ღრმა, მრავალმხრივ წარმოდგენას უქმნიდა მაყურებელს ამა თუ იმ წიგნის შესახებ და ეხმარებოდა არჩევანის გაკეთებაში.გარდა ამისა, საინტერესო პრეზენტაციები შესაძლოა სტიმული გამხდარიყო ახალგაზრდა მაყურებლებისათვის წიგნის წასაკითხად, ამდენად, ეს პროცესიც კიდევ ერთი ხელის შემწყობი ფაქტორია იყო წიგნის პოპულარიზაციისათვის საქართველოში.

გადაცემის წამყვანი რატი ამაღლობელი, ხოლო პროდიუსერი ქეთი კაპანაძე იყო, მათი მისია კი საკმაოდ დასაფასებელი, საინტერესო და ამავდროულად, არც ისე მარტივად შესასრულებელი - მკითხველისათვის წიგნის მეტად შეყვარება, მათი პოპულარიზაცია, წიგნის კლუბების შექმნა და გამომცემლობებისთვის ხელშეწყობა იყო. შედეგი უდავოდ კარგი მიიღეს - უამრავი ადამიანი იყო ჩართული ყველაზე სასაიმოვნო არჩევნების პროცესში.
გამომდინარე იქიდან, რომ საუკუნეების მანძილზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით არაერთი საკაცობრიო მნიშვნელობის, საინტერესო და ღირებული ნაწარმოებია შექმნილი და ეს პროცესი დღესაც აქტიურად გრძელდება, დაუსრულებლად შეიძლება კამათი თემაზე, რომელია საუკეთესო მათგანი. ყველა ფიქრობს, რომ მისი საყვარელი წიგნი საუკეთესოა. საერთო აზრი "ჩემს წიგნზე " კი არა, ნობელის ლიტერატურულ პრემიაზეც არ არსებობს. ზოგი ემადლიერება, ზოგი ეჭვის თვალით უყურებს - წიგნების ერთმანეთთან შედარება და საუკეთესოს გამოვლენა რა ახირებაა, ჩემთვის საუკეთესო ის არის, რაც მე მომწონსო, მაგრამ ფაქტია, ნებისმიერ მსგავს მარათონსა თუ კონკურსზე საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ბევრს საუბრობენ, დაწვრილებით განიხილავენ - სწყინთ, როდესაც მათი რჩეული წიგნი შემოკლებულ სიაში არ ხვდება და პირიქით, უხარიათ და ამაყობენ თუ მათმა რჩეულმა გაიმარჯვა. ასე იყო ამ შემთხვევაშიც - 2 მარტიდან 16 ნოემბრამდე, ყოველ კვირას, „პირველი არხის" პრაიმტაიმში წიგნებზე საუბრობდნენ, თანაც ბევრს და საინტერესოდ. კანდიდატებს მწვავე განხილვები და დისკუსიები არ დაჰკლებია, თითოეულ მათგანს მომხრეც ბევრი ჰყავდა და მოწინააღმდეგეც - ბევრმა მსჯელობამ და მაყურებლის აქტიურობამ 15 საუკეთესო გამოავლინა. შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნები საინტერესო დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა.

ჯოან როულინგი - "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა"
მარკ ტვენი - "ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი"
გურამ დოჩანაშვილი - "სამოსელი პირველი"
ირაკლი ჩარკვიანი - "მშვიდი ცურვა"
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი - "პატარა პრინცი"
ართურ კონან დოილი - "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი"
ფრედერიკ ბეგბედერი - "99 ფრანკი"
ჯერომ სელინჯერი - "თამაში ჭვავის ყანაში"
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
რობერტ ლუის სტივენსონი - "განძის კუნძული"
ფიოდორ დოსტოევსკი - "იდიოტი"
თომას მანი - "ჯადოსნურ იმთა"
ერიხ მარია რემარკი - "სამი მეგობარი"
ალექსანდრე დიუმა - "სამი მუშკეტერი"
მიხეილ ჯავახიშვილი - "ჯაყოს ხიზნები"

გამარჯვებული წიგნი ირაკლი ჩარკვიანის „მშვიდი ცურვა" გახდა. გასაკვირი არც იყო, პირიქით - მოსალოდნელიც კი იყო, რომ ამგვარ არჩევნას საზოგადოების დიდი ნაწილისგან კრიტიკა და უარყოფითი შეფასებები მოჰყვებოდა. სოციალურ ქსელში, „ჩემი წიგნის" ოფიციალურ გვერდზე, მაყურებელი ღიად გამოხატავს აზრებს - მათი ნაწილი კმაყოფილია შედეგებით, თუმცა უმეტესობა აღნიშნავს, რომ იმედგაცრუებულია. მიიჩნევენ, რომ გამარჯვებას სხვა წიგნები მეტად იმსახურებდნენ.

„ჯავახიშვილის, დოჩანაშვილისა და დუმბაძის ქვეყანაში ასეთი წიგნის გამარჯვება ნებისმიერი სახის კონკურსში სირცხვილია და მეტი არაფერი! ლიტერატურასაც რომ მოდა ექნება, გვეტყობა რა ერიც ვართ. ამ გადაცემაში გამოვლენილი შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ქართველებს ლიტერატურის შეფასება, ჩვენი საუნჯის დაფასება არ შეგვძლებია. კარგით, შესაძლოა, „მშვიდი ცურვა" არის წიგნი, რომელიც საინტერესოა, თანამედროვეა, მრავლისმთქმელია, მაგრამ, მოდით, ვაღიაროთ, რომ ქართველებს მეტად ძვირფასი, ღირებული ნაწარმოებები გვაქვს, ბევრად უკეთესი მწერლები გვყავს"- აღნიშნავს ფილოლოგი ნინო კაპანაძე.

„მე არ მგონია, რომ ამ პროექტის მიზანი ამა თუ იმ წიგნის ლიტერატურული ღირებულების დადგენა იყო, ამისთვის არსებობს "ნობელი", "პულიტცერი", "ბუკერი" და მრავალი სხვა ლიტერატურული პრემია და ხშირად მათ კომპეტენტურობაშიც კი გვეპარება ხოლმე ეჭვი. ეს კი იყო ხალხის შოუ - ხალხის, რომელმაც აირჩია თანამედროვე წიგნი, ავტორი და ადამიანი, რომელმაც მოახერხა და მართლაც შექმნა თავისი ეპოქა, გაიჩინა უამრავი გულშემატკივარი. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ "მშვიდი ცურვა" საუკეთესო წიგნია, მათ შორის, რაც კი წამიკითხავს, მაგრამ ვთქვათ, რომ გაემარჯვა თომას მანის "ჯადოსნურ მთას", აუცილებლად ვიფიქრებდი, რომ ქართულმა საზოგადოებამ მწარედ იცრუა, იმიტომ რომ შეუძლებელია "ჯადოსნური მთა" მასობრივად წაკითხული და საყვარელი წიგნი იყოს, ეს მგონი ყველამ ვიცით, თუმცა თომას მანის (რომელიც მხოლოდ მაგალითისთვის მოვიყვანე) და მრავალი სხვა ავტორის გენიალურობაში იეჭვი ნამდვილად არ შემაქვს. ყველას გვაქვს ჩვენი საყვარელი წიგნი, მაგრამ , ალბათ, არ შეიძლება წიგნზე გავბრაზდეთ, თუ წიგნს ჰყავს მკითხველი, გულშემატკივარი და ის საზოგადოებისთვის ამა თუ იმ ეტაპზე აქტუალურია"- აღნიშნავს გამომცემლობა „ინტელექტის" პიარ მენეჯერი გვანცა ჯობავა,თუმცა აქვე ამატებს, რომ ეს მისი პირადი მოსაზრებაა და არა იმ გამომცემლობისა, რომელსაც ის წარმოადგენს.
"ირაკლი ჩარკვიანი ჩვენთვის სიმღერაა, ჰარმონიაა, მუსიკაა, სათქმელია და დღეს უკვე მთელ საქართველოში ის არის ტექსტი, ის არის სიტყვა, ის არის "ჩემი წიგნი"- ასე აფასებს რატი ამაღლობელი გამარჯვებული წიგნის ავტორს.

მე, როგორც მკითხველს მყავდა ჩემი ფავორიტები, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ფინალამდე ვერ მიაღწია. ხშირად, საყვარელ წიგნთა შორის საბავშვო გამოცემების დასახელებას რატომღაც ერიდებიან ხოლმე. ამ მხრივ "ჩემი წიგნი" აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია. ჰარი პოტერი, ჰეკლბერი ფინი, შერლოკ ჰოლმსი, განძის კუნძული და სამი მუშკეტერი, მთლად საბავშვო თუ არ არის, მოზარდ მკითხველთან მაინც ასოცირდება.

მგონი, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ საუკეთესო 15 წიგნში მოხვედრილი ჰარი პოტერი ახალი სიტყვაა მსოფლიო ჰუმანიზმის ისტორიაში. ეს არის საგა სიკეთეზე, ერთგულებაზე, მეგობრობაზე, თავგანწირვასა და სიყვარულზე - ბევრი გეგულებათ ასეთი თანამედროვე გამოცემათა შორის? არც მე. მერე რა, რომ ავტორი ცოცხალია...

ქართული წიგნების საქმე კი დიდად სახარბიელოდ ვერ უნდა იყოს... შემოკლებულ სიაში ოთხი მოხვდა - ისეთი წიგნებია ყველამ რომ უნდა დაასახელოს "გადაიკითხეთ უბერებელი კლასიკოსები" პათოსით. არადა, არ იქნებოდა ურიგო, რჩეულთა შორის ერთი თანამედროვე ქართველი მწერალიც მოხვედრილიყო. მიკერძოებაში ნუ ჩამომართმევთ და აშკარად იმსახურებენ. ქართველი მწერლის წიგნს რომ ვირჩევდე, "ჯაყოს" ვარჩევდი - მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის საეტაპო რომანს. მიუხედავად იმისა, რომ მარკ ტვენის დიალოგიც ძალიან მიყვარს, "განძის კუნძულიც", ჰოლმსი და "სამი მუშკეტერიც", ერთადერთს, რჩეულთა შორის რჩეულის ტიტულს "პატარა პრინცს" მივანიჭებდი - ასეთი წიგნები, ალბათ, საუკუნეში ერთხელ იწერება და საუკუნეებს უძლებს.

ასეა თუ ისე, აზრთა დაპირისპირებისა და პოლემიკის მიუხედავად, ტელეპროექტი წარმატებით შედგა, გამოავლინა გამარჯვებული და ხალხს ცოტა ხნით მაინც გაახსენა წიგნი. ეს იმ პირობებში, როდესაც საქართველოში ლიტერატურასა და წიგნებზე, შეიძლება ითქვას, ძალიან ცოტას ვლაპარაკობთ - რადიო "შოკოლადის", ლევან ბერძენიშვილისა და მარი ბექაურის პროექტების გარდა სხვა ლიტერატურული გადაცემა არც მახსენდება. არადა, წიგნებზე საუბარს, უდიდესი სიამოვნების გარდა, სარგებელიც დიდი მოაქვს - ვიღაც დაინტერესდება, ვიღაც წიგნის მაღაზიას მიაკითხავს, ვიღაც ხელახლა გადაშლის უკვე წაკითხულ რომანს, ასეთი რა ნახეს, მე რომ გამომრჩაო... ტელევიზორს ბავშვებიც უყურებენ და იმაზე კარგი რა უნდა იყოს, პატარა მკითხველს ახალ წიგნს რომ აღმოაჩენინებ... ერთი გაცვეთილი ფრაზის არიყოს, ამ კონკურსს დამარცხებული არ ეყოლება, გამარჯვებით კი მკითხველები გავიმარჯვებთ.

ამიტომ, თუ თქვენმა რჩეულმა წიგნმა ვერ გაიმარჯვა, ძალიან ნუ იღელვებთ - გეცოდინებათ, გემოვნებაზე არ დაობენო...თუმცა, ისიც გაგიგონიათ, ალბათ, როგორ აბოლოვებდა ამ ფრაზას მარკ ტვენი - მის გამო ერთმანეთს სცემენ, აგინებენ და ლანძღავენო...




მომზადებულია სასწავლო საგნის „ბეჭდური მედია - 1"-ს ფარგლებში
(ხელ-ლი ასოცირებუილი პროფესორი მაია ტორაძე)